სანთლის დანიშნულება და სიმბოლიკა

„არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა “ – ბრძანებს სახარება (მათე 5, 15-16).

ლოცვის დროს, დასღესასწაულო სუფრაზე, ან გაჭირვებისას სახლში შეიძლება ავანთოთ სანთელი.

სანთელს რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს:

ვიხდით რა მის შესაძენ საფასურს (თუ თვითონ ვამზადებთ), გამოვხატავთ ნებაყოფლობით მზადყოფნას, შევწიროთ ჩვენი შრომის გარკვეული ნაწილი ღმერთს და მის საყდარს.

ხატის წინ დანთებული სანთელი ღმრთისადმი სითბოსა და ცეცხლოვანი სიყვარულის სიმბოლოა; ეს არის გამოხატულება რწმენისა და წმინდანების სახელზე აღვლენილი სავედრებელი ლოცვისა.

ცვილის სირბილე და მოქნილობა სინანულის, ღმრთისადმი მორჩილებისათვის მზადყოფნის ფორმაა, ხოლო სანთლის სისუფთავე კი მისი შემომწირველის სისუფთავისა და წაუბილწველობის გამომხატველია.

სასანთლე ცვილს ფუტკარი სხვადასხვა სახის ყვავილებისა და მცენარეებისაგან ამზადებს, რაც სიმბოლურად გამოხატავს ყველა მორწმუნე ადამიანის ერთ ეკლესიად შეკრებასა და ღმრთაებრივ ცეცხლად ანთებას, აგრეთვე ყველა ქმნილების მიერ ღმრთისადმი მიძღვნილ ძღვენს.

ანთებული სანთელი მიწიერი ადამიანის ახალ ქმნილებად გარდაქმნის სიმბოლოა ღმრთის სიყვარულისა და მისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით. ადამიანის ამქვეყნიური სიცოცხლეც უნდა წააგავდეს ანთებულ სანთელს, რომელიც თვითონ იწვის და სხვას გზას უნათებს.

სანთელი სიმხურვალის გამო დნება და იკარგება. ასე იფერფლება ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც ჟამთა სიავის გამო. ზოგიერთი ჩვენგანის ცხოვრება უკვალოდ ქრება, ზიგიერთისა კი – ანათებს, სითბოს იძლევა და ცამდე მაღლდება, სადაც ჭეშმარიტი სიმდიდრე ელოდება თავის მფლობელს.

ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს ყველა მორწმუნე. მისი ყველა ფიქრი, სიტყვა და საქმე გამოტანილი უნდა იყოს სააშკარაოდ წინაშე ღმრთისა და უნდა ეძღვნებოდეს მხოლოდ მას.

და ბოლოს, ანთებული სანთელი სიმბოლოა ჯოჯოხეთზე გამარჯვებული ეკლესიისა, მისი მარადიული ზეიმისა.

მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი,  „წესი ქრისტიანის ცხოვრებისა“, თბილისი, 1998 წ.

 

საეკლესიო სანთლის ისტორია და მნიშვნელობა

საეკლესიო სანთელი - მორწმუნე ადამიანის ლოცვის სიმბოლოა იგი მზადდება ცვილისგან - ყველაზე სუფთა და კეთილსურნელი ნივთიერებისგან, რომელიც მიიღება ყვავილებისგან. იგი ნიშნავს სიწმიდესა და სიწრფელეს ჩვენი შესაწირავისა ღმრთისადმი.

ყოველი საეკლესიო ღმრთისმსახურება სრულდება ანთებული სანთლებისა და კანდლების ფონზე, და ჩვენ ვხედავთ მრავალი სახის სულიერ-სიმბოლურ მნიშვნელობას მათი ანთებისას - აღსანიშნავად იმისა, რომ „...ღმერთმან, რომელმან თქუა, ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირისა იესუ ქრისტესსა“ (2 კორ. 4,6), „განმანათლებელი სოფლისა სულიერი ნათლით“ (შდრ. ინ. 1,9; 8,12). ანთებული სანთლები ტაძრებში არის ასევე გამოხატულება მლოცველთა კეთილკრძალულებისა, მათი სიყვარულისა და ღმრთისადმი მსხვერპლისა და ამასთან ერთად სიხარულისა და ეკლესიის სულიერი დღესასწაულისა. სანთელი თავისი წვით გვახსენებს დაუღამებელ ნათელს, რომელიც ცათა სასუფეველში განამხიარულებს მართალთა სულებს, რომელნიც ამქვყენად სათნო-ეყვნენ ღმერთს.

ძველ აღთქმაში, როდესაც აიგო ღმრთის პირველი ტაძარი - კარავი წამებისა, „მსახურებები აღესრულებთდა სანთლების გამოყენებით, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს“ (შდრ. გმს. 40. 4,25).

