როგორც დაბადებიდან ტყვეობაში მყოფმა არ იცის ფასი და გემო თავისუფლებისა, ასევე ულოცველმა, ურწმუნო ადამიანმა არ უწყის ძალა, მადლი და სიდიადე ლოცვისა. დამარცხებულს, მონობაში მყოფს არავინ გებრძვის, მაგრამ როდესაც ძალას მოიკრებ, ხმას აიმაღლებ, მახვილს აღმართავ მტრის წინააღმდეგ, იცოდე ბრძოლა მოგიწევს, ჭრილობებიც მოგადგება და სისხლსაც დაღვრი, მაგრამ ნუ შეშფოთდები, რადგან უკვე გამარჯვებული ხარ, რამეთუ მეომრის სახელს ატარებ და არა მონისას. ასევეა სულიერებასთან მიმართებაშიც, ლოცვა აღმართული მახვილია ბოროტების წინააღმდეგ, სასიკვდილო ჭრილობაა მისთვის და რატომ გიკვირს, რომ შენც გებრძვიან, რომ მრავალ განსაცდელთა გარემოცვაში იმყოფები?
ადამიანთაგან ხშირად გვესმის შემდეგი სიტყვები: რა აზრი აქვს უგულო ლოცვას; მაგას სჯობს, სულ არ ილოცო; ამდენს ვლოცულობ, მაგრამ არაფერი გამომდის; ყურადღება ისევ მეფანტება და განსაცდელებიც გახშირდა; ლოცვისთვის დროს ვერ ვნახულობ ისეთი დაკავებული ვარ და ა.შ.
სიყვარული, გულით ლოცვა, ყურადღება - შედეგია, საგანძურია, ლოცვით მოპოვებული სულის ნიჭებია. შედეგი არ უსწრებს შრომას (როგორც ნაყოფი ხის დარგვას) და არც შრომა არსებობს წარმატებისა და მონაპოვარის გარეშე (როგორც მცენარე ნაყოფის გარეშე). ჭეშმარიტი ლოცვა ლოცვაში იბადება, მასში იზრდება და მისით შეიძინება. „ირეკდით და განგეღოს თქვენ“, - ამბობს უფალი, ესე იგი გამუდმებით ითხოვდით ლოცვაშიო.
წყლის წვეთი მცირეა და სუსტი, მაგრამ როდესაც იგი ქვას გამუდმებით და ერთ წერტილში ეცემა, ხვრეტს მას. და პირიქით, ცეცხლი მწველია და ძლიერი, მაგრამ შეიძლება ისე შეახო მას ქაღალდი (წამიერად), რომ არ დაიწვას. სისტემატურობა, ხანგრძლივობა და მიზანი არის ძალის გამოვლინების განმსაზღვრელი. ასევეა ლოცვასთან მიმართებაშიც. რაც არ უნდა სუსტი იგი, გამუდმებით და მიზნობრივად აღვლენილი, აუცილებლად „დაამსხვრევს შენში არსებულ ცოდვათა ქვის კედელს“.
აუცილებლად მოვა დრო, როდესაც შენში არსებული ლოცვის „მცირე წვეთები“ დიდ ოკეანედ გადაიქცევა, რომელიც ჩააქრობს შენს გულში ანთებულ ვნებების ცეცხლს. ლოცვა ცეცხლია, მაგრამ გააჩნია, შენ რამდენად ახლოს ხარ მასთან, რა ხანგრძლივობით იმყოფები მასში, რომ იგრძნო მისი მადლისმიერი მოქმედება. „დროდადრო შრომა შედეგს არ გამოიღებს. როცა წყლის დაგუბება გსურს და მიწის მხოლოდ ერთ ბელტს ჩაუშვებ წყლის გასასვლელში და მიატოვებ საქმეს, გამდინარე წყალი ამ ბელტს დაშლის. ასე მოხდება ყოველთვის, თუ დროდადრო იმუშავებ. იგივე შეიძლება ითქვას სულიერ განწყობილებაზე - გულისთქმები როგორც მდინარე, ისე მოედინება გონებიდან და გულიდან, თუ შევაკავებთ მას და უცებ გავუშვებთ, ვერაფერს მივაღწევთ“ (წმ. თეოფანე დაყუდებული).
