დაუჯდომელი არის სადიდებელი საგალობელი. დაუჯდომელი ანუ აკათისტო იმიტომ ეწოდება, რომ ამ ლოცვის შესრულების დროს მღვდელმსახურები და მრევლი არ უნდა დასხდნენ, არამედ ფეხზე უნდა იდგნენ ან უნდა დაიჩოქონ (ბერძნულად ა-არ, ხოლო xaqistu-ვზივარ).
მართლმადიდბელი ეკლესიის სწავლებით, პირველი აკათისტო შეიქმნა ბერძნულ ენაზე და მიეძღვნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, სამადლოდ მის მიერ კონსტანტინოპოლის სამგზის გადარჩენისა მტერთაგან განადგურებისაგან მე-7-8 საუკუნეებში. იგი მართლმადიდებელმა ეკლესიამ დააწესა, რათა საყოველთაოდ ყოფილიყო ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სადიდებელ-საგალობელი ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის მე-5 შვიდეულის შაბათ დღეს. დაახლოებით იმ დროს მოხდა ღვთისმშობლის მიერ კონსტანტინოპოლის პირველი ხსნა მტერთაგან. ამ შაბათს ეწოდება დაუჯდომლის შაბათი და ცისკრის ლოცვაში ჩაერთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკათისტო.
დროთა განმავლობაში მსოფლიოს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ამ პირველი აკათისტოს მსგავსად შექმნეს სხვა აკათისტოებიც. მათთან განსაკუთრებით აღიარებული წმინდანების სახელზე, ასევე, მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ვნებებისა და სხვა. ყველა აკათისტო დაწერილია პირველი აკათისტოს მსგავსი აგებულებით. პირველი აკათისტო შედგება 12 კონდაკისა და 12 იკოსისაგან და ედრება ბერძნული ანბანის ასოთა რიცხვს. ასეც სწერია „მარხვანში“ დაუჯდომელის შაბათის ცისკარში - „ხოლო ესე კონდაკნი და იკოსნი არიან მებრ ალფა - ვიტასა, ე. ი. 24.“ პირველი კონდაკი „ზესთა მბრძოლისა“ არ შედის იმ 12 კონდაკის რიცხვში და მასში გადმოცემულია მთელი აკათისტოს მოკლე შინაარსი, თემა. შინაარსის მიხედვით, აკათისტო იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილში ჩაქსოვილია ისტორიული შინაარსი, სადაც წერია იესო ქრისტეს განხორციელებისა და ცხოვრების პირველი წლების შესახებ. მეორე ნაწილში ჩაქსოვილია დოგმატურ - ზნეობრივი სწავლება. ამასთან, კონდაკებში წერია ღვთის სიტყვის განხორციელების საიდუმლოსა და მის მიერ მონიჭებული მადლის სიუხვის შესახებ, ხოლო იკოსებში კი წერია დიდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, მისი უდიდესი სრულყოფილება, მისი დიდებულება ღვთის წინაშე და მრავალი მოწყალება, რომელსაც იქმს მორწმუნეთა მიმართ.
ამა თუ იმ წმიდანის სახელზე შექმნილ ყველა აკათისტოში ჩაქსოვილია როგორც ზემოთ თქმული, ასევე, წმიდათა მიერ გაწეული კეთილი მსახურება ღვთისა და ერისადმი, თავდადება ეკლესიისათვის და სხვა.
ყველა აკათისტოში, ისევე, როგორც ლოცვებში, ჩვენ ვადიდებთ ღმერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და წმიდანებს, ვმადლობთ მათ და ვევედრებით. ასეთივე შინაარსი არის ჩაქსოვილი წმიდა ნინოს აკათისტოში და ასეთივე მნიშვნელობით გამოიყენება იგი.
მართალია, ეკლესიის მიერ დაწესებულია, რომ პირველქმნილი აკათისტო წაკითხული იქნეს ღვთისმსახურების დროს ტაძარში დიდი მარხვის მეხუთე შვიდეულში შაბათის დღის ცისკარზე, ანუ დაუჯდომლის შაბათს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლებოდეს მისი წაკითხვა სხვა დროს. როგორც სასულიერო, ასევე, საერო პირთ შეუძლიათ და კარგი იქნება რომ ხშირად ილოცონ ხოლმე, როგორც ღვთისმშობლისა, ასევე სხვა აკათისტოები.
