ბერ-მონაზვნობაზე

ქრისტიანობის არსებობის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ის ქრისტიანები, რომლებიც ცხოვრების მკაცრ წესს მისდევდნენ, იმ მიზნით, რომ კეთილი ზრახვანი განმტკიცებოდათ, როგორიც იყო, მაგალითად: ცოდვისთვის თავის არიდება, ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა, საკუთარი სულის მიდრეკა ღვთისმოსაობისაკენ და სხვა, სრული შეგნებით დებდნენ ღვთის წინაშე პირობას მარხვისა, ლოცვისა, საკუთარი სინდისის ყოველდღიური გამოცდისა, მოწყალების გაღებისა, ეკლეიისთვის მსხვერპლის შეწირვისა ანდა კიდევ რაიმე სხვა ღვთივსათნო ღვაწლისა. ამ აღთქმათა შორის ქალწულების აღთქმის დადების ჩვეულებაც არსებობდა. ჩვენს დროში ეს ჩვეულება ბერმონაზვნობამ შეცვალა.

ბერმონაზვნობის აღთქმა, ერთდროულად ქალწულების, უქორწინებელი ცხოვრების, უპოვარებისა და მორჩილებისა, წარმოითქმება საზეიმოდ, განსაკუთრებული წესის დაცვით და ხანგრძლივი გამოცდის შემდეგ იმ პირისა, ვინც დებს ამ აღთქმას. ბერმონაზვნობის მოსაგრეობა არის სათნოებათა სრულყოფილი ერთიანობა და უწმინდესი ძღვენი უფლისათვის. ჭეშმარიტი ბერმონაზვნობა მდგომარეობს ყველა სულიერი და ხორციელი ძალის ნებაყოფლობით მსხვერპლად შეწირვაში ღვთისა და მოყვასის მსახურებისათვის, ეს არის მოკვდინება და მოკვეთა ყველა ვნებისა, მოძულება ყველა ამქვეყნიური სიკეთისა.

ეკლესიის წმიდა მამები ბევრს წერდნენ ბერმონაზვნობის სათნოებათა შესახებ. წმიდა დოროთე ბრძანებს: „სხვა სათნოებებს, მოვალეობის გამო შესრულებულს, აქვს მხოლოდ ხარკის მნიშვნელობა, რომელიც ყველამ უნდა გაიღოს ისე, როგორც ქვეშევრდომმა უნდა უხადოს მეფეს; ხოლო ბერმონაზვნობაში მორჩილება, უვერცხლოება და ქალწულება ის სათნოებებია, რომელიც აღესრულება კეთილის ნების გამო და მათ აქვთ მნიშვნელობა ძვირფასი ძღვენის, რომელსაც ღმერთს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამო სწირავენ, მსგავსად იმისა, როგორც გამოჩენილი ადამიანები მეფეს ხარკის გარდა მიართმევენ აგრეთვე ძღვენს და ამის სანაცვლოდ ღირსი ხდებიან ძვირფასი ჯილდოებისა, პატივისცემისა და წოდებებისა“ (სიტყვა ამა სოფლიდან განდგომის შესახებ). „ბერმონაზვნური აღთქმანი, - ბრძანებს წმიდა ბასილი დიდი, - თავისი არსით ეს არის ქვეყნიერების გადარჩენა. მათი მეშვეობით ხდება ომისა და ჭირის თავიდან აცილება“ (შესაქმეზე ჰომილია 53). ხოლო წმიდა დიმიტრი როსტოველი ბრძანებს, რომ ბერების ლოცვით იცავს ღმერთი ამ სამყაროს. „თუმცა კი ზოგიერთს უმნიშვნელო ჰგონია ბერების ლოცვა, მაგრამ ისინი მთელს ქვეყნიერებას განამტკიცებენ. ქრისტიანული სამყარო წმიდა წერილში ემსგავსება ვენახს, ისევე, როგორც ძველად ისრაელი (ისაია 5,7). მოდით, ვნახოთ, რას ეყრდნობა ვაზი? - ერთ გამხმარ, უნაყოფო სარს. გამოაცალეთ ვაზს სარი, რტო მიწაზე ჩამოვარდება, ვეღარ მოიტანს ნაყოფს და ფეხით გაითელება. გამოაცალეთ ქრისტიანულ სამყაროს ბერმონაზვნობა ისევე, როგორც ვაზს გამხმარი, უნაყოფო სარი, და რა მოუვა სამყაროს? - თავად განსაჯეთ...“ (მე-2 სწავლება სულიწმიდის კვირაში).

