„ისინი მაინც იდგნენ და თავისი მკერდით იცავდნენ საქართველოს პატრიარქს“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ძალიან ხშირად ადამიანი ეძებს სასწაულს, ფიქრობს, რომ სასწაულს თუ ნახავს, უფრო მეტად იწამებს და უფრო მეტად განმტკიცდება მასში სულიერი ძალა. ერთხელ, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ცნობილ ფიზიოლოგს, პავლოვს, რომელიც მღვდლის შვილი იყო, ჰკითხეს: ნუთუ თქვენ, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი მორწმუნე ბრძანდებითო? მან უპასუხა: როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, შეიძლება წმინდანიც გახდე, იმდენად ამტკიცებს იგი ღვთის არსებობასა და მის ძალასო.
ხშირად ჩვენს წინაშეა სასწაული, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მას. ყველაზე დიდი სასწაული არის თვითონ ადამიანი; იმდენად დიდია მისი სულიერი ამპლიტუდა, რომ იგი შეიძლება ჩავიდეს ჯოჯოხეთში და ავიდეს ზეცად უფალთან. სრულყოფის კიბე იმდენად მაღალია, რომ ჯოჯოხეთიდან იწყება და სასუფეველში მთავრდება, ადამიანი კი შუა ადგილზე დგას. საით წავა, ეს უკვე ღვთისა და ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. აი, ეს არის ორი ძალა _ ღვთის ნება და ადამიანის ნებისყოფა, რომელსაც წმინდა მამები უწოდებენ სინერგიას, ეს ორი ენერგია უნდა შეუერთდეს ერთმანეთს და ეს ორი ენერგია აცხოვნებს ადამიანს.
დღეს არის ხსენება მარიამ ეგვიპტელისა, საოცარი ცხოვრება ჰქონდა მას. როცა ჩვენ ვუყურებთ დღევანდელ ცხოვრებას და საერთოდ ქართველ ადამიანს, ვხედავთ, რომ ყველაზე მეტად ორი ნაკლი, ორი უარყოფითი თვისება გვამძიმებს, ეს არის ამპარტავნება და ხორციელი ვნებები, ანუ მრუშობა, ეს ორი რამ განსაკუთრებით მძიმედ აწევს ჩვენს ხალხს და ღვთის მადლითა და ძალით ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ მათგან (უნდა ითქვას, რომ ეს არის საკაცობრიო მძიმე სენი).
მარიამ ეგვიპტელი დაიბადა ეგვიპტეში, 12 წლისა გავიდა სახლიდან და ეწეოდა თავისუფალ ცხოვრებას, მისი ერთადერთი სურვილი იყო, ამ ვნებების ცოდვაში ჩავარდნილიყო და ვინმე შეეცდინა. ერთხელ ხალხი ჯვრის თაყვანსაცემად იერუსალიმში მიდიოდა, მარიამიც წავიდა, მაგრამ არა იმისთვის, რომ თაყვანი ეცა ჯვრისთვის, არამედ იმისთვის, რომ შეეცდინა ვინმე. როცა ტაძართან მივიდა და შიგ შესვლა სცადა, რაღაც უხილავი ძალა გადაეღობა და უკან აგდებდა, ყველა ღონე იხმარა, რომ ტაძარში შესულიყო, მაგრამ ამაოდ.
და აი, ამ დროს მასში სინანულის გრძნობა დაიბადა, მან იგრძნო, რომ მისი ცოდვები ეღობებოდა და უფალი არ უშვებდა ტაძარში, დაიწყო გოდება და ტირილი. ტაძრის კარიბჭის წინ მან აღუთქვა ღმერთს, რომ განეშორებოდა თავისი ცხოვრების წესს, თუ შევიდოდა და თაყვანს სცემდა უფლის ჯვარს.
როგორც კი ეს წარმოთქვა, თავისუფლად შევიდა ტაძარში სხვებთან ერთად, დაემხო ჯვრის წინ და ტიროდა თავისი ცოდვების გამო. შემდეგ ემთხვია ღვთისმშობლის ხატს და მოესმა ხმა, რომ წასულიყო უდაბნოში.