ძველი აღთქმის ეკლესიის მსგავსად სანთლებისა და კანდლების ზეთით ანთება გახდა ახალაღთქმისეული ეკლესიის ღმრთისმსახურების უცვალებელ კუთვნილებად.

მოციქულთა საქმეებში უწყებულია, რომ „მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა და ერთსა მას შაბათსა შეკრებულ რაჲ იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა.. იყვნეს სანთელნი მრავალნი ოქროსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით“ (საქმ. 20. 6,7,8).

მოხსენება დიდი რაოდენობით სანთლებისა მეტყველებს არამარტო მათი განათებისთვის გამოყენებაზე, არამედ მათ სულიერ მნიშვნელობაზეც.

ძველქრისტიანული წესის საფუძველზე - შეტანას სანთლისა მწუხრის ღმრთისმსახურებაზე, ისტორიულად მას ჩაენაცვლა თანამედროვე თანმიმდევრობა მწუხრის მსახურებისა, კერძოდ, მწუხრის შესვლით და გალობით უძველესი საეკლესიო საგალობლისა „ნათელი მხიარული“, რომელშიც ჰპოვა გამოხატულება ქრიატიანულმა სწავლებამ სულიერი ნათლის შესახებ, რომელიც ანათებს ადამიანს, ასევე ქრისტეზე - წყაროზე მადლიანი ნათლისა. ცისკრის მსახურების თანმიმდევრობაც დაკავშირებულია ასევე ქრისტეს შეუქმნელი ნათლის იდეასთან, რომელიც განცხადდა მისი განკაცებითა და მკვდართაგან აღდგომით. „არასდროს სრულდება ღმრთისმსახურება სანთლების გარეშე ჩვენთან, - ამბობს ტერტულიანე (II ს.), - მაგრამ ჩვენ მას ვიყენებთ არა მარტო იმისთვის, რომ განვდევნოთ ღამის წყვდიადი, ლიტურგია სრულდება ჩვენთან დღის სინათლეზეც, არამედ იმისთვის, რომ ანთებული სანთლებით ქრისტე სხვაგვარ-ვთქვათ (აქ: გამოვსახოთ, გამოვხატოთ) - ნათელი შეუქმნელი, რომლის გარეშეც ჩვენ შუადღის დროსაც კი დავიკარგებოდით წყვდიადში“. „აღმოსავლეთის ყველა ეკლესიებში, - წერს ნეტარი იერონიმე (IV ს.), - როდესაც იკითხება სახარება, ინთება სანთლები, მზის ბრწყინვალების დროსაც, ასევე არა წყვდიადის განსადევნელად, არამედ სიხარულის აღსანიშნავად, რათა ხილული ნათლის სახით დავინახოთ ის ნათელი, რომლთს შესახებაც თქმულია ფსალმუნში: სანთელ არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ - ალაგთა ჩემთა“ (ფს. 118,105).

„კანდლები და სანთლები არის მარადიული ნათლის წინასახე, ასევე აღნიშნავს ნათელს, რომლითაც ბრწყინავენ მართალნი“, - ამბობს წმ. სოფრონი, იერუსალიმელი პატრიარქი (VII ს.).

მე-7 მსოფლიო საკლესიო კრების მამები ადგენენ, რომ „მართლმადიდებელ ეკლესიაში წმ. ხატებს და წმ. ნაწილებს, ქრისტეს ჯვარს, წმ. სახარებას მიეგება პატივი საკმევლის კმევით და სანთლის ანთებით“.

ნეტარი სვიმეონ თესალონიკელი (XV ს.) წერს, რომ „სანთლები ინთება წმიდათა ხატების წინ, მათი კეთილი საქმეებისთვის, რომელნიც ბრწყინვენ ამქვეყნად“.

მართლმადიდებელი ადამიანები ტაძარში ყოფნის დროს შედიან ლოცვით ერთობაში უფალთან, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელთან, წმიდანებთან და ანთებენ მათი ხატების წინ სანთლებს. ხატის წინ ანთებული სანთელი - ეს არის ნიშანი ჩვენი რწმენისა და იმედისა, ღმრთის მადლიანი შეწევნისა, რომელიც ყოველთვის უხვად ეძლევა ყველას, ვინც რწმენითა და ლოცვით შეევედრება უფალს და მის წმიდანებს. ანთებული სანთელი - სიმბოლოა ჩვენი ძლიერი და მარადიული სიყვარულისა ღმრთისადმი.

