ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ

* * *

ერთხელ წმინდა გენადიოს პატრიარქი მიდიოდა წმ. მოწამე ნეტარი ანასტასის ტაძარში და წინ უძღოდა დიდძალი მრევლი სანთლებითა და საკმევლით. სხვებთან ერთად მათ შორის იყო პატიოსანი მღვდელი მარკიანე, რომელსაც გზაში ერთმა გლახაკმა მოწყალება სთხოვა. ჭეშმარიტმა ღმრთისმსახურმა არ დატოვა იგი უყურადღებოდ, მთელი გულით მოუსმინა, შემდეგ მოფარებულ ადგილას გავიდა, გაიხადა ტანსაცმელი, იმ გლახაკს მისცა და თავად შიშველი დარჩა, მხოლოდ სამღვდელო სამოსლის ამარა. მოიქცა ისე, როგორც უფალმა თქვა, „ყოველთა, რომელნი გთხოვდეს შენ, მიეც და ნუ გარე მიიქცევი“. ისე შევიდნენ ქალაქში და მივიდნენ წმ. მოწამე ანასტასის ეკლესიაში, რომ არავინ იცოდა მღვდლის ქველმოქმედების შესახებ. ყველანი სავედრებელ ლოცვებს აღავლენდნენ პატიოსან ნაწილთა წინაშე და ემზადებოდნენ საღმრთო მსახურებისათვის.

ფერხთ-ბანის დრო რომ მოვიდა, ღმერთშემოსილი მარკიანე ფილონით იფარავდა სხეულს, რომ არავის დაენახა მისი სიშიშვლე. ყველა დიაკონი, მღვდლები და პატრიარქი ხედავდნენ მას ეკლესიაში თითქოსდა ბრწყინვალე სამეფო სამოსლით მოსილს ფილონის ქვეშ. როცა წმ. საიდუმლოს ეზიარებოდნენ კიდევ ერთმა მღვდელმა დაინახა ასევე წმ. სამოსლით მოსილი და პატრიარქთან დაასმინა. მანაც დაუმოწმა, მეც იგივე ვნახეო.

საღმრთო წირვის დამთავრების შემდეგ პატრიარქმა უხმო მას ოთახში, სადაც საეკლესიო ქონება ინახებოდა, დაუწყო მხილება და გაკიცხვა, ეს რა ჩაიდინე, ძმაო, ეკლესიის განგებულების საწინააღმდეგოდ, სამეფო ტანსაცმლით წირვის ჩატარება როგორ შეიძლებოდაო. მღვდელი სიმდაბლით ჩაუვარდა ფეხებში და ეუბნებოდა, შემინდე, წმ. მეუფეო, მაგრამ ასეთი რამ არ ჩამიდენიაო. პატრიარქმა მიუგო, ჩვენ ყველამ გნახეთ და რატომ უარყოფო. მოვიდნენ მისი დამსმენლები, წამოაყენეს, გახადეს ფილონი და ნახეს, რომ შიშველი იყო. მაშინ კი ცხადი გახდა ამ მღვდლის სიმართლე და მოწყალება. ყველამ ადიდა ღმერთი, რომელიც აძლევს საიდუმლო მადლს მის მოყვარეთ. იმ დღიდან გლახაკებისადმი მოწყალებით მრავალთათვის გახდა ცნობილი მისი ცხოვრება და თავად სიგლახაკით და მოთმინებით მადლობდა ღმერთს, მისი კეთილმოწყალების გამო ღმერთმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ეშმაკებს განასხამდა ადამიანიდან, სნეულებს კურნავდა, უდაბურ ადგილებში დადიოდა და სადაც უპატრონო მკვდარს ნახავდა, განბანდა, სუდარას შემოახვევდა და ეტყოდა, აღდეგ ძმაოო. მკვდარი მაშინვე წამოდგებოდა. იგი ეამბორებოდა მას და მიცვალებული ისევ შეისვენებდა. ეს ნეტარი მღვდელი მარკიანე ღმერთმა ადიდა, ანგელოსები აქებდნენ, ადამიანებს რიდი ჰქონდათ მისი, ეშმაკები ძრწოდნენ მის დანახვაზე. ყველას განაცვიფრებდა და ადიდებდნენ ღმერთს, რომლისაც არის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

