შეხვედრა უფალთან

ადრე, ვიდრე მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ახალმოსული ვიყავი, მეჩვენებოდა, რომ უფალი, რადგან ჩვენს ცოდვილ მდგომარეობას ხედავდა, სასწაულებს აღარ მოგვივლენდა. მაგრამ იმას, რაც მალევე შემემთხვა, მაიძულა, რომ სხვაგვარად მეფიქრა და მე მზად ვარ ყველაფერი თანმიმდევრულად გადმოვცე.

ჩემი გზა მართლმადიდებლობისაკენ რთული და მომქანცველად გრძელი აღმოჩნდა. მე „დედამიწაზე სამოთხის“ აქტიური მშენებლობის პერიოდში დავიბადე, როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ „ღმერთი არ არსებობს“, ხოლო „რელიგია ხალხის ოპიუმია“, ყველაზე მეტად ამუქებდნენ მართლმადიდებლობას. და ჩემს სულშიც მყარად გაიდგა ფესვი წინაპართა საწრმუნოების მიმართ დამოკიდებულებამ, როგორც რაღაც - ჩამორჩენილისა და პრიმიტიულისადმი. მაგრამ მიწიერი არსებობის საკითხი ძალიან ადრეულ პერიოდშივე მაღელვებდა. ბავშვობის წლებშივე ვცდილობდი, ბუნების საიდუმლოებებს ჩავწვდომოდი, შემესწავლა ისინი. მრავალი წელი დავკარგე, მაგრამ გონივრული პასუხი ვერ მივიღე. ინტუიციით ვგრძნობდი, რომ ცხოვრების მატერიალური გამოვლინების უკან დგას უხილავი ცხოვრება, შეიძლება - უფრო მრავალფეროვანი და რთული. მე ვხვდებოდი, რომ ადამიანის შინაგანი ბუნება, მისი სული გარკვეული სახით ამ უხილავ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. ერთი პერიოდი ფილოსოფიამ და ფსიქოლოგიამ გამიტაცა. მაგრამ სხვადასხვაგვარი თეორიები ჩემს ნდობას ვერ იმსახურებდნენ და მათ მიმართ ინტერესი დავკარგე.

ამ დროისთვის ჩემს ცნობიერებაში უკვე ტრიალებდა ცნება „შემოქმედი“, „დამაარსებელი“. მაგრამ ჯიუტად გავურბოდი „ღმერთის“ ცნებას, რომელიც ჩემში ფანატიზმთან ასოცირდებოდა. და შედეგად უკანმოუხედავად ვყურყუმალობდი აღმოსავლური რელიგიების აურაცხელ სიმრავლეში, რომლებიც ჭეშმარიტების შეცნობას ასე მაცდუნებლად გვთავაზობენ. და აი, მე დავიწყე მიხვედრა, რომ პირდაპირ „ცხვირწინ მაცლიან“ ჭეშმარიტებას, ცდილობენ საერთოდ მომწყვიტონ მას.

ამიტომ უკვე საკუთარ ძალებს აღარ დავენდე, შეუცნობელის წინაშე მთელი ჩემი არარაობა გავაცნობიერე და შემოქმედის მიმართ აღვავლინე ვედრება, ეს იყო მთელი გულწრფელობითა და სასოწარკვეთილებით ნათქვამი ლოცვა, რომელმაც მოიცვა ჩემი არსება: „უფალო, მიმიყვანე შენამდე! მაჩვენე გზა, შენსკენ, ჭეშმარიტებისკენ რომ მიდის“. ამ წუთებიდან მე მხოლოდ ამ შინაგანი ლოცვა-ვედრებით ვარსებობდი. და უფალმა ისმინე ჩემი და მისკენ მიმავალი გზა გამიხსნა. მე მოვინათლე. მალე მართლმადიდებლური აღმსარებლობა, რომელმაც ღრმად შესძრა ჩემი სული, ცხოვრების ერთადერთ მიზნად იქცა. განცვიფრებული ვიყავი იმით, რომ მთელი ცხოვრება ჭეშმარიტების გვერდით მივლია და ეს ეჭვადაც არ ვიცოდი. შეიძლება იმისათვის, რომ ღირსეულად შემეფასებინა წინაპართა სარწმუნოება, უფალმა, თავისთან ასეთი ეკლიანი გზით იმისთვის მიმიყვანა.