„რა გზა ავირჩიოთ?“, თბილისი, 1998 წ.

წმიდა სილუან ათონელი

ბერებზე

ზოგი ამბობს, რომ ბერები ქვეყანას უნდა ემსახურებოდნენ, რათა მუქთად არ ჭამონ პური. მაგრამ გასარკვევია რაში მდგომარეობს ეს სამსახური და რით შეუძლია ბერს დაეხმაროს მსოფლიოს.

ბერი - მლოცველია მთელი სამყაროსათვის; იგი ტირის მთელ მსოფლიოზე და ესაა მისი მთავარი საქმე. ვინ აიძულებს მას იტიროს სამყაროსათვის? აიძულებს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა. იგი აძლევს ბერს სიყვარულს სულიწმიდასაგან და ამ სიყვარულისაგან ბერის გული გამუდმებით მწუხარებს ხალხზე, რადგან ყველა როდი გადარჩება. თვითონ უფალი ისე წუხდა ხალხზე, რომ ჯვარს ეცვა მათთვის; იგივე მწუხარებას ატარებდა ღვთისმშობელი თავის გულში. მასაც, როგორც მის საყვარელ ძეს, ყველას გადარჩენა სურდა. იგივე სულიწმიდა მისცა უფალმა მოციქულებს, წმიდა მამებს, ეკლესიის მოძღვრებს. ამაშია ჩვენი სამსახური სამყაროსადმი. ამიტომ არც ეკლესიის მოძღვრები, არც ბერები არ უნდა იყვნენ დაკავებულნი საერო საქმეებით, არამედ მიბაძონ ღვთისმშობელს, რომელიც ტაძარში, „წმიდათა წმიდათაში“ დღე და ღამე სწავლობდა უფლისა კანონებს და ლოცულობდა ხალხისათვის.

ერისკაცი ცოტას ლოცულობს, ბერი კი - განუწყვეტლივ. ბერების წყალობით დედამიწაზე არასოდეს წყდება ლოცვა; და ამაშია სარგებლობა - მთელი ქვეყნიერებისათვის, რამეთუ მსოფლიო ლოცვით დგას. თუ შესუსტდა ლოცვა, სამყარო დაიღუპება. მხოლოდ ერთი ფიქრი, მაამებელი ღვთისა, სასწაულს ახდენს. ამას წმ. წერილიდანაც ვხედავთ. წინასწარმეტყველი მოსე ფიქრით ლოცულობდა და უფალმა უთხრა: „რას შემღაღადებ?“ (გამოსვ. 14,15). და გადაარჩინა ისრაელიანები დაღუპვას. ანტონი დიდი მსოფლიოს ეხმარებოდა ლოცვით და არა შრომით. ღირსი სერგი მარხვით და ლოცვით დაეხმარა რუს ხალხს თათართა უღლისაგან გათავისუფლებაში. ღირსმა სერაფიმემ გულში ილოცა და სულიწმიდა გადმოვიდა მოტოვილოვზე. აი ეს არის ბერმონაზვნის საქმე. მაგრამ თუ ბერი არამუყაითია, დაუდეგარია და არ მიუღწევია უფლის გამუდმებული ჭვრეტისათვის, მაშინ დაე ემსახუროს მწირებს, დაეხმაროს თავისი შრომით ერისკაცებს; ესეც მაამებელია ღმერთისთვის; მაგრამ იცოდე, რომ ეს შორსაა ბერობისა და მონაზვნობისაგან.