როგორც შეუმჩნეველია ადამიანის ფიზიკური ზრდა, ასევე შეუმჩნეველია მისი სულიერი წინსვლაც. ლოცვის არსი უფლის ნების ძიებაშია, მისთვის სათნოყოფაშია. ღვთისათვის სათნო არაა მაღალფარდოვანი, დაზეპირებული, ჰაერში გაფანტული სიტყვები, არამედ უბრალო გულიდან ამოსული, მონანული მეზვერის სიტყვები: „ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას“, მაგრამ იგი ლოცვის მაგალითად იქცა. არც ჯვარზე გაკრული ავაზაკი გამოირჩეოდა ლოცვათა სიმრავლით, მაგრამ რწმენით წარმოთქმულმა რამდენიმე სიტყვამ აცხოვნა იგი. სარწმუნოება არის განმსაზღვრელი ლოცვის ძალისა და არა სიტყვათა სიმრავლე.
დასაწყისისთვის აუცილებელია აიძულო თავს, რომ ილოცო, რადგან იგი შობს მოთმინებას, მოთმინება - ჩვევას, ჩვევა - გამოცდილებას, გამოცდილება - სიყვარულს, სიყვარული კი - სიცოცხლეს, ცხონებას.
„არა როგორც ნება ჩემი, არამედ როგორც ნება შენი“, არაფერი არსებობს ამ სიტყვებზე უფრო დიადი, ასეთი ვედრების შემდეგ აუცილებლად გადმოვა ღვთის მადლი შენზე და აღსრულდება მისი ნება, თუ მაშინვე არა, ახლო მომავალში მაინც. გავიხსენოთ მაცხოვრის მიერ გეთსიმანიის ბაღში წარმოთქმული სიტყვები: მამაო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი, მაგრამ არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ. სამჯერ წარმოთქვამს ამ სიტყვებს უფალი და პასუხი, განგებულება ღვთისა არ აყოვნებს. ნუთუ მაცხოვარს სჭირდებოდა ეს ლოცვა? არა, არამედ ჩვენ მოგვცა სახე და მაგალითი ჭეშმარიტი ლოცვისა. გაურკვევლობაში ხარ? გინდა, გაიგო ღვთის ნება? ხშირად წარმოთქვი გულით ხატებთან დაჩოქილმა ეს სიტყვები და გამოანათებს შენზე ყოველი სიმართლე უფლისა.
ლოცვა ძალას სისტემატიურობასა და ყურადღებაში იძენს. სუსტია შენი ლოცვა, გეფანტება აზრები? არა უშავს, თავი დაიმდაბლე, შენდობა ითხოვე და ისევ გააგრძელე, იცოდე, ბოლოს მაინც დაინახავ, შეიგრძნობ მის მადლსა და ღვთაებრივ ენერგიას შენში. განა ლოცვას რომ მიეჩვიე, ეს უკვე სათნოება არ არის, მერე რა, რომ ჯერ სხვა სიკეთეები ვერ მოიპოვე, ლოცვა ხომ თავად სიკეთეა, სათნოებაა. თუ არ გეძლევა ლოცვისას ის, რაც ითხოვე, სასოს ნუ წარიკვეთ, იმედს ნუ დაკარგავ, უფალი აყოვნებს, რადგან იცის - აღარ ილოცებ, რომ მოგცეს, ან დაზიანდები, ან კიდევ უკეთესს გიმზადებს და თითქოს ფიქრობს, რითი დაგაჯილდოვოს. როდესაც აღარ მოელი, მაშინ აღგავსებს და გაგამდიდრებს.