მაღალი ღმერთის წყალობა ჩემს მიმართ ამით არ ამოწურულა. უეცრად მივხვდი, რომ შინაგანი სიმშვიდისა და მყუდროების უჩვეულო მდგომარეობა მოვიპოვე, რომელიც ადრე უცხო იყო ჩემთვის, ამასთან ერთად ჩემი უკვე დიდი ხნის ავადმყოფი სხეული სასწაულებრივად გათავისუფლდა ათასგვარი ტკივილისაგან. სხეული გამოცოცხლდა. უკვე დიდი ხნის დაკარგული ახალგაზრდული მხნეობა იგრძნო. და მაშინ მეჩვენებოდა, რომ ყველა ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი მარადიულად მივიღე. ამგვარად გრძელდებოდა მრავალი თვის განმავლობაში, ვიდრე მე გულმოდგინებით მივყვებოდი ეკლესიურ ცხოვრებას - მისი განსაცვიფრებელი საიდუმლოებებით. თავდაპირველად ვერ ვაცნობიერებდი, თუ რისთვის მეძლეოდა ეს ახალი ძალები და იმის მაგიერ, რომ გამემრავლებინა ისინი და გავფრთხილებოდი კიდეც, უგუნურად და უკანმოუხედავად ვფლანგავდი მათ. თანდათან, უფრო და უფრო ვეძლეოდი ცოდვილ ამაოებას, უკვე დაუდევარი ვიყავი მსახურების მიმართ, მავიწყდებოდა საიდუმლოებები, რომლებიც ასე კვებავენ და განწმედენ სულს. და რა მოხდა შედეგად? ყველა ეს წყალობა, რომელიც ღვთისგან მომეცა, ასევე მოულოდნელად გავფლანგე. აი, მაშინ კი ყველა ჩემი ძველი დაავადება დამიბრუნდა და კიდევ უფრო მტანჯველად შემომიტია. ხოლო შინაგანი სიმშვიდე სულის დამთრგუნველმა სიმძიმემ შეცვალა. თითქოს ღვთის მადლი საერთოდ არასოდეს შემხებოდეს.

ამ დროისათვის უკვე ორმოცი წლის ვიყავი. ხოლო ხელში პატარა ბავშვი მეკავა, სულ ხუთი წლისა. საჭირო იყო მეზრუნა მასზე, გამომეკვება, ჩამეცმია. დავივიწყე უმთავრესი - სულის ხსნა და ერთიანად ყოფით პრობლემებში ჩავყვინთე.

უღმერთოდ ჩემი არსებობა კვლავ უაზრო, შეშლილ რბოლას დაემსგავსა, რომელიც ყოველთვის წარმოუდგენელ დაღლილობას მაგრძნობინებდა.

მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, უფალმა კვლავ მომხედა და ისმინა ჩემი სუსტი, მაგრამ სასოწარკვეთილი ძახილი. და ამჯერადაც გამოავლინა მან თავისი უსაზღვრო გულმოწყალება. ამ ამბამდე ერთი დღით ადრე, ისე რომ ეჭვიც არაფრისა მქონია ერულ ამაოებაში ვიყავი ჩაფლული. მე მხატვრად ვმუშაობდი და ვცდილობდი, დროულად შემესრულებინა დიდი შეკვეთა. მკვეთრად გაუარესებულმა ჯანმრთელობამ მაიძულა, სამუშაოს დასრულებისთანავე ექიმთან მივსულიყავი. დიდი ხანია, სამედიცინო შემოწმებაზე აღარ ვყოფილიყავი და ექიმის მშრალი სიტყვები: „ხვალვე სასწრაფო ოპერაცია...“ ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. შიგნიდან ყველაფერი გამეყინა. უეცრად ჩემი ცხოვრება, ცხოვრება, რომელშიც უკვე წამიც აღარ იყო იმისთვის, რომ შევჩერებულიყავი და დავფიქრებულიყავი, მოულოდნელად და მკვეთრად შეჩერდა. საშინელი გაურკვევლობის წინაშე გაიყინა. „რა ხდება, რა მომივა? რა ელით ჩემს ახლობლებს, ჩემს პატარა ბავშვს? - ვფიქრობდი მე. - ოპერაცია ხომ საერთო ნარკოზს მოითხოვს, ეს კი ნიშნავს, რომ დიდი შესაძლებლობაა, ჩემმა ცოდვილმა სულმა საუკუნოდ დატოვოს სხეული! რითი წარსდგება იგი ღვთის წინაშე?..“ ოჯახის ფინანსური პრობლემების დასაძლევად მე დღედაღამ ვმუშაობდი და სულ მიმავიწყდა ღმერთი. უკვე თვეზე მეტი იყო ეკლესიაში არ ვყოფილყავი, აღსარება არ მეთქვა და არ ვზიარებულიყავი. დაგროვილი ცოდვები სულს მიმძიმებდა. მაგრამ ეკლესიასთან ასეთ ხანგრძლივ განშორებას ჩემი ყრუ სინდისისა და ღვთის წინაშე დროებითი გარემოებებით, უდროობით და ძლიერი დაღლილობით ვამართლებდი. ამ მოულოდნელი ამბით ჩემი ცხოვრების შესახებ ღირებულებები წამიერად შეიცვალა. ოპერაციის წინ ამ გრძელ და მტანჯველ ღამეს საერთოდ არ მიძინია, ვფიქრობდი იმაზე, რომ ყველაზე მნიშნველოვანი ერთადერთი რამღა დარჩა ჩემთვის - ეს იყო სულის ხსნა. საკუთარი ცოდვილობის შეგრძნებას მწველ სასოწარკვეთილებამდე მივყავდი. შიგნიდან ყველაფერი მტანჯველი ცეცხლით იწვოდა. დილამდე ძლივს დავიცადე, საავადმყოფოსათვის მზადება მივატოვე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ერთ ნაცნობ მონასტერში მოძღვართან, რომელთანაც ადრე ვამბობდი აღსარებას. იმედი მქონდა, რომ დახმარებაზე უარს არ მეტყოდა. ჩემდა საბედნიეროდ, იგი მონასტერში აღმოჩნდა. ერთ საათზე მეტი გულწრფელ სინანულსა და ჩემს ცოდვებზე ტირილში გავატარე. უფალი იმდენად მოწყალეა, რომ ღვთისმსახურმა უარი არ მითხრა და წმ. საიდუმლოსთან მაზიარა. მაშინვე უკეთ გავხდი. საიდუმლოებებში მონაწილეობამ ჩემს დაბნელებულ სულს სიმძიმე ჩამოაცილა. ხოლო დარიგება მოძღვრის მხრიდან, რომელმაც სიმართლე არ დამიმალა და ყველაზე უარესთან შესახვედრად განმაწყო, ძალიან დამეხმარა, რომ ცხოველური შიში დამეძლია და ოპერაციისათვის სწორად მოვმზადებულიყავი. ბოლოს დამშვიდებულმა თავი მაღალი ღმერთის ნებას მივანდე.

