ლოცვა შეიძლება ყველგან, სადაც არ უნდა იყო, სახლში, გზაში თუ ღვთის ტაძარში, რადგანაც ღმერთი თავისი არსებით ყველგან არის. ქრისტიანი ვალდებულია ილოცოს სახლში დილას და საღამოს, საჭმლის მიღების წინ და შემდგომად, ყოველი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას. ამ ლოცვებს პირადი ლოცვები ჰქვია. ამ ლოცვებისაგან განსხვავებით არის კიდევ საზოგადო ანუ საეკლესიო ლოცვები. კვირა და სადღესასწაულო დღეებში, ასევე საქმისაგან თავისუფალ დროს ლოცვისათვის დავდივართ ღვთის ტაძარში, სადაც იკრიბებიან მორწმუნე ქრისტიანები და იქ ვლოცულობთ ყველა ერთად. ამიტომ ჰქვია ამ ლოცვას საზოგადო ანუ ეკლესიური ლოცვა.
ეკლესიური ლოცვები დროს ღვთისმსახურებას აღასრულებენ ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული უფლებამოსილება (კანონიერი ხელდასხმა) გააჩნიათ საამისოდ. ესენი არიან ღვთისმსახურები: ეპისკოპოსები, მღვდლები. ისინი ჩვენ გადაგვსახავენ ჯვარს – ამას ჰქვია კურთხევა (დალოცვა).
როდესაც ღვთისმსახური გვლოცავს, თითთა წყობა მას იმგვარი აქვს, რომ გამოსახავენ ასოებს IC.XC. ე.ი. იესო ქრისტე. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმსახურის სახით თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვაკურთხევს უხილავად. ამიტომ ღვთისმსახურის ლოცვა-კურთხევა უნდა მივიღოთ მორიდებით. როდესაც ტაძარში ვისმენთ საერთო დალოცვის სიტყვებს: „მშვიდობა ყოველთა“, პასუხად თავი უნდა დავუხაროთ (პირჯვრის გადასახვის გარეშე).
კერძო შემთხვევაში როცა გვსურს დაგვლოცოს ეპისკოპოსმა ან მღვდელმა, ამ დროს ხელის მტევნები უნდა გადავაჯვარედინოთ ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები და მივმართოთ: დაგვლოცენ (გვაკურთხენ) მეუფეო (ან მამაო).
მივიღებთ რა ლოცვა-კურთხევას, ვეამბორებით მაკურთხეველ მარჯვენას. ამ დროს ჩვენ თვით მაცხოვრის უხილავ ხელს ვეამბორებით.
ჟურნალი „წყარო“ N19, 1993 წ. მარტი
იმისათვის, რომ ლოცვის დროს ზოგმა მტყუარ მისტიკასა და წარმოდგენებს არ მისცეს თავი ან სულაც ლოცვა რომ მედიტაციად არ ექცეს, შევახსენებთ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც მლოცველს აუცილებლად უნდა ახსოვდეს.
- ლოცვისას პირადად ხვდები ყოველისმპყრობელ ღმერთს.
- ლოცვის კეთილად წარმართვა გულით უნდა გწადდეს, სუფთა უნდა გქონდეს სინდისი ღმრთის, მოყვასის, ყველასა და ყველაფრის წინაშე.
- რა ცოდვილ კაცადაც არ უნდა მიგაჩნდეს თავი, ნუ მიატოვებ ლოცვას, ნუ იფიქრებ უფალთან დაცილებას. ღმრთის ზღვა სიყვარულთან შედარებით წვეთია ჩვენი ყველა ცოდვა.
- ლოცვას ყოველდღე ისე უნდა იწყებდე, თითქოს პირველად ლოცულობდე – სიმდაბლე მოიძიე...
- მიაჩვიე გული ღმრთის ხსოვნას, აუჩქარებლად თქვი ლოცვა, ყურადღება დაატანე, დაუკვირდი ყველა სიტყვას, არა და ქარს გაჰყვება ლოცვა, ბუტბუტი შეგრჩება. შეამჩნიე, რომ გაგექცა გონება? არ აწრიალდე, მშვიდად დაუბრუნდი ლოცვის იმ ადგილს, საიდანაც ყურადღება წაგერთვა.
