ათი მცნება

უფალმა ყოველი დროის ადამიანებს მარადიული მცნებები მისცა, იგი კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, მას კი უშუალოდ ღვთისგან გადაეცა. მას შემდეგ ეს მცნებები სავალდებულო გახდა ყოველი ადამიანისათვის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ მცნებების სიძველე არ ნიშნავს, რომ ისინი მოძველდა. ეს მცნებები მარადიულია. როგორც საუკუნეების წინ იყო ამ მცნებების ყოველი სიტყვა შესასრულებელი, მისაღები და აუცილებლად გასათვალისწინებელი, ასევე დღესაც და მარადჟამს მომავალშიც. ათივე მცნება მარადიული მცნებაა, რომლებიც მარადიულად არის შესასრულებელი და ყოველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას. ბუნებრივია, თითოეულმა ქრისტიანმა კარგად უნდა იცოდეს ყოველი მცნების აზრი და არსი. მიუხედავად იმისა, რომ უფლის განკაცების შემდეგ უფალმა ახალი აღთქმის მოძღვრება მოიტანა, ეს არ ნიშნავს, რომ მან მოსეს ათი მცნება გააუქმა. ათი მცნება უფლის ქადაგებით არ გაუქმებულა, პირიქით, იგი უფრო განმტკიცდა, კაცობრიობას სახარებისეულად კიდევ უფრო ნათლად განემარტა. სწორედ ეს ათი მცნება ყოველი ქრისტიანისათვის სავალდებულოა. ამიტომ ჩვენ თითოეული ამ მცნების აზრი და მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ.

 

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. (განმარტება)

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. (განმარტება)

4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

6. არა კაც-ჰკლა.

7. არ იმრუშო. (განმარტება)

8. არ იპარო. (განმარტება)

9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

 

მოკლე განმარტებანი:

ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმენდს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინებელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებას.

მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისაგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია.

პირველი ოთხი მცნება გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება უფლისადმი, ხოლო დანარჩენი ექვსი გვიხსნის ადამიანებთან, მოყვასთან სწორი თანაცხოვრების პრინციპებს.

პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

ეს მცნება მოითხოვს, რომ ჩვენ გვწამდეს, გვიყვარდეს, ვსასოებდეთ და თაყვანს ვცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს.

დღეს, როგორც არასდროს, სწორედ ეს კანონია დარღვეული. ურწმუნოება, ღვთის არსებობისადმი ეჭვი, ეჭვი სულის უკვდავებისა... ბინდავს ადამიანის გულსა და გონებას. ზოგიერთნი მისდევენ მისნობას, ჯადოქრობას, ხშირია მწვალებლობა, მკრეხელობა მღვდლისადმი, ეკლესიის სიწმიდისა და წმიდა საიდუმლოთადმი (ნათლისღება, აღსარება, ზიარება და სხვა) უსულგულო დამოკიდებულება. ხშირია გულგატეხილობა და სასოწარკვეთილება, რადგან ადამიანები ღვთის ნაცვლად იმედს ამყარებენ მათზე, რომელნი არიან ძლიერნი ამა სოფლისანი, ანდა საკუთარ მაღალ თანამდებობასა და სიმდიდრეზე.

ყოველივე ეს არის პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვები.

იმისათვის, რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ სახარება, წმინდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება - ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ მას ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა (მარკოზი 2, 29-30).

მეორე მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას.

ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია, სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშებს მისდევენ... ღმერთი და მისთვის მსახურება კი აღარ ახსოვთ. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.

მაშ, იყავით ბრძენნი, თავშეკავებულნი, თავმდაბალნი და ღვთისმსასოებელნი.

მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

დანაშაულია, როცა უბრალო და უსარგებლო ლაპარაკისას ღვთის სახელს ახსენებენ, კიდევ უფრო დიდი და მძიმე ცოდვაა, თუ ღვთის სახელით ტყუილად იფიცებენ. ღვთის გმობა, ღვთის სიმართლის განკითხვა, ლოცვისას უგულისყურობა, აღთქმის დარღვევა... ყველაფერი ეს არის მესამე მცნების წინააღმდეგი. (აქვე დავამატებდი ღმერთის შესახებ ანეკდოტების მოყოლას და ყველანაირ ხუმრობას ღმერთზე - საიტის ავტორის შენიშვნა)

ღვთის სახელი დიდი კრძალვითა და შიშით უნდა წარმოვთქვათ. გაიხსენეთ, თუ როგორ აგვიღწერს ესაია წინასწარმეტყველი თავის ხილვას: „ვიხილე უფალი მჯდარი ამაღლებული, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ და... ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება“ (ესაია 6, 1-3).

აი, როგორი მოწიწებით მსახურებენ ღმერთს ზეციური ძალები. მით უმეტეს ჩვენ მეტი რიდი და თაყვანისცემა გვმართებს.

მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, მეშვიდე დღეს კი დალოცა იგი, აკურთხა და საქმისგან დაისვენა. ეს მეშვიდე დღე იყო შაბათი.

ქრისტიანები უქმობენ კვირას, რადგან კვირა იესო ქრისტეს აღდგომისა და ჩვენი ხსნის დღეა, აგრეთვე დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე.