ოპერაციამდე დარჩენილი დრო იესოს ლოცვაში გავატარე. საოპერაციო მაგიდაზე რომ დავწექი, მაშინაც იმას ვცდილობდი, რომ ლოცვა არ განმეშორებინა. როდესაც ნარკოზში „წავედი“ და პირში სიცივე ვიგრძენი, აზრები მეფანტებოდა, თითქოსდა ისინი დნებოდნენ. და გონებაში მხოლოდ ერთის თქმა შევძელი: „ხელთა შინა შენთა ვარ, უფალო“... მაგრამ შემდეგ, ძალა მოვიკრიბე, რადგან ვიგრძენი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ლოცვა ჩემი ცხოვრების ესოდენ საპასუხისმგებლო წუთებში და დავასრულე: „შეგვედრებ სულსა ჩემსა“. ამ შემთხვევამდე საერთო ნარკოზით არაერთი ოპერაცია გადავიტანე და ყოველ ჯერზე გონს მოსვლამდე ღრმა, უსიზმრო ძილში ვიყავი ხოლმე ჩაძირული. ამჯერად კი, როდესაც ლოცვა დავასრულე, მე თითქოს სადღაც გავფრინდი. ამასთან, ცნობიერება ერთი წუთითაც არ დამიკარგავს. მე თითქოს სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი. აქედანვე ვაღიარებ, რომ, რაც ამ წუთებიდან ხდებოდა ჩემში, არამიწიერი შეგრძნებები იყო და ადამიანური ენის სიღატაკის გამო მისი სრულად აღწერა შეუძლებელია. მაგრამ მე მაინც ვბედავ ამის გაკეთებას და ღვთის შეწევნის იმედი მაქვს.

არაფერი ჩემში და ჩემს გარშემო არ ჰგავდა მიწიერს. ყოველგვარი ადამიანური შეგრძნება მაშინათვე გაუჩინარდა, ყოველივე მიწიერი წავიდა, უკვალოდ გაქრა. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს მე ვარ და ეს მე მემართება. საკუთარი თავის განცდა იყო იმდენად არამიწიერად აშკარა და სრული, რომ ადამიანური გონებისთვის მისი შეფასება შეუძლებელი იყო. დედამიწაზე ხომ საკუთარი თავის შეგრძნება ხორცითაა დამძიმებული და ამიტომ მეტად შეზღუდული და საკუთარ „მე“-ში ჩაკეტილია. ამასათან, ადამიანური ცნობიერება ხომ გამუდმებული აზრების ნაკადით, ემოციების გრიგალით იღრჩობა და ამიტომ მთლიანობა არ გააჩნია. ამ ყველაფერს მერე მივხვდი, როდესაც ჩემი „იქაური“ მდგომარეობა შევაფასე.

ამგვარად, ჩემი ცნობიერება კონცენტრირებული, მკვეთრი და მკაფიო იყო. მეორე წუთში უცებ მომინდა, განმესაზღვრა საკუთარი თავი, გამეცნობიერებინა, ვინ ვარ მე, რას წარმოვადგენ. და მე ჩემს თავს გვერდიდან შევხედე. ამ დროს შემეძლო, ჩემივე პიროვნება წვრილმანებამდე დამეთვალიერებინა. მიწიერი განზომილებისთვის ეს უკიდურესად უცნაურად და არანამდვილად ჟღერს, მაგრამ „იქ“ სხვა რეალობაა, არსებობს სხვა კანონები, რომლებიც ჩვენს წარმოდგენებს არ ექვემდებარება.

თუ დროზე ვილაპარაკებ, ეს ეპიზოდი ძალიან სწრაფად განვითარდა. მაგრამ თვით დროის გაგება „იქ“ ძალიან თავისებურია: დრო „იქ“ თითქოს დროში არსებობს. და ის ეპიზოდი, როდესაც საკუთარ თავს ვაკვირდებოდი იყო დროის თავისთავადი და ტევადი მონაკვეთი მოვლენათა წამიერ, თავბრუდამხვევ მდინარებაში.

