საზვერეები

მონაზონ სერგიას (კლიმენკო) მოგონებებიდან

1923-24 წლის ზამთარში ფილტვების ანთება დამემართა. 8 დღის განმავლობაში ტემპერატურა 40,8 გრადუსი მქონდა. დაახლოებით მე-9 დღეს მე დიდმნიშვნელოვანი ხილვა მქონდა.

ჯერ კიდევ დასაწყისში, ნახევრადუგონო მდგომარეობაში, როდესაც ვცდილობდი იესოს ლოცვა შემესრულებინა, მე გამიტაცა მშვენიერმა ბუნების სურათებმა, რომელთა თავზეც თითქოს თავად მე დავფრინავდი. როდესაც რაიმე მშვენიერი მუსიკა დამატკბობდა ან სურათი მომხიბლავდა და ლოცვას შევწყვეტდი, რაღაც ბოროტი ძალა თავიდან ფეხებამდე დამივლიდა და მე ვაგრძელებდი ლოცვას. დროდადრო გონს მოვიდოდი და ვხედავდი საკუთარ მდგომარეობას.

უცებ ჩემს საწოლთან გაჩნდა ჩემი სულიერი მოძღვარი, მღვდელმონაზონი სტეფანე. მან შემომხედა და მითხრა: „წამოდი“. მთელი გულით გავიხსენე ეკლესიის სწავლება, რომელიც შეეხება ყოველგვარი გამოცხადებისადმი ნდობა-არნდობის საკითხს და დავიწყე კითხვა ლოცვისა: „აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი“. მან წყნარი ღიმილით მოისმინა ლოცვა და თქვა „ამინ!“ და სადღაც წამიყვანა.

ჩვენ აღმოვჩნდით მიწის წიაღში, ღრმა მიწისქვეშეთში. შუაგულში შავი მდინარის ამღვრეული წყალი მღელვარედ მოედინებოდა. მე იმაზე ვფიქრობდი, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. და ჩემი ფიქრების პასუხად მამა სტეფანემ ასევე უსიტყვოდ - აზრობრივად გამცა პასუხი: „ეს განკითხვის საზვერეა, განკითხვა არავის ეპატიება“.

ღრმა ტალღებში მე დავინახე ერთი ნაცნობი, რომელიც იმ დროს ჯერაც ცოცხალი იყო. შეშინებულმა მისთვის ლოცვა წამოვთქვი და იგი თითქოს მშრალი გამოვიდა იქიდან. ნახულის აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ თუ იგი იმავე მდგომარეობაში მოკვდებოდა, რომელშიც იმჟამად იმყოფებოდა, მას დაღუპავდა განკითხვის ცოდვა, თუკი მონანიებას ვერ შესძლებდა (ზოგჯერ მას ასეც უთქვამს: იმისათვის, რომ ბავშვებს ცოდვისადმი სიძულვილი ჩამოუყალიბდეთ, უნდა ვასწავლოთ ისეთი ადამიანების საქციელის განსჯა, რომლებიც ცუდად იქცევიანო). მაგრამ, რადგანაც სიკვდილის საათი მისთვის ჯერაც არ დამდგარიყო, შესაძლებლობა ჰქონდა, დიდი მწუხარებით ცოდვა გამოესყიდა. ჩვენ ამ დინების სათავესთან მივედით და ვნახეთ, რომ ის უზარმაზარი, ბნელი და მძიმე კარის ქვემოდან გამოედინებოდა. ვგრძნობდი, რომ ამ კარის მიღმა წყვდიადი და საშინელება მეფობდა... „- ეს რა არის?“ - გავიფიქრე. „- ეს მომაკვდინებელ ცოდვათა საზვერეებია“. - ფიქრით მიპასუხა ჩემმა წინამძღოლმა. (ჩვენს შორის სიტყვები არ ყოფილა. ფიქრზე უშუალოდ ფიქრით პასუხობდა).