მარტვირი ქრისტესმოყვარე, გლახაკთა მოწყალე, ასაკით ჭაბუკი, გონებით კი დაბრძენებული, წმინდად და უმანკოდ მცხოვრები ბერი იყო. ის სანატრელი ხშირად მიდიოდა ხოლმე სხვა მონასტერში თავის სულიერ მამასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად, რადგან მისდამი დიდი სიყვარული და სასოება ჰქონდა. ერთხელაც, იქ მიმავალმა გზაზე დაწყლულებული და დაბრმავებული გლახაკი ნახა მწოლარე. მასაც იმავე მონასტერში უნდოდა წასვლა, მაგრამ არ შეეძლო. შეეცოდა იგი ნეტარ მარტვირის, შემოახვია თავისი ანაფორა, ბეჭებზე წამოიკიდა და წაიყვანა მონასტერში.

მისმა ღმრთივსულიერმა მამამ სულიერი თვალით წინასწარვე იხილა ეს და ბერებს დაუძახა, წადით, სასწრაფოდ გაუღეთ მონასტრის კარიო, საყვარელ ძმას მარტვირის ღმერთი უტვირთავს და ჩვენთან მოდისო. მონასტრის კარიბჭესთან გლახაკის მტვირთველმა ბეჭებიდან რომ ჩამოიხსნა იგი, მხოლოდ მაშინღა ეჩვენა ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს სახით, რომელმაც ამაღლება იწყო ზეცად. მარტვირი გაკვირვებით უყურებდა და თვალს არ აცილებდა. ცად აღმავალმა კი უთხრა, ჰოი, მარტვირი, შენ მე არ უგულვებელმყავი ქვეყანაზე და არც მე უგულვებელგყოფ ზეცაში. შენ წყალობა მიყავი და მეც შეგიწყალებ შენ.

მონასტერში შესულ მარტვირის სულიერმა მამამ ჰკითხა, შვილო, მარტვირი, ვინ იყო ის, შენ რომ იტვირთეო? მან უპასუხა, რომ მცოდნოდა, პატიოსანო მამაო, ვინც იყო, უფრო მტკიცედ ჩავეჭიდებოდი მის ფეხებს და ცრემლით დავულტობდიო და მოუთხრო ყველას მომხდარი სასწაულის შესახებ. სულიერმა მამამ ჰკითხა, საყვარელო შვილო, მძიმე იყოო? მან კი უპასუხა, არა, პატიოსანო მამაო, როცა მოვიკიდე, ვერ ვიგრძენი მისი სიმძიმე, ცისა და ქვეყნის მპყრობელი უფლისა, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

ერთი კონსტანტინეპოლელი მდიდარი კაცი, რომელიც ძალიან მოწყალე და ქველმოქმედი იყო, სადაც კი ჩაივლიდა, ქალაქში თუ მის გარეთ, მუდამ გლახაკებით იყო ხოლმე გარშემორტყმული. იგი ვითომ იგერიებდა და იშორებდა მათ, სინამდვილეში კი ხელში მოწყალებას უდებდა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ადამიანთაგან დაეფარა თავისი ქველმოქმედება. როცა მარტო შეხვდებოდა გლახაკს, მაშინ კი ხელზე ეამბორებოდა და ისე აძლევდა მოწყალებას.

