აფრიკაში ცხოვრობდა ერთი გულქვა და ძუნწი მებაჟე, სახელად პეტრე. იგი არასოდეს იწყალებდა უპოვართ, არც მომავალი საუკუნო სატანჯველის ეშინოდა და არც ტაძარში დადიოდა. მისი გული მუდამ დახშული იყო მათხოვართა და უპოვართა მოწყალებისათვის. მაგრამ მადლმოსილ და კაცთმოყვარე უფალს არ სურს ცოდვილის სიკვდილი და აი, ერთ დღეს მან პეტრესაც გამოუცხადა თავისი სახიერება და შემდეგნაირად იხსნა საუკუნო სატანჯველისაგან.
ერთხელ ქუჩაში მსხდარი მათხოვრები ერთმანეთში საუბრობდნენ: კეთილ და მოწყალე ადამიანებს აქებდნენ და ლოცავდნენ, ხოლო ძუნწებს კიცხავდნენ. საუბრის დროს ისინი პეტრესაც შეეხნენ და იმის მოყოლა დაიწყეს, თუ როგორ მკაცრად ექცეოდა მათ მებაჟე, ერთმანეთში გამოიკითხეს, მიეღოთ თუ არა რომელიმე მათგანს ოდესმე მოწყალება პეტრეს სახლში. მათ შორის ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდა. მაშინ ერთ-ერთი გლახაკთაგანი წამოდგა და თქვა:
- რას მომცემთ, თუ მე ახლა წავალ მასთან და გამოვითხოვ მოწყალებას?
მოილაპარაკეს, შეკრიბეს წინდი, ის მათხოვარი კი პეტრეს სახლისკენ გაემართა და მის კარიბჭესთან დადგა. მალე პეტრეც გამოვიდა სახლიდან. მას პურით დატვირთული სახედარი მოჰყავდა. მათხოვარმა თაყვანი სცა მებაჟეს და ხმამაღლა დაიწყო მოწყალების თხოვნა. პეტრემ აიღო ერთი პური, სახეში ესროლა გლახას და გაშორდა. კაცმა მაშინვე დაიჭირა პური, მივიდა თავის მეგობრებთან და უთხრა:
- თავად პეტრეს ხელიდან მივიღე მოწყალება! და თან მოჰყვა ღვთის დიდებასა და მადლობას პეტრეს ასეთი მოწყალებისათვის.
ორი დღის შემდეგ მებაჟე პეტრე ისე ცუდად გახდა, რომ სიკვდილის პირას იდგა და აი, სწორედ მაშინ მას გამოეცხადა, თითქოს სასამართლოზე იყო და მის საქმეებს სასწორზე დებდნენ. სასწორის ერთ მხარეს იდგნენ ბოროტი და მრისხანე სულები, მეორე მხარეს კი ნათელი და მადლმოსილი კაცები. ბოროტმა სულებმა მოიტანეს და სასწორზე დადეს პეტრე მებაჟის მიერ სიცოცხლის მანძილზე გაკეთებული ბოროტი საქმეები. ნათელმა სულებმა კი ვერ იპოვეს პეტრეს ვერც ერთი კეთილი საქმე, რომელთა სასწორის მეორე მხარეს დადებას შეძლებდნენ, ამიტომ დამწუხრებულები იდგნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: - არაფერი გვაქვს, რომ სასწორზე დავდოთ. მაშინ ერთმა მათგანმა თქვა: - მართლაც, ჩვენ არაფერი გვაქვს გარდა ერთი პურისა, რომელიც მან ქრისტეს სახელით გასცა ორი დღის წინ, და ისიც არა თავისი ნებით.
ერთმა ეს პური სასწორის მეორე მხარეს დადო და მან სასწორი მათ მხარეს გადაწონა. მაშინ ნათელმა სულებმა უთხრეს მებაჟეს: - გასწიე, უბადრუკო პეტრე, და ამ პურს კიდევ დაუმატე რაიმე კეთილი საქმე, რათა ეშმაკებმა არ წაგიყვანონ საუკუნო სატანჯველში.