ამ საშინელი, ყრუდ დაკეტილი კარიდან უკან დავბრუნდით და ზემოთ ასვლა დავიწყეთ (სამწუხაროდ, ყველაფრის თანმიმდევრულად დალაგება არ შემიძლია, თუმცა ნანახს ზუსტად გადმოვცემ).

ჩვენ აღმოვჩნდით თითქოსდა მზა ტანსაცმლის მაღაზიაში. საკიდებზე ირგვლივ უამრავი ტანსაცმელი ეკიდა. შეხუთულობა და სიცხე იგრძნობოდა. და აქ მე მივხვდი, რომ ეს ტანსაცმელი არის მთელი ჩემი სიცოცხლის სურვილები - კარგ ჩაცმასთან დაკავშირებით. აქ მე ვნახე ჩემი სულიც, თითქოს ჯვარცმული, კოსტუმივით ჩამოკიდებული ერთ-ერთ საკიდზე. ჩემი სული კაბად გადაქცეულიყო და მოწყენილობით დათრგუნული თითქოს იღრჩობოდა. გაწამებული სულის მდგომარეობა მანეკენის სახით იყო წარმოდგენილი, რომელიც გალიაში იჯდა და უკიდურესად მოდურად გამოწყობილიყო და ეს სული იმ ამაო, პატივმოყვარული სურვილების სიცარიელისა და უაზრობისაგან იხრჩობოდა, რომლითაც თავისი შეგნებული ცხოვრების ჟამს ერთობოდა.

მე მივხვდი, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში აქ დავიტანჯებოდი და აქ დაიფერფლებოდა ჩემი სული.

მაგრამ მამა სტეფანემ ჩემთან ერთად განაგრძნო გზა. მე ვნახე სუფთა თეთრეულის სავაჭრო. ჩემს ორ ნათესავ ქალს (იმ დროს ცოცხლები იყვნენ) დაუსრულებლად ადგილიდან ადგილზე გადაჰქონდა თეთრეული. - თითქოსდა ეს სურათი განსაკუთრებულად საშინელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ჩემი სული წარმოუდგენელი მოწყენილობით აავსო და სულიერად დამთრგუნა. მე მივხვდი, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ნათესავების საიქიო ხვედრი, ისინი რომ ამ სულიერი მდგომარეობით გარდაცვლილიყვნენ. მათ მომაკვდინებელი ცოდვები არ ჰქონდათ, ქალწულები იყვნენ, მაგრამ გადარჩენისთვის არ ზრუნავდნენ, უმიზნოდ ცხოვრობდნენ და ეს უმიზნობა მათ სულებს მარადიულობაში გადაჰყვებოდა.

ამის შემდეგ მე დავინახე საკლასო ოთახი, რომელიც ჯარისკაცებით იყო სავსე. ისინი საყვედურით მიმზერდნენ. და გამახსენდა ჩემი დაუმთავრებელი სამუშაო. ერთ პერიოდში მე მომიწია ხეიბარ ჯარისკაცებთან მუშაობამ, მაგრამ შემდეგ წავედი, მათ წერილებსა და კითხვებს ვერ ვუპასუხე, ბედის ანაბარა მივატოვე ისინი რევოლუციის მძიმე, გარდამავალ ხანაში.

შემდეგ ღატაკების ბრბო შემომერტყა გარს. ისინი ხელს მიწვდიდნენ და მხოლოდ გონებით, უსიტყვოდ მეუბნებოდნენ: „მომეცი, მომეცი“. მე მივხვდი, რომ ღატაკი ადამიანებისათვის დახმარების გაწევა სიცოცხლეში შემეძლო, მაგრამ ეს რატომღაც არ გავაკეთე.

ჩვენ გზა გავაგრძელეთ (მე ვნახე, ჩემი კიდევ ერთი ცოდვა, რომელზედაც არასოდეს დავფიქრებულვარ - უმადურობა ჩემი მოსამსახურის მიმართ, კერძოდ ის, რომ მე მის შრომას, როგორც რაღაც ბუნებრივს ისე ვიღებდი. ნანახი დამავიწყდა, მაგრამ ხსოვნა იმჟამინდელი შეგრძნებისა შემომრჩა).

