ერთი მონაზონი, მეორისგან შეურაცხყოფილი, მივიდა აბბა სისოი თებაიდელთან და გაუმხილა, რომ სურვილი ჰქონდა შური ეძია მასზე, ვინც აწყენინა. აბბა სისოი შეეცადა უარი ეთქმევინებინა მისთვის ამ ბოროტ განზრახვაზე, მაგრამ ვერას გახდა და უთხრა მონაზონს:
- მოდი, ძმაო, უფლის მიმართ ერთად ვილოცოთ, - დადგა და ასეთი სიტყვებით დაიწყო ლოცვა: უფალო! ახლა უკვე შენს იმედზე აღარ ვართ, რადგან ჩვენ თვითონ ვზრუნავთ საკუთარ თავზე და შურსაც ვიძიებთ ჩვენს შეურაცხმყოფელზე.
მოისმინა დამცირებულმა მონაზონმა ეს სიტყვები და თვალცრემლიანი დაემხო ღირსი სისოის ფერხთით.
- მე ვაპატიებ ჩემს ძმას ყველაფერს, რაც კი ჩემს მიმართ ჩაუდენია.
მაშინ ბერმა უპასუხა:
- გჯეროდეს, ძმაო, რომ ვინც უსიტყვოდ დაითმენს ყოველგვარ დამცირებას, ოქროს გვირგვინსაც ადვილად მიიღებს ჩვენი უფლისაგან, ხოლო მრისხანე ადამიანი ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ სიკეთეს და თავს ეშმაკის მონად აქცევს.
ისააკ ბერმა საკუთარ თავზე შემდეგი მოგვითხრო:
- მოხდა ისე, რომ მე დავემდურე ერთ ჩემს ძმას და განვრისხდი მასზე. ერთხელ, ჩემს კელიაში მუშაობისას, უეცრად ისე გავღიზიანდი, რომ საქმეს გული ვეღარ დავუდე და მთელი დღე უქმად გავატარე. და აი, ვხედავ, შემოდის კელიაში ახალგაზრდა ყმაწვილი, მას არ უთქვამს ლოცვა, როგორც ბერების წესია, და მითხრა:
- ვხედავ, რომ შენ განაწყენებული ხარ, მენდე და მე განგკურნავ.
მე მას ვუპასუხე:
- განმეშორე, რადგან შენ ღვთისაგან არა ხარ და აღარასოდეს მოხვიდე აქ.
მაშინ ყმაწვილმა მიპასუხა:
- მეცოდები, საკუთარ თავს ვნებ, რადგან შენ უკვე ჩემი ხარ.
მე ვუთხარი:
- შენი კი არა, მე უფლისა ვარ, შენ კი ეშმა ხარ.
მაგრამ ყმაწვილმა მომიგო:
- ყოველი ღვარძლიანი და მრისხანე ადამიანი ჩვენ გვეკუთვნის, შენ კი უკვე სამი კვირაა, რაც განრისხებული ხარ შენს ძმაზე. ყოველი ღვარძლიანი ადამიანი თანამდებია გეჰენიისა, ხოლო შენ, რახან გულში ბოროტი გიდევს შენი ძმისათვის, სწორედ ამიტომ ხარ ჩემი და მხოლოდ ჩემი, რადგან მე დადგინებული ვარ მრისხანეთათვის.
ამ ამბის შემდეგ სასწრაფოდ გავიქეცი ჩემს ძმასთან და შენდობა ვთხოვე, ხოლო როცა კვლავ დავბრუნდი კელიაში, ჩემი ხელსაქმე დამწვარი დამხვდა. ასევ დამწვარი დამხვდა ფარდაგი, რომელზედაც მუხლს ვიდრეკდი ლოცვისას.
პეჩორის პრესვიტერს ღირს ტიტეს (XII ს.) ჰყავდა მეგობარი, იმავე მონასტრის ბერი, დიაკვანი ევაგრე. მათ ისე გულწრფელად უყვარდათ ერთმანეთი, რომ მთელს საძმოს უკვირდა მათი თანამოზრახეობა.
