ხსენება წმიდისა მამისა იოანე კლემაქსისა (კიბისაღმწერელისა)

ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა „კიბე“, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობები არ შემონახულა. არსებობს გადმოცემა, რომ იგი დაიბადა დაახლოებით 570 წელს და იყო წმიდა ქსენოფონტისა და მარიამის (ხს. 26 იანვარს) ვაჟი. 16 წლის იოანე მივიდა სინას მონასტერში. მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი იყო ამბა მარტირი. მონასტერში ოთხი წლის ცხოვრების შემდეგ იოანე ბერად აღიკვეცა. სინას მთაზე მოღვაწე ბერმა ამბა სტრატიგიმ მას უწინასწარმეტყველა, რომ გახდებოდა წმიდა ეკლესიის მნათობი. 19 წლის მანძილზე ღირსი იოანე მორჩილად იყო თავის სულიერ მამასთან. ამბა მარტირის გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანემ განდეგილური ცხოვრება აირჩია და თოლად წოდებულ უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ორმოცი წელი გაატარა მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და სინანულში.

ღირს იოანეს ჰყავდა მოწაფე, სახელად მოსე. ერთხელ ღირსმა მამამ მორჩილს დაავალა ბოსტნისათვის მიწა მოეზიდა. შუადღის ხვატით ქანცგაწყვეტილი მოსე კლდის ძირას წამოწვა. ამ დროს წმიდა იოანე სენაკში ისვენებდა. მოულოდნელად მას გამოეცხადა ღირსებით აღავსე მამაკაცი და უთხრა: „რატომ ისვენებ, როცა მოსე განსაცდელშია?“ ღირსი იოანე ლოცვად დადგა. როდესაც მოწაფე დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა, რამე ხომ არ შეგემთხვაო. ბერმა უპასუხა, რომ კლდის ძირას დასასვენებლად წამოწოლილს ძილში მოესმა მოძღვრის ხმა, რომელიც უხმობდა, წამოხტა და გაიქცა. მოულოდნელად კლდეს ქვა მოსწყდა და სწორედ იმ ადგილს დაეცა, სადაც მოსე იწვა.

ღირსი იოანე იკვებებოდა იმით, რასაც ბერული ცხოვრების წესი არ კრძალავდა. ღამით ეძინა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ძალების შესანარჩუნებლად. უმაღლესი გონიერებითა და ღრმა სულიერი გამოცდილებით აღჭურვილი მამა სიხარულით მოძღვრავდა ყველა მნახველს. როდესაც მას მრავალსიტყვაობა უსაყვედურეს, ღირსმა იოანემ საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი და ერთი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. მოშურნეებმა შეიგნეს თავიანთი შეცდომა და ღირს მამას შეევედრნენ, არ მოეკლო მათთვის სულის მარგებელი საუბარი.

ადამიანთაგან თავისი ღვაწლი რომ დაეფარა, ღირსი იოანე ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე გამოქვაბულში, მაგრამ მისი მოღვაწეობის ამბავი ყველგან იყო ცნობილი. ხალხი რჩევის თუ ლოცვის სათხოვნელად უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მასთან. 74 წლის ასაკში წმიდა მამა სინას სავანის იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის ბოლო წლებში წმიდა იოანეს სასწაულთმოქმედებისა და წანასწარხედვის ნიჭი მიემადლა უფლისაგან.

რაითის მონასტრის იღუმენს წმიდა იოანეს (ხს. ყველიერის შაბათს) თხოვნით, წმიდა იოანემ დაწერა „კიბე“ - სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილების მიღწევისათვის. ამ ნაწარმოების მიზანია ქრისტიანს ასწავლოს, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელია თავგანწირვა და მოღვაწეობა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცოდვათაგან განწმენდა, ძველი ადამიანის ნაკლისა და ვნებების აღმოფხვრა, შემდგომ კი ადამიანში ღვთის ხატის აღდგენა. თუმცა წიგნი მონაზვნებისთვის დაიწერა, მისი მეშვეობით ნებისმიერი ქრისტიანი სწავლობს სულიერი ცხოვრების კიბის საფეხურების გავლასა და უფალთან მიახლოებას.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი

სიტყვა დიდმარხვის მეოთხე კვირიაკეს

დღეს, საყვარელნო დანო და ძმანო, წავიკითხეთ სახარებისეული მონათხრობი მარკოზისაგან. მამის თხოვნით ეშმაკეული ყრუ-მუნჯი ყრმის განკურნების შესახებ, იესუ ქრისტეს მიერ – უბოროტესი არაწმინდა სულის განდევნის გზით, რომელიც უბედურ ყრმას სიყრუვესა და სიმუნჯეს შეამთხვევდა. „სულო უტყვო და ყრუო“ – მიმართა უფალმა არაწმინდას, – „მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნურღარა შეხვალ მაგისა! და ღაღად-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა. ხოლო იესუ უპყრა ხელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა“. მაგრამ ისმინეთ, რაოდენ ბოროტი იყო სული, რომელიც ყრმას სტანჯავდა. ყრმის მამა ეტყოდა უფალს, რომ დემონი „სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განხმებიან“. ასე დაემართა ყრმას მაშინაც, როცა მამამ მაცხოვართან მოიყვანა. და უფალმა ჰკითხა, თითქოს არ იცოდა, თუმცა, როგორც ღმერთმა, ყოველივე უწყოდა: „რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხვა ესე?“ მამამ უპასუხა, რომ სიყრმიდან და ესეც მიუმატა „მრავალგზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე“; და შეევედრა, შეებრალებინა იგიცა და შვილიცა მისი და შესწეოდა, რამდენადაც შეეძლო. იესუმ უთხრა: „უკეთუ ძალგიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. ამაზე უბედურმა ნაკლებადმორწმუნე მამამ შესძახა: „მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“. ხედავთ, როგორ ძალას მიაწერს უფალი სარწმუნოებასა და მორწმუნეს: „ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“, ამბობს იგი. მორწმუნეს ძალუძს ეშმაკნი განასხას და ყოველგვარი სნეულება განკურნოს. მაგრამ რამდენად უძლური და საცოდავია ურწმუნო! მას საკუთარი თავიც ვერ დაუმორჩილებია, ცოდვა ვერ დაუძლევია, მონასავით ემსახურება მათ და იტანჯება მათგან. რამდენადაც უბედურმა მამამ ეშმაკეული შვილი თავდაპირველად მოციქულებს მოუყვანა, მათ კი ვერ განდევნეს ეშმაკი, მარტო დარჩენილები უფალს დაეკითხნენ: „რაჲსათვის ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას?“ მაცხოვარმა მიუგო: „ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა“(1 მარკოზ. 9, 17-29). აი, უფლისგან ქება მარხვა-ლოცვისა. აი, მარხვის სახარებისეული საფუძველი. რისთვის გააძევეს საზოგადოებიდან მარხვა, როგორც უსარგებლო, მათ, ვინც საკუთარ თავს სახარების მიმდევრებს უწოდებენ! ჩვენ შორის სწორედ იმიტომ ხომ არ გამრავლდა ვნებები, უსჯულოებანი და სხვადასხვა ჯურის ეშმაკეულობანი, რომ ზოგიერთმა ქრისტიანებმა ეკლესიასთან ურთიერთობა გაწყვიტეს, უარყვეს მარხვა და ლოცვა, როგორც უსარგებლო საქმე, და პირუტყვებრივ ცხოვრებას მიეცნენ გულისთქმებს ადევნებულნი, ხოლო სხვებმა კი – დუჟმორეული ეშმაკეულივით ყოველგვარ ბოროტმოქმედებას მიმართეს: კაცისკვლას, თვითმკვლელობას, ხანძრებს, ქურდობას, აფეთქებებს და სხვ. დიახ, საყვარელნო ძმანო და დანო, ადამიანები გაშმაგდნენ სწორედ თავშეუკავებლობის, არაწმინდებისა და ურწმუნოებისაგან შობილი ყოველგვარი დამღუპველი შედეგების გამო. უწყინარი სახარებისეული რწმენა არ ქადაგებს მკვლელობებს, მეფისმკვლელობებს, ძარცვას