აკათისტოს წაკითხვის უფლება ყველას აქვს, სასულიერო პირთაც და ერის კაცთაც. იგი შეიძლება ილოცონ ეკლესიაში, ანუ ტაძარში და მორწმუნეთა ბინებში და სხვაგან. შეიძლება თითოეულმა ილოცოს თავისთვის ცალკე და შეიძლება ჯგუფურადაც ილოცონ. შეიძლება ერთმა წაიკითხოს და სხვებმა მოისმინონ და შეიძლება, რომ საკითხავები გაიყონ ერთმანეთს შორის და თანმიმდევრობით წაიკითხონ.
აკათისტოს წაკითხვის ორი ძირითადი წესი არსებობს: როდესაც აკათისტოს წაიკითხავენ ეკლესიაში წირვა-ლოცვამდე, ან მის შემდეგ ტაძარში თუ ტაძრის გარეთ და როდესაც მას წაიკითხავენ ეკლესიაში შესრულებულ ლოცვაში ჩართვით.
პირველ შემთხვევაში, წამკითხველი დადგება ხატის წინ, ჩვეულებრივ კი იმ ხატის წინ, რომელი წმინდანის აკათისტოსაც კითხულობენ, უკეთუ აქვთ იმ წმინდანის ხატი, და წაიკითხავენ იმ თანმიმდევრობით და წესით, როგორც წერია თითოეულ აკათისტოში. მიღებულია, რომ აკათისტოს კითხვა დავიწყოთ დასაწყისი ლოცვებით. ასეთ შემთხვევაში, უკეთუ მღვდელი ლოცულობს, იგი პირველად იტყვის ასამაღლებელს - „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“. შემდეგ ითქმის ამინ, დასაწყისი ლოცვები და ტექსტი. უკეთუ ერის კაცი ლოცულობს, იგი ასამაღლებლის ნაცვლად იტყვის ასე - „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ“ და დასაწყისი ლოცვები. შემდეგ აკათისტოს ტექსტი.
აკათისტოს კითხვას ვიწყებთ როგორც შესავლით, ასევე, უამისოდაც, პირდაპირ ტექსტით.
ზოგი სასულიერო პირი მუხლმოდრეკის ლოცვის შემდეგ წარმოსთქვამს ხოლმე მცირე „შეგვიწყალენს“, სადაც სახელდებით ახსენებს კათოლიკოს-პატრიარქს და მათ, ვის საჯანმრთელოდ და ლოცვათა საპატიებლადაც ლოცულობს, რაც დასაშვებია და კარგია. ასევე შეუძლიათ ილოცონ ერის კაცებმაც, მოიხსენონ ცოცხალთა სახელები და შესთხოვონ უფალს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და წმინდანებს, რათა მათ (მორწმუნეებს) ეპატიოთ ცოდვები, მიენიჭოთ ჯანმრთელობა, კეთილ თხოვათა და ჩანაფიქრთა შესრულება და სხვა. ამის შემდეგ მღვდელი იტყვის მცირე განტევებას იმ წმინდანის მოხსენიებით, ვისი აკათისტოც წაიკითხა; ხოლო ერისკაცნი კი იტყვიან ასე: „ლოცვითა წმიდისა დედისა ჩვენისა, ნინო ქართველთა განმანათლებელისათა (ან რომელიმე წმინდანის სახელს, ვის მიმართაც ლოცულობენ), უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ“. ამის შემდეგ ემთხვევიან ხატს, მღვდლის მიერ ისხურებენ ნაკურთხ წყალს, ხოლო უკეთუ უმღვდელოდ ლოცულობდნენ, თავად ისხურებენ ნაკურთხ წყალს და წავლენ მადლობელნი ღვთისა და მის წმიდათა მიმართ.