მაგრამ სიკეთის მოძულე მტერმა, რომელიც მიჩვეული იყო ხორბალს შორის ღვარძლის თესვას, მათ შორის მტრობა დათესა. თან ისე მოახერხა, რომ ერთმანეთის დანახვაც კი არ შეეძლოთ. როდესაც ერთ-ერთ მათგანს მოუწევდა საკმევლით ტაძრის შემოკმევა, მეორე გაურბოდა საკმეველს; ხოლო თუკი ის პირს არ მოარიდებდა, მაშინ მეორე აუვლიდა გვერდს.
დიდხანს იმყოფებოდნენ ისინი ცოდვის წყვდიადში და შეურიგებლად, ურთიერთპატიების გარეშე ვერ ბედავდნენ მიეღოთ საღვთო ძღვენი და ზიარებულიყვნენ. საძმო სთხოვდა შერიგებას, მაგრამ მათ ამის გაგონებაც კი არ სურდათ.
ღვთის განგებით მოხდა ისე, რომ ნეტარი პრესვიტერი ტიტე ავად გახდა და სიკვდილის პირას იყო. მაშინ იგი ცხარედ ატირდა თავისი ცოდვების გამო, გააგზავნა კაცი ევაგრესთან და გულაჩუყებულმა შეუთვალა: „მაპატიე, ძმაო, ღვთის გულისათვის, რომ სიფიცხით შეურაცხგყავ“, მან კი არა თუ აპატია, არამედ ულმობელი სიტყვებით დასწყევლა იგი.
მონასტრის ძმებმა, მომაკვდავ ტიტეს რომ ხედავდნენ, ძალით მოიყვანეს ევაგრე მასთან გამოსამშვიდობებლად. სნეულმა ევაგრე რომ დაინახა, იმ წამსვე წამოდგა, მის ფეხებთან დაემხო და ცრემლმორეულმა მიმართა: „შემინდე მამაო და მაკურთხე“, ავაგრემ კი ზურგი შეაქცია ტიტეს და ყველას გასაგონად წარმოთქვა ულმობელი სიტყვები: „არასდროს არ გაპატიებ - არც აქ და არც იმქვეყნად“.
ამის თქმა იყო და ევაგრე ძმებს ხელიდან დაუსხლტა და დავარდა. მათ უნდოდათ მისი აყენება, მაგრამ იგი მკვდარი იყო, ვერ შესძლეს მისთვის ვერც ხელის გასწორება, ვერც პირის დახურცა და ვერც თვალის დახუჭვა, თითქოს დიდი ხნის მიცვალებული ყოფილიყო. ავადმყოფი ტიტე კი ამასობაში წამოდგა და გამოჯანმრთელდა. შიშმა შეიპყრო ყველა. კითხვებს უსვამდნენ გამოჯანმრთელებულ ნეტარ პრესვიტერს, თუ რას ნიშნავდა ეს?
ნეტარი ტიტე პასუხობდა: „როდესაც მე მძიმედ ვიყავი ავად და ამ დროს მტრულად ვიყავი განწყობილი ძმისადმი, ვნახე ანგელოზები, რომლებიც განმეშორნენ და ტიროდნენ ჩემი სულის მოკვდინების გამო, ეშმაკები კი ხარობდნენ ჩემივე მრისხანებისთვის. მაშინ გთხოვეთ თქვენ ჩემი ძმისგან პატიება გამოგეთხოვათ.
თქვენ მომიყვანეთ იგი, მე თაყვანი ვეცი, მან კი ზურგი შემაქცია. ამ დროს დავინახე მრისხანე ანგელოზი, რომელმაც ცეცხლოვანი ლახვარი ჩაარტყა მას, რომელსაც მიტევება არ სურდა. ევაგრე იმწუთშივე მკვდარი დავარდა. მე კი იმავე ანგელოზმა ხელი გამომიწოდა, ამაყენა და აი, მე ჯანმრთელი ვარ“.
შეშინებულმა საძმომ ცხარე ცრემლით დაიტირა გარდაცვლილი ევაგრე. ის დაასაფლავეს გაღებული თვალებით, ღია პირითა და გაშეშებული ხელებით.