და აფეთქებებს, – ის ამბობს: „ყოველი სული ხელმწიფებასა მას უმთავრესსა დაემორჩილნენ, რამეთუ არა არს ხელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან; და რომელნი-იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულნი არიან. და ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათვის, არამედ გონებისათვისცა იჭვისა“ (რომაელთა მიმართ 13, 1-5), და განგვიწესებს „ვილოცოთ მეფეთათვის და ყოველთა მთავართა (ხელისუფალთათვის), რათა მშვიდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლისა ღმრთის-მსახურებითა და სიწმიდითა“ (1 ტიმოთეს მიმართ 2, 2). უფალო, გაუნათლე ბოროტებით დაბრმობილი თვალნი გულისანი ჩვენი ავბედითი დროების ამა უბედურ ეშმაკეულთ რომელნიც ღვთივდადგინებული ხელისუფლების წინააღმდეგ ილაშქრებენ (წმ. იოანე კრონშტადტელი რევოლუციონერებს გულისხმობს - მთარგმნელი შენიშვნა); დე შეიცნონ, რა საზარელ უფსკრულს განიმზადებენ ფეხქვეშ, ჯოჯოხეთის როგორ საშინელ წყვდიადში არიან ჩასავარდნად განწირულნი. ძველ, ქრისტიანობამდელ დროში, ებრაელთაგან ზოგიერთი საბრალო აღიძრა რა დადგინებული ხელისუფლების – მოსესა და აარონის წინააღმდეგ და კიცხავდნენ რა მათ, ვითომცდა ძალაუფლებისმოყვარეობისთვის, და აღიმაღლეს თუ არა ხმა: რა ბედი ეწია მათ? როგორი ღვთიური სასჯელი? – მათ ფეხთა ქვეშ მიწა განიპო და ცოცხალნი ოჯახებითურთ შთახდნენ ჯოჯოხეთში; ხოლო სხვანი კი, ნაკლებ დამნაშავენი, ტაძრიდან გამოვარდნილმა ცეცხლის ალმა შეტრუსა (რიცხვთა 16, 1-35). აი, რამდენად მძიმე ცოდვაა ჯანყი ხელისუფლების წინააღმდეგ. რაღა ელოდებათ ჩვენს ნიჰილისტებს, როგორი მსჯავრი ღვთისა?! მით უფრო საზარელი, რაც უფრო მეტი ნიჭები გათელეს ღვთისა. რამეთუ ვინ არიან ჩვენი ნიჰილისტები და ტერორისტები? – ნათელღებული ადამიანები. ეს ქრისტიანები მიდიან ასეთ სიცოფემდე – ამგვარ მკვლელობებსა და თვითმკვლელობებამდე, ასეთ სატანურ ბოროტმოქმედებამდე! ოხ, ნეტავ რისთვის გაჩნდნენ ამქვეყნად? დედის საშოშივე რად არ დაიხოცნენ? უმჯობესი იყო, არ შობილიყვნენ. ამა უმადურთ, ამა ბოროტეულთ, აგრერიგად უგუნურთ გაუთელავთ ღვთის ნიჭები – მადლი ნათლობისა, მირონცხებისა, უფლის ხორცისა და სისხლის ზიარებისა – ჭეშმარიტად საზარელი არს ესე! ჰოი, ავბედითნი მშობელნი ამგვართა შვილთა! როგორი სირცხვილის გადატანა ელოდებათ!

ძმანო და დანო! მთელი არსებით ვიპყრათ სარწმუნოება და ღვთის ეკლესია, ეს ერთადერთი გადამრჩენელი კიდობანი, რომელიც საყოველთაო ცეცხლოვანი წარღვნისაგან გვიხსნის, რაჲცა თავის დროზე ყველა ურჯულოს მოეწევა. მივსდიოთ ეკლესიის წმინდა წეს-ჩვეულებებს, რომელთაც ცხონებისაკენ მივყავართ, განუხრელად გვაქვნდეს მარხვა და ლოცვა და გულმოდგინენი ვიყვნეთ ღვთისმსახურებაში. ჩვენი ცხონების მტერი – ეშმაკი არ თვლემს, არამედ ვითარცა ლომი მბრდღვინავი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქას (1 პეტრე 5, 8). და – რამდენი შთანთქა! მარხვა და ლოცვა გულმოდგინებით, თავმდაბლობით, რწმენითა და სიყვარულით ძლიერი იარაღია ეშმაკისა და ჩვენში აბობოქრებული ვნებების წინააღმდეგ. ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„წმინდა დიდმარხვა“, თბილისი, 2002 წ.