მინდა ვთქვა, რომ რაც ვნახე, იმის გადმოცემა ძალიან მიჭირს, სიტყვებით აღწერა მოუხერხებელი, უხეში და უფერულია.

აი, გზა გადაგვიღობა სასწორმა. მის ერთ პინაზე დაუსრულებელ ნაკადად ჩემი კეთილი საქმეები იღვრებოდა, ხოლო მეორეზე კი ხმაურით ცვიოდა და აქეთ-იქით იფანტებოდა ცარიელი კაკლები. ეს იყო ჩემი პატივმოყვარეობის, მაღალი თვითშეფასების სიმბოლო. როგორც ჩანს, ამ გრძნობებმა ყველაფერ დადებითს ფასი დაუკარგა, იმიტომ, რომ ცარიელი კაკლებით სავსე პინამ გადასწონა. კეთილი საქმეები ცოდვის დანამატების გარეშე არ აღმომაჩნდა. საშინელება და მწუხარება დამეუფლა, მაგრამ უცებ საიდანღაც პინაზე დავარდა ღვეზელი თუ ტორტის ნაჭერი და პირველმა მხარემ გადაწონა (მომეჩვენა, რომ ვიღაცამ ჩემი კეთილი საქმისთვის სამაგიერო დამიბრუნა).

აი, ჩვენ მთის წინ შევჩერდით, მთისა, რომელიც ცარიელი ბოთლებით იყო აშენებული და შეძრწუნებული მივხვდი, რომ ეს ჩემი ამპარტავნების სახეა, - ჩემი ცარიელი, გამაძღარი ბრიყვული ამპარტავნების სახე. ჩემმა წინამძღოლმა აზრობრივად გადმომცა, რომ ახლა რომ მოვმკვდარიყავი, ამ საზვერეზე მომიწევდა გამეხსნა ყველა ბოთლი, რაც თავისთავად ძალიან ძნელი, მაგრამ ამავე დროს უნაყოფო გარჯა იქნებოდა.

მაგრამ აქ მამა სტეფანემ თითქოს რაღაც გიგანტური კორპსაძრობი დაიქნია, რომელიც მის მადლს წარმოადგენდა და ყველა ბოთლი ერთად გაიხსნა, მე კი - გათავისუფლებულმა გზა გავაგრძელე. მინდა დავამატო, რომ მე მონაზვნური სამოსით მივდიოდი, თუმცა იმ დროისათვის ის იყო აღკვეცისათვის ვემზადებოდი მხოლოდ.

ვცდილობდი, მოძღვრის კვალზე მევლო, თუ ოდნავ გვერდს ავუქცევდი, გველები გამოძვრებოდნენ და ჩემს დაგესლვას ცდილობდნენ. მოძღვარი თავდაპირველად ბერულად იყო შემოსილი, მაგრამ მისი სამოსი შემდეგ მეწამულ სამეფო მანტიად იქცა.

აი, ჩვენ აბობოქრებულ მდინარესთან მივედით. მასში იდგნენ ვიღაც ბოროტი, ადამიანისმაგვარი არსებები, ისინი ერთამენთს სისხლისმსმელი გაბოროტებით ესროდნენ მსხვილ მორებს. როდესაც დამინახეს, რაღაც გაუმაძღარი სიბოროტით აღრიალდნენ, თვალებით მჭამდნენ და ცდილობდნენ, თავს დამსხმოდნენ. ეს მრისხანების საზვერე იყო, - გამომჟღავნებული, თავშეუკავებელი მრისხანებისა. როდესაც მივიხედე, შევნიშნე, რომ უკან მობობღავს დორბლი - ადამიანის სხეულის სიდიდისა, მაგრამ უფორმო - ქალის სახით. არანაირი სიტყვით არ გადმოიცემა ის სიძულვილი, რომელიც ანათებდა მისი თვალებიდან, მოუშორებლად რომ მიმზერდნენ. ეს გახლდათ ჩემი გულფიცხობის ვნება, რომელიც მრისხანების ეშმაკის ორეული იყო. უნდა ითქვას, რომ იმ ვნებებს, რომელთაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვკვებავდი და ვაძლიერებდი, იქ განვიცდიდი, როგორც - რაღაც იგივეობას იმ ეშმაკთან, რომელთაც ისინი აღძრავდნენ.

