დავით ჩიკვაიძე

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

თავი I. ეკლესია

§2. საეკლესიო ხელისუფლება და სამღვდელო იერარქია

ამქვეყნიურ ეკლესიაში, ისევე როგორც ზეციურ ეკლესიაში არსებობს იერარქია, ანუ დაქვემდებარება სასულიერო პირებს შორის. ეკლესია, როგორც აღვნიშნეთ, დაარსებულია თავად უფალ იესო ქრისტეს მიერ, რომელიც არის თავი ეკლესიისა. ეკლესიის მღვდელმთავარი არის მოციქულთაგან უწყვეტი ხელდასხმის მატარებელი. ამგვარად, მართლმადიდებელი ეკლესია არის სამოციქულო, ვინაიდან იგი ინარჩუნებს მოციქულთაგან ნაქადაგებ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ატარებს სამოციქულო ხელდასხმის მადლს.

უპირველესად უნდა ითქვას, რომ ეკლესია განარჩევს სასულიერო პირთა ორ სახეს: თეთრ და შავ სამღვდელოებას. შავ სამღვდელოებას მიეკუთვნებიან ბერად აღკვეცილნი. ის ბერი, რომელსაც სასულიერო ხარისხი არ აქვს, იურიდიულად ერისკაცის თანასწორად განიხილება ნიკეის II მსოფლიო საეკლესიო კრების მე-5 კანონის მიხედვით.

მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს სასულიერო პირთა სამი ხარისხი: დიაკონი, მღვდელი და მღვდელმთავარი. დიაკონი და მღვდელი შეიძლება იყოს როგორც თეთრი, ისე შავი სამღვდელოების წარმომადგენელი, ხოლო რაც შეეხება მღვდელმთავარს, იგი სავალდებულოა, რომ ბერი იყოს. თითოეულ ხარისხს აქვს რამდენიმე მცირედით განსხვავებული პატივი. დიაკონთა შორის თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლები არიან დიაკონი და პროტოდიაკონი, ხოლო შავი სამღვდელოების - იეროდიაკონი (ბერდიაკონი) და არქიდიაკონი. მღვდელთა შორის თეთრ სამღვდელოებას მიეკუთვნებიან: მღვდელი, დეკანოზი და პროტოპრესვიტერი, ხოლო შავ სამღვდელოებას - მღვდელმონაზონი, იღუმენი და არქიმანდრიტი. რაც შეეხება მღვდელმთავრებს, ისინი, როგორც აღვნიშნეთ, ყოველთვის შავ სამღვდელოებას მიეკუთვნებიან. მღვდელმთავართა შორის გამოირჩევა სამი პატივი: ეპისკოპოსის, მთავარეპისკოპოსის (არქიეპისკოპოსის) და მიტროპოლიტის. სამღვდელმთავრო კანდიდატის გამორჩევა ხდება წმიდა სინოდის მიერ. საეკლესიო კანონებით, სამღვდელმთავრო ხელდასხმას აღასრულებს ორი ან სამი მღვდელმთავარი, ხოლო სამღვდელო და სადიაკვნო კანდიდატისთვის საკმარისია ერთიც (1). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა;

ბ) უნდა გამოირჩეოდეს სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სიწმიდით;

გ) უნდა ჰქონდეს შესაფერისი საღმრთისმეტყველო და საერო განათლება;

დ) უნდა იყოს ბერი (2).