მეოთხე მცნების დარღვევით სცოდავენ ისინი, რომელნიც ამ დღეებში არ უქმობენ, არ ზეიმობენ, დღესასწაული ყოველთვის წინადღის საღამოდან იწყება. თუ მორწმუნე ხარ, ამ დროს ყველა საქმე უნდა დატოვო და ეკლესიაში წახვიდე, რათა მიიღო ღვთის კურთხევა. დღესასწაულისა და კვირის წირვაზე დასწრება ხომ ყოვლად აუცილებელია. წირვისას იკითხება და იგალობება სპეციალური ლოცვები, რომელიც დიდი ძალის მიმცემია რწმენითა და სიყვარულით მოსულისათვის.

სამწუხაროდ, დღეს ხშირია ოჯახები, რომელთა წევრები გამუდმებით მუშაობენ, არ იციან შაბათ-კვირა და დღესასწაული. ისინი, როგორც წესი, უბარაქონი და უმადლონი არიან, რადგან მათზე არ არის ღვთის ლოცვა-კურთხევა.

მეხუთე მცნება: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა. მშობლების პატივიცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.

განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ავადმყოფ, ხანდაზმულ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა, ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა.

მშობლები სწუხან, ტირიან შვილების უდიერის საქციელის გამო, თუმცა უმეტეს წილად თვითონ არიან დამნაშავნენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ აღზარდეს ისინი.

დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან; მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.

ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას თავისი შვილები.

მეხუთე მცნება ასევე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ; მაგრამ თუ მშობელი ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას.

მეექვსე მცნება: არა კაც ჰკლა.

მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება, ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს.

ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი ამ ქვეყნადაც დიდად დასჯილია, გავიხსენოთ, პირველი მკვლელი, კაენი, რომელმაც თავისი ძმის, აბელის, სისხლი დაღვარა, ადგილს ვერ პოულობდა ახლობლების წრეში. ამიტომაც სხვაგან გადაიხვეწა და ტანჯვაში დალია თავისი დღენი; ხოლო ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადავიდა. ასევეა ახლაც.

მკვლელობის განსაკუთრებული სახეა აბორტი. ამ დროს თვით დედა ხდება მკვლელი საკუთარი შვილისა. სამწუხაროდ, ბევრნი ვერ გრძნობენ დანაშაულს, არადა ამისთვის მკაცრად დაისჯებიან. რა თქმა უნდა, დაისჯება ისიც, ვინც აბორტს აკეთებს.

დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგანაც ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. „ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, - გვარიგებს წმიდა ბასილი დიდი, - მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო“. ჰუმანურ სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე.

საშინელი ცოდვაა თვითმკვლელობა. იგი პროტესტია ღვთის ნების წინააღმდეგ და სულიწმიდის გმობად ითვლება. თვითმკვლელი, თუ იგი ფსიქიურად დაავადებული არ არის, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.

ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით... წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკულელსა არა აქუს ცხოვრებაი საუკუნოი“ (I იოანე 3, 15).

მეშვიდე მცნება: არა იმრუშო.

ეს მცნება კრძალავს არაკანონიერ, დანაშაულებრივ ურთიერთობას კაცსა და ქალს შორის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: სიძვა, მრუშება, სისხლის აღრევა, გარყვნილება, ცოლ-ქმრული ცხოვრების დამახინჯებული სახეები...

„სიძვაი და ყოველი არაწმიდებაი... ნუცაღა სახელ-იდებიან თქვენ შორის“ (ეფესელთა 5, 3) - გვაფრთხილებს მოციქული პავლე. ადამიანს დიდი თავშეკავება მართებს: უფალი ბრძანებს: თუ კაცი ნდომით შეხედავს ქალს, მან უკვე იმრუშა თავის გულში“ (მათე 5, 27-28).

არაწმიდა ფიქრები, სურვილები, უხამსი სიმღერები და ხუმრობები, ზედმეტი გართობა, უზნეო სანახაობანი, ნაყროვანება, სასმელის უზომო სმა... არის ცოდვა, რომელიც მეშვიდე მცნების დარღვევითა და მძიმე დანაშაულით მთავრდება. დანაშაულს კი მოსდევს ღვთის სასჯელი.

მერვე მცნება: არა იპარო.

არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება; ძარცვა - სხვისი ქონების ძალით მიტაცება; მკრეხელობა - ღვთისთვის მიძღვნილი, შეწირული ნივთებისა და, საერთოდ საეკლესიო ქონების მითვისება ან მოპარვა; მექრთამეობა, მევახშეობა (როცა პროცენტით გასცემენ ფულს), მუქთახორობა... (აქვე დავამატებდი ნაპოვნის არ გამოჩენას და ნათხოვარი ნივთის ან ვალის არ დაბრუნებას - საიტის ავტორის შენიშვნა)

ზოგჯერ ქურდები და დამნაშავენი თავისი საქციელის გამართლების მიზნით, სახარებიდან იშველიებენ იმ ავაზაკის მაგალითს, რომელიც მაცხოვართან ერთად აწამეს, და რომელიც მასთან ერთად სამოთხეში მოხვდა.