ბერი უნდა ებრძოდეს თავის ვნებებს და ღმერთის დახმარებით დაამარცხოს ისინი. ბერი ხან ნეტარებს ღმერთში და ცხოვრობს როგორც ღმერთთან სამოთხეში, ხან კი ტირის მთელი ქვეყნიერებისათვის, რათა ყველა გადარჩეს. ასე ასწავლა მას სულიწმიდამ: უყვარდეს ღმერთი და უყვარდეს სამყარო. შეიძლება თქვა: ეხლა აღარ არიან ისეთი მონაზვნები, რომლებიც მთელი ქვეყნიერებისათვის ლოცულობენ; მე კი გეტყვი: როცა არ იქნებიან მლოცველები დედამიწაზე, სამყაროს აღსასრული დადგება; სამყარო წმინდანთა ლოცვით არსებობს. მონაზონი მოწოდებულია ილოცოს მთელი ქვეყნიერებისათვის. ამაშია მისი სამსახური. ამიტომ ნუ დაამძიმებთ მას საეროზე ზრუნვით. მონაზონი უნდა ცხოვრობდეს განუწყვეტლივ თავშეკავებაში, ხოლო თუ იგი დაკავებულია საერო საქმეებით, მაშინ იძულებულია მეტი ჭამოს; ეს კი საზიანოა, რადგან როცა იგი ზედმეტს შეჭამს, უკვე ვეღარ ილოცებს როგორც საჭიროა, იმიტომ რომ მადლს გამომშრალ სხეულში უყვარს ცხოვრება.

ეს სოფელი ტყუილად ფიქრობს, რომ ბერ-მონაზვნები - უსარგებლონი არიან. მათ არ იციან, რომ ბერი მლოცველია მთელი ქვეყნიერებისათვის. ისინი ვერ ხედავენ მათ ლოცვებს და არ იციან რა სიყვარულით ღებულობს მას უფალი. ბერ-მონაზვნები სასტიკად ებძვიან ვნებებს და ამ ბრძოლისთვის განდიდდებიან უფლის თვალში.

მღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია)

ბერობისათვის

რაოდენად ანგელოზი უმაღლესია ხორციელ კაცთაგან, ეგოდენად უმაღლესია ბერობა სოფლიო ცხოვრებისაგან, გარნა არა ქუდის და ანაფორის ჩაცმითა, არამედ სულის ხარისხთა ზედა ძალითი ძალად აღსვლითა, რომლისა სწავლა უთუოდ დიდ არს და მაღალ და ხანგრძლივი ღვაწლით მისაწდომელ.

ნუ ჰფიქრობ, ძმაო, რომ ბერობა უგუნური და უსწავლელი კაცებისაგან იყოს მოღებული, არამედ დიდთა ფილოსოფოსთა და გენიოსთა პირებთაგან იქმნა დაწყებულ განსაახლებლად პირველ სამოთხეში ყოფილის ადამის ცხოვრებისა, რომელიც შემოსილ იყო ქალწულებით, უნივთო ცხოვრებით და ღვთისა პირის-პირ ხედვა ზრახვით.

ამას მიწვდენ ზოგიერთნი დიდნი წინასწარ-მეტყველნი და აღსრულდნენ ბერად, რომელთა შორის უმეტეს ყოველთა განბრწყინვებულმან იოანე ნათლისმცემელმან  მოგვცა სახე ბერობისა თვისის საკვირველის ცხოვრებით.

ძველი დაუტევოთ და ახალ სჯულში გადმოვიდეთ. იხილე ვასილი, გრიგოლ, იოანე და სხვანი დიდნი მღვდელ-მთავარნი, ათინის სწავლით განათლებულნი: ამათ თუმცა სწავლა-განათლება დაამთავრეს, გარნა მაღალი სწავლის წყალობით შეიტყვეს, რომ აკლიათ კიდევ ერთი უმთავრესი და უსაჭიროესი სწავლა, რომელ არს ბერობა, გინა ზნეობითი ამაღლება ადამიანურ ვნებათაგან, რომლის ტყვეობის თავისუფლებისათვის შეუდგენ ბერობას. ერთსაც კიდევ გიჩვენებ უფრო მახლობელს ჩევნს საქართველოს ფილოსოფოსს რუსთაველს, რომელმან ბერობის ხარისხზე დაასრულა თავისი ბოლო სიცოცხლე და აღესრულა ბერად იერუსალიმს შინა ჯვარის მონასტერში.