საეკლესიო ტიპიკონი შეიცავს მითითებებს, თუ როდის და სად ინთება სანთლები მწუხრის, ცისკრის და სხვა მსახურებებზე (Типикон, гл. 24,25). მლოცველები არამარტო ანთებენ სანთლებს ხატების წინ, არამედ განსაკუთრებული ღმრთისმსახურების ჟამს თვითონ დგანან ანთებული სანთლებით ხელში. 26 სექტემბრის მსახურების ტიპიკონში (წმ. იოვანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღე) წერია: „შემდგომად საკითხავისა მიეცემათ ძმებს სანთლები, საგალობლის „აქებდით სახელსა უფლისასა“-ს დაწყების წინ.

ბზობის დღესასწაულზე, ცისკარზე, სახარების წაკითხვის შემდეგ და ბზის კურთხევისას, ბზასთან ერთად, რომელიც აღდგომის სიმბოლოა, ჩვენ გვიჭირავს ხელში ანთებული სანთლები. ამით ჩვენ გამოვხატავთ დღესასწაულის სიდიადეს და ჩვენი რწმენის უმწუხრო ნათელს აღდგომისა და მარადიული ცხოვრებისადმი.

დიდ პარასკევს, ცისკარზე, 12 წმ. ვნების სახარების კითხვისას მლოცველები ანთებენ სანთელს; ისინი განიცდიან მაცხოვრის ვნებებს და მისდამი ძლიერ სულიერ სიყვარულს.

დიდ პარასკევს, მწუხრზე, საკურთხევლიდან გარდამოხსნის გამოსვენებისას და ცისკარზე ქრისტეს დასაფლავებისას დიდ შაბათს, ტაძარში მდგომარეებს უჭირავთ ხელში ანთებული სანთლები, გარდამოხსნის წინ, უფლისადმი სიყვარულის აღსანიშნავად, ჯვარცმული და დაფლულისადმი და მისდამი რწმენით მის ნათლითმოსილ აღდგომაში.

წმ. პასექის დღესასწაულზე, ტაძრის გარშემო ლიტანიობის დაწყების მომენტიდან, გასახსენებლად მენელსაცხებლე დედებისა, რომელნიც მირბოდნენ სანთლებით ხელში მაცხოვრის საფლავთან, მორწმუნეებს ხელში უჭირავთ ანთებული სანთლები ბრწყინვალე ცისკრის დამთავრებამდე, აღსანიშნავად უდიდესი სიხარულისა და სულიერი დღესასწაულობისა - „ქრისტე აღდგა, ვიხარებდეთ მარადღე“.

სამღვდელთმთავრო მსახურებაზე უძველესი დროიდან გამოიყენება განსაკუთრებული სანთლები. მორწმუნეები კრძალულებით ხრიან თავს, როდესაც მღვდელთმთავარი აკურთხებს მრევლს დიკირით (ორსანთელი), რომელიც აღნიშნავს ორ ბუნებას იესო ქრისტესი - ღმრთეებრივსა და კაცობრივს და აკურთხებს ასევე ტრიკირით (სამსანთელი) - ყოვლადწმიდა სამების აღსანიშნავად. გარდა ამისა, ინთება პრიმიკირი (აქ: სანთელი), რომლითაც იპოდიაკონი დგას აღსავლის კარებთან, მეკვერთხეს მოპირდაპირე მხარეს. წმ. საიდუმლოთა აღსრულებისას ასევე ინთება სანთლები. ნათლისღების საიდუმლო სრულდება მღვდლის შემოსვის შემდეგ. „ყრმითურთ მოვალს მღდელი, შთაიცუამს სამღდელოსა შესამოსელსა თეთრსა, და საბუხრეებსა, და ყოველთა აღანთნენ სანთელნი...“

ემბაზზე მაგრდება სამი სანთელი, იმის ნიშნად რომ ნათლისღება სრულდება ყოვლადწმიდა სამების სახელზე. მოსანათლს და ნათლიებს, ემბაზის გარშემო შემოვლისას, ასევე მირონცხებისას უჭირავთ ხელში ანთებული სანთლები. ამით ისინი გამოხატავენ სიხარულს, რომ ეკლესიის მაცხოვნებელ წიაღში, ქრისტესთან მარადიულ კავშირში შედის ეკლესიის ახალი წევრი.

წინდობის საიდუმლოს შესრულებისას მღვდელი „დასწერს ჯუარსა თავსა ზედა მათსა 3 გზის, და მისცემს მათ აღნთებულსა სანთლებსა.“ „რომელსა ენების კურთხევა გვირგვინისა, მოვალს ეკლესიად წინაძღომითა მღდელთა მიერ, აღნთებულითა სანთლითა“. მათ ხელში უჭირავთ ანთებული სანთლები, ურთიერთისადმი მხურვალე სიყვარულის აღსანიშნავად და გამოხატავენ სურვილს იცხოვრონ ეკლესიის კურთხევით - ბრწყინვალედ, უბიწოდ და სიყვარულით.

ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულებისას, ძველი წესის მიხედვით, ინთება სანთელი და მაგრდება ზეთის ჩასასხმელ ჭურჭელზე, სულიწმიდის ნიჭების ქმედების აღსანიშნავად. ავადმყოფს, შეძლებისდაგვარად და მლოცველებს ხელში უჭირავთ ანთებული სანთლები. ამით ისინი გამოხატავენ რწმენასა და იმედს, რომ ავადმყოფს მოეფინება ღმრთის მადლი და იგი გამოჯანმრთელდება სულიერად და ხორციელად.

როდესაც მიცვალებულს დაასვენებენ ტაძარში, მაშინ მის ირგვლივ იდგმება ოთხი სანთელი - ჯვრის სახით, როგორც მოწმობა იმისა, რომ გარდაცვალებული იყო ქრისტიანი. პანაშვიდის შესრულებისას მლოცველები დგანან ანთებული სანთლებით, იმის აღსანიშნავად, რომ მიცვალებულის სულმა გადაინაცვლა მიწიდან სასუფეველში - უმწუხრო, საღმრთო ნათელში.

ლოცვითი ერთობის აღსანიშნავად მიცვალებულთან, საეკლესიო მსახურების დროს მათ მოსახსენებლად, საერთო მიღებული წესის თანახმად ვანთებთ სანთელს წანდილზე. ასევე იდგმება მაგიდა ჯვრის გამოსახულებით, რომელზეც იდგმება შესაწირავი მიცვალებულის სახელზე. პირველ რიგში სანთლები და კოლიო.

შეიძლება აღინიშნოს კიდევ ზოგიერთი მსახურება, რომელზეც სანთლები იხმარება სპეციალური მნიშვნელობით. მწუხრზე, რომლის შემდეგაც იწყება პირველშეწირულის ლიტურგია, მღვდელი პირველი საწინასწარმეტყველოს წაკითხვის შემდეგ გამოსახავს ჯვარს ანთებული სანთლით და საცეცხლურით და ამბობს: „ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა“.

სანთლები აგრეთვე ინთება ჯვრის, მაცხოვრის გარდამოხსნისა და ღმრთისმშობლის ხატის წინ და წმ. ძღვენის წინ პირველშეწირულის ლიტურგიაზე. შობისა და ნათლისღების წინადღის მსახურების შემდეგ, იდგმება კელაპტარი შუატაძარში და გვესმის სადღესასწაულო საგალობელი სამღვდელოებისა და მგალობელთა მიერ შესრულებული - დღესასწაულის ტროპრისა და კონდაკისა.

„მოძღვრებითნი უწყებანი“ (იხ. სამღვდელო კონდაკი) განსაკუთრებით აფრთხილებს ლიტურგიის შემსრულებლებს, „..არცა თვინიერ სანთელთა, თუმცა ორისა, გინა სამისა სანთლისა ლიტურგია არა იკადრების, და ესეცა ფრიადისა დაჭირვებისათვის. ესე ყოველნი უკუეთუ უდებ-ყოს მღდელმან, და არა რად შერაცხოს, სასიკუდინედ სცოდებს“...

სამკვეთლოზე ინთება სანთელი, ან კანდელი წმ. ძღვენის წინ, მისი ტრაპეზიდან სამკვეთლოზე გადაბრძანებისას.

ლიტურგიაზე, შემდგომად სიტყვებისა „წმიდაა წმიდათა“ აღსავლის კარის წინ იდგმება ანთებული სანთელი. კეთილკრძალულებით რომ თაყვანის-ვსცეთ წმ. ტარიგს და მაზიარებელთა გასახსენებელად, რომ ისინი, როგორც სახარებისეული ბრძენი ქალწულები, ღმრთის შიშით მიეგებონ უფალს და რწმენის მხურვალე ლამპრებით.

ღმრთის განცხადების დღესასწაულზე, წყლის კურთხევისას ანთებული სანთლები, ხშირად ინახება მართლმადიდებლების მიერ, როგორც სიწმიდე. მრავალნი კეთილკრძალულებით ინახავენ ასევე დიდი პარასკევის ცისკარზე (წმ. ვნების გახსენება) და ბრწყინვალე ცისკარზე ანთებულ სანთლებს.

ზოგნი ინახავენ ნათლობისა და ჯვრისწერის სანთლებს, ნათლობის კვართთან ერთად და საქორწინო შესამოსელთან ერთად, რათა შემდეგ თავის საფლავში ჩააყოლონ.

თარგმნეს დავით ტეფნაძემ და ლუკა ხუნდაძემ