„უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მოვე-ეტეოს მას.“ (იაკობ. 5, 14-15).
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმიდა წერილი კი საეკლესიო საიდუმლოების (ბერძნ. მისტერიონ) ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსსა და ცხოველი ქმედების უნარს ამჟღავნებს; ხოლო ღვთისმსახურთა შესახებ კი, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, გვაუწყებს: „ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისანი“ (1 კორ. 4,1).
ზეთისკურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით ენიჭება მადლი, რომელიც განმწმედელია და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან მაკურნებელი; ის აძლიერებს მორწმუნეს ეკლესიურ ცხოვრებაში. თუკი ადამიანი აღსარებებში სრულად და გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად მისი სხეულიც ზიანდება. ზოგჯერ ადამიანს ავიწყდება კიდეც მის მიერ ჩადენილი ცოდვები და ამით ცოდვის ფესვები მასში კიდევ უფრო ძლიერდება. სწორედ ამ მომძლავრებული ცოდვის დასაძლევადაა დამკვიდრებული ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულება.
საინტერესოა, რომ ადრექრისტიანულ ეკლესიაში ზეთისა და წყლის კურთხევისათვის ერთი და იგივე ლოცვები იკითხებოდა. წყალი იკურთხებოდა ისევე, როგორც ზეთი, როგორც მაკურნებელი თვისებების მქონე ნივთიერება, რომელიც ჰკურნავს ყოველ სნეულებას.
ზეთის კურთხევის წესში მითითებულია, რომ კურთხევის დროს ზეთს უნდა შეერიოს ღვინო ან წყალი.
სინას მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, კანდელებში ზეთთან ერთად ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხ აიაზმასა და ღვინოსაც ასხამდნენ. კონსტანტინეპოლის ადგილობრივ ეკლესიაში ზეთის კურთხევის დროს ზეთში ღვინის ნაცვლად წყლის შერევა იყო მიღებული.
რაც შეეხება სნეულებზე შვიდგზის ზეთისცხების წესის აღსრულებას, იგი პირველქრისტიანთა ტრადიციებიდან მომდინარეობს. როდესაც მღვდელი სნეულს ეწვეოდა, 7 დღე ზედიზედ ლოცვებს უკითხავდა და ზეთსაც აცხებდა ხოლმე. სწორედ ამ ტრადიციის გამო, შემდგომში დამკვიდრდა შვიდგზის ზეთისცხების შესრულებაც.
სნეულებზე ზეთისცხების საიდუმლო შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს შესრულდეს, თუკი ამას ავადმყოფის მდგომარეობა მოითხოვს.
კურთხევანში წერია, რომ ეს წესი შვიდმა მღვდელმა უნდა აღასრულოს. თუმცა საიდუმლო შეიძლება ერთი მღვდლის მიერაც შესრულდეს, რადგან მღვდელმსახური ეკლესიის სახეს წარმოადგენს და ნებისმიერ მღვდელს ხელეწიფება ამ საიდუმლოს სრული სახით აღსრულება.
ზეთისცხების საიდუმლო მარტოოდენ სნეულებზე როდი სრულდება. ადრექრისტიანულ ტაძრებში, როგორც ამას წმიდა ეპისკოპოსი სვიმეონ თესალონიკელი ადასტურებს, ზეთისცხებას აღსარების შემდგომ აღასრულებდნენ და იგი ცოდვათა მიტევებას განასახიერებდა.
წმიდა იოანე დამასკელი სასულიერო პირებს ურჩევდა, რომ შვიდგზის ზეთისცხების აღასრულების წინ, ჯერ თავად ეცხოთ შვიდგზის ზეთი და მხოლოდ შემდგომ ამისა აღესრულებინათ ეს მსახურება.
იერუსალიმის ტიპიკონი გვამცნობს, რომ უძველესი დროიდან ზეთისცხება თანაბრად უტარდებოდათ სნეულებსაც და ჯანმრთელებსაც.
ძველ კუთხევანში ნათქვამია, რომ შვიდგზის ზეთისცხების საყოველთაოდ აღსრულების დღედ დიდმარხვის პერიოდი, კერძოდ, ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათი ან დიდი შაბათი იყო დადგენილი.
მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“