კუნძულ სამოსზე რომ ვიყავით, ბატონ პავლე კანდიდატის ღმრთისმოყვარე დედამ მოგვითხრო:
„ქალაქ ნიზიბიაში ერთი ქრისტიანი ქალი ცხოვრობდა. ქმარი წარმართი ჰყავდა. ცოლ-ქმარს ჰქონდა ორმოცდაათი მილიარიზი. ერთხელ ქმარმა უთხრა ცოლს:
- გავასესხოთ ეს ფული ვახშით, რომ რაღაც სარგებელი მაინც ვნახოთ, თორემ ასე, წვრილმანებში ვხარჯავთ, სულ შემოგველევა.
- თუ ვახშით გინდა ფული გაასესხო და სარგებელი მიიღო, მაშინ წადი და ქრისტიანების ღმერთს მიეცი ეს ფული, - უპასუხა ცოლმა.
- სად ვიპოვო ქრისტიანების ღმერთი?
- მე გაჩვენებ. და იცოდე, რომ ეს ფული არ დაგეკარგება, ის პროცენტებით დაგიბრუნებს ვალს და კაპიტალსაც გაგიორმაგებს.
- წავიდეთ... მაჩვენე... მივცეთ ფული! - შესძახა ქმარმა.
ცოლმა ის ეკლესიაში წაიყვანა. ნიზიბიის ეკლესიას ხუთი დიდი კარი ჰქონდა. სტოვაში რომ შევიდნენ, ქალმა ქმარს მათხოვრებზე მიუთითა და უთხრა:
- აი, ამათ მიეცი და ქრისტიანების ღმერთი მიიღებს შენგან, ესენი ყველანი იმისნი არიან.
ქმარმა სიხარულით დაარიგა თავისი ორმოცდაათი მილიარიზი და სახლში დაბრუნდა. გავიდა სამი თვე და ცოლ-ქმარს ძალიან გაუჭირდა.
- დაო, - უთხრა ქმარმა ცოლს, - როგორც ვხედავ, ქრისტიანების ღმერთი არაფერს გვიბრუნებს, ჩვენ კი უკიდურესად გვიჭირს...
- არა! - უპასუხა ცოლმა, - ეს შეუძლებელია! მიდი იქ, სადაც ფული დაარიგე და აუცილებლად დაგიბრუნებს.
ქმარი ეკლესიისკენ გაეშურა. მივიდა იმ ადგილზე, სადაც ფული დაარიგა; შემდეგ მთელ ეკლესიას შემოუარა გარშემო, - იმედი ჰქონდა, რომ ვინმეს შეხვდებოდა, ვინც ვალს დაუბრუნებდა, მაგრამ ასეთს ვერავის მიაგნო, მხოლოდ მათხოვრები ისხდნენ კვლავინდებურად სტოვაში... ცოტა ხანს ერთ ადგილზე შეჩერდა. ფიქრობდა, რა გაეკეთებინა, ვისთვის მიემართა. უცბად მარმარილოს იატაკზე ერთი დიდი მონეტა დაინახა - იმავე ღირებულების, რაც მისი მონეტები იყო. აიღო და სახლში გაბრუნდა.
- აი, - უთხრა ცოლს, - ვიყავი თქვენს ეკლესიაში, მაგრამ იქ ვერ ვნახე ქრისტიანების ღმერთი და მას არც არაფერი დაუბრუნებია ჩემთვის, როგორც შენ მარწმუნებდი. მხოლოდ ერთი მილიარიზი ვიპოვე იმ ადგილზე, სადაც ორმოცდაათი დავარიგე...
- ეს სწორედ მან მოგცა უხილავად! - შესძახა ამ საკვირველმა ქალმა. - ის თავისი უხილავი ძალითა და მარჯვენით განაგებს მთელს მსოფლიოს. ახლა წადი, ჩემო ბატონო, იყიდე საკვები დღევანდელი დღისათვის და ის კვლავაც აღმოგიჩენს დახმარებას.
