ის, ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს - ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა.
ლოცვა ღამით, როცა სიჩუმეა და ადამიანი დაწყნარებულია, ისეთივე ნაყოფიერია და სასარგებლო, როგორც ღამის ჟუჟუნა წვიმაა სასარგებლო მცენარეთა ზრდისათვის.
სიცოცხლის სიტკბოებას გრძნობს არა ის, ვინც ამქვეყნიური სიხარულით ხარობს, არამედ ის, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და სიხარულით ღებულობს ჭირსა და სნეულებას, როგორც სამკურნალო ბალახებს სულისათვის, საზრდელს და კი სჯერდება იმდენს, რამდენიც საკმარისია ხორცთა განსამტკიცებლად.
სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევით ღებულობს რაღაცა ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაბრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის, როცა გასცემენ.
როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა.
მონაზონი - ეს სინათლეა, შუქურაა კლდეზე და არა ქუჩის ფანარი.
მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწიონ სხვა ადამიანებს.
იმისათვის, რომ სული აღდგეს, ადამიანი ჯვარზე უნდა გაეკრას, რათა მოაკვდინოს სულიერი ვნებანი და უწინარეს ყოვლისა, ეგოიზმი, - უწესო შვილი ამპარტავნებისა, - რომელიც წინ ეღობება ღვთაებრივ მადლს და ადამიანს ცხვირ-პირს ამტვრევინებს.
თუ ადამიანი სიკეთეს სჩადის, მაგრამ სხვებს უცხადებს ამას და ამაყობს, ის უკვე ღებულობს ამისთვის საზღაურს, ამაოდ შრომობს და ცოდვაში ვარდება.
რამდენადაც გაურბის ადამიანი ადამიანურ ნუგეშინისცემას, იმდენად უფრო უახლოვდება მას ღვთაებრივი.
ვინც თავის ნებას მისდევს, ის ღვთის ნებას განაგდება და ღვთაებრივი მადლის მოქმედებას ეწინააღმდეგება.
მარხვის შემდეგ პური ტკბილია, მღვიძარების შემდეგ ძილი ტკბილია, თუ დაღლილი ხარ, მაგარ ქვაზე უფრო კარგად დაისვენებ, ვიდრე სავარძელში.
ეგოისტურად ნუ აიძულებთ თავს, თქვენს ძალებზე მეტად იღვაწოთ და დაიმძიმოთ სული. ქრისტე მოყვარული მამაა და არა ტირანი. ქრისტეს ახარებს ჩვენი მოშურნეობა ღვაწლისათვის.
ერთი საქმეა კეთილკრძალულება, მეორე - გარეგანი ღვთისმსახურება. ასევე განსხვავდება აღმოსავლური მართლმადიდებლური კეთილკრძალულება დასავლურ-ევროპული გარეგნული ღვთისმსახურებისაგან. კეთილკრძალულებას ღვთაებრივი მადლი მართავს, გარეგნულ ღვთისმსახურებას - ადამიანური გონება.
ჩვენს დროში, როდესაც გონება ასე დახეტიალობს, ჩვენ წმიდა მამათა წიგნები მივატოვეთ და ხელში ავიღეთ ჟურნალები, რომლებსაც გონებაში კიდევ მეტი არეულობა შემოაქვთ.
კარგია, იკითხო სულიერი წიგნები, მაგრამ კიდევ უკეთესია, წაკითხული პრაქტიკულად გამოიყენო - იცხოვრო სულიერად.
ნამდვილი ადამიანი არის არა ის, ვინც სწორად ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც ცხოვრობს სწორად - სახარების მიხედვით.
ის, ვინც თავად ესწრაფვის წოდებებს, მარტო იბრძოლებს მთელი ცხოვრების მანძილზე. მას, ვისაც აწინაურებენ ადამიანები, შემწეებად ადამიანები ეყოლებიან. ხოლო ვისაც ღმერთი მოუწოდებს, მისი შემწე მხოლოდ ღმერთი იქნება.
ნუ იჩქარებთ მონასტერში წასვლას, სანამ მთელს თქვენს საერო კვანძებს არ დახსნით, თუ გსურთ, მშვიდად გადააბათ თქვენი ცხოვრება ძმებისას.
ჩვენი სახიერი მამა მთლად დიდსულოვნებაა, ხარობს უმნიშვნელო შესაწირავითაც კი! თუმცა ჩვენ, ადამიანები, თაფლს მივირთმევთ, მასთან კი ცვილი მიგვაქვს, მას ეს შესაწირიც ახარებს.
ყველა ადამიანი ღებულობს ღვთისაგან უხვ კურთხევას, მაგრამ ცოტანი ემადლიერებიან მას, ცოტანი გრძნობენ კმაყოფილებას და სიხარულს ქრისტეს გვერდით.
არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი აკლიათ, მაგრამ ამასთან ერთად არ აკლიათ სევდაც, რადგან მათ აკლიათ ქრისტე.