გონს მოსული პეტრე დაფიქრდა და მიხვდა, რომ ეს ყოველივე არ მოჩვენებია, არამედ ჭეშმარიტად იხილა ყოველივე, ამასთან მან გაიხსენა ყველა თავისი ცოდვა, ისინიც კი, რომლებიც დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა, მას ნათლად წარმოუდგა მთელი თავისი ცოდვილი საქმეები, რომლებიც ბოროტმა სულებმა შეკრიბეს და სასწორზე დადეს. მაშინ გაოცებულმა პეტრემ იფიქრა: „თუ ერთმა პურმა, რომელიც გლახაკს სახეში ვესროლე, ისე დაიცვა ჩემი სული, რომ ეშმაკებმა ვერ შეძლეს ჩემი წაყვანა, მაშინ რამდენად უფრო გულუხვია მოწყალება, რომელიც რწმენითა და გულმოდგინებითაა გაკეთებული, რამდენად ეხმარება იგი მათ, ვინც სიძუნწის გარეშე დაურიგებს მთელ თავის სიმდიდრეს გლახაკებს?!“
მას შემდეგ პეტრე ისეთი მოწყალე გახდა, რომ საკუთარი თავიც კი არ დაინდო. ერთხელ იგი თავის საბაჟოში მიდიოდა. გზად ერთი გემის მეპატრონე შეხვდა: კაცი შიშველი იყო, რადგან გემის დაღუპვის შემდეგ სრულიად გაღატაკებულიყო. და აი, ეს ადამიანი პეტრეს მუხლებთან დაემხო და სიშიშვლის დასაფარად ტანსაცმელი სთხოვა.
პეტრემ გაიძრო თავისი მშვენიერი და მდიდრული შესამოსელი და მას მისცა. მაგრამ კაცს შერცხვა ასეთი ტანსაცმლის ტარება და იგი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. როდესაც პეტრე საბაჟოდან უკან ბრუნდებოდა, მან შემთხვევით დახლზე გასაყიდად გამოფენილი თავისი შესამოსელი დაინახა. ამან ისე ძლიერ დაამწუხრა მებაჟე, რომ შინ მოსულმა საჭმელზეც კი უარი თქვა, ოთახში ჩაიკეტა, ტირილი დაიწყო და თან ამბობდა: „უფალმა არ მიიღო ჩემი მოწყალება, მე არ ვარ იმის ღირსი, რომ ვახსოვდე უფალს!“
ამ ტირილსა და ჭმუნვაში პეტრეს მალე ჩაეძინა, და აი, მას გამოეცხადა ერთი მადლმოსილი კაცი, რომელიც მზეზე უბრწყინვალესად ანათებდა, თავთან ჯვარი ჰქონდა გამოსახული და სწორედ ის სამოსი ეცვა, რომელიც პეტრემ მისცა გაკოტრებულ გემის პატრონს.
- რაზე დარდობ და ტირი, ძმაო პეტრე? - ჰკითხა მან. მებაჟემ უპასუხა: - როგორ არ ვიტირო, ჩემო ბატონო, როდესაც მე გავცემ გლახაკებზე იმას, რაც შენ მომეცი, მათ კი ჩემი მიცემული კვლავ გასაყიდად გამოაქვთ. მაშინ მაცხოვარმა უთხრა: - გეცნობა ის სამოსი, რომელიც ახლა მაცვია? პეტრემ უპასუხა: - დიახ, მეუფე, ვიცანი, ის ჩემია, მე შევმოსე მისით შიშველი. მაშინ იესომ უთხრა: - მაშ, შეწყვიტე ჭმუნვა, რამეთუ სამოსი, რომელიც გლახაკს მიეცი, მივიღე და როგორც ხედავ, ვატარებ მას. გაქებ ამ კეთილი საქმისთვის, რამეთუ შენ შემმოსე მე, მაშინ, როცა სიცივისგან ვიღუპებოდი.
