ნიშანდობლივია თამბაქოს წევის ისტორია. იგი გვიჩვენებს, რომ ვერავითარმა წამებამ და სიკვდილით დასჯის შიშმაც კი ვერ აიძულა ადამიანები უარი ეთქვათ ამ საშინელ, მართლაც რომ დამღუპველ ჩვეულებაზე. ამასთან ეს ისტორია იმდენად ხანმოკლეა და ისე ცოცხლადაა შემონახული კოცობრიობის მეხსიერებაში, რომ ადვილად შეიძლება აღვადგინოთ მისი ყველა წვრილმანი. მაგრამ მეორე მხრივ სწორედ ამ გარემოების გამო იგი უკიდურესად მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან მთელი სიცხადით წარმოაჩენს დემონთა იმ მზაკვრობას, რომლითაც ისინი ადამიანებს ამ შხამით გატაცებისაკენ სრულიად აშკარად და დაუფარავად აქეზებენ, თუმცა სხვა შემთხვევებში ისინი ჩვეულებრივ ფარულად, შენიღბულად მოქმედებენ.
... როდესაც 1492 წლის 12 ოქტომბერს კოლუმბი კუნძულ სან-სალვადორს მიადგა, ის და მისი თანამგზავრები უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდნენ: კუნძულის წითელკანიანი მკვიდრნი პირიდან და ნესტოებიდან კვამლის ბოლქვებს უშვებდნენ. საქმე იმაში იყო, რომ ინდიელებს რელიგიური დღესასწაული ჰქონდათ, რომლის დროსაც ისინი განსაკუთრებულ ბალახს ეწეოდნენ, და ეწეოდნენ გონების დაკარგვამდე. ასეთ მდგომარეობაში ისინი კონტაქტში შედიოდნენ დემონებთან და შემდეგ ჰყვებოდნენ, თუ რა ამცნო მათ „დიდმა სულმა“. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეზღვაურები იგივე დემონებმა, რომლებიც ინდიელებს რიტუალური თამბაქოს წევისას ეჩურჩულებოდნენ, ჩურჩულითვე წააქეზეს გაეცნოთ ევროპელთათვის ეს ახალი „სიამოვნება“. და აი, კეთილგანწყობილი დემონების ფარული წაქეზებით მთელ ევროპასა და აზიაშიც კი დაიწყო თამბაქოს წევის საყოველთაო ციებ-ცხელება. რა არ იღონეს საერო და საეკლესიო ხელისუფლებმა, რომ აღეკვეთათ ეს ბოროტება - მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა!
ასე, მაგ., 1623 წელს პაპმა ურბან VIII-მ გამოსცა ბულა, რომლითაც ეკლესიიდან განკვეთით ემუქრებოდა ყველას, ვინც თამბაქოს ეწეოდა ტაძარში; თურქეთში 1625 წელს ამურატ IV-მ ბრძანა კისერზე მარყუჟჩამოცმული თამბაქოს მწეველები ეტარებინათ ქუჩებში, შემდეგ სიკვდილით დაესაჯათ და მათი მოკვეთილი, პირში ჩიბუხგაჩრილი თავები საჯაროდ გამოეფინათ; 1638 წელს, სპარსეთში ლაშქრობისას, იმ ჯარისკაცებს, რომელთაც თამბაქოს წევისას წაასწრებდნენ, ხმლით აჩეხვა, ჩამოხრჩობა ან ძელზე გასმა ელოდათ... სპარსეთში შაჰ აბასმა ბრძანა - თამბაქოს მწეველები დაესაჯათ ცხვირისა და ტუჩების მოჭრით, თამბაქოთი მოვაჭრენი კი ცოცხლად დაეწვათ თავის საქონელთან ერთად.
შვეიცარიაშიც კი, ამ მარადი თავისუფლების (რასაკვირველია არა სახარებისეული გაგებით) ქვეყანაში, 1661 წელს აპენელის მაგისტრატმა თამბაქოთი ვაჭრობისათვის, როგორც თვით ღმერთის მიერ აკრძალული ცოდვისათვის, სასჯელის იგივე ზომა განსაზღვრა, რაც მკვლელობისათვის იყო დაწესებული...
მკაცრმა ზომებმა ვერ შესძლეს ახალი, მანამდე უცხო ხილისადმი მზარდი ლტოლვის შეჩერება. აკრძალული, იგი კიდევ უფრო ტკბილი ხდებოდა... და აი, ეწეოდნენ ფარულად, რისთვისაც მიდიოდნენ ტყეებში, იმალებოდნენ სარდაფებში. და ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე თავად ხელისუფალნი არ დანებდნენ.
რუსეთში მეფე მიხეილ თეოდორეს ძე თამბაქოს მოწევის გამო (რომელიც პირველად ინგლისელებმა შემოიტანეს, და უნდა ითქვას, ყველაზე ცუდი ხარისხისა, რასაც ინგლისში უკვე აღარავინ აღარ ეწეოდა) 1634 წლის განჩინებით ბრძანებდა უდიდესი სასჯელი დაედოთ - სიკვდილით დასჯამდე. ალექსი მიხეილის ძემ 1649 წლის სჯულისდებით დაადასტურა მამის განკარგულება და ბრძანა საჯარო ბაზრობებზე გაეშოლტათ ყველა, ვისაც თამბაქოს აღმოუჩენდნენ, ნესტოები და ცხვირი მოეჭრათ მათთვის და წამების შემდეგ გაესახლებიანთ შორეულ ქალაქებში, რათა ამის მხილველთ თამბაქოს წევის სურვილი გაჰქრობოდათ და არ დაჩვეულიყვნენ.