ამ დორბლს გამუდმებით ჩემზე შემოხვევა და დაღრჩობა სურდა, მაგრამ მოძღვარმა განაგდო იგი და ფიქრით უთხრა: „- ის ჯერ არ მომკვდარა, შეუძლია მოინანიოს“. თვალმოუშორებელი, არაადამიანური მზერით იგი ჩემს კვალზე მოფორთხავდა ბოლომდე, ვიდრე საზვერეებს გავივლიდით.

შემდეგ ჩვენ მივედით საგუბართან თუ კაშხალთან, რომელიც ჰგავდა მიწაყრილს - გაყვანილობის მეტად რთული სისტემით, რომლის მილებიდანაც წყალი გადმოდიოდა. ეს იყო ჩემი შეკავებული, შინაგანი რისხვის სახე, - სხვადასხვაგვარი ბოროტი აზრობრივი მსჯელობის სიმბოლო, რომელიც მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს. მე რომ მოვმკვდარიყავი, მომიწევდა ისეთი განცდის გადატანა, თითქოს ამ მილებიდან მოვედინები, აუტანელი ტანჯვით ვიწურები. კვლავ დანაშაულის საშინელმა, უპასუხო გრძნობამ შემიპყრო. „ჯერ არ მომკვდარა“. - გაიფიქრა მამა სტეფანემ და იქაურობას გამაშორა. დიდხანს მდევდა თან მრისხანების მდინარის ვაება და მისი ცოფიანი შხეფები.

ამის შემდეგ ჩვენ თითქოსდა ისევ ზევით ავედით და რაღაც დაწესებულებაში მოვხვდით. კუთხეში თითქოს გამიჯნულად იდგნენ ურჩხულები: უსახურნი, ადამიანისსახედაკარგულნი. შინაგანად ნაკვებნი და გარედანაც დაფარულნი საშინელი სიბინძურით. და მე მივხვდი, რომ ეს იყო საზვერე უხამსობისთვის, ბილწი ანეკდოტებისთვის, უწესო სიტყვებისთვის. შვებით გავიფიქრე, რომ აქ მაინც ვიყავი უცოდველი, მაგრამ უცებ გავიგონე, რომ ამ საშინელმა ურჩულებმა საზარელი ხმით დაილაპარაკეს: „ჩვენია, ჩვენი“... და მე განსაცვიფრებელი სიმკვეთრით წარმომიდგა, თუ მე - ათი წლის გიმნაზიელი გოგონა - როგორ ვწერდი მეგობარ გოგონასთან ერთად კლასში ათასგვარ სისულელეს ქაღალდის ფურცელზე. და მაშინათვე დანაშაულის გრძნობასთან ერთად ამომიტივტივდა უღრმესი შეგრძნება იმისა, რომ პასუხის მიგება არ შემეძლო. მაგრამ ჩემმა წინამძღოლმა ისევ ფიქრში გასცა მათ პასუხი: „- იგი არ მომკვდარა“... და იქაც გამატარა. იქვე ახლოს, იმ შესახვევიდან გამოსვლისთანავე ჩემი სული დავინახე მინის ქილაში მომწყვდეული ფიგურის სახით, ეს იყო მკითხაობის საზვერე. მე ვიგრძენი, როგორ აკნინებს და ამცირებს უკვდავ სულს მკითხაობა, თითქოსდა უსიცოცხლო ლაბორატორიულ პრეპარატად აქცევს მას.

