ხატი გარკვეული რეალობის სიმბოლურად გადმოცემის საშუალებაა. მაგალითად, შეიძლება ითქვას, სახარება ხატია ქრისტესი, სიტყვებით გადმოცემული; „ქართლის ცხოვრება“ კი საქართველოს ხატია, ასევე წერილობით გადმოცემული. რაღაცის ან ვინმეს ხატი შეიძლება შეიქმნას მუსიკის, პოეზიის, ან კიდევ სხვა რაიმე სიმბოლოს საშუალებით; ასევე ფერებისა და ხაზების, ანუ მხატვრობის საშუალებით.
მხატვრობის მეშვეობით შეიძლება ნებისმიერი პიროვნების ხატი შევქმნათ. როდესაც ახლობელი ადამიანის სურათს ვუყურებთ, ჩვენს წარმოსახვაში იმ პიროვნებას მივეახლებით, ვინც სურათზეა გამოსახული.
ღვთაებრივმა პიროვნებამ ადამიანური ბუნება (კაცობრივი სული და ხორცი) მიიღო, რითაც საშუალება მოგვეცა მისი ფერებით გამოსახვისა. ზემოთქმულს თუ მოვიშველიებთ (ახლობლის სურათის შეხედვა), ქრისტეს ხატი მაცხოვრის პიროვნებასთან, ანუ ძე ღმერთთან გვაკავშირებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ღმერთმა ადამიანური ბუნების მიერთებით და განწმენდით, მთელი სამყაროს განახლება და განწმენდა გახადა შესაძლებელი (ადამიანი თავის თავში მთელ სამყაროს: არამატერიალურს და მატერიალურს, ცოცხალს და არაცოცხალს მოიცავს). ამიტომ კურთხევის მიერ ხატის მატერიალური შემადგენლობაც განწმენდილი და მადლმოსილი ხდება, რაც მას ზეცაში გამავალ ერთგვარ სარკმლად ხდის.
ჯვარი უკიდურესი თავმდაბლობის, ღვთისგან ადამიანისადმი უსასრულო და თავგანწირული სიყავრულის გამოვლინებაა; ჯვარი იარაღია ბოროტებასა და უზნეობაზე გამარჯვების; ჯვარი მოწოდებაა ადამიანისადმი თავგანწირული სიყვარულისა და ქრისტესათვის მოწამეობის; ჯვარი სამოქმედო განწესება და ღირსებაა ქრისტიანისათვის; ჯვარი ნიშანია ქრისტესი და იგი წინამორბედად გამოისახება ცაზე მისი მეორედ მოსვლის წინ; და ბოლოს, ჯვარი ძალაა ღვთისა ქრისტეს მიერ ჩვენთვის მოცემული, რათა მისი გაძლიერებულებმა ქრისტეს მოწაფეობა და ამქვეყნად მისი საქმის გაგრძელება შევძლოთ.
თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი
მღვდელი თეოდორე გიგნაძე