ერთხელ მისმა ახლო მეგობარმა ჰკითხა, როგორ გახდი ასეთი მოწყალეო. მან უამბო, პატარა რომ ვიყავი, ათიოდე წლის, ერთხელ ეკლესიაში შევედი სალოცავად. იქ ვიღაც ღმრთივსულიერი ბერი ქადაგებდა და მრევლს ასწავლიდა, გლახაკისათვის მიცემული მოწყალება ქრისტესთვის სესხებააო. არ დავიჯერე მისი სიტყვები, ვიფიქრე, როგორც მსმენია, ქრისტე ზეცაშია, მამის მარჯვნივ და ქვეყნიდან სესხს როგორ აიღებს-მეთქი. ამ ფიქრებით გავემართე შინისაკენ. გზაზე ერთი ჩამოძონძილი გლახაკი მოდიოდა. მის თავს ზემოთ კი ცხადად დავინახე, რომ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იდგა. უცებ გლახაკს ვიღაც მოწყალე ადამიანი შეხვდა და პური მისცა. როცა ღატაკმა მის გამოსართმევად ხელი გაშალა, მასთან ერთად მაცხოვარმაც გაუწოდა ხელი მოწყალების მიმცემს და პური გამოართვა. შემდეგ იქვე პირისპირ აკურთხა და დალოცა იგი. ეს რომ ვიხილე, ვირწმუნე, რომ ვინც გლახაკს აძლევს მოწყალებას, ქრისტეს აძლევს მას. ახლაც თვალწინ მიდგას ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახე, რომელიც გლახაკებს თავთან უდგას, გარემოცული ვარ ღმრთის შიშით და შინაგანად ანთებული მისდამი სიყვარულით. მაქვს მოწყალების გაღების სურვილი და შეძლებისდაგვარად გავცემ ხოლმე მას, რადგან მოწყალება გლახაკისთვის მიცემა კი არ არის, არამედ ქრისტესთვის მიცემაა, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

მართალი და მოწყალე კაცი, სახელად მარტიანე, არავითარ ქონებას არ ინახავდა, ყველაფერს გლახაკებს და უცხო მგზავრებს აძლევდა. ერთხელ, როცა უკვე ყველაფერი დაერიგებინა და აღარაფერი ჰქონდა ერთი დანისა და ჩასაცმელის მეტი, ქალაქის კარიბჭესთან შიშველი გლახაკი შეხვდა და მოწყალება სთხოვა. მის ნახვაზე მარტიანე ძალიან შეწუხდა. არადა მისაცემი აღარაფერი ჰქონდა გარდა იმ ერთადერთი სამოსისა, რომელიც თავად ეცვა. მან აიღო დანა, გაჭრა ის სამოსელი შუაზე, ნახევრით შიშველი გლახაკი შემოსა და ნახევარი ისევ ჩაიცვა. ამის გამო ბევრმა გაკილა, მაგრამ იმ ღამით მას ძილში ეჩვენა ქრისტე მრავალი ანგელოსით გარეშემოცული. მას სწორედ ის სამოსი ემოსა, რომელიც მარტიანემ გლახაკს ჩააცვა. მაცხოვარმა უთხრა, ჰოი, მარტიანე, შენ ამ დიდებული სამოსით შეგმოსავ და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებო. ამ სიტყვებზე მარტიანეს გამოეღვიძა და ადიდა უფალი. ამის შემდეგ იგი კვლავ დაუზარელად შრომობდა და უხვად იძლეოდა მოწყალებას. ამიტომ ღმრთისთვის სათნო იყო იგი და უფალმა სასწაულთმოქმედების - მკვდართა აღდგინების, ავადმყოფთა კურნების და ეშმაკთა განდევნის მადლი მისცა. შემდეგ კი მშვიდობით მიიცვალა უფლისადმი და სუფევს უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