კიდევ უფრო წინ, მოპირდაპირე კუთხეში, როგორც ფანჯარაში, რომელიც მეზობელ ქვემო დაწესებულებაში გადიოდა, დავინახე საკონდიტრო ნაწარმის აურაცხელი სიმრავლე, - რიგებად იყო განლაგებული. ეს იყო ჩემს მიერ მირთმეული ტკბილეულობა. თუმცა აქ ეშმაკები არ მინახავს, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში გემოთმოყვარეობის ყველა გამოვლინების ხილულ ნიშნებს იქედნური ეშმაკეულობის სუნი უდიოდა. მე იძულებული ვიყავი, ყოველივე ეს ხელახლა გადამეყლაპა, მაგრამ - არა სიამოვნებით, არამედ - საშინელი ტანჯვა-წამებით.

ამის შემდეგ ჩვენ ჩავუარეთ აუზს, რომელშიც დაუსრულებლად ბრუნავდა სიმხურვალისაგან გამდნარი, ოქროსფერი სითხე - ეს იყო გარყვნილი, ავხორცული ფიქრების საზვერე. სასტიკი სატანჯველის ოხშივარი ასდიოდა ამ გამდნარ და მოძრავ სითხეს.

ამის შემდეგ ჩემი ერთი ნაცნობის სული დავინახე (იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო). - საოცარი ფერის და უცნაური ფორმის ყვავილის სახით. იგი მშვენიერი ვარდის ფურცლებისგან შედგებოდა, რომლებიც გრძელ მილაკს ქმნიდნენ. არც ღერო და არც ფესვი არ ჰქონდა. მოძღვარი მივიდა, ფურცლები მოჭრა და ღრმად ჩარგო მიწაში. „- ისინი ახლა გამოიღებენ ნაყოფს“. - თქვა მან.

ახლოსვე იდგა ჩემი ბიძაშვილის სული. ერთიანად საომარი ამუნიციებით განმსჭვალული, თითქოსდა სული, როგორც ასეთი, არც არსებობდა. ამ ბიძაშვილს ძალიან უყვარდა სამხედრო საქმე, მიჯაჭვული იყო მასზედ და არანაირ სხვა საქმიანობას საკუთარი თავისთვის არ სცნობდა.

ამის შემდეგ სხვა - მომცრო დაწესებულებაში მივედით. აქ იყვნენ მახინჯები: გიგანტები - თოჯინის, ხოლო ჯუჯები - უზარმაზარი თავებით. აქვე ვიდექი მე - უზარმაზარი მკვდარი მონაზვნის სახით, თითქოს გახევებული. ყველა ესენი იმ ადამიანების სიმბოლოები იყო, რომლებიც თვითნებურ მოღვაწეობრივ ცხოვრებას ეწევიან, მორჩილების და სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე: ერთნი ხორციელი ღვაწლით არიან დაკავებულნი, მეორე ნაწილს გონებრივი განსჯის უნარი აქვთ მეტისმეტად განვითარებული. ჩემთან დაკავშირებით მე გავიგე, რომ დადგება დრო, როდესაც სულიერი მოძღვრის მორჩილებას მივატოვებ და სულიერად მოვკვდები (ეს ასეც მოხდა, როდესაც 1992 წელს მე მამა სტეფანეს რჩევები არ გავითვალისწინე, სქიზმაში წავედი, არ მსურდა, მეცნო მიტროპოლიტი სერგი - ამჟამინდელი პატრიარქი; სიცოცხლის ხისგან მოწყვეტილი სულიერად ნამდვილად გავხმი, მოვკვდი და მხოლოდ ყოვლადწმიდა დედოფლის, ღვთისმშობლის მეოხებით დავუბრუნდი ეკლესიის წიაღს). ფეხები თითქოს იატაკზე მიმელურსმა, მაგრამ ღვთისმშობლისადმი მხურვალე ლოცვის წარმოთქმის შემდეგ კვლავ მომეცა წინსვლის და მამა სტეფანესთან უკან მიდევნების შესაძლებლობა. ეს იყო არა საზვერე, არამედ ჩემი მართლმადიდებლობის, ცხონების გზიდან სამომავლო გადახვევის წინასახე.