ვიღაცამ მისცა ცოტა ფული, იყიდა პური და აი, ამ პურით წავიდა უდაბნოში, იქ მოღვაწეობდა, ვერავის ხედავდა და ვერავინ ხედავდა მას, გარდა უფლისა, რომელიც მფარველობას არ აკლებდა. გავიდა 17 წელი. მონასტრებში იყო ასეთი წესი, დიდი მარხვის წინ ბერები ღებულობდნენ ერთმანეთისგან შენდობას და მიდიოდნენ უდაბნოში. მათ შორის იყო ერთი ბერი, სახელად ზოსიმე; უდაბნოში ყოფნის დროს მან დაინახა შავი ფერის ლანდი, ეს იყო მარიამ ეგვიპტელი, რომელსაც აღარ ჰქონდა ჩასაცმელი, კანი დამწვარი და გაყინული ჰქონდა მზისა და სიცივისაგან, გაშავებული ჰქონდა მთელი სხეული, მხოლოდ თეთრი თმები იფარავდა. ზოსიმემ იგრძნო, რომ იგი დიდი მოღვაწე იყო და დაედევნა, ლანდი გარბოდა, მოეფარა ამაღლებულ ადგილს და იქიდან გამოსძახა: მამა ზოსიმე, მე ქალი ვარ და ამიტომ ვერ გამოვჩნდები, ვერ დავდგები შენს წინაშე. მარიამი სრულიად უცნობ ადამიანს შეხვდა და უკვე მიმართავს მას სახელით, იმდენად მოხდა მასში ფერისცვალება, რომ მან უკვე იცის უფლის მადლით უცნობი ადამიანის სახელი. შემდეგ სთხოვა, გადაეგდო მისთვის მისი ზედა ტანსაცმელი, რათა შემოსილიყო და წარმდგარიყო მის წინაშე. მართლაც, ზოსიმემ გადაუგდო ტანსაცმელი, იგი შეიმოსა და მან აღიარა ღვთისა და ამ ბერის წინაშე მთელი თავის ცოდვები, ბოლოს სთხოვა ზოსიმეს, მეორედ რომ მოვიდოდა, წამოეღო წმინდა ზიარება, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში არ მიეღო იგი. ბერმა შეუსრულა ეს თხოვნა. შემდეგ მარიამ ეგვიპტელმა სთხოვა, მოსულიყო იქვე შემდეგ წელიწადსაც. მართლაც, მოვიდა ზოსიმე და მარიამი უკვე გარდაცვლილი ნახა. მან ლომთან ერთად გათხარა მისი საფლავი და უდაბნოში დაასაფლავა. აი, ასეთია მისი ცხოვრება და ღვაწლი.
მინდა ვთქვა, რომ შრომის გარეშე, სულიერი მოღვაწეობის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს სულიერ ცხოვრებაში, ადამიანმა უნდა სძლიოს თავის თავს, თავის ვნებებს, თავის ამპარტავნებას; უფალი ბრძანებს: „სასუფეველი ცათაი იიძულების“, უნდა აიძულო შენი თავი და ვინც აიძულებს თავს, იგი მიიტაცებს, მიიღებს ამ სასუფეველს.
რა არის ჩვენი ცხოვრება? წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ მთავარი ის კი არ არის, რომ ადამიანი ეცემა, არამედ მთავარი ის არის, რომ ადამიანი ისევ დგება და აგრძელებს თავის სულიერ ცხოვრებას და გზას. უფალი ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“; ბედნიერია ის, ვინც დადგა ან დგება ამ ცხოვრების გზაზე.
იყო ჩვენთან საპატრიარქოში ერთი მოხუცი მონოზონი. მას ჰქონდა ასეთი სიტყვები: „სცოდავ? ოინანიე და მოემზადე სასუფევლისათვის“. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს თავის ცოდვას, რომელსაც გააჩნია „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა თვისისა“. ასეთი ადამიანი ცხონდება და უფალი მისცემს მას იმ ძალას, რომ სძლიოს თავის თავსა და თავის ვნებებს.
დღევანდელ დღეს დაემთხვა 9 აპრილის ტრაგედია. მახსენდება ის უმძიმესი ღამე, როცა ეს მოხდა. თენდებოდა კვირა დღე, აი, დღესაც დაემთხვა კვირა დღე. მივედი იქ და ვხედავდი, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყებოდა ეს საშინელი მკვლელობა. თქვენ იცით და არაერთხელ უჩვენებიათ ტელევიზიითაც, რომ მივმართე ხალხს, შესულიყო ტაძარში. უმრავლესობამ იყვირა, არაო, იქ ყოფნა არჩიეს ტაძარში შესვლას და ამიტომაც მოხდა ეს ტრაგედია. ვუყურებდი იმ საშინელებას და, სამწუხაროდ, ვერაფრით ვშველოდი, ზოგი გარბოდა, ზოგი მართლაც შევიდა ქაშუეთის ტაძარში, შემდეგ დღეებში მოდიოდნენ და მადლობას მეუბნებოდნენ, ჩვენ გადავრჩით, რადგან ტაძარში შევედითო. მახსენდება 9 აპრილის კვირა დილა, როცა იწყებოდა წირვა და სიონის ტაძარში მყოფი ხალხი ხმამაღლა ქვითინებდა.
დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ სულებს, მათ ღვაწლს, ისინი გარდაიცვალნენ, შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას; ჩვენ დღეს შევასრულებთ პანაშვიდს მათი სულებისათვის. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე არის დიდი მადლი ღვთისა. იმ ღამეს შეიძლებოდა აგვეცილებინა ეს სისხლიანი ტრაგედია, მაგრამ ვერ შევძელით, ალბათ ასე გვეწერა ჩვენ. ასევე მახსენდება _ უცნობი ახალგაზრდების დიდი ჯგუფი შემომეხვია გარშემო, ფიქრობდნენ, რომ შეიძლება სროლაც დაწყებულიყო და გვერდიდან არ მცილდებოდნენ, ვეუბნებოდი, წასულიყვნენ, მაგრამ ისინი მაინც იდგნენ და თავისი მკერდით იცავდნენ საქართველოს პატრიარქს, ღმერთმა დალოცოს ის ადამიანები!
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო; ღმერთმა ინებოს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ იყოს საქართველოში; ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენში და ყოველი ჩვენგანი ღირსი გახდეს სასუფევლისა.
ჩვენთან არს ღმერთი.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №15(368), 2006 წ.