აკათისტოთა წაკითხვა შეიძლება დღე-ღამის ყოველ დროს. ასევე შეიძლება წაკითხულ იქნეს წლის ყველა დღეს, მაგრამ ჩვეულებრივად ასეც ხდება ხოლმე, როცა ეკლესიაში დაწესებული ლოცვის შემსრულებელს ფაქტიურად აღარ რჩება ხოლმე საამისო დრო და ძალა, რომ დამატებით რომელიმე აკათისტო წაიკითხოს, მაგალითად, დიდი მარხვის დღეებში და სხვა. გარდა ამისა, უკეთუ აკათისტოს წავიკითხავთ აღდგომას და ზოგიერთ სხვა დღეებში, მაშინ მისი ლოცვის წესი მცირედ იცვლება. მაგალითად, არის დღეები, როდესაც არ შეიძლება დაჩოქება, არ შეიძლება დასაწყისი ლოცვებიდან „მეუფეო ზეცათაოს“ თქმა. უნდა ვიგალობოთ „ქრისტე აღდგა მკვდრეთით...“ და სხვა. ამიტომაც თითოეული მლოცველი ერისკაცი, ვინც არ იცის ამ ცვლილებათა წესი, წინდაწინ უნდა შეეკითხოს თავის მოძღვარს და გაარკვიოს, რა ცვლილებებია დასაცავი დროის ამა თუ იმ მონაკვეთში და სხვა.
როდესაც მღვდელი ან მღვდელმთავარი აკათისტოს წაკითხვას ინებებს ღვთის ტაძარში, ცისკრის ლოცვის შესრულებისას, მაშინ მან უნდა იხელმძღვანელოს დაუჯდომლის შაბათის ცისკრის ლოცვის ტიპიკონით. ეს ასე ხდება:
„ღმერთი, უფალის“ შემდეგ იგალობება ტროპარი წმინდანისა, ვის აკათისტოსაც ვლოცულობთ.
პირველი ფსალმუნების შემდეგ ითქმის მცირე კვერექსი. აქ გაიღება აღსავლის კარები და იგალობება პირველი კონდაკი, გრძელად, ტკბილი ხმით. აჯობებს, რომ სამღვდელოებამა და ხალხმა იგალობონ, გალობის დროს დიაკონი შეასრულებს დიდ კმევას. კმევას იწყებს საკურთხეველიდან.
პირველი კონდაკის დასრულების შემდეგ ტრაპეზის წინ წაიკითხავს მის შემდგომ საკითხავებს მეოთხე კონდაკის ჩათვლით. ყოველი კონდაკის წაკითხვის შემდეგ მგალობელნი, ან მრევლი გალობენ თითოჯერ „ალილუიას“; ხოლო იკოსის შემდეგ კი იკოსის ბოლოს წაკითხულ გიხაროდენს. მეოთხე კონდაკის წაკითხვის შემდეგ კვლავ იგალობება პირველი კონდაკი და გალობის დასასრულს დაიხურება აღსავლის კარები.
შემდგომად მეორე ფსალმუნისა და მცირე კვერექსისა, კვლავ გაიღება აღსავლის კარები და კვლავ იგალობებენ პირველ კონდაკს. დიაკონი ამის გალობის დროს ასრულებს მცირე კმევას. ამის შემდეგ მღვდელი წაიკითხავს ტრაპეზის წინ მეოთხე იკოსს მეშვიდე კონდაკის ჩათვლით, ხოლო მლოცველნი თითოეული კონდაკ-იკოსის დასასრულს იგალობებენ პირველ¬თქმულისაებრ. ბოლოს კვლავ პირველ კონდაკს იგალობებენ და დაიხურება აღსავლის კარები.