შემდეგ უზარმაზარი ცარიელი ტაძრების მთელი რიგი გაიჭიმა, რომელთა შორის ჩვენ მომქანცველად დიდხანს მივდიოდით. მე ფეხებს ძლივს ვადგამდი და ფიქრებში ვკითხე მამა სტეფანეს, თუ როდის დამთავრდებოდა ეს გზა. მან ფიქრითვე მომიგო: „ეს ხომ შენი ოცნებებია, რატომ ოცნებობდი ამდენს?“ ის ტაძრები, რომელთა შორისაც მივდიოდით, მაღალი და ლამაზი იყო, მაგრამ - ღვთისთვის უცხო. ტაძრები - უღმერთოდ...

დროდადრო გვხვდებოდა ანალოგიები, რომელთა წინაშეც მუხლზე ვდგებოდი და აღსარებას ვამბობდი, ამ დროს კი ჩემი მოძღვარი გვერდზე იდგა და მელოდა. პირველი მღვდელი, ვისთანაც აღსარება ვთქვი, იყო მამა პეტრე (ჩვენი ეკლესიის წინმძღვარი, რომელთანაც ნამდვილად ვთქვი აღსარება ამ ხილვის შემდეგ). შემდეგ აღსარებების დროს სასულიერო პირი აღარ დამინახავს, მაგრამ ანალოგიებთან აღსარებისათვის ხშირად ვიჩოქებდი. ეს ყველაფერი ჩემს მომავალ ცხოვრებაზე მიმითითებდა - აღსარების საიდუმლოში ხშირი მონაწილეობის გზით გადარჩენაზე.

უცებ ჩვენ თითქოს დაფდაფების ხმა გავიგონეთ და როდესაც მოვიხედეთ, ვნახეთ, რომ კედელზე მარჯვნივ მღვდელმთავარ თეოდორე ჩერნიგოველის ხატი იყო, რომელმაც თითქოს თავი შემახსენა. მღვდელმთავარი ხატის ლუსკუმაში მთელი ტანით მოჩანდა. გამახსენდა, რომ ბოლო დროს მის წინაშე აღარ ვლოცულობდი.

შემდეგ, როდესაც გზა ისევ გავაგრძელეთ, ჩვენს შესახვედრად წმ. ნიკოლოზ მირონლუკიელი გამოვიდა. ის იყო მთლიანად ვარდისფერსა და ოქროსფერში, როგორც ვარდის ფურცლებში. მზის ოქროსფერი სხივებით განათებული. ჩემი სული ამ სიწმინდესთან შეხებამ აათრთოლა და პირქვე დავემხე. მტანჯველად ამტკივდა სულის ყველა ჭრილობა - ისინი თითქოს გაშიშვლდა და შიგნიდან განათდა სიწმიდესთან ამ გასაოცარი სიახლოვით. პირქვე დამხობილი იმავდროულად ვხედავდი, რომ მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ლოყაზე აკოცა ჩემს მოძღვარს.

მალე მე ვიგრძენი, რომ შეიძლება, დედა ღვთისა ჩამობრძანებულიყო, მაგრამ ჩემი უძლური, ცოდვისმოყვარე სული აბობოქრდა იმის გამო, რომ სიწმიდესთან უშუალო კავშირი მისთვის შეუძლებელი იყო.

