ევედრე ღმერთსა ჩემთვის, წმიდაო (სახელი), რამეთუ გულსმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის.
მფარველი ანგელოზის გარდა, ჩვენ ლოცვით მივმართავთ ასევე წმინდანს, რომლის სახელიც გვაქვს, რადგან იგი მარადის მლოცველია ჩვენთვის წინაშე ღმერთისა.
ყველა ქრისტიანს, როგორც კი იბადება (მერვე დღეს), ეკლესია აძლევს სახელს რომელიმე წმინდანისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წმიდანს ახალშობილი მიებარება შემწეობისა და მფარველობისათვის. ეს წმიდანი, დედამიწაზე ცხოვრების ჟამს, ეხმარება მას ყოველი განსაცდელისა თუ უბედურებისა გადალახვაში.
ქრისტიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს თავისი წმიდანი ხსენების დღე და მისი ცხოვრება (შენი წმიდანის ხსენების დღე იწოდება შენი ანგელოზის დღედ). ამ დღეს ქრისტიანი აუცილებლად უნდა მივიდეს ტაძარში და ლოცვით განადიდოს იგი (ანუ მისი წმიდანის სახელზე მღვდელს პარაკლისი უნდა გადაახდევინოს), წინასწარ უნდა მოემზადოს, რომ ამ დღეს ეზიაროს. თუ არ შეუძლია ტაძარში მისვლა, რამე მიზეზის გამო, მაშინ მთელი გულითა და სულით სახლში უნდა ილოცოს (იქ, სადაც იმყოფება).
ჟურნალი „წყარო“, N28, 1995 წ.