აი ამგვართა დიდთა განათლებულთა პირთა მიერ არს ცნობილ და დამტკიცებულ საჲდუმლო ღირსება ბერობისა და გვაუწყეს, რომ ბერობა არის უმაღლესი სასწავლებელი ქვეყანაზედ. ბერობა არის თვით მაღალი ფილოსოფოსობა კაცობრიობაში, რომელიც სჭვრეტს სულიწმიდის ძალით ხილულსა და უხილავსა და მისწვდება უმაღლესს ბუნებისადმი. ბერობა არის მაღალი სიბრძნე, რომელი შეიცავს თვისს შორის დიდ-სულობას ძლევითა ბუნებისათა; ბერობა მსგავსებაა ანგელოზთა და სახეა პირველ სამოთხის ცხოვრებისა; ბერობა შინაგანი ბრძოლაა დაუცადებელი უნივთოისა ნივთიერითა ხილულისა და უხილავისა; შინაგანი ბერობა ყოველდღე სიკვდილისა ქრისტესთვინ და ჯვარცმაა სამარადისო; დავასრულებ: შინაგანი ჭეშმარიტი ბერობა მსგავსება არს ღვთისა.

პატერიკი

ბერი და ანგელოზი

ნეტარი ბერი იოსებ სპილიოტი (+1959) ცდილობდა, გაემხნევებინა ახალგაზრდა ბერი, რომელიც სევდას შეეპყრო და მონასტრის დატოვება და თავისიანებთან დაბრუნება განეზრახა. ამიტომ მან ასეთი სასწაულის შესახებ უამბო მას:

„ათონის მთაზე ჩემს მოსვლამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, გავიცანი ერთი ბერი, რომელიც უსინათლო ხუცესის მორჩილი იყო. მისმინე, რა შეემთხვა ერთხელ მას.

ერთხელ მის სენაკთან ერისკაცი მივიდა.

- საიდან ხარ? - ჰკითხა სტუმარს შაოსანმა ბერმა.

აღმოჩნდა, რომ ისინი ერთი მიწა-წყლისანი იყვნენ, მაგრამ ბერმა მოსულს ეს არ გაუმხილა.

- შენ თუ იცნობ ასეთ ადამიანს როგორ არის? - შეეკითხა მოსაგრე, მხედველობაში ჰყავდა რა თავისი მამა.

- ვიცი, - უპასუხა მოსულმა, - იგი გარდაიცვალა და ღვთის ანაბარა დარჩა მისი ცოლი და ქალიშვილები. მათ ვაჟიც ჰყავდათ, რომელმაც მრავალი წლის წინ დატოვა ისინი. მას შემდეგ მის შესახებ არაფერი სმენიათ.

ამ ამბავმა შაოსანი მეტად დაამწუხრა. მას მონასტრის დატოვებისა და შინ დაუბრუნების სურვილი გაუჩნდა.

- წავალ, - უთხრა მან ერთხელ თავის ხუცესს, - წავალ და ვიზრუნებ დედასა და დებზე.

მაგრამ ხუცესმა არ აკურთხა და ცრემლებით თხოვდა, დარჩენილიყო, ის კი შეუდრეკელი რჩებოდა. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ვერ შეძლო ახალგაზრდის შეჩერება, უსინათლო ხუცესმა იგი თავის ნებაზე მიუშვა. და მან წმიდა მთა დატოვა.

გზაში დაღლილი, ხის ჩრდილში ჩამოჯდა. ცოტა ხნის შემდეგ ამ ხეს კიდევ ერთი დაღლილი შაოსანი მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.

- ვხედავ, რომ დამწუხრებული ხარ, ძმაო, რა დაგემართა? - ჰკითხა ამ უკანასკნელმა.

- მამაო, უბედურება შემემთხვა, - უპასუხა ხუცესის მიმტოვებელმა მორჩილმა და თავისი ამბავი უამბო.

მაშინ კეთილმა მგზავრმა უთხრა:

- მისმინე, ძმაო, დაბრუნდი შენს ხუცესთან, უფალი თვითონ იზრუნებს შენს ახლობლებზე, შენ არ უნდა მიატოვო იგი, მითუმეტეს, რომ ის ბრმაა.

მაგრამ მან ყურადღება როდი მიაქცია შემთხვევითი თანამოსაუბრის რჩევას. მგზავრს მრავალი მაგალითი მოჰყავდა, მაგრამ ჯიუტი ბერი ფეხზე ადგა და გზის გაგრძელება დააპირა.

- ასე რომ, შენ არ შეისმინე ჩემი სიტყვები? - უკანასკნელად შეეკითხა ბერს მგზავრი.

- არა.