წმინდა მამები გვირჩევენ, ყოველი დღის ბოლოს, დაძინების წინ დაიჩოქე ხატებთან, მთელი განვლილი დღის სატკივარი, ცოდვები უფალთან მიიტანე, როგორც საკუთარ დედას, მამას ისე ჩაეხუტე ჯვარცმას მაცხოვრისას, ღვთისმშობელსა და წმინდანთა ხატებს მოუყევი შენი გასაჭირი, პატიება ითხოვე, ცრემლიც გადმოადინე საკუთარი უძლურებისა და უსუსურობის გამო და ნახავ, თუ რამხელა შვებას იგრძნობ იმ წამშივე, როგორ მოგეშვება გულიდან „დარდისა და მწუხარების ლოდი“. უფლის სიახლოვეს, სიმხურვალეს იგრძნობ საკუთარ თავში, რის გამოც მეტად შეგიყვარდება იგი და ახლოს მიხვალ მასთან, სიყვარულით კი შენი ლოცვაც გაძლიერდება.
ადამიანი კუჭს რომ საჭმელს გადააჩვევს, აღარ შივდება, რაც მეტად არ შეჭამს, უარესად დაუძლურდება. ასეთ მდგომარეობაში მყოფს აიძულებენ, მადის აღმძვრელ საჭმელს ძალით აჭმევენ, რომ გააღვიძონ მასში სურვილი კვებისა. ლოცვას მიუჩვეველი ადამიანისთვისაც აუცილებელია იძულება, რომ აღიძრას მასში სურვილი ამ უდიდესი სათნოებისა, რომელიც სულიერად გამოკვებავს მას. ზიხარ, წევხარ, დადიხარ თუ საქმიანობ ილოცე სიტყვებით: „უფალო, შემიწყალე“, „ღმერთო, მიშველე“, „მე ვითარცა კაცმან შევცოდე, შენ ვითარცა ღმერთ ხარ, შემინდევ“, ლოცვა ბაგეებზეა, საქმე კი ხელებზე. რაც მეტად ვთხოვთ უფალს, მით უფრო გულმოწყალეა იგი და რაც მეტ ხანს არ გვაძლევს, მით მეტს მოგვცემს. ზოგიერთები როდესაც სათხოვარს ვერ იღებენ, მათი ლოცვა გრილდება, მაგრამ შესაძლოა უფალი უკვე ახლოს იყო მათთან, რომ მათი სათხოვარი შეესრულებინა. შენ თუ შენი ლოცვის არ გჯერა, როგორ გინდა, რომ უფალმა დაიჯეროს?
ლოცვა ზეცაა მიწაზე და მიწა ზეცაში. „კარგად ის ლოცულობს, ვინც კარგად ცხოვრობს“ (წმ. გაბრიელ ქიქოძე).
აუცილებელია ეცადო, რომ შეინარჩუნო ის განწყობილება, რაც გულწრფელი ლოცვის დროს გქონდა, არ ჩაგიქრეს ის ცეცხლი, სითბო, რომელიც ლოცვისას მოიპოვე. ითხოვე არა ის, რაც შენ გინდა, არამედ ეძებე ის, რაც უფალს სურს და მიიღებ იმას, რაც შენთვის საუკეთესოა. მრავალი ლოცვას იწყებს, როგორც ცოდვილი და ამთავრებს მას, როგორც წმინდანი. „როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას იმისთვის, რომ აგიზგიზდეს, ასევე ლოცვა გულმოდგინებას“ (წმ. იოანე ოქროპირი). იგი წყალობის მისაღებად გაწვდილი ხელია ღვთისაკენ და მისი დრო მხოლოდ მას არა აქვს, ვისაც ლოცვა არ სურს. რაც მეტად გააჩერებ ოქროს ცეცხლში, მით მეტად იწმინდება და ბრწყინავს. ასევე უფლისადმი გამუდმებით მვედრებელი ადამიანიც, მისი სული, როგორც ოქრო, ისე გაბრწყინდება და განათდება, როგორც აქ, ისე მომავალ საუკუნო ცხოვრებაში. ამინ!
დავით სურგულაძე
თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი,
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის სტიქაროსანი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 26 2006 წ.