1905 წელს მამა სილუანემ რამოდენიმე თვე რუსეთში გაატარა, ხშირად დადიოდა რა მონასტრების მოსალოცად. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას მატარებელში მან ერთი ვაჭრის პირდაპირ დაიკავა ადგილი, რომელმაც მეგობრული ჟესტით გახსნა თავისი ვერცხლის პორტსიგარი და შესთავაზა სიგარეტი. მამა სილუანემ მადლობა გადაუხადა და უარი განაცხადა სიგარეტის აღებაზე. მაშინ ვაჭარმა დაიწყო საუბარი: „იმიტომ ხომ არ ამბობთ მამაო უარს, რომ ამას ცოდვად თვლით? მაგრამ მოწევა ხშირად აქტიურ ცხოვრებაში ეხმარება; კარგია, მოსწყდე დაძაბულ სამუშაოს და რამოდენიმე წუთს დაისვენო. მოწევისას მოსახერხებელია საქმიანი თუ მეგობრული საუბრის წარმართვა და გეხმარება საერთოდ ცხოვრების მდინარებაში...“ და შემდეგაც, ცდილობდა რა დაერწმუნებინა მამა სილუანე აეღო სიგარეტი, განაგრძობდა სიგარეტის სასარგებლოდ ლაპარაკს. მაშინ მამა სილუანემ მაინც გადაწყვიტა ეთქვა: „ბატონო, ვიდრე სიგარეტს მოსწევდით, ილოცეთ, ერთი მამაო ჩვენო თქვით“. ამაზე ვაჭარმა უპასუხა: „ილოცო მოწევის წინ როგორღაც არ გამოდის“. მამა სილუანემ პასუხად შენიშნა: „მაშასადამე, ყოველი საქმე, რომლის წინ არ გამოდის აუმღვრეველი ლოცვა, სჯობს არ გავაკეთოთ“.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქებმა გაასახლეს მართლმადიდებელ ბერძენთა უმრავლესობა მცირე აზიის ოლქებიდან, სმირნის მახლობლად შემდეგი შემთხვევა მოხდა. ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღვთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა, რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა ეს რომ დაინახა, გადაწყვიტა შეეჩერებინა ეს აშაკარა შეურაცხყოფა სიწმინდისა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაწმინდა ის და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ, იგი მწეველი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაცხყოფას სიგარეტის ბოლით, უკეთესი იყო დაებრუნებინა თურქისათვის. ღვთისმშობელმა არჩია, რომ ამ უკანასკნელს ხორცი დაეჭრა მასზე, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს ბილწი „სატანის საკმეველი“ ეკმია მისთვის. ზემოხსენებული ქრისტიანი მიხვდა თავის ცოდვას და აღარასოდეს აღარ მოუწევია.
კიევო-პეჩორის ლავრის ბერებმა შემდეგი გამოცხადება იხილეს: მწეველებს ეშმაკები სასტიკად აწამებდნენ იმით, რომ პირში სჩრიდნენ ჩამქრალ სიგარეტებს.
ერთხელ ბერთან მიღებაზე მივიდა ქალი, და რადგან ბერი ავადმყოფობის გამო მნახველებს არ იღებდა ამიტომ შეუგზავნა მას ბარათი იმ კითხვით, რაც აწუხებდა. როდესაც დედა სერაფიმამ ბერს ბარათი გადასცა, მან მაშინვე უპასუხა: „გააღე კარი და ჩემთან ერთად ხმამაღლა გაიმეორე: „დედაკაცო, როგორ არ გრცხვენია! შენ შენი თამბაქოს გულისამრევი სუნით მოწამლე ჩვენი კიბე, დაუტევე ეს მანკიერება, მოინანიე, მიდი აღსარებაზე, ეზიარე და მეტად აღარ გაეკარო თამბაქოს“. თავად ის, ვისაც ეს დარიგება შეეხებოდა იხსენებს: „ეს დედა სერაფიმას მიერ ისე ხმამაღლა ითქვა, ბერთან მიღებაზე რიგში მყოფი იმდენი ადამიანის თანდასწრებით, რომ მე ძალიან შემრცხვა. გადავწყვიტე თავი დამენებებინა თამბაქოს წევისათვის - და ბერის სიტყვისაებრ უკვე 40 წელია არ ვეწევი“.