- „იესოს ლოცვის“ ის ფორმა შეარჩიე, რომელიც უკეთესი იყოს შენთვის. „უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“ ან „უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალე ჩვენ“ ან „იესუ, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“.
- მარტოს ხმამაღლაც შეგიძლია ლოცვა და გულშიც.
- ლოცვისას არაფრის წარმოდგენა არ შეიძლება, არც ღმრთის ხატებისა, არც ზეციური სოფლისა, – არაფრის! წმიდა მამების აზრით, წარმოდგენა დიდი მშვინვიერი ძალაა და მისი გამოყენება ლოცვისას ყოვლად დაუშვებელია.
- ლოცვისას გაელვებულ ღმრთისმგმობ აზრებსა და არაწმიდა წარმოდგენებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, ყოველი მათგანი უწმიდური სულის, ეშმაკის კუთვნილებაა და თუკი არ მივყვებით, გაქრება, დაიკარგება.
- გულის ადგილსამყოფელის ძებნაც არაა საჭირო ლოცვისას. ეგ განმარტოებულად მცხოვრებ ხალხს, მონაზვნებს ეხებათ. დააკვირდი თავად ლოცვის სიტყვებს და გულმა თვითონ იცის, როდის შეუერთდეს ლოცვას.
- ლოცვა უსათუოდ საჭიროებს საკუთარი თავის იძულებას, საკუთარ თავთან ჭიდილს, რომელიც ერთი და ორი წელი კი არა, მთელი ცხოვრება გრძელდება. ეს სწორედ ის ბრძოლაა, რომელზედაც ბრძანებს მაცხოვარი: „სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მათე 11, 12).
- ლოცვისას მხოლოდ ერთადერთი გრძნობა უნდა დავიტოვოთ, საკუთარი უღირსების, სინანულის გრძნობა. დანარჩენი ღმრთის წყალობაა, რომელსაც უფალი ჩვენი სიმდაბლისამებრ მოგვმადლებს.
- წამითაც არ იფიქრო, რომ ნაყოფი ლოცვისა: გონების მოკრება, სულიერი განცდები, ცრემლი და სხვა შენი დამსახურება იყოს. ხშირად გვწყალობს ღმერთი, გვაგემებს ხოლმე, განსაკუთრებით დასაწყისში, სიტკბოებას ლოცვისას, მაგრამ მერე გვიშვებს ხელს, შორიდან გვაკვირდება როგორ ვიყენებთ ჩვენს ძალებს, გვცდის: რამდენად ერთგულნი ვართ მისი, დასანახს ხდის: რანი ვართ მის გარეშე.
- „იესოს ლოცვის“ თქმა ღმრთისმსახურებისას, ტაძარშიც შეიძლება. ყველაფერი ის, რაც იქ გვაკრავს გარს, ეხმარება კაცს, რათა მან კეთილად წარმართოს თავისი ლოცვა. ჟამისწირვის დროს სჯობს, საერთო ლოცვის სიტყვებს მივდიოთ გულისყურით. როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, წმიდა ზიარება ყველაზე მეტად გვაახლოებს ღმერთთან.
- ბიბლია, მამათა ნაწერები ლოცვის შესახებ, ყოველდღე იკითხე. ჩვენს დროში, როცა ასე დაილია ცოცხალი მაგალითი და მოძღვარი, კითხვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
- შეეთვისე, მოერგე შენი ლოცვის წესს. როგორც უახლოეს მეგობარს, ისე მიენდე, მაგრამ მონად ნუ გაუხდები.
და ბოლოს, უმთავრესი: ნუ გააკარებ გულს ბოროტებას, შურს და განკითხვას, თუ გინდა, რომ გისმინოს უფალმა. აპატიე ყველას და შეგინდობს უფალი, შეეწიე ყველას და შეგიწყალებს ღმერთი. ამაოდ როდი ამბობენ მამები: „შენი მოყვასით ცხონდებიო“.
არქიეპისკოპოსი პავლე „ჩვენი სარწმუნოება“, თესალონიკე, 1993
წ.