- მაშინ იცოდე! მე უფლის ანგელოზი ვარ. როგორც კი მამაშენი გარდაიცვალა, უფალმა შენი ოჯახის მფარველობა დამავალა, მაგრამ რადგან თვითონ გსურს მასზე იზრუნო, მაშინ მე ვტოვებ მათ და მივდივარ.

ანგელოზი მეყსეულად გაქრა. ბერი ძალიან შეწუხდა და მონანული დაბრუნდა ბრმა ხუცესთან. სენაკში შესულმა დაინახა, რომ მოძღვარი მისთვის ლოცულობდა...“

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 12, 2003 წ.

* * *

ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მონასტერში გამუდმებით დადიოდა, მაგრამ ამსოფლიური ყოფაც ერთობ ძალუმად იზიდავდა (უყვარდა მუსიკა, ნაირგვარი სანახაობები, მოგზაურობა, გართობა), ჰკითხა მამა ეპიფანეს, დასაშვებია თუ არა მისთვის იფიქროს მონაზვნობაზე.

- შვილო ჩემო, მონაზვნად არ გამოდგები, - მიუგო მამა ეპიფანემ, - შენ მეტისმეტად გიზიდავს სოფელი, მონაზონს კი საწინააღმდეგო მისწრაფება უნდა ჰქონდეს: თავისი შინაგანი სამყარო უნდა იზიდავდეს და არა პირიქით.

* * *

ერთხელ იღუმენიამ ტელეფონით აცნობა მამა ეპიფანეს, რომ ერთ ღვთისმოშიშ გოგონას მონაზვნობა სურდა მის მონასტერში, მაგრამ ამ გოგონას სულიერი მამა მონაზვნობას მაინცდამაინც არ სწყალობდა და კურთხევას არ აძლევდა.

- გერონდა, როგორ მოვიქცე? მოვუწოდო მას, დაემროჩილოს სულიერ მამას და დათრგუნოს მონაზვნად გახდომის სურვილი, თუ ვურჩიო, ყურადღება არ მიაქციოს მის აზრს და კურთხევის გარეშე მოვიდეს მონასტერში?

- მომისმინეთ, დედაო. მისი ეს განზრახვა მუდამ წმიდა და პატივისცემის ღირსი იქნება. მაგრამ თუ იგი მონასტერში მოვა კურთხევის გარეშე და ამა თუ იმ მიზეზთა გამო იქ სირთულეებს წააწყდება, მაშინ მათ თავის ურჩობას დააბრალებს. მეორე მხრივ, თუ იგი მონაზვნურ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევს, შინაგანად ყოველთვის ექნება დანაშაულის გრძნობა, რომ ყოველივე ამას კურთხევის გარეშე აკეთებს. ამიტომ გირჩევთ: შესთავაზეთ მას, დაემორჩილოს სულიერ მამას და ილოცოს, რათა ღმერთმა, თუკი იგი ინებებს მისი სურვილის აღსრულებას, შეაცვლევინოს სულიერ მამას მონაზვნობისადმი დამოკიდებულება.

ასეც მოხდა. ნახევარი წლის შემდეგ იღუმენიამ სიხარულით აცნობა ბერს, რომ გოგონამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მიიღო კურთხევა თავისი სულიერი მამისაგან, რომელმაც ასე მიმართა მას: „შვილო ჩემო, რადგან, მიუხედვად ჩემი ხანგრძლივი უთანხმოებისა, მაინც ისწრაფი, გახდე მონაზონი, აშკარაა, შენი სურვილი ღმერთისგან მოდის. ასე რომ, ჩემი კურთხევით წადი მონასტერში“.

- დედაო იღუმენია, ეს ღმერთმა დააჯილდოვა იგი მორჩილებისათვის! - იყო მამა ეპიფანეს პასუხი.

 

მონაზვნები და ერისკაცნი

- გერონდა, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ „ნათელ ყოველთა კაცთა ჭეშმარიტნი მონაზონნი არიან“ (26,31). ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ყველაზე სათნოებაშემოსილ ერისკაცსაც კი აღემატება უკანასკნელი მონაზონი?