ავაზაკი შეწყნარებულ იქნა, რადგან სიკვდილის წინ მოასწრო მონანიება. მან მთელი არსებით იგრძნო თავისი განვლილი ცხოვრების სიმძიმე და განაჩენიც სამართლიანად გამოუტანა თავს და თავის ამხანაგს, რომელსაც მასთან ერთად აწამებდნენ. ჯვარზე გაკრული კი მიუბრუნდა მაცხოვარს და უთხრა: „ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების“.

იმდენად ძლიერი იყო მასში სინანული, რომ ცოდვით დამძიმებული მისი გული განიწმინდა და იგრძნო ის, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ; იგრძნო, რომ მის გვერდით ღმერთი ეწამებოდა; ამიტომაც სთხოვა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ლუკა 23, 41-42).

და მიუგო იესომ: „ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 43).

ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა ცოდვიდან შეიძლება ამაღლება და განწმენდა; და რომ ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი.

მეცხრე მცნება: არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას. მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოწმის განკითხვა...

ღირსი მამა ანტონი წერს: „ურჩხულის ენა ნაკლებ საშიშია, ვიდრე ენა ცილისმწამებლისა, რადგან ასეთი კაცი ჩხუბსა და განხეთქილებას აგდებს მშვიდობით მცხოვრებ ადამიანთა შორის, სთესავს ბოროტებასა და ღვარძლს ახლობლებში, არღვევს ერთობას. ვინც ასეთ ადამიანს სახლის კარებს გაუღებს, თვითონაც ცოდვის მორევში ჩავარდება. ასეთ კაცთან ურთიერთობა მკვლელთან ურთიერთობას ნიშნავს“.

ცილისმწამებლის ენა მსგავსია გველის შხამისა. უმჯობესიც კია გველის და მორელის გვერდით ცხოვრება, ვიდრე ცილიმწამებელთან ახლოს ყოფნა, რადგან იგი თავისი სენით სხვასაც აავადებს და ისინი ერთად განიკითხავენ ღვთის სამსჯროზე.

ღმერთი მოწყალეა, მაგრამ იცოდეთ, ცილისწამების ცოდვა ძნელად შეენდობა კაცს. ამიტომაც, „ნუ შეგრცხვებათ ასეთი ადამიანებისაგან განზე განდგომისა, თორემ მათი შხამით თქვენც დაავადდებით“ (წმიდა ანტონი დიდი).

მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

ეს მცნება მოითხოვს, კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენი ხვედრით, ჩვენი მდგომარეობით, რათა ხელი არ დაგვრიოს სულის ფირთმა - შურმა. შური პირველყოვლისა ზიანს აყენებს მას, ვინც ამ სენითაა შეპყრობილი.

სხვა ცოდვა უფრო უხეშია და სულშიც ისე არ ღვივდება, როგორც შური, - წერს წმიდა ბასილი დიდი, - შური კი ისე სჭამს კაცის სულს, როგორც ჟანგი რკინას... შური არის წუხილი სხვის სიკეთესა ზედა.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ასე გვაფრთხილებს: შური წყლულია სულისა და საწამლავი მისი. იგია ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და ამავე დროს, სამართლიანი ვნება. უსამართლო იმიტომ, რომ კეთილთა სიმშვიდეს არღვევს, სამართლიანი კი იმიტომ, რომ შინაგანად ახშობს მას, ვის სულშიც ბუდობს.

 

გახსოვდეს, რომ თუმცა ნათლობით ცოდვებისაგან განიწმინდება ადამიანი, მაგრამ ცოდვისაკენ მიდრეკილება რჩება! რადგან ნათლობა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი, ცოდვათა მიდრეკილებების აღმოფხვრისათვის აუცილებელია ხშირად აღსარების თქმა და ზიარება. აუცილებელია, რომ მშობლებმა შვილები ჩვილობიდანვე მიაჩვიონ ზიარების მიღებას. ხოლო როდესაც წამოიზრდებიან, აღსარების თქმას.

წამალს რომ ვსვამთ, ექიმის წარსულ ცხოვრებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენი ფიზიკური განკურნებისათვის, ასევე აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს დროს იკურნება ჩვენი სული და მოძღვრის წარსულ ცხოვრებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სულის განკურნებისათვის. ზიარების აუცილებელი პირობაა ქრისტეს რწმენა, სურვილი ცოდვებისაგან განშორებისა და ღვთის მცნებებით ცხოვრებისა. თუ არა გაქვს სურვილი ცოდვებისაგან განშორებისა ნუ ეზიარები, რადგან დაისჯები ღვთისაგან. იმიტომ კი არ მიდის მორწმუნე ეკლესიაში თავი მართალი რომ ჰგონია, არამედ იცის მხოლოდ ეკლესიაში არის შესაძლებელი სულის ჭეშმარიტი განკურნება. ყოველთვის გახსოვდეს, რომ დედამიწაზე სტუმარი ხარ და რომ შენი სამუდამო სამყოფელი ზეციური ეკლესიაა.

მამა იოანე კრესტიანკინი „როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 10 მცნების მიხედვით“