აუცილებლად უნდა განვასხვავოთ მთავარეპისკოპოსის და მიტროპოლიტის პატივი და თანამდებობა. როგორც აღვნიშნეთ, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი სამღვდელმთავრო პატივია, მაგრამ შესაძლოა, რომ ისინი მიუთითებდნენ საეკლესიო თანამდებობაზე. ასე მაგალითად, საბერძნეთის ეკლესიის მეთაურნი ატარებენ შემდეგ ტიტულს: „უნეტარესი, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა (საბერძნეთისა)“. ამ შემთხვევაში სიტყვა „მთავარეპისკოპოსი“ მიუთითებს არა პატივზე, არამედ საეკლესიო წოდებაზე ანუ თანამდებობაზე, მეთაურის ტიტულზე. მართლაც, საბერძნეთის ეკლესიის დღევანდელი მეთაური უნეტარესი ქრისტოდულოს I აღსაყდრების მომენტისათვის მიტროპოლიტის ხარისხში (პატივში) იყო აღყვანილი. თუმცა, როგორც ელადის ეკლესიის მეთაური იგი მთავარეპისკოპოსად იწოდება. მსგავსივეა კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, ალბანეთის მთავარეპისკოპოსის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტის ტიტულები და სხვა. უფრო ნათლად დავინახავთ აღნიშნულ განსხვავებას, თუ მოვიყვანთ სერბეთისა და რუმინეთის ეკლესიათა მეთაურების წოდებებს: „უწმიდესი, პატრიარქი სერბეთისა, მთავარ-ეპისკოპოსი პეჩისა და მიტროპოლიტი ბელგრად-კარლოვაცისა“. როგორც ვხედავთ, იგი ერთდროულად იწოდება მიტროპოლიტადაც და მთავარეპისკოპოსადაც. ცხადია, რომ მას ორი პატივი ვერ ექნება. იგივე ითქმის რუმინეთის ეკლესიის მეთაურზეც: „უნეტარესი, მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი უნგრეთისა, ვლახეთისა, მუნტენისა და დობრუჯისა, მოსაყდრე კესარია-კაპადოკიისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა“. ბოლოს, თვით ჩვენი ეკლესიის სამეთაურო ტიტულიც გავიხსენოთ: „მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და თბილისისა“.

უპრიანი იქნება, შევეხოთ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა ტიტულის ტრადიციას. უპირველესად უნდა ითქვას, რომ სამეთაურო ტიტულებია: მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, ეგზარქოსი, პატრიარქი და კათოლიკოს-პატრიარქი.

მთავარეპისკოპოსს ზოგჯერ არქიეპისკოპოსსაც უწოდებენ. იგი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ̠ρχή - მთავარი, ̠̠ί - ზედა და ̠κό̠ος - მოთვალთვალე, მხედველი. არქიეპისკოპოსის ზუსტი ქართული შესატყვისია მთავარი ზედამხედველი“. ჩვეულებრივ, მთავარეპისკოპოსი ეწოდებათ ისტორიული ეკლესიების მეთაურებს, შესაძლოა სხვა ტიტულებთან (მაგ. პატრიარქი) ერთად. ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათაგან მთავარეპისკოპოსის ტიტულს ატარებენ კონსტინტინოპოლის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, კვიპროსის, ელადის, ალბანეთის და ამერიკის ეკლესიათა მეთაურები.

მიტროპოლიტი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან μη̠ρός - დედის და ̠ολή̠- ქალაქი, ანუ ქართულად დედაქალაქისა, დედაქალაქური. მიტროპოლიტი ტრადიციისამებრ ეწოდებოდათ დიდი ქალაქების ეკლესიის მეთაურებს. ძირითადად ისეთი ქალაქების, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ ეპარქიას. რუსეთის ეკლესიაში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის მღვდელმთავრები იწოდებიან მიტროპოლიტებად. თუმცა ამჟამად მოსკოვის მღვდელმთავრის ტიტულს ატარებს რუსეთის პატრიარქი და მას პირდაპირ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ეწოდება. ამგვარად, ავტოკეფალურად მართლმადიდებელ ეკლესიათაგან მიტროპოლიტის ტიტულს ატარებენ სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და ამერიკის ეკლესიათა მეთაურები.