ერთ ქრისტიან დედაკაცს წარმართი ქმარი ჰყავდა. ღარიბები იყვნენ. სულ ორმოცდაათი ვერცხლი ჰქონდათ. ქმარმა ცოლს უთხრა, ეს რომ ერთბაშად დავხარჯოთ, მერე აღარაფერი გვექნება. მოდი, ისე გავასესხოთ, რომ მონაგები ავიღოთო. კეთილმა ქალმა უპასუხა, თუ გინდა, რომ იგი მონაგებით დაგიბრუნდეს, ქრისტეანების ღმერთს მიეციო. ქმარმა უთხრა, მითხარი, სად არის და მივცემო. ქალმა მიუგო, თუკი მისცემ მას ვახშად, გაჩვენებ. იცოდე, რომ არაფერს დაკარგავ და უფრო მეტს მიიღებო. ქმარი დათანხმდა. ქალმა იგი ეკლესიაში წაიყვანა, აჩვენა გლახაკები და უთხრა, მიეცი ამათ ეგ ვერცხლი. ქრისტეანთა ღმერთი ამათგან მიიღებს, რადგან ესენი ყველანი მისნი არიანო. კაცმა სიხარულით გაუნაწილა გლახაკებს ის ორმოცდაათი ვერცხლი და ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა.

სამი თვის შემდეგ მათ საზრდო გამოელიათ. ქმარმა ჰკითხა ცოლს, საჭმელი სულ გაგვითავდა და აღარ აპირებს ქრისტეანთა ღმერთი ჩვენი ვახშიდან მონაგების მოცემასო? ქალმა უპასუხა, წადი იქ, სადაც ასესხე, მოგცემს რამდენიც გეკუთვნის და გვეყოფაო.

წავიდა კაცი ეკლესიაში, სადაც ვერცხლი გაუყო გლახაკებს. ყველაფერი მოიარა და ვერავინ ნახა ისეთი, ვინც ვახშს მისცემდა. ერთადერთი გლახაკი იჯდა. ბოლოს გადაწყვიტა მისთვის ეკითხა, მაგრამ წინ რომ დაიხედა, დაინახა, რომ ფეხებთან მარმარილოზე ერთი ვერცხლი იდო. აიღო და წავიდა შინ. ცოლს გაკვირვებულმა უამბო, წავედი თქვენს ეკლესიაში, როგორც შენ მითხარი. ქრისტეანთა ღმერთი ვერსად ვნახე და არც არაფერი მოუცია, მაგრამ იქ, სადაც გლახაკებს ის ორმოცდაათი ვერცხლი დავუნაწილე, აი, ეს ერთი ვერცხლი იდოო. ბრძენმა დედაკაცმა უთხრა, სწორედ მან მოგცა ეგ უხილავად. უხილავია ღმერთი და უხილავი ძალით განაგებს სოფელს. ახლა წადი, ბატონო ჩემო, იყიდე მაგით რაიმე სურსათი, რომ ვისადილოთ. იგი სხვა დროსაც მოგცემსო.

წავიდა ეს კაცი, იყიდა იმ ვერცხლით პური, ღვინო და თევზი და მიუტანა ცოლს. ქალმა თევზს მუცელი რომ გაუჭრა და ნაწლავები ამოიღო, შიგ პატიოსანი ქვა იპოვა. ვერ მიხვდა რა იყო და შეინახა. ქმარი რომ მოვიდა, აჩვენა მას ის ქვა და უთხრა, ბატონო ჩემო, აი, ეს იყო თევზის მუცელშიო. კაცმა რომ ნახა, გაუკვირდა მისი ბრწყინვალება. ვერც ის მიხვდა რა ქვა იყო, მაგრამ გადაწყვიტა გაეყიდა.

მივიდა იგი ძვირფასი თვლების შემსყიდველთან და ჰკითხა, იყიდი ამ ქვასო? ვაჭარმა მიუგო, რამდენს აფასებო, კაცმა უპასუხა, შენ უკეთ იცი ამის ფასიო. მაშინ ხუთი დრაჰკანი შესთავაზა. ამ კაცს ეგონა დამცინისო და გაიკვირვა. ვაჭარმა იფიქრა, ეცოტავაო და ახლა ათი დრაჰკანი შეაძლია. კაცს ისევ ეცინებოდა და ვერაფერს ეუბნებოდა. ასე ასწია ვაჭარმა ფასი ოცდაათამდე და ორმოცდაათამდე. მაშინ კაცმა იფიქრა, ეს ქვა რომ ძალიან ძვირფასი არ იყოს, ორმოცდაათ დრაჰკანს არ შემომთავაზებდაო და დაიწყო ძვირად დაფასება. საბოლოოდ ვაჭარმა სამასი დრაკჰანი გადაუხადა. მისცა ამ კაცმა ის ქვა და დაბრუნდა შინ გამხიარულებული.