- არა! აქ ღირსი მამა საუბრობს არა ნებისმიერ მონაზონზე, არამედ მონაზვნურ ცხოვრებაზე, ანუ საერთოდ მონაზვნობაზე. მას მხედველობაში აქვს, რომ მონაზვნობა, როგორც ცხოვრების წესი, საერო ცხოვრების წესზე მაღლა დგას. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მონაზონზე უფრო მართალი ერისკაცი.

„არიქმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი“

მამათა გამონათქვამები

მონაზვნები არა მხოლოდ ფარნები არიან, ქუჩაში რომ ანათებენ, რათა ხალხმა არ წაიბორძიკოს, არამედ შორ კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდლამდე აღწევენ.

ვისთვისაც ცნობილია ანგელოზებრივი სახის დიდი ღირსება, ის სხვა წოდებას არ ესწრაფვის, თუ ნამდვილი მონაზონი გახდები, სულიერი სიხარული გექნება, როგორც მიწაზე, ასევე ცაში.

როცა მონაზონი ქრისტეს გულისათვის უარს ამბობს ადამიანების ნახვაზე, მაშინ ის ხედავს მრავალ ადამიანს და ღვთაბრივი სახით ლოცვით შეეწევა მათ იმ საქმეებში, რომელთა შესრულება ადამიანური საშუალებებით შეუძლებელია.

მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწევიან სხვა ადამიანებს.

ათონელი წმინდა მამები, ისე როგორც ჩვენ, ადამიანები იყვნენ, ათონი კი, როგორც სხვა მთები, იყო ველური მთა, მაგრამ რადგან ჩვენი მამები მოშურნეობით იღვწოდნენ, თვითონაც განიწმინდნენ და მთაც განწმინდეს. ასე რომ, მას ახალ წმინდა მთა ეწოდება, ჩვენ კი თავს ვიწონებთ იმით, რომ მთაწმინდელები ვართ.

მონაზონი წუთისოფლიდან შორს მიდის არა იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სძულს, არამედ იმიტომ, რომ უყვარს და ამ გზით შეუძლია უფრო მეტად დაეხმაროს ლოცვებით იმ საქმეებში, რომელთა აღსრულებაც ადამიანთა ძალისხმევით შეუძლებელია და მხოლოდ ღმერთის ჩარევით აღესრულება. ასე მოდის ღმერთისგან ქვეყნის ხსნა.

მონაზვნები - დედა ეკლესიის „რადისტები“ არიან და, ცხადია, თუ ამა სოფლისგან შორს მიდიან, ამას მხოლოდ სიყვარულით აკეთებენ; ისინი „რადიოხარვეზებს“ გაურბიან, რომ უკეთესი კავშირი იქონიონ უფალთან და ქვეყანას უფრო გამოადგნენ.
უგუნურ მოთხოვნას, რომელსაც ზოგიერთი ეკლესიის მსახური აყენებს, ანუ მონოზონის საწუთროში დაბრუნებას, ზოგიერთი უგუნური ჯარისკაციც გამოთქვამს, როცა საბრძოლო რაზმს საფრთხე ემუქრება. ეს ჯარისკაცები მოითხოვენ, რომ რადისტმა რაცია დატოვოს და სროლებში მიიღოს მონაწილეობა. თითქოს მდგომარეობის ხსნა შეიძლებოდეს, თუ ორ შაშხანას კიდევ ერთი მიემატება. როცა რადისტი მთელი ხმით გაჰყვირის კავშირზე გასასვლელად: „იხსენით ჩვენი სული!“ და ასე შემდეგ, სხვებს ჰგონიათ, რომ იგი ამაოდ ყვირის, თუმცაღა გონიერი რადისტები არ უსმენენ მათ ლანძღვას და მთელი ძალისხმევით ცდილობენ კავშირზე გასვლას, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დახმარებას სთხოვენ გენერალურ შტაბს („მხსნელს“), და მაშინ მოდიან ავიაციის დიდი ძალები, ბრონირებული სატანკო დივიზია, ფლოტი და ამგვარად ხდება მდგომარეობის გამოსწორება, და არა ამ ერთეული ჯარისკაცის ბრძოლით. ზუსტად ასევე - მონაზვნების ლოცვების მეშვეობით მოქმედებენ საღმრთო ძალები, ჩვენ კი, ჩვენს დროში, როცა ბოროტებამ უაღრესად იმატა, დიდად ვსაჭიროებთ საღმრთო შეწევნას.

