ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანებზეც, უნდა გვიყვარდეს ისინი და ვლოცულობდეთ მათთვის, რადგან ჩვენ ყველანი ერთი ზეციური მამის შვილები ვართ. ასეთი ლოცვები სასარგებლოა არა მარტო მათთვის, ვისთვისაც ვლოცულობთ, არამედ ჩვენთვისაც; ამ ლოცვის ჟამს ხომ სიყვარულს ვამჟღავნებთ სხვა ადამიანთა მიმართ, უფალი კი გვასწავლის, რომ სიყვარულის გარეშე ღმერთის შვილებად ვერ ვიწოდებით.
ადამიანი უნდა ლოცულობდეს თავისი მამულისათვის და იმ ქვეყნისათვის, სადაც ცხოვრობს, მოძღვრისათვის, მშობელთა და მონათესავეთათვის, კეთილისმყოფელთა და ყოველთა მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის და საერთოდ, ყველა ადამიანისათვის, როგორც ცოცხალთა, ასევე გარდაცვალებულთათვის, რადგან „არა არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა, რადგან ყველანი ცოცხლები არიან მის წინაშე“ (ლუკა 20, 38).
ჟურნალი „წყარო“, N28, 1995 წ.