ცოლმა ჰკითხა, რამდენად გაჰყიდეო. მან უჩვენა სამასი დრაჰკანის ოქრო-ვერცხლი, აი, როგორ გავყიდეო. კეთილმორწმუნე დედაკაცს აკვირვებდა ღმრთის კაცთმოყვარება და ადიდებდა მის სიკეთეს. ქმარს უთხრა, ხედავ, როგორი კაცთმოყვარე და კეთილია ქრისტეანთა ღმერთი. მან არათუ ორმოცდაათი ვერცხლი, არამედ ბევრად მეტი მოგცა. იცოდე, ბატონო, რომ არც ცაში და არც ქვეყანაზე არ არის მის გარდა სხვა ღმერთი. მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთიო. ამის შემდეგ მისი ქმარიც მოინათლა და ქრისტიანი გახდა. ასე აღსრულდა მოციქულის სიტყვები: „განწმდების ქმარი ურწმუნო ცოლისაგან მორწმუნისა“. იმ დღიდან იგი ყოველთვის სწყალობდა გლახაკებს, რადგან მოწყალების გზით ჰპოვა ნათელი ჭეშმარიტებისა და ადიდებდა ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

სიყმაწვილეში მღვდელმთავარი ტიხონი, ამათუნტის ეპისკოპოსი (V ს.), მშობლების სახლში ცხოვრობდა. მამამ იგი პურის გამყიდველად დაადგინა და ამით არჩენდა ოჯახს. შვილმა უფულოდ დაიწყო გაჭირვებულთათვის პურის გაცემა. როდესაც მამამ ამის შესახებ გაიგო, დაღონდა, გაბრაზდა და მისი დატუქსვა დაიწყო. ღვთისმოსავმა ყრმამ თქვა: „ტყუილად ჯავრობ, მამა; მე პურები სესხად ღმერთს მივეცი და მაქვს მისი უტყუარი ხელწერილი წმინდა წიგნებში: „მიეცი ღმერთს და ასმაგს მიიღებ“. ჩემი სიტყვების თუ არ გჯერა, წავიდეთ და ვნახოთ ბეღელში თუ როგორ უხდის ვალს ღმერთი მევალეებს.

მამა-შვილი ბეღლისაკენ წავიდნენ და იქ ყველაფერი ხორბლით სავსე აღმოჩნდა. განცვიფრებული მამა პირქვე დაემხო, თაყვანი სცა ღმერთს, ჰმადლობდა მას და ამის შემდეგ აღარ დაუშლია შვილისთვის წყალობის გაღება ღარიბებისათვის.

 

* * *

ბონიფანტე მოწყალე, ფერენტიელი ეპისკოპოსი (VI ს.), ბავშვობიდანვე ღარიბთა შემწყნარებელი იყო. როდესაც შემთხვევით ვინმეს შეუმოსავს დაინახავდა, თავისას იხდიდა და აძლევდა, თვითონ კი სახლში ხანდახან ზედა ან ქვედა სამოსის გარეშეც ბრუნდებოდა.

დედა გაჭირვებული ქვრივი იყო და ამიტომ ხშირად ბრაზობდა და ამბობდა: „არ იქცევი სამართლიანად, შვილო, თავად ღარიბი - ღარიბებს აცმევ“.

ერთხელ, როდესაც ბეღელში შევიდა, სადაც მთელი ზაფხულის სამყოფ პურს აცხობდნენ, ცარიელი დახვდა, რადგანაც ბონიფანტეს დედის უჩუმრად ყველაფერი ღარიბებისთვის დაერიგებინა.