ჩვენ წავედით და შევნიშნეთ, რომ გასასვლელი ახლოს იყო. თითქმის გასასვლელთან საზვერეში ვნახე ერთი ჩემი ნაცნობი, ხოლო უშუალოდ გასასვლელში - მონაზონი, რომელსაც თითქოს რაღაც დაფით მაღლა ისროდნენ, მაგრამ სხვების ცოდვები სრულებით არ იზიდავდა ჩემს ყურადღებას. შემდეგ შევედით ტაძარში. შესასვლელს ჩრდილი ეფინებოდა, ხოლო ტაძრის მთავარი ნაწილი განათებულიყო.

ზემოთ, ჰაერში - კანკელის სიმაღლეზე იდგა შესანიშნავი აღნაგობის, კეთილშობილი და არაჩვეულებრივად ლამაზი გოგონა, რომელიც მეწამული მანტიით იყო მოსილი. წმიდანები ოვალურ წრედ გარს ევლებოდნენ მას ჰაერში. ეს საოცარი გოგონა უჩვეულოდ ნაცნობი და ახლობელი მომეჩვენა, მაგრამ მისი ვინაობის გახსენებას ამაოდ ვცდილობდი: „ვინ ხარ, საყვარელო, ძვირფასო, უსაშველოდ ახლობელო?“ და უეცრად ვიღაცამ შიგნიდან მითხრა, რომ ეს ჩემი სულია, რომელიც ღვთისგან მომეცა, სული - იმ ქალწულებრივ მდგომარეობაში, როგორშიც იგი ნათლობის ემბაზში იყო; ღვთის ხატება მასში ჯერ კიდევ არ დამახინჯებულიყო. მას წმიდა შუამდგომელნი ეხვივნენ გარს - კარგად არ მახსოვს - ვინ. ერთი - მახსენდება - ძველ სამღვდელმთავრო შესამოსელში იყო. ტაძრის სარკმლიდან საოცარი სინათლე შემოდიოდა და მოკრძალებულ ნათელს აფრქვევდა. მე ვიდექი და გაქვევებული ვუცქერდი.

მაგრამ უეცრად წინკარის ჩრდილს გამოეყო და ჩემთან მოვიდა ღორისფეხებიანი საშინელი არსება, გარყვნილი დედაკაცი, უსახური, მდაბალი, უზარმაზარი პირით, შავი კბილებით. ჰოი, საშინელებავ! ეს ურჩხული იყო ჩემი სული - ამჟამინდელ მდგომარეობაში! სული უსახური, რომელმაც გარყვნა ღვთის ხატება. მომაკვდინებელმა, გამოუვალმა მწუხარებამ ამათრთოლა. ურჩხულს თითქოს სურდა, ნიშნისმოგებით ჩამხუტებოდა, მაგრამ მოძღვარმა შეაჩერა იგი და უთხრა: „- ჯერ არ მომკვდარა“. - და მე შეშინებული გასასვლელისკენ წავყევი მას. კოლონების გასწვრივ ჩრდილში ისხდნენ მისი მსგავსი ურჩხულები - სხვათა სულები, მაგრამ მათი ცოდვებისთვის მე არ მეცალა.

გასვლისას მოვიხედე და მწუხარებით კვლავ ვიხილე ჰაერში, კანკელის სიმაღლეზე მოლივლივე ის მშობლიური, ახლობელი და დიდი ხნის დავიწყებული და დაკარგული არსება...

ჩვენ გამოვედით და გზას დავუყევით. და იქ თითქოს გამოსახვა დაიწყო ჩემმა მომავალმა მიწიერმა ცხოვრებამ: მე საკუთარი თავი ძველებურ, თოვლით დაფარულ მონასტრის შენობებში ვიხილე: ჩემს გარშემო მონაზვნები იყვნენ და თითქოს მეუბნებოდნენ: „- დიახ, დიახ, კარგია, რომ მოხვედი“. მიმიყვანეს იღუმენთან, რომელიც ასევე მიესალმა ჩემს მისვლას. მაგრამ მე რატომღაც საშინლად არ მინდოდა იქ დარჩენა. თვითონაც მაკვირვებდა ეს ამბავი, რადგან ამ დროისთვის, ე.ი. ავად გახდომამდე, მონაზვნობას ვესწრაფოდი.

