1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.
2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს.
1. საუკუნეთა მანძილზე ქართველი ერი ქმნიდა კულტურულ და არქიტექტურულ შედევრებს, რომლებიც დღეს საყოველთაოდაა ცნობილი მთელს მსოფლიოში. არაერთი მათგანი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურის საგანძურშია შეტანილი. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ისინი იქმნებოდა ძირითადად მართლმადიდებლობისთვის და ამგვარად, ეკლესიისთვის იყო განკუთვნილი. ასე რომ, თუ ვისმე აქვს მათზე პრეტენზიის გაცხადების უფლება, ეს უპირველესად საქართველოს სამოციქულო ეკლესიაა. საისტორიო წყაროებიდან ირკვევა, რომ საქართველოს სამეფო და ეკლესია ყოველთვის აღიარებდნენ დიდი კულტურული ღირებულების მქონე ძეგლებსა და ნივთებს საეკლესიო საგანძურად და მათ სათანადოდ და საგანგებოდ ეპყრობოდნენ. იმის მიუხედავად, რომ განირჩეოდა უბრალო და ფასეული საეკლესიო ნივთი, არასდროს არ დასმულა საკითხი, თუ ვის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო ხატი, ჯვარი, სახარება, ბიბლია, კონდაკი, ტაძარი! (ამის შესახებ ჩვენ გვქონდა საუბარი მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის კომენტარში)
კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ეკლესიას დაუბრუნდა სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ყველა საეკლესიო ნივთი და ნაგებობა მათი ღირებულებისდა მიუხედავად. ამის შესახებ ამ შეთანხმების არაერთ მუხლშია საუბარი. თავისთავად, ეროვნული ფასეულობა მთელი ერის კუთვნილებაა სარწმუნოებისდა მიუხედავად, მაგრამ კუთვნილებაა მხოლოდ ზოგადი და არა იურიდიული გაგებით. იურიდიულად ისინი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის (რაღა თქმა უნდა, საუბარია საეკლესიო ნივთებსა და ნაგებობებზე).
2. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტია. არსებობს მოსაზრება, რომ მშენებარე წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის კომპლქსში შეიქმნას საეკლესიო მუზეუმი, სადაც დაცული იქნება მატერიალური ღირებულებების მქონე საეკლესიო ნივთები. თუმცა ამის განხორციელებამდე, სანამ საეკლესიო ექსპონატები კვლავაც მუზეუმშია, აუცილებლად უნდა იქნეს შემოღებული საგანგებო წესები მათი სარგებლობისათვის. აქ უპირველესად უნდა ვიგულისხმოთ მათ მიმართ, როგორც საეკლესიო სიწმიდეების მიმართ მოპყრობა. ხატი, როგორც ცნობილია, ძალას კარგავს მასზე ულოცველობით. ამიტომაც სავალდებულოა, რომ სიწმიდეთა წინაშე აღევლინოს პარაკლისები, დაუჯდომლები, რათა მათ თავიანთი ჭეშმარიტი ფუნქცია დაიბრუნონ.
ამ პუნქტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ დიდი ისტორიისა და მნიშვნელობის მქონე ძეგლების აღდგენისათვის, მოხატვისათვის და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა საგანგებო წესების შემოღება, რადგან მასზე უდიერად ან არასათანადოდ განხორციელებულმა სამუშაოებმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს. ეს ეხება როგორც ფრესკების აღდგენას, ისე საკუთრივ ტაძრების აღდგენა-გამშვენებას, ასევე კანონიკის, იკონოგრაფიისა და ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრებისა და ხატწერის წესების დაცვას.
ამისთვის საქართველოს საპატრიარქოში შექმნილია სპეციალური სამსახური - საეკლესიო ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).
სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.