მონოზვნები, რომლებიც ადამიანთა სულების ხსნით არიან დაინტერესებულნი, უფრო სიყვარულუხვი მამები არიან, ვიდრე ხორციელი მშობლები და უფრო მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე ყველაზე მრავალშვილიან მამას, რამეთუ ყველა საღმრთო ქმნილებას ისინი თავიანთ შვილებად და ძმებად მიიჩნევენ და თანაგრძნობით ლოცულობენ, რომ თითოეულმა მათგანმა თავის დანიშნულებას მიაღწიოს - ღმერთთან მიახლოებას.

მშობლებმა ხელი არ უნდა შეუშალონ თავიანთ შვილებს, როცა მათ ღმერთი მონოზვნობისაკენ უხმობს, რამეთუ ეს მისია უაღრესად დიდია და იმაზე მეტია, რასაც თვითონ სწირავენ ღმერთს საკუთარი მისიით. ერისკაცები გარკვეულ დროს დადიან ეკლესიაში და ღმერთს დიდი ან პატარა სანთლის დანთებას აღუთქვამენ. მონოზონი კი ყოველღამ ფხიზლობს ეკლესიაში და მთლიანად საკუთარი თავი აღუთქვა ღმერთს; მისი სიყვარულით არის ანთებული, მას ადიდებს და მადლობას სწირავს როგორც თავისთვის, ასევე მთელი ერისთვისაც.

ბერი პაისი ათონელი

 

სადაც არ არის მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობა, იქ არც ეკლესიაა. ასევე წარმოუდგენელია ქვეყანა უჯაროდ და სამართლებრივი სახელმწიფო - უპოლიციოდ. ბერები იცავენ ეკლესიის საზღვრებს, იცავენ ეკლესიას მტრებისაგან, მათგან, ვინც, ამ ჩვენი მატერიალიზმის ეპოქაში, მგლებივით მიესივნენ ეკლესიას დასაგლეჯად.
ბერი ამფილოქე

ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - სინანულის ცრემლები.
ბერი იოილი

 

ბერი ერმოლაოსი (პაატა ბოჩოს ძე ჭეჟია) 1966 წელს დაიბადა ზუგდიდში. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. იცის რამდენიმე უცხო ენა.

90-იანი წლების მიწურულს მივლინებით გერმანიაში მოუხდა გამგზავრება. იქ სამი წელიწადი დაჰყო. სწორედ ამ პერიოდში გაიტაცა გერმანულმა ფილოსოფიამ, შემდეგ კი ბიბლიით დაინტერესდა...

2002 წლის თებერვალში ფეხით მივიდა ათონის წმინდა მთაზე, ივერონის მონასტერში, მაგრამ იქ არ მიიღეს და პანტელეიმონის მონასტერში გადავიდა. ეს მოხდა 2002 წლის 15 თებერვალს, მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულზე. უფლის ნებითა და ღვთისმშობლის მეოხებით მორჩილად მიიღეს და უწოდეს პეტრე, ხოლო სამი წლის მორჩილების შემდეგ, 2005 წლის 24 აპრილს, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, აღკვეცეს ბერად და უწოდეს ერმოლაოსი.

ცოლი ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 22 წლისამ შეირთო. ჰყავთ ორი ვაჟი, ბექა და დაჩი, 16 და 13 წლისანი.

ახარე, დედა, ჩემს სამშობლოს...

გამარჯობა, ჩემო საყვარელო, ჩემო კეთილო დედა!

გიხაროდეს, დედა, გაუწყებ ჩემს ენით აუწერელ სიხარულს, გიზიარებ ჩემს ბედნიერებას: შენი შვილი, შენი ერთადერთი ვაჟი, შენი პაატა, ათონის წმინდა მთაზე ბერად აღიკვეცა.

გიხაროდეს, დედა! შენი რუდუნებით გაზრდილი, მრავალი იწროებითა და ტანჯვა-წამებით აღზრდილი ვაჟკაცი, ბზობის წმიდა დღესასწაულზე, ყოვლადმოწყალე უფალმა თავის ჯარისკაცად აკურთხა. დიდება შენდა, უფალო ჩვენო იესო ქრისტე!

