დიდი მარხვა მეორე კვირიდან ვნების შვიდეულამდე

დიდი მარხვა მეორე კვირიდან ვნების შვიდეულამდე შემდეგნაირად უნდა წარვმართოთ: ვისაც შეუძლია, საკვები მიიღოს დღეში ორჯერ (ან სამჯერ). მკაცრი მარხვა შეიძლება მხოლოდ ოთხშაბათობით და პარასკევობით, როდესაც ვიკვებებით ასევე ორჯერ (ან სამჯერ), მაგრამ ვცდილობთ, ზეთს მოვერიდოთ. შაბათ-კვირას ჩვენს ტრაპეზს შეიძლება სადღესასწაულო ელფერი მივცეთ ხოლმე, რაც გამოიხატება საჭმლის მრავალფეროვნებასა და ცოტაოდენი ღვინის დალევაში.

ლოცვითი კანონი იგივეა, რაც პირველ კვირაში, ე.ი. დილისა და საღამოს ლოცვების შემდეგ უნდა წავიკითხოთ წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო...“ ოთხი მეტანიით.

ლაზარეს შაბათი და ბზობა

მარხვის შუა პერიოდს აგვირგვინებს ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული „ბზობა“ - იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში (მათე 21, 1-11), რომელიც დიდმარხვის მე-6 კვირიაკეს იდღესასწაულება. ამ დღესასწაულს წინ უძღვის ეგრეთწოდებული „ლაზარეს შაბათი“, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს, აღდგინებას (იოანე 11, 1-45). ეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან“ („ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“).

ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნდა.

საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია ხიზილალით, ხოლო ბზობის დღესასწაულზე ვიხმევთ თევზსაც. ამ დღეს მორწმუნეებს ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები გასახსენებლად იმისა, თუ როგორ უფენდნენ ოდესღაც იესო ქრისტეს მწვანე რტოებს და ებრაელები მისი იერუსალიმში დიდებით შესვლისას, პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე.

წინა წლის ბზის ნაკურთხი ტოტები შეგვიძლია ან ეკლესიაში მივიტანოთ, სადაც მათ შესაგროვებლად ადგილია ხოლმე გამოყოფილი, ან ჩვენვე დავწვათ სუფთა ადგილას.

ზეთის კურთხევა

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდჯერ ზეთისცხება“, როგორც მას დღეს უწოდებენ.

ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლო, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქადაგებლად წარგზავნილი მოციქულები „სცხებდნენ ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს“ (მარკოზი 6, 13). ზეთის კურთხევის მიზანი წმიდა მოციქულ იაკობის სიტყვებშიც ჩანს: „ უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ ზეთი სახელითა უფლისაჲთა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას“ (იაკობი 5, 14-15).

აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.

ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, აგრეთვე, თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში, როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცელიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკ. 2, 1-12).

დღეს ეს საიდუმლო სრულდება ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში ამ მძიმე ავადმყოფის სახლში, როდესაც ამისი აუცილებლობაა, წლის ნებისმიერ დროს. ამასთან, თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებისას ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა, ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცაღა, ცხადია, ორივე შემთხვევაში საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისაგან სრული განკურნება ცოდვათა მიტევების გარეშე ადამიანის სულისათვის, შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს.

სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან, თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, ზეთის კურთხევისას, გადმოცემით, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება. ამის გამო საიდუმლოში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც აღსარება ერთხელ მაინც უთქვამთ.

სხვადასხვა ეკლესიებში ზეთის კურთხევა დიდი მარხვის სხვადსხვა კვირაში სრულდება, რაც საშუალებას აძლევს მორწმუნეს გამორიცხოს შემთხვევითი, დამაბრკოლებელი მიზეზი და არ დააკლდეს ამ დიდი მადლის მომნიჭებელ საიდუმლოს.

ღმერთმა განგვკურნოს ჩვენ და სრულიად საქართველო სულიერ და ხორციელ სენთაგან. ამინ.

მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი „წესი ქრისტიანის ცხოვრებისა“
თბილისი, 1998 წ.

დაუჯდომელი „იტირე სულო“ (მარხვაში საკითხავი)