შემდეგ თითქოს იქიდან გამოვედით და უდაბნოს გზაზე აღმოვჩნდით. მოძღვრის სიახლოვედ ზურგით იჯდა დიდებული ბერი, რომელსაც ხელთ დიდი წიგნი ეპყრა. ჩვენ მუხლი მოვიყარეთ მის წინაშე, ბერმა წიგნიდან ფურცელი ამოხია და მამა სტეფანეს გაუწოდა. მან გამოართვა და გაქრა. მე მივხვდი, რომ მიიცვალა. გაქრა ბერიც. მე მარტო დავრჩი. გაურკვევლობაში მყოფმა, შიშით გავაგრძელე გზა - ეს იყო უდაბნოს ქვიშნარი ბილიკი. ამ გზამ ტბამდე მიმიყვანა. ბინდდებოდა, ეკლესიის ზარის წყნარი ხმა ისმოდა, ტბის ნაპირზე, კედელთან ნაძვნარი იყო. სრულ გაურკვევლობაში მყოფი შევჩერდი: გზა აღარ იყო. და უცებ ჰაერში ჩემს წინ მოძღვრის გამოსახულება გამოჩნდა. ხელში საცეცხლური ეჭირა და მკაცრად მიმზერდა. იგი ტყის მიმართულებით მიდიოდა სახით ჩემსკენ, აკმევდა და თითქოს მეძახდა. მე მივყევი, ისე რომ თვალი არ მომიცილებია და ტყის ტევრში შევედი. ის ხეებს შორის მისრიალებდა, როგორც მოჩვენება, გაუჩერებლად აკმევდა და თვალმოუშორებლად მიცქერდა. ჩვენ მდელოზე შევჩერდით. მე დავიჩოქე და ლოცვა დავიწყე. ის უხმაუროდ დასრიალებდა მდელოს გარშემო. მკაცრ თვალებს არ მაშორებდა. კიდევ ერთხელ აკმია ყველგან და გაუჩინარდა, მე გამომეღვიძა.

ამ ძილის დროს რამდენჯერმე გამომეღვიძა. ვხედავდი ოთახს, მესმოდა მძინარე ნათესავების სუნთქვა. შეგნებულად აღარ მინდოდა, რომ სიზმარი გაგრძელებულიყო, ლოცვას ვკითხულობდი, მაგრამ სურვილის საწინააღმდეგოდ თითქოს საკუთარი თავიდან გავდიოდი. ეხლა, როცა უკვე საბოლოოდ გავიღვიძე, აშკარად მივხვდი, რომ ვკვდები და მაშინათვე მთელი ჩემი ცხოვრების უმიზნობა შევიგრძენი, ვიგრძენი, თუ რამდენად მოუმზადებელი ვხვდები მარადიულობას.

„უქმად გავატარე ცხოვრება“ - ვირწმუნებოდი მე და მხურვალე ლოცვით ვევედრებოდი დედოფალს, რომ ჩემთვის სინანულის ჟამი მოეცა. „პირობას ვდებ, რომ ვიცხოვრებ შენი ძისათვის“. - გადმოიღვარა ეს სიტყვები ჩემი გულის სიღრმიდან. და იმავე წუთს თითქოს მადლმოსილმა ცვარმა გამაგრილა. სიცხე თითქოს არც მქონოდეს. მე სიმსუბუქე ვიგრძენი, ვიგრძენი, რომ ცხოვრებას დავუბრუნდი.

ფარდებს შორის ნაპრალებიდან მოჩანდა ვარსკვლავები, რომლებიც ახალი, განახლებული ცხოვრებისთვის მიხმობდნენ. დილით ექიმმა ჩემი გამოჯანმრთელება დაადასტურა.

„გამარჯვება უკანასკნელ მტერზე“, თბილისი, 2004 წ.