შემდეგ უკვე ჩემს წინ უზარმაზარი, განათებული სივრცე გადაიშალა, რომელიც მშვიდ, ნათელ სიხარულს იწვევდა. ეს გარეშემოუწერელი, ნათელი სივრცე გადაჭიმული იყო ჰორიზონტამდე, რომელიც მკვეთრად მოჩანდა. ხოლო ჩემთან, ვგრძნობდი, რომ იყო საზღვარი, რომელიც მაშორებდა უფსკრულს (მე ამგვარად შევიგრძნობდი იმ ადგილს, საიდანაც ეს-ესაა „მოვედი“). მე თითქოს სიბრტყეზე ვიმყოფებოდი, რომლის ქვეშაც ბნელი და ყრუ უფსკრული იყო. ეს უხილავი და უცნობი სიბრტყე პირქუშ, უჟმურ უფსკრულს ამ უნაპირო, ნათელი სივრცისაგან ჰყოფდა, რომელშიც უეცრად აღმოვჩნდი.

ჯერ კიდევ მიწაზე, ოპერაციის წინ, სასოწარკვეთილი ვევედრებოდი უფალს, მოეცა ჩემთვის თუნდაც მცირეოდენი დრო, თუნდაც ამ დროის უმცირესი ნაწილი, რომ ახლობლებისთვის ვალი დამებრუნებინა. მე მტანჯველი გრძნობით ვევედრებოდი მას, ეს შესაძლებლობა მოენიჭებინა ჩემთვის. და როდესაც იქ აღმოვჩნდი, ერთადერთ მიზანიღა დამრჩა. ჩემში ყველაფერი მას ემორჩილებოდა და ყველაფერი ამ მიზანში კონცენტრირებულიყო. ეს იყო გადაულახავი სურვილი, რომ ვყოფილიყავი „მასთან“, ვინც არის ყველაზე და ყოველივეში, ვისაც ყველა არსებული ემორჩილება. სიტყვა „ღმერთი“ ჩემს ცნობიერებაში დროის იმ მონაკვეთში არ არსებობდა. მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რომ ესაა უკანასკნელი ინსტანცია, ყოველივეს მწვერვალი, მსაჯული. მე „მასთან“ აუცილებლად უნდა მივსულიყავი „თხოვნით“, „თხოვნით“, რომელიც იქიდან მოვიტანე, საიდანაც ეს-ესაა მოვედი და რომელზე მნიშვნელოვანიც ჩემში და ჩემთვის არაფერი ყოფილა. ეს იყო ერთადერთი მნიშნველოვანი რამ ჩემთვის. მე არც კი ვაცნობიერებდი, არც კი ვფიქრობდი იმაზე, თუ რაში მდგომარეობდა ეს თხოვნა. მაგრამ სწორედ ეს „თხოვნა“ იყო ერთადერთი მამოძრავებელი ფაქტორი, რომელიც მაიძულებდა დაუძლეველი წყურვილით, მთელი ჩემი არსებით „მისკენ“ მესწრაფა – აი, რითი ივსებოდა და აღმოივსებოდა მთელი ჩემი არსება.