ქალმა ტირილი დაიწყო, სახეში იცემდა და ამბობდა: „რაღა ვქნა, საიდან მოვიტანო მთელი ზაფხულის სამყოფი პური? რითი გამოვიკვებოთ მე და მთელი სახლი?“ ბონიფანტე სიტყვით ცდილობდა დედის დაწყნარებას, მაგრამ დედის უზომო წუხილის გამო ვერ შესძლო. ამიტომ სთხოვა, რომ ცოტა ხნით გასულიყო ბეღლიდან.

დედა გავიდა, ბონიფანტემ კარი ჩარაზა, დაემხო მიწაზე და ღვთისადმი ლოცვა აღავლინა. უცბად ბეღელი ხორბლით გაივსო. იგი ღმერთს ჰმადლობდა, შემდეგ კი დედას უხმო და დაანახა ხორბლით სავსე ბეღელი. დედა დაწყნარდა და ადიდა უფალი. მას შემდეგ აღარ უკრძალავდა შვილს ღარიბებისათვის მოწყალების გაღებას, ხედავდა, რომ შვილის უდიდესი რწმენის ძალით მოწყალების გაღებისას არ ღარიბდებოდნენ და რასაც შესთხოვდნენ უფალს - ღებულობდნენ.

 

* * *

ერთი მონასტრის წინამძღვარი ყოველგვარი სათნოებებით გამოირჩეოდა და ღატაკთა მიმართ მოწყალე იყო. იგი დღედაღამ ღვთის მიმართ ასეთ ლოცვას აღავლენდა: „უფალო! ცოდვილი ვარ, მაგრამ შენი გულმოწაყლების  იმედი მაქვს. შენი წყალობით ცხონებას ვიმედოვნებ. გევედრები მეუფეო, ნუ განმაშორებ ჩემს ძმებს მომავალ საუკუნეში; ისინიც ჩემთან ერთად დაამკვიდრე სასუფეველში.

დიდხანს ლოცულობდა კაცთმოყვარე წინამძღვარი და უფალმა ასეთი სახით გამოუცხადა მას თავისი ნება: მათთან ახლოს მყოფ სხვა სავანეში ტაძრის დღესასწაული მოახლოვდა; წინამძღვარი თავის ძმებთან ერთად მიიპატიჟეს. მას არ სურდა თავისი მონასტრიდან გამოსვლა, მაგრამ ძილში ზეციური ხმა ჩაესმა: „წადი, მაგრამ შენზე ადრე შენი მოწაფეები გაგზავნე, თვითონ კი მათ შემდეგ მიდი“.

როდესაც დღესასწაულის დღე დადგა, ძმები წავიდნენ სადილზე და გზად ღატაკი, დაძონძილი კაცი დაინახეს, რომელიც ძლივს ითქვამდა სულს. მათ შეკითხვაზე, თუ რა სტკიოდა, საბრალომ მომაკვდავის ხმით ძლივს უპასუხა:

- გზად მივდიოდი, მაგრამ მხეცი დამესხა თავს, დამგლიჯა და დამაგდო, არავინ გამოჩნდა, რომ სოფელში წავეყვანე.

- გვეჩქარება, - უპასუხეს ბერებმა, - არაფრით შეგვიძლია დახმარება.

ამ სიტყვებით მათ გზა განაგრძეს.

მალე იმავე ადგილას წინამძღვარმა გამოიარა და დაინახა, როგორ კვნესოდა საბრალო ადამიანი. როდესაც შეიტყო, რაც დაემართა, შეეკითხა:

- აქ ცოტა ხნის წინ ბერებს არ ჩაუვლიათ? ნუთუ მათ ვერ დაგინახეს?

- იყვნენ, - უპასუხა სნეულმა, - გაიგეს ჩემი ამბავი და გზა განაგრძეს, მითხრეს, რომ მხარზე ვერ მომიკიდებდნენ და ვერ წამიყვანდნენ.

- შეგიძლია, ნელ-ნელა გამომყვე? - ჰკითხა ბერების საქციელით განაწყენებულმა წინამძღვარმა.

-არ შემიძლია, - უპასუხა გლახაკმა.

- მაშინ მხრებზე შემაჯექი, - უთხრა წინამძღვარმა, - ღვთის შეწევნით მიგიყვან...

დიდხანს უარობდა დაუძლურებული გლახაკი, ამბობდა, რომ წინ შორი გზა ედო, ის კი მძიმე იყო. სთხოვდა, რომ სოფლიდან გამოეგზავნა ვინმე მის წასაყვანად, მაგრამ ღვთივსათნო წინამძღვარმა, ყველაფრის მიუხედავად, იგი ხელში აიყვანა და წაიყვანა. თავდაპირველად ჩვეულებრივ ადამიანურ სიმძიმეს გრძნობდა, შემდეგ კი ტვირთი სულ უფრო და უფრო შემსუბუქდა, ბოლოს კი თითქოს მხრებზე არანაირი სიმძიმე არ ჰქონდა. წინამძღვარმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა; უეცრად უძლური მოხუცებული გაქრა და ზეციდან მოესმა ხმა: „შენ მუდამ ლოცულობ შენი მოწაფეებისათვის, რათა ისინი შენთან ერთად შევიდნენ ცათა სასუფეველში; მაგრამ მათი საქმეები შენგან განსხვავებულია. ასე რომ, ასწავლე მათ შენს კვალზე სიარული, სხვანაირად ისინი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევენ. მე მართლმსაჯული ვარ, თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“.

 

* * *

1917 წლის შიმშილობისას ათონის ივერთა მონასტრის მონაზვნებმა რომ დაინახეს, მონასტრის სათავოსები ცარიელდებოდა, სტუმართა მიღება შეზღუდეს. ერთმა ძუნწმა პროესტოსმა დაჟინებითაც კი მოითხოვა, რომ მომლოცველების მიღება შეეწყვიტათ. ამის შემდეგ ქრისტეც მათ აღარ სწყალობდა. მამები შიმშილმა მოიცვა. ისინი საყვედურს გამოთქვამდნენ, რომ უფალი და ღვთისმშობელი აღარ ზრუნავდა მათსავე სავანეზე. სამწუხაროდ, ისინი ვერ აცნობიერებდნენ საკუთარ ცოდვებს.

და აი, ერთ დღეს მონასტრის მეკარეს ქრისტე გლახაკის სახით გამოეცხადა და ცოტაოდენი პური სთხოვა. მეკარემ მას მწუხარებით უპასუხა:

- ჩვენ პური არა გვაქვს, ძმაო, ამიტომაც შევწყვიტეთ მომსვლელთა მიღება. თუმცა მოიცადე, კელიიდან ჩემს პურის ნატეხს მოგიტან.

ის კელიაში გაიქცა და მას პურის პატარა ნატეხი მოუტანა. უეცრად მეკარემ დაინახა, თუ როგორ გაცისკროვნდა გლახაკის სახე.

მათხოვარმა პური აიღო და მეკარეს უთხრა:

- იცით თუ არა რატომ ეწია მონასტერს ასეთი უბედურება? იმიტომ, რომ თქვენ მონასტრიდან ორნი განდევნეთ: „მიეცით“ და „მოგეცეს“.

ამ სიტყვების შემდეგ იგი უხილავი გახდა და თან იქაურობა ისეთი ნათლით გააბრწყინა, რომ მონასტრის მეკარეს თვალები დაუბნელდა. იგი დაბნეული და შიშით შეპყრობილი სავანის წინამძღვრებთან გაიქცა და მომხდარის შესახებ მოუთხრო. მამები თავიდან დიდი წვალებით იხსენებდნენ, თუ ვინ გააძევეს მონასტრიდან. მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ის გლახაკი ქრისტე იყო და სახარების სიტყვები გაიხსენეს: „მიეცით და მოგეცეს თქვენ“ (ლკ. 6,38).

ამის შემდეგ მათ თავიანთი ცოდვა დაუყოვნებლივ მოინანიეს და როგორც კი მცირე მარაგიდან გაცემა დაიწყეს, ღვთის გულუხვი წყალობაც განახლდა.

 

(გაგრძელება)