საუკუნეთა მანძილზე ქართველი მეფეები ყოველთვის იმას ცდილობდნენ, რომ გაემრავლებინათ ქრისტიანული ტაძრები, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რათა დაუსრულებლად აღვლენილიყო ქება და დიდება უფლისა (ეს ტრადიცია, სხვათაშორის, სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებშიც არსებობდა). ამგვარად, საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ უამრავი ქართული ეკლესია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. სამწუხაროდ, საქართველოს ძლიერების შესუსტების ჟამს ისარგებლეს მტრებმა და ჩვენს ქვეყანას არაერთი ტაძარი წაართვეს. საქართველომ ბევრი დაკარგა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროსაც. ზოგიერთი უძველესი ქართული ეკლესია სხვა ქვეყნების შემადგენლობაში იმ მიზეზით აღმოჩნდა, რომ მათ საკუთრივ ქართული მიწები მიითვისეს. დღეს, როცა თანდათანობით აღდგა ისტორიული სამართლიანობა, საქართველოს ტერიტორიის გარეთ მყოფი ტაძრები კვლავაც უცხო სახელმწიფოთა იურისდიქციაში რჩება. ხშირად საუბარია არა საკუთრების, არამედ ქართულ ენაზე მსახურების ჩატარების შესახებ, თუმცა შედეგი, როგორც წესი, ამასაც არ მოსდევს ხოლმე. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე სახელმწიფომ თავის თავზე აიღო მოლაპარაკებების გამართვა იმ ქვყნებთან, რომელთა ტერიტორიაზეცაა ქართული ეკლესია-მონასტრები. ძირითადად საუბარია იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე, პეტრიწონის მონასტერზე (ბულგარეთი), თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებულ უამრავ ქართულ ტაძარზე (ოშკი, ზარზმა, ხახული, ხანძთა, შატბერდი, იშხანი, ოთხთა ეკლესია) და ა. შ. ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას: უპირველესად ეს ეხება ათონის ივერთა მონასტერს. ათონის მთას აქვს განსაკუთრებული იურიდიული სტატუსი საბერძნეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში და კანონიკურად ექვემდებარება კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) საპატრიარქოს (და არა ელადის ეკლესიას). მის ტერიტორიაზე აღმართული ყველა მონასტერი ეროვნული ნიშნის მიუხედავად ემორჩილება კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქს, ყოვლადუწმიდეს ბართლომეოსს. ასე რომ, ივერონის მიმართ მოთხოვნაა ის, რომ დაუშვან ქართველი ბერები იქ სამოღვაწეოდ. ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განლაგებული ქართული ტაძრები. ჩვენი და რუსეთის ეკლესიათა შეთანხმებით რუსეთის მიწაზე განლაგებული ქართული ტაძრები მოსკოვის საპატრიარქოს დაექვემდებარა, ხოლო საქართველოს მიწაზე განლაგებული რუსული ტაძრები - ჩვენს საპატრიარქოს. ღვთის მადლით, საინგილოს ქართული ეკლესიები ჩვენს იურისდიქციაშია. ისინი ექვემდებარებიან ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლოტს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს სერგის (ჩეკურიშვილი). თურქეთის ქართული ეკლესია-მონასტრებში ქართული წირვა-ლოცვის აღდგენაზე უკვე არის საუბარი. ამის წინაპირობაა ისიც, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებთ ახალციხის ეპარქიის სახელწოდებას (ეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე) დაემატა სიტყვები: “ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის”.
1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური ფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90).
2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.
