მორწმუნეთათვის ბიბლია საღმრთო წიგნია, ხოლო ურწმუნოთათვის? პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ათეისტები ბიბლიას მხოლოდ იმ მიზნით კითხულობდნენ, რომ ღმერთის არარსებობა დაემტკიცებინათ, სახარებას კი იმისთვის, რომ ქრისტეს არსებობა უარეყოთ. ასე გრძელდებოდა ჩვენს სამშობლოში სამოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. უღმერთობა მეცნიერებად ითვლებოდა - სტუდენტები აბარებდნენ გამოცდებს „მეცნიერულ ათეიზმში“ (მეცნიერულ უღმერთობაში!). დამტკიცებულად ითვლებოდა, რომ მეცნიერება და რელიგია შეუთავსებადია, რომ მორწმუნენი სნეულნი არიან, რომელთაც მკურნალობა ესაჭიროებათ, ხშირად იძულებითაც. მათი ისინი ერთი ბიბლიური ეპითეტის მიხედვით „ბნელეთის მოციქულებს“ უწოდებდნენ.
გავიდა დრო და ეს ფსევდომეცნიერება - ათეიზმი დაემხო. აღმოჩნდა, რომ ბიბლიაში მოიპოვება ისეთი დებულებები, რომლებიც მეცნიერებამ მხოლოდ დღეს, ჩვენს საუკუნეში აღმოაჩინა. და ბუნებრივია, არსებობს სხვებიც, რომელთა სიღრმესა და სიბრძნეს ჩვენი მეცნავი გონება ჯერაც ვერ ჩასწვდომია - მეცნიერებას ჯერაც ვერ მიუღწევია (და ვერც ვერასდროს მისწვდება, როგორც გარშემოწერილი გარშემოუწერელს) ბიბლიის სიმაღლეებისთვის. ამასთან უნდა შევნიშნოთ, რომ უფლისაგან ბიბლია იმისათვის კი არ გვებოძა, რომ ფიზიკაში, ქიმიასა და მათემატიკაში განვისწავლოთ, არამედ ღმერთის არსებული სულის სრულყოფისათვის ჩვენში, ცოდვათაგან ხსნისათვის, საუკუნო ცხოვრებისა და ნეტარებისათვის.
რაც შეეხება საკითხს სამყაროს შექმნის შესახებ, აქ თანამედროვე მეცნიერება მხოლოდ იმას ამტკიცებს, რაც თავის დროზე წმიდანებს უფლისაგან ემცნოთ.
დაახლოებით ორასი წლის წინ მეცნიერებმა გაიგეს, რომ თურმე სამყარო უფორმო, ამორფული მატერიისაგან შეიქმნა. ბიბლიაში კი ამის შესახებ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდეა ნათქვამი. წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ, რომ ღმერთის სრულყოფილმა ხელმა „უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა“ (თ. XI, 18). ნივთიერების სწორედ ასეთ მდგომარეობას - უსახოს ანუ სახის არმქონეს ეწოდება ამორფული ანუ უფორმო მატერია.
ცნობილია, რომ დედამიწა არც სპილოზე დგას, არც ვეშაპზე და არც კუზე, როგორც ამას წარმართები თვლიდნენ. ბიბლიაში ამის შესახებ იობის წიგნშია ნათქვამი: ღმერთმა „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (თ. XXVI, 7). იობი ქრისტეს შობამდე 1900-იან წლებში, ე.ი. 3900 წლის წინათ ცხოვრობდა. დაუკვირდით, ეს ნათქვამია მაშინ, როცა არც ასტრონომია არსეობობდა და არც დედამიწის გარშემო მოგზაურობანი!
ჩვენ ვიცით, რომ დედამიწას კოსმოსი აკრავს, უკეთ, კოსმოსური უფსკრული. თუმცა მუდამ ასე როდი ფიქრობდნენ. წარმართები თვლიდნენ, რომ გარს გვატყია ეთერი და ბროლის გარსები, რომლებზეც მყარადაა მიმაგრებული ციური სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები.
კოსმოსური უფსკრულის შესახებ საუბრობდნენ წმინდა მამები, როცა ისინი სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიის პირველ მუხლებს განმარტავდნენ.
წმ. ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (IV ს.) წერს: „უფსკრული აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან“ („უქუსთა დღეთა“). გამოთქმა: „აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან“ მოწმობს, რომ ჩვენი პლანეტა მრგვალია, სფეროსებრი. ამასვე ამბობდა წმ. იოანე ოქროპირი. წმ. კირილე იერუსალიმელი კი, რომელიც ასევე IV საუკუნეში ცხოვრობდა, ერთ-ერთ თავის ქადაგებაში - „სწავლანი კათაკმეველთათვის“ გვამცნობს: „დედამიწა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ცათა შორის ერთი წერტილივით ჰკიდია“. დაუკვირდით, რაოდენ ზუსტი ასტრონომიული ხედვაა, ხედვა, რომელიც მეცნიერებს ათასი წლის შემდეგ გაუჩნდათ, როცა მათ ტელესკოპი გამოიგონეს.
ეს პირველად XVI ს-ის მეცნიერებსა და მოგზაურებს არ უთქვამთ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს აზრი გამოთქვა, წმ. იოანე ოქროპირი იყო, როცა იგი ესაიას წინასწარმეტყველებას განმარტავდა (თ. LX, 22):
„ხედავ, რომ დედამიწა წრეა? წრე მიგვანიშნებს დედამიწის მრგვალ ფორმაზე. აუცილებელია ამის ცოდნა, რათა არ შეგვაცდინოს წარმართი ფილოსოფოსების არაკებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა ღარტაფს, ლანგარს ან რაღაც ამდაგვარს ჰგავს“.
მაშ, ესაიას წინასწარმეტყველების განმარტებაში წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ დედამიწას მრგვალი ფორმა აქვს. ის კი, რომ იგი იდეალური სფერო არ გახლავთ, ყველასათვის ცხადზე ცხადია, ვისაც კი ოდესმე მიწაზე წაუბორძიკნია.
1643 წელს იტალიელმა ფიზიკოსმა ევანჯელისტა ტორიჩელიმ „აღმოაჩინა“ ატმოსფერული წნევა. მანამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ჰაერი უწონო იყო. მაგრამ იმის შესახებ, რომ ატმოსფეროს ნამდვილად გააჩნია წონა, ნათქვამი არის ბიბლიაში, კერძოდ, იობის წიგნში, იქ სადაც საუბარია სამყაროს შექმნის პირველ დღეებზე, „როდესაც იგი (ღმერთი) ქარს წონას უწესებდა“ (იობი, თ. XXVIII, 25).
დაუკვირდით, რომ ნათქვამია არა უბრალოდ „ჰაერი“, არამედ „ქარი“. მართლაც, მოძრავი ჰაერის (ქარის) მასებს აქვთ სხვადასხვა წონა იმისდა მიხედვით, თუ როგორია ჰაერი - ნოტიო თუ მშრალი, ცხელი თუ ცივი. არადა, ჰაერის მოჩვენებითი უწონადობა აღიარეს და „დაამტკიცეს“ იმდროინდელი მეცნიერების ისეთმა კორიფეებმა, როგორებიც იყვნენ გალილეი და კოპერნიკი და ისინი ამ ცდომილებაშივე აღესრულნენ. მხოლოდ შემდგომ თაობაში დამტკიცდა ბიბლიის ჭეშმარიტება.