ჩვეულებრივად წაიკითხება ცისკრის ლოცვები და მესამე სძლისპირის შემდეგ ითქმის მცირე კვერექსი. კვლავ გაიღება აღსავლის კარები და იგალობება კვლავ პირველი კონდაკი. დიაკონი შეასრულებს მცირე კმევას. მღვდელი კვლავ წაიკითხავს მეშვიდე იკოსს მეათე კონდაკის ჩათვლით, იგალობება პირველი კონდაკი და აღსავლის კარები დაიხურება. მეექვსე სძლისპირისა და ტროპართა შემდეგ კვლავ ითქმის მცირე კვერექსი, კვლავ გაიღება აღსავლის კარები და იგალობება პირველი კონდაკი, მღვდელი წაიკითხავს მეათე იკოსსა და ყველა დანარჩენს. მგალობლები ანუ მლოცველნი იგალობებენ თითოეულ კონდაკ-იკოსის შემდეგ ზემოთ თქმულისაებრ, ხოლო დიაკონი კი ასრულებს დიდ კმევას. მეცამეტე კონდაკს მღვდელი სამჯერ წაიკითხავს და თითოეული წაკითხვის შემდეგ მგალობლები ანუ მლოცველები იგალობებენ ალილუიას სამგზის. ტიპიკონში არ უჩვენებს, მაგრამ მიღებულია, რომ ეს ბოლო კონდაკი სამღვდელოებამ დაჩოქილი წაიკითხოს და მლოცველებმაც ასევე დაჩოქილებმა მოისმინონ. ამის შემდეგ მღვდელი კვლავ წაიკითხავს პირველ იკოსს, შემდეგ კი პირველ კონდაკს, ანდა, პირველ კონდაკს. კვლავ იგალობებენ უკეთუ დაჩოქილები კითხულობდნენ მეცამეტე კონდაკსა და მის შემდგომთ. ამ ადგილას წამოდგებიან სამღვდელოება და ხალხი. შემდგომად ამისა წაიკითხავენ სვინაქსარს და ილოცებენ ცისკრის დანარჩენ ნაწილს. მარხვაში არაა ნაჩვენები დაუჯდომლის შაბათის ცისკრის ლოცვაში აკათისტოს ბოლოს სათქმელი მუხლმოდრეკის ლოცვა, მაგრამ პრაქტიკულად მიღებულია და კეთილადაც მოეზავება, რომ სვინაქსარის წაკითხვამდე მღვდელმა ან უპირატესმა სასულიერო პირმა წაიკითხოს მუხლმოდრეკის ლოცვა ტრაპეზის წინ, შემდგომად პირველი კონდაკის წაკითხვისა ან გალობისა.
ასეთნაირად ჩაურთავენ ცისკრის ლოცვაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკათისტოს დიდი მარხვის მეხუთე შვიდეულის შაბათს და მსგავსად ამისა, ასეთნაირადვე შეიძლება ჩაერთოს სხვა წმინდანის აკათისტო ცისკრის ლოცვაში, როგორც ამა თუ იმ წმიდანის დღესასწაულზე, ასევე სხვა, სადაგ დღეებში, როდესაც ინებებს მღვდელთმსახური, ანდაც, მორწმუნე ერის კაცი თხოვს. ფრიად კეთილი იქნება, უკეთუ მორწმუნეთა თხოვნით (ანუ შეკვეთით) შესასრულებელი წირვის წინ, ცისკრის ლოცვაში აკათისტოსაც ჩაურთავენ იმ წმიდანისას, რომლის მიმართაც აქვს მორწმუნეს განსაკუთრებული ლოცვის სურვილი.
ცისრის ლოცვაში აკათისტოს ჩართვისას მღვდელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აკათისტოს საკურთხეველში კითხულბს, ტრაპეზის წინ და კითხვის დროს აღსავლის კარები ღიაა, მაგრამ მღვდელმსახურს შეუძლია აკათისტო წაიკითხოს შუა ტაძარშიც. ასეთ შემთხვევაშიც, მღვდელი მაინც აღებს აღსავლის კარებს, გამოდის, დგება შუა ტაძარში წმიდანის ხატის წინ და იქ კითხულობს აკათისტოს. ყოველი კითხვის დასრულების შემდეგ იგი კვლავ აღსავლის კარებიდან შევა საკურთხეველში და ხურავს მას; დიაკონი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვეულებრივ აკმევს ხოლმე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგი კმევას იწყებს არა საკურთხევლიდან, არამედ შუა ტაძრიდან, ხოლო კმევის დასრულების შემდეგ დგება ანალოგიის წინ ცოტათი გვერდით და აკათისტოს კითხვის ჟამს გამუდმებით უკმევს წმიდანის ხატს მძიმედ, წყნარად. ასევე აკათისტოს კითხვის დროს ანალოგიის გვერდითა ორივე მხარეს დგამენ დიდ შანდლებს.
როგორც ყველა ლოცვას, ასევე აკათისტოსაც დიდი ძალა აქვს და გულმოდგინეთ მლოცველნი მივიღებთ დიდ მადლს თხოვნათა კეთილად აღსრულებას.