ვითარება შეიცვალა პეტრე I-ის გამეფების შემდეგ, რომელმაც ყველა თავის მანკიერებას ესეც დაუმატა: მან 1697 წელს გასცა რა თამბაქოთი თავისუფალი ვაჭრობისა და თამბაქოს წევის ნებართვა, არა მარტო გააუქმა ყოველგვარი აკრძალვები თამბაქოზე, არამედ პირადად, ლონდონში ყოფნისას (1698წ.) დადო ხელშეკრულება თამბაქოთი ვაჭრობის თაობაზე მარკიზ კარმარტენთან, ამასთან, ამ უკანასკნელს წინასწარ უნდა გადაეხადა მისთვის თორმეტი ათასი გირვანქა სტერლინგი, ხაზინისათვის კი ყოველწლიურად ათასი გირვანქა თამბაქო გადაეცა; საბაჟო გადასახადი განისაღზვრა ოდენობით - ოთხი კაპიკი გირვანქაზე. ამ დროიდან საქმე სრული სვლით დაიძრა დასახული მიმართულებით.
მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ როგორმე შეესუსტებინათ ეს საყოველთაოდ გავრცელებული ბოროტება და გამოეაშკარავებინათ მთელი ის ზიანი, რაც ამ ჩვევას მოაქვს. ისინი ქმნიან საზოგადოებებს, გამოსცემენ ჟურნალებს, ბეჭდავენ ბროშურებს, აწყობენ კონკურსებს და აწესებენ პრემიებს საუკეთესო ნაშრომებისათვის თამბაქოს წევის მავნეობაზე.
და მართლაც, თამბაქოთი (Nicotiana tabacum-ის ფოთლებით) გამოწვეული ზიანი, როგორც მეცნიერებამ ზუსტად დაადგინა, ძალიან დიდია.
თამბაქოს ბოლი (ნიკოტინის მჟავის გარდა) შეიცავს: გოგირდწყალბადს, გოგირდმჟავას, გოგირდოვან ტყვიას, ნახშირის ჟანგს, ნახშირმჟავას და ა.შ. დადგენილია, რომ ყველა ეს შხამი გარკვეულ პირობებში ჰაერის მეშვეობით სისხლში ხვდება.
„წყალთან ერთად მიღებული 15 მილიგრამი ნიკოტინი, უკვე იწვევს ნიკოტინური მოწამვლის პირველი ნიშნების გამოვლენას, - ვკითხულობთ დასავლეთის ერთ-ერთ ცნობილ ჰიგიენისტთან, - დაახლოებით ოთხი გრამის წონის სიგარა 1(2-3)4 საათში გადასცემს ორგანიზმს 7-10 მილიგრამ ნიკოტინს... აქტიური მწეველებისათვის ჩვეულებრივია სასის კატარი. ხშირად აღენიშნებათ ნერვული აშლილობანი, ნერვოსთენური მოვლენები, გულისცემის აჩქარება, აგზნებადობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ბუნდოვანი მხედველობა, სუსტი მეხსიერება და ა.შ. უფრო სუსტი ადამიანებისათვის, რომლებიც თამბაქოს შეჩვეულნი არ არიან, თამბაქოს ბოლის ერთი ჩასუნთქვაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ გამოიწვიოს თავის ტკივილი, სულის შეხუთულობა ან ბნედა.
თამბაქოს წევა აქვეითებს მადას, არღვევს საჭმლის მონელების პროცესს. ეს უკანასკნელი გასაგებიცაა, რადგან თამბაქოს წევა იწვევს ნერწყვის გაძლიერებულ გამოყოფას, რომელიც იმის გამო, რომ მწეველი მას მაშინვე გადაანერწყვებს, იკარგება. ნერწყვი კი აუცილებელია საკვებ ნივთიერებათა მთელი კლასის (სახამებლის) მონელებისათვის. გარდა ამისა, თამბაქოს ბოლი გადაყლაპვისას იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას“. და რა ხშირად შეიძლება გავხდეთ (არამწეველი ადამიანისათვის) ასეთი უმსგავსო სურათის მოწმე, როდესაც ადამიანს სადილობისას ერთ ხელში სიგარეტი აქვს, მეორეში - კოვზი ან ჩანგალი და საკვების ყოველ ლუკმას თამბაქოს ბოლს აყოლებს. მართალია, ნიკოტინი უშუალოდ არ იწვევს სასიკვდილო დასასრულს, მაგრამ აქვეითებს შრომის სურვილს, შრომის უნარს, აზროვნების ძალას და სასიცოცხლო ენერგიას. მართალია, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ თითქოს უკეთ მუშაობენ და აზროვნებენ, როდესაც ეწევიან. საქმე უბრალოდ იმაშია, რომ ისინი ნიკოტინით გამოწვეულ აგზნებას ძალის გამოვლინებად აღიქვამენ, და თუ შეიძლება ასე ითქვას, ცხოვრობენ არა პროცენტებით, არამედ საკუთარი სასიცოცხლო ძალის კაპიტალის ფლანგვას ეწევიან.
ასეთია თანამედროვე მეცნიერების დასკვნები თამბაქოს წევის მავნეობაზე.