რამდენიმე წუთით სრული მარტოობა ვიგრძენი, მაგრამ ეს შეგრძნება მართლაც წამიერი იყო იმიტომ, რომ მეორე წამშივე (ჩემგან და ჩემი სურვილისგან დამოუკიდებლად) უცებ დაიწყო მოძრაობა, რომლის დროსაც უკვე აღარ ვიყავი მარტო. და მაშინათვე ვიგრძენი, რომ ვიღაც იყო, თუმცა არავინ დამინახავს. მაგრამ ვიღაც თუ რაღაც ძალიან თბილი, დიდად საიმედო უცებ გაჩნდა ჩემს გვერდით, რომელიც მიცავდა და მდევდა მოულოდნელ მსვლელობაში. ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ ვიღაცის ასეთი უცაბედი გამოჩენა უმაღლესი ნებით მოხდა, ჩემდამი თანაგრძნობის გამო, რადგან შეუჩვეველ პირობებში მოვხვდი და მხარდაჭერა და გეზის მიცემა მჭირდებოდა. მე მაშინათვე რწმენა და ნდობა ვიგრძენი უხილავი წინამძღოლის მიმართ და შევეცადე, თანამგზავრისთვის ჩემი განზრახვა გამენდო. მაგრამ ეს სრულიად ზედმეტი აღმოჩნდა, რადგან მან უთქმელადაც კარგად იცოდა ჩემი მიზნები აქ. და სიტყვაშეუბრუნებელი მორჩილებით იგი ჩემი უმთავრესი სურვილი – მიზნისაკენ გამიძღვა. ოდნავ გადავუხვევ, რომ ჩემი თხრობა შევავსო. ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მეზობელმა მინახულა. მე წვრილმანების გარეშე ზოგადად ვუამბე, რომ ოპერაციის დროს „ვმოგზაურობდი“. მაშინ მან გაიხსენა, რომ ექვსი წლის წინ, ოპერაციის დროს, საერთო ნარკოზის ქვეშ იმყოფებოდა და მანაც „იმოგზაურა“. მან დაიწყო ძალიან დაწვრილებით აღწერა იმისა, რაც განიცადა და მე გამაოცა განსაცვიფრებელმა მსგავსებამ (თვით წვრილმანებშიც კი) ჩემს მეირ განცდილთან. მისი შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაფერი, ყველაზე უმნიშნველო რამაც კი საოცარი სიცხადით ახსოვდა. მაგრამ ამ ჩვენს „მოგზაურობებს“ შორის იყო ერთი, ძალიან მნიშნველოვანი სხვაობა. კერძოდ ის, რომ ჩემს ნაცნობს „იქ“ არავინ აცილებდა და იგი „იქ“ განუსაზღვრელ მარტოობას გრძნობდა. მინდა დავამატო, რომ იგი ღვთის მორწმუნე ადამიანია, მაგრამ არა მართლმადიდებელი და ქრისტეს, როგორც მხსნელს, უარყოფს.

ახლა კვლავ ჩემი მოგზაურობის ამბავს განვაგრძობ. მეგზურს, რომელიც გზის მიმართულებას განსაზღვრავდა, უფრო და უფრო აშკარად შევიგრძნობდი. მე თანდათან უფრო მძაფრად ვგრძნობდი, რომ იგი რაღაც მაღალი ნებით ვალდებულია, მიჩვენოს ეს ყველაფერი და უნდა გაიაროს ყველა ეს გზა, რომელიც ასევე მაღლიდანაა განსაზღვრული. მაგრამ ყველაზე მეტად მე ასეთი სურვილი დამუფლებოდა – რაც შეიძლება ჩქარა მივსულიყავი „მასთან“. ჩემმა გამყოლმა, როგორც ჩანს, წამსვე შეიგრძნო ყოველივე, რაც ჩემში ხდებოდა. ჩემში მომხდარი უმნიშვნელო მოძრაობა, იმავე წამს აზრობრივად გადაეცემოდა მას, ისევე როგორც ორი ძალიან ახლობელი ადამიანის საუბრისას ხდება, ერთმანეთისა რომ საუკეთესოდ ესმით. მაგრამ ჩემი მასთან ურთიერთობის ენა სულაც არ იყო ადამიანური. ეს მოუთმენელი სურვილი რომ იგრძნო, გამყოლი სიტყვაშეუბრუნებლად დამემორჩილა. მალე შემოსაზღვრულ სივრცეში აღმოვჩნდით, რომლიც შუაგულში მოჩანდა რაღაც ძაბრისებური. ამ ძაბრის ყელი ჩადიოდა ჩვენი სივრცის ქვემოთ არსებულ რაღაც უცნობ სივრცეში – თითქოს მის წიაღში. მე გაურკვეველ მდგომარეობაში ამ ძაბრის ყელთან შევჩერდი. ჩემი გამყოლიც შეჩერდა. ჩვენ თითქოს რაღაცის მოლოდინში ვიგრძენით, რომ უნდა შევჩერებულიყავით.

ახლა უკვე