1. აღნიშნული საკითხის შესახებ ამ შეთანხმების არაერთ მუხლშია საუბარი. მართლაც, საქართველოს ეკლესიამ დიდი ზარალი განიცადა XIX-XX სს. საეკლესიო ქონების გაფლანგვას სხვადასხვანაირად ახორციელებდნენ რუსეთის იმპერია და საბჭოთა რუსეთი. გამომდინარე იქიდან, რომ მართლმადიდებლობა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო რელიგია იყო, ამ პერიოდში საქართველოს ეკლესიის ქონება ან სახელმწიფოს გადაეცა, ან რუსეთში გაიზიდა. საბჭოთა ღვთისმგმობმა ხელისუფლებამ საქართველოს ისტორიაში მანამდე არნახული ანტისარწმუნოებრივი პოლიტიკა გაატარა. მათი პრინციპი ძირითადად “ცრურწმენის” მოშთობა იყო. ამიტომ, საბჭოთა ხელისუფლებას ძალიან ძნელად გადაურჩა ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო საგანძური. გადარჩა ის, რასაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. გადარჩენილი საგანძური, რაღა თქმა უნდა, სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა. ამგვარად, რუსეთისა და საბჭოთა იმპერიების მიერ ჩამორთმეული ქონების გარკვეული ნაწილის მესაკუთრე, ღვთის განგებით, დამოუკიდებელი საქართველო გახდა. ამგვარდ, უმადურობად შეიძლება შეერაცხოს ჩვენს ერს, თუ ამ ქონებას სახელმწიფო ეკლესიას არ დაუბრუნებს. თავისთავად ცხადია, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ იმ ქონებაზე, რაც მას ეკუთვნის. არც ეგების, რომ მოეთხოვოს სახელმწიფოს იმის დაბრუნება, რაც მას ჩვენი ეკლესიისთვის არც კი ჩამოურთმევია.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 იანვრის №1 ბრძანებულებით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების მომზადების მიზნით შეიქმნა 5 კომისია:
ა) ჯვრისწერის სახელმწიფო აღიარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადების კომისია;
ბ) კაპელანის ინსტიტუტის შექმნის კომისია;
გ) საღვთო სჯულის სწავლების საკითხთა კომისია;
დ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართლებრივი და ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგების ღონისძიებათა კომისია;
ე) ეკლესიისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივი კომპენსაციის საკითხების შემსწავლელი კომისია.
აღნიშნულ კომისიებში შედიან როგორც მთავრობის, ისე საპატრიარქოს წარმომადგენლები. ეს, ვფიქრობ, იმის საწინდარი იქნება, რომ მომზადდეს რეალური და, რაც მთავარია, სახელმწიფოსათვის და ეკლესიისათვის ღირსეული და შესაფერისი კანონპროექტები.
1. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან.
2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.
3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.
1. შეთანხმებას თან ახლავს ტერმინთა განმარტებანი, სადაც განსაზღვრულია შეთანხმებაში გამოყენებული ზოგიერთი საეკლესიო ტერმინის მნიშვნელობა ამ შეთანხმებაში. ჩვენ ამ ნაშრომზე მუშაობისას ვსარგებლობით როგორც აღნიშნული ტერმინთა განმარტებებით, ისე, ზოგადად ეკლესიის წიაღში არსებული ტრადიციით ამა თუ იმ ტერმინის მნიშვნელობათა შესახებ. ამიტომ, საჭიროდ ვცანით, რომ ამჯერად ნაშრომში აღარ მოგვეთავსებინა ტერმინთა განმარტებების ტექსტი.
2. ეს შეთანხმება არ არის სახელმწიფოს, როგორც უფლებრივად ზემდგომი ორგანიზაციის ქვემდგომისთვის უფლებების ბოძების დოკუმენტი. იგი წარმოადგენს თანასწორუფლებიანი ორი იურიდიული პირის შეთანხმებას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა წინაშე პასუხისმგებლობის გადანაწილების შესახებ. ამგვარად, მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით. ცვლილებისათვის საჭიროა, აგრეთვე, ორმხრივი ხელმოწერა, ანუ ცვლილების მომხრე უნდა იყოს როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია. ამით იურიდიულად თავიდან იქნება აცილებული მთავრობის თვითნებური ქმედება ეკლესიის მიმართ.
3. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება ქვეყნის უმაღლესი იურიდიული ძალის დოკუმენტია კონსტიტუციის შემდეგ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ მის დასამტკიცებლად საჭიროა ორივე მხარის უმაღლესი პირის ხელმოწერა. ამგვარად, კონსტიტუციურ შეთანხმებას ხელს აწერენ: მისი აღმატებულება, საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი ედუარდ-გიორგი შევარდნაძე და მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II .
4. როგორც წინა პუნქტების კომენტარშიც აღინიშნა, შეთანხმების დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ მისი დამტკიცება. მართლაც, 2002 წლის 14 ოქტომბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ხელმოწერილი კონსტიტუციური შეთანხმება წმიდა სინოდმა დაამტკიცა ამავე წლის 17 ოქტომბერს, ხოლო საქართველოს პარლამენტმა - 22 ოქტომბერს.