საიდან უნდა იწყებოდეს გაეკლესიურება ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ღმერთის არსებობა და გააცნობიერა, რომ შინაგანად თვითონ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის?
პირველ რიგში, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს სარწმუნოება, ქრისტიანული ეკლესიის სწავლების საფუძვლები უნდა იცოდეს და სწორად ესმოდეს ისინი, უნდა ცდილობდეს, რომ ამ სწავლების მიხედვით იცხოვროს.
რწმენის მოსაპოვებლად მხოლოდ სამკერდე ჯვრის ტარება, ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება როდია საკმარისი.
უფალი ჩვენი იესო ქრისტე მცირედმორწმუნეობაში ხშირად თვით მოციქულებსაც ამხელდა, მათ, ვინც მისი მრავალრიცხოვანი სასწაულები იხილა და ვინც - მისგან ბოძებული სულიწმიდის მადლითა და წყალობით - თავადაც სასწაულებს აღასრულებდა. „თუ გექნებათ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის“ (მთ. 17,20). ჭეშმარიტი სარწმუნოება ღმერთის მადლია. ეს მადლი მას ეძლევა, ვისაც გულწრფელად სწყურია მისი მიღება. „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ“ (მთ. 7,7).
იმისთვის, რომ ადამიანის სულში სარწმუნოების მოხვეჭის სურვილი დამკვიდრდეს, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ღმერთთან ერთობის საკითხი მხოლოდ „სიკვდილ-სიცოცხლის“ საკითხი კი არ არის, არამედ - მარადიული სიცოცხლისა და სიკვდილისა.
აშკარაა, რომ ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა და ჩაჰკითხებია საკუთარ თავს: ვინა ვარ, რისთვის ვარსებობ, იქნება რამე სიკვდილის შემდეგ?
სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ცდილობს, არამედ ამქვეყნიური საზრუნავითაა გატაცებული, ზოგს ახალი და ძვირფასი ნივთები გაუხდია საფიქრალად, სხვებს არ სურთ, ყოველდღიურ გართობას მოაკლდნენ და ეს უმთავრესი საკითხი ან ავიწყდებათ, ან მასზედ სერიოზულ დაფიქრებას სამომავლოდ, „როდესმე - მერესთვის“ გადასდებენ ხოლმე.
საშინელებაა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება, ეს „მერე“ არც არასდროს დადგეს. იმ ადამიანის სული, რომელიც მხოლოდ ამსოფლიური საზრუნავითაა აღსავსე და ცოდვათა სიმრავლით წვეთ-წვეთობითაა დატვირთული, იხრჩობა და კვდება. მას აღარ ძალუძს შეიწყნაროს რაიმე - ჭეშმარიტად სულიერი, ღმერთის შეცნობის სურვილის უნარი აღარა აქვს. სამწუხაროა, რომ ამგვარი „მკვდარი სულების“ რიცხვი ჩვენს დროში წარმოუდგენლად იზრდება.
ხოლო ის, ვინც საკუთარ თავში არ ჩაახშობს მოკრძალებულ ძახილს სულისას, რომელიც შემოქმედისაგან განშორებას ჰგოდებს, ადრე თუ გვიან მაინც დადგება კითხვის წინაშე: არსებობს ღმერთი? თუ არსებობს, ვინ არის იგი, რომელ ეკლესიაშია დაცული მის შესახებ სწორი სწავლება?
როდესაც უფალი ამ კითხვებზე პასუხის მიღების გულმხურვალე სურვილს იხილავს, დაეხმარება ადამიანს, საშუალებას მისცემს, შეიმეცნოს ჭეშმარიტება და შეკავშირდეს ქრისტესთან, რომელიც თავად არის „გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება“ (ინ. 14,6).
საგულისხმოა, რომ გონების, ანალიზისა და განსჯის გზით (განსაკუთრებით თანამედროვე, მისაწვდომ ინფორმაციებზე დაყდნობით) ძალიან ადვილია ღმერთის არსებობაში დარწმუნება. მაგრამ ასეთი განსჯითი რწმენა მხოლოდ უნაყოფო ცოდნაა.
ღმერთის შეცნობის მთავარი იარაღი ადამიანის გულია - გული განმცდელი, მაძიებელი. და თუ იგი პირთამდე არ არის სავსე მდაბალი ვნებებით, შურით, ბოროტებით, ამქვეყნიური სიტკბოებით, მასში აუცილებლად მოიძებნება ერთი ციდა „ცოცხალი“ ნაწილი, რომელსაც ღმერთის შეგრძნება, მისი სიყვარულის დატევა შეუძლია, რომელსაც უნარი აქვს, სულის ცხონების საწყისად იქცეს. ამის მაგალითია ავაზაკი, რომელიც გოლგოთაზე ქრისტეს მარჯვნივ იყო ჯვარცმული. აი, რას მოგვითხრობს ამის შესახებ სახარება: „მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც - ორი ავაზაკი. როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ავაზაკებიც, - ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცნივ. იესო კი ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ. გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით. იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღმერთის რჩეული“.
„ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც. მეორე კი გაუწყრა და უპასუხა მას: ნუთუ ღმრთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. მან უთხრა: იესო, გამიხსენე, როდესაც შენი სასუფეველით მოხვალ. იესომ უთხრა მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23, 32-36,39-43).
აი, ასეთია თავისი ქმნილების მიმართ უფლის სიყვარულის ძალა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ავაზაკის არსებაში სინანულის გრძნობამ გაიღვიძა: მან ირწმუნა უდანაშაულოდ ჯვარცმული იესო, ჯვარზე გაკრულმა უფალმა კი მიუტევა მას ყველა ცოდვა და ადამიანებს შორის პირველი იგი შეიყვანა სამოთხეში. მოწყალე უფალი ჩვენც ყველა ცოდვას მოგვიტევებს. თუ მოვინდომებთ, თუ მოვასწრებთ, თუ ჩვენი ცოდვებით სინანულსა და მონანიების უნარს არ დავკარგავთ და ამით არ ჩავკლავთ საკუთარ სულს.
მოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა
„ანბანი მართლმადიდებლობისა“, თბილისი, 2002 წ.