გიხაროდეს, დედა, გიხაროდეს! შენს შვილს ღმერთმა მეოხად აურჩია წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონის სულიერი მოძღვარი წმიდა ერმოლაოსი. შენი შვილი ღირსი გახდა, ამიერიდან ატაროს მისი წმიდა სახელი (ერმოლაოსი ბერძნული სახელია და ნიშნავს „ხალხის მასწავლებელს“).

გიხაროდეს, დედა, რომ ამიერიდან უნდა მომმართო არა „შვილო პაატა“ და არც „მორჩილო პეტრე“, არამედ „მამაო ერმოლაოს“.

გიხაროდეს, დედა, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა მომიტევა ჩემი აურაცხელი ცოდვები, რომლებიც დღემდე ჩემი უგუნურებით ჩავიდინე და ამიერიდან მისი წმიდა სახელით და მის სადიდებლად მოწოდებული ვარ, ჩავება ბნელეთის ძალების წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო უხილავ ომში.

გიხაროდეს, დედა, რომ შენი შვილის, შენი სისხლისა და ხორცის სიცოცხლე, მისი სული, მისი გონება, მისი გრძნობა განუყოფლად და ერთიანად ღმერთს ეკუთვნის, მისდამი განუზომელი სიყვარულითა და უსაზღვრო მადლიერებით სულდგმულობს.

გიხაროდეს, დედა! შენი ოცნებები, შენი კეთილი სურვილები ერთიანად ასრულდა: შენი პაატა ანგელოზებრივი ცხოვრების ღირსი გახადა კაცთმოყვარე ღმერთმა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

გიხაროდეს, დედა, გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, ნუ შეგეშინდება ნურც ავადმყოფობის, ნურც ტკივილის, ნურც სიღარიბის, ნურც დაცინვის და ნურც ნურაფრის - შენი შვილი თვით ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტეს დედამ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, მიიღო თავის სავანეში და ამიერიდან მისი უშუალო მფარველობის ქვეშაა. დიდება შენსა, დედაო ღვთისმშობელო!

ახარე, დედა, მამას, ახარე, თუ რაოდენი მადლია გადმოსული ჩვენს ოჯახში, ახარე, რომ ჩვენთან არს უფალი! რომ მისი შვილი უფლის წვეულთა შორისაა და მის პეტრეს დიდი შესაძლებლობა აქვს, იყოს უფლის რჩეულთა შორის.

ახარე, დედა, ინგას, გაუზიარე ჩემი სიხარული, უთხარი, რომ დღეს უფლის მიერ ჩემთვის, უღირსისთვის, ბოძებული მაცოცხლებელი მადლის თანაბარი წილი მას ეკუთვნის, როგორც ჩემს უახლოეს ადამიანსა და მეგობარს, რადგან ჩვენ უფალმა შეგვყარა და გაგვაერთიანა და ორნი გავხდით ერთი, ხოლო ის, რაც ღმერთმა გააერთიანა, არასოდეს დაიშლება. დიდება ღვთის განგებას!

ახარე, დედა, ჩემს შვილებს - ბექას და დაჩის, ახარე, რომ მე, მათმა მშობელმა მამამ, მათთვის მლოცველმა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კურთხევით და მის მსგავსად ავიღე ჯვარი ჩემი და შევუდექი გოლგოთას, რაღა ზვარაკად შევეწირო ჩემი აურაცხელი ცოდვებისათვის, რათა ჩემს შვილებს არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად ღვთის მადლი და სიყვარული არ მოაკლდეთ.

ახარე, დედა, ყველა ჩვენს კეთილ ნათესავს, რომ მათი წმიდა სახელები უსათუთეს ლოცვად აღევლინებიან ჩემს გულში, რომ მე განუწყვეტლივ ვილოცებ მათი და მათი შვილების კეთილდღეობისათვის.

ახარე, დედა, ჩემს სამშობლოს - საქართველოს, ახარე, რომ ამიერიდან ათონის წმიდა მთაზე ღვთის განგებითა და კურთხევით კიდევ ერთი, მართალია, ჯერ-ჯერობით სუსტი, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გულგამაგრებული სანთელი აინთო, მისი პატარა საქართველოს აღორძინებისა და გაბრწყინვებისათვის. გილოცავ, დედა!

მარად შენთვის მლოცველი შენი უღირსი შვილი
ბერი ერმოლაოსი