გამოღვიძებული მებაჟე განცვიფრდა, გლახაკთა მიმართ საღმრთო მოშურნეობით აღივსო და თქვა: „თუ ის საწყალობლები იგივენი არიან, რაც ქრისტე, მაშინ ვფიცავ, მანამ არ მოვკვდები, ვიდრე ერთ-ერთი მათგანი არ გავხდები!“
მან მაშინვე დაურიგა მათხოვრებს მთელი თავისი ქონება და გაათავისუფლა მონები, დაიტოვა მხოლოდ ერთი მათგანი, რომელსაც უთხრა:
- მინდა ერთი საიდუმლო გაგანდო. შეინახე იგი და დამემორჩილე; თუ არ შეინახავ და არ დამემორჩილები, იცოდე, რომ მე წარმართებს მიგყიდი. ამაზე მონამ უპასუხა: - რასაც მიბრძანებ, ყველაფერს შევასრულებ, ბატონო. მაშინ პეტრემ უთხრა: - წავიდეთ წმიდა ქალაქში, თაყვანი ვცეთ უფლის საფლავს და იქ შენ მიმყიდე რომელიმე ქრისტიანს, ხოლო მიღებული თანხა მათხოვრებს დაურიგე - მაშინ თავადაც გათავისუფლდები.
მონას ძალიან გაუკვირდა ბატონის ასეთი უცნაური გადაწყვეტილება და უთხრა: - წმიდა ქალაქში შენთან ერთად უნდა წამოვიდე, რადგან შენი მონა ვარ, მაგრამ ჩემს ბატონს არასდროს გავყიდი. მაშინ პეტრემ უთხრა: - თუ შენ არ გამყიდი, მე მიგყიდი წარმართებს, როგორც ეს უკვე გითხარი!
მალე ისინი იერუსალიმში ჩავიდნენ. თაყვანი სცეს წმიდა ადგილებს და პეტრემ კვლავ უთხრა მონას: - გამყიდე, თუ შენ არ გამყიდი, მე მიგყიდი ბარბაროსებს მძიმე მონობისთვის.
მონამ რომ ბატონის ასეთი უდრეკი გადაწყვეტილება იხილა, იძულებული გახდა, დამორჩილებულიყო. მალე იგი შეხვდა ერთ ცნობილ ღვთისმოშიშ ოქრომჭედელ კაცს, სახელად ზოილს და უთხრა:
- მომისმინე, ზოილ, იყიდე ჩემგან კარგი მონა. ოქრომჭედელმა უპასუხა: - ძმაო, დამიჯერე: ისე გავკოტრდი, რომ არაფრით შემიძლია გადაგიხადო. მაშინ მონამ შესთავაზა: - ისესხე ვინმესგან და იყიდე, რადგან იგი ძალიან კარგი მონაა და თან უფალიც დაგლოცავს მისთვის.
დაუჯერა ზოილმა მონას, ისესხა მეგობრისგან 30 ოქრო და ამ ფულით მონისგან პეტრე იყიდა, მაგრამ არ იცოდა, რომ პეტრე თავად იყო ამ მონის პატრონი. უკანასკნელმა თავის ბატონში აღებული ფული ღარიბებს დაურიგა, არავის არაფერი უთხრა და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა.
ამ დროიდან მოყოლებული პეტრემ ზოილთან დაიწყო მსახურება. მას იმის კეთება მოუხდა, რასაც ადრე მიჩვეული არ იყო: ხან სამზარეულოში მუშაობდა, ხან ვენახში მიწას ამუშავებდა, ხან ტვირთს ზიდავდა. ასეთი მძიმე სამუშაოთი იტანჯავდა იგი თავის სხეულს და მორჩილად, უდრტვინველად იტანდა ყოველივეს. ზოილი ხედავდა, რომ პეტრეს მოსვლით მისი ოჯახი მადლით ივსებოდა, სიმდიდრე ორმაგდებოდა და ძლიერ შეიყვარა იგი. ამავე დროს, ხედავდა რა მის უჩვეულო მორჩილებას, მოწიწების გრძნობით აღივსო მისდამი. ერთხელ მან პეტრეს უთხრა:
- პეტრე, მინდა გაგათავისუფლო, გახდი ჩემი ძმა! პეტრეს კი თავისუფლებას მონასავით მსახურება ერჩივნა. ხშირად დაინახავდით, როგორ ეჩხუბებოდნენ სხვა მონები, ზოგჯერ სცემდნენ კიდეც და ყოველნაირად შეურაცხყოფდნენ მას, ის კი მოთმინებით იტანდა ყოველივეს და ერთ სიტყვასაც არ ამბობდა.