ეგზარქოსიც ბერძნული სიტყვაა (̠ξ - გარეთა, ̠̠ρχή- მთავარი) და ნიშნავს განაპირა მმართველს. ჩვეულებრივ, ეგზარქოსი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურებს არ ეწოდებათ ხოლმე. თავისთავად სიტყვა „ეგზარქოსი“ გულისხმობს იმას, რომ ამ ტიტულს ატარებს დედაეკლესიის შემადგენლობაში მყოფი პატარა განაპირა ეკლესიის მეთაური. როგორც ცნობილია, ეგზარქოსი ეწოდებოდა ჩვენი ეკლესიის მეთაურს, როცა იგი რუსეთის უწმიდეს სინოდს ექვემდებარებოდა. ამჟამად ეგზარქოსის ტიტულს ატარებს ბელორუსიის ეკლესიის მეთაური: მაღალყოვლადუსამღვდელოესი, მიტროპოლიტი მინსკისა და სლუცკისა, სრულიად ბელორუსიის საპატრიარქო ეგზარქოსი.

პატრიარქი ბერძნულია და ქართულად მამამთავარს ნიშნავს (̠̠̠ήρ -მამა, ̠ρχή- მთავარი). პატრიარქებად იწოდებიან უძველესი და უდიდესი ტრადიციების მქონე ეკლესიების მეთაურნი. ამჟამად მსოფლიოში ცხრა ეკლესიის წინამძღოლი ატარებს პატრიარქის ტიტულს: კონსტანტინოპოლის, ალექს-ანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის ეკლესიებისა. რაც შეეხება კათოლიკოს-პატრიარქს, მისი პირველი სიტყვა, როგორც წინა პარაგრაფშიც აღვნიშნეთ ნიშნავს „საყოველთაოს“. მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთაგან კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებს მხოლოდ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი (ხოლო არამართლმადიდებელთაგან - სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის მეთაური: ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსი). უნდა ითქვას, რომ ძველად ჩვენში სიტყვა პატრიარქზე უფრო ხშირად მამამთავარი გამოიყენებოდა.

მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციისამებრ მეთაურს ირჩევს წმიდა სინოდი. საქართველოს ეკლესიაში ამჟამად მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების თანახმად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად საჭიროა წმიდა სინოდის მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტი. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა საჭირო ხმები, იმართება მეორე ტური. როგორც წესი, მამამთავარი აირჩევა სამუდამოდ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს ეროვნებით ქართველი;

ბ) უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი;

გ) უნდა ჰქონდეს საღმრთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება;

დ) ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა;

ე) უნდა იყოს ბერი (3).

ორიოდე სიტყვით შევეხოთ ქალთა საეკლესიო ხარისხებს. მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით მათი ღვთისმსახუ-რებად კურთხევა დაუშვებელია. თუმცა ქალებს აქვთ მონაზვნობის უფლება და, შესაბამისად, არსებობს ქალთა სამონაზვნო ხარისხები: დიაკონესა, ანუ დედათ-დიაკონი, მონაზონი და იღუმენია. დედათ-დიაკონი სულხან-საბას განმარტებით არის „ახალი მონაზონა, გინა ქალწულ მთავარი მონაზონა“. ცხადია, დედათ-დიაკონი დიაკვნის სამღვდელო ხარისხთან არ უნდა გავაიგივოთ. რაც შეეხება იღუმენიას, იგი ჩვეულებრივ დედათა მონასტრის წინამძღვარს ეწოდება. ეკლესიის მსახურებია, აგრეთვე, მგალობლები, მედავითნეები (წიგნის მკითხველები) და მნათეები (სტიქაროსნები), მაგრამ ისინი საეკლესიო კანონებით სასულიერო პირებად არ იწოდებიან.


1. იხ. მოციქულთა ა (1) და ბ (2) კანონები.

2. იხ. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესი-ის მართვა-გამგეობის დებულება (მიღ. 1995 წ. ქ. მცხეთაში), თავი VII, §4.

3. იხ. ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, თავი IV, §2.