ქმარი წავიდა. იყიდა პური, ღვინო და ერთი თევზი. შემდეგ შინ დაბრუნდა და ეს ყველაფერი ცოლს გადასცა. ქალმა თევზის გასუფთავება დაიწყო. როდესაც გაჭრა, მის მუცელში ულამაზესი, განსაცვიფრებელი ქვა იპოვა. არ იცოდა, ეს რა ქვა იყო, მაგრამ მაინც შეინახა, სადილის დროს კი ქმარს აჩვენა და უთხრა:
- აი ეს ქვა თევზის შიგნებულობაში ვიპოვე...
ქმარი განაცვიფრა ქვის სილამაზემ, თუმცა არც მან იცოდა, რა ქვა იყო ეს. სადილის შემდეგ ცოლს უთხრა:
- მომეცი ეგ ქვა, იქნებ გავყიდო და ცოტა ფული მაინც ავიღო.
ის უბრალო კაცი იყო და, როგორც ვთქვი, არ იცოდა ქვის ღირებულება. აიღო ქვა და მეკერმის დუქნისკენ გაემართა. ეს მეკერმე ამავე დროს ოქრომჭედელიც იყო. საღამოვდებოდა. დუქანი ის-ის იყო, უნდა დაეკეტათ.
- ამ ქვას ხომ არ იყიდი? - ჰკითხა კაცმა ოქრომჭედელს.
- რამდენად ყიდი?
- რამდენიც გინდა, მომეცი.
- ხუთ მილიარიზს მოგცემ.
კაცმა მისი ნათქვამი ხუმრობად მიიღო და ჰკითხა:
- ამდენს მაძლევ ამ ქვაში?
ოქრომჭედელმაც, თავის მხრივ, იფიქრა, რომ კაცი დასცინოდა და უპასუხა:
- მაშინ ათ მილიარიზს მოგცემ.
კაცს ეგონა, რომ ისევ ეხუმრებოდნენ და ხმა აღარ ამოუღია.
- კარგი, აიღე ოცი მილიარიზი, - უთხრა ოქრომჭედელმა.
კაცი კვლავ დუმდა. ოქრომჭედელი თანდათან უმატებდა ფასს. შესთავაზა ოცდაათი, შემდეგ ორმოცდაათი, თან ფიცით არწმუნებდა, რომ არაფერს ატყუებდა. ამასობაში კაცი თითქოს გონს მოეგო და მიხვდა, რომ ეს რაღაც ძვირფასი ქვა იყო, თორემ მასში ორმოცდაათ მილიარიზს არავინ მისცემდა. ოქრომჭედელი კი ისევ და ისევ უმატებდა ფასს და ბოლოს სამას მილიარიზზე ავიდა. კაცმა ფული აიღო, ქვა ოქრომჭედელს გადასცა და ფრთაშესხმული გაეშურა სახლისკენ. შინ რომ მივიდა, ცოლმა ჰკითხა:
- როგორ არის საქმე, რამდენად გაყიდე?
თან ფიქრობდა, ალბათ ხუთ ან ექვს ფოლერს თუ მისცემდნენო.
ქმარმა მას სამასი მილიარიზი გადასცა და უთხრა:
- აი რამდენად!
ღმრთის უსაზღვრო კაცთმოყვარებით განცვიფრებულმა ქალმა წარმოთქვა:
ახლა ხომ ხედავ, ჩემო კეთილო, რა სახიერი და მოწყალეა, რა მდიდარია ქრისტიანების ღმერთი! შენ ორმოცდაათი მილიარიზი მიეცი, მან კი არა მხოლოდ პროცენტით დაგიბრუნა ვალი, არამედ სულ რამდენიმე თვეში ექვსჯერ გაზარდა შენი კაპიტალი. ასე რომ, იცოდე: არც ცაზე, არც ქვეყანაზე არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ქრისტიანების ღმერთისა...
ქმარიც, თავის მხრივ, განაცვიფრა ამ სასწაულმა და მან საკუთარი გამოცდილებით შეიცნო ჭეშმარიტება, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ეზიარა ქრისტიანობის ნათელს და განადიდა მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე თანა მამით და სულით წმიდითურთ. იგი მხურვალედ ჰმადლობდა თავის კეთილგონიერ ცოლს, რომლის მეშვეობითაც შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი“.
იოანე მოსხი „ლიმონარი“