ერთხელ პეტრემ სიზმარში გასხივოსნებული კაცი იხილა, რომელიც მას ოდესღაც აფრიკაში მისივე სამოსში გამოეცხადა. მას ახლა ხელში 30 ოქრო ეჭირა და უთხრა: - ნუ ჭმუნავ, ძმაო პეტრე, რამეთუ მე თავად მივიღე შენთვის ფული, მოითმინე იმ დრომდე, ვიდრე არ შეგიცნობენ!
გარკვეული დროის შემდეგ აფრიკიდან წმიდა ადგილების მოსალოცად ვაჭრები ჩამოვიდნენ. ზოილმა ისინი თავისთან დაპატიჟა სადილზე. სადილის დროს სტუმრებმა პეტრე იცნეს და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „როგორ ჰგავს ეს ადამიანი პეტრე მებაჟეს!“
როდესაც პეტრემ მათ საუბარს მოჰკრა ყური, მათგან სახის დაფარვა დაიწყო, რათა საბოლოოდ არ ეცნოთ იგი. მაგრამ მათ მაინც იცნეს პეტრე და სახლის პატრონს უთხრეს:
- რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ! იცი, რომ შენ სახლში დიდი ადამიანი - პეტრე გემსახურება? აფრიკაში პეტრე საკმაოდ ცნობილი კაცი იყო, მაგრამ მან მოულოდნელად გაათავისუფლა მონები და თავად სადღაც გაქრა. ჩვენი კუთხის თავადი ძალიან დამწუხრებულია და დარდობს, ამიტომ გვინდა, პეტრე თან წავიყვანოთ.
ამ დროს პეტრე კარებს უკან იდგა და ყველაფერი ესმოდა. მან მიწაზე დადო საჭმელი, რომელიც სტუმრებისთვის მიჰქონდა და ჭიშკრისკენ გაემართა, რათა გაქცეულიყო. დარაჯი დაბადებიდან ყრუ-მუნჯი იყო და მხოლოდ ნაცნობი მინიშნებებით ხსნიდა და აღებდა ჭიშკარს.
პეტრე გაქცევას ჩქარობდა და კაცს უთხრა: - შენ გეუბნები, უფალი იესო ქრისტეს სახელით, დაუყოვნებლივ გამიხსენი ჭიშკარი! მაშინ მუნჯის ბაგეები განიხვნა და მან მიუგო: - კარგი, ბატონო, ახლავე გავაღებ!
ამ სიტყვებზე მან მაშინვე გახსნა ჭიშკარი და პეტრე სასწარაფოდ გავიდა. ყოფილი ყრუ-მუნჯი კი თავის ბატონთან მივიდა და ყველას თანდასწრებით იწყო ლაპარაკი. ყველამ, ვინც სახლში იყო, იხილა და გაიგო, რასაც იგი ამბობდა. ყველამ პეტრეს ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერსად მიაკვლიეს. ყრუმ კი თქვა:
- ნახეთ, ხომ არ გაიქცა? იცოდეთ, რომ იგი უფლის უდიდესი მსახურია, როდესაც იგი ჭიშკარს მოუახლოვდა, მითხრა: „უფალი იესო ქრისტეს სახელით, შენ გეუბნები, გახსენი ჭიშკარი!“ და მე მაშინვე შევამჩნიე მისი ბაგეებიდან მომდინარე ალი, რომელიც შემეხო და მაშინვე დავიწყე ლაპარაკი.
ყველგან გულმოდგინედ ეძებეს პეტრე მაგრამ ვერსად მიაკვლიეს. მაშინ ზოილის სახლში ყველა ატირდა და ამბობდნენ: „როგორ არ ვიცოდით, რომ იგი ღვთის უდიდესი მსახური იყო?“ და ადიდეს უფალი, რომელსაც ასეთი ძვირფასი მონები ჰყავს. პეტრე კი, რომელიც გაექცა ადამიანთა დიდებას, სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლო ადგილებში იმალებოდა და VI საუკნეში წმიდა ქალაქში გარდაიცვალა.
მოამზადა თამარ ასათიანმა
ჟურნალი „დედა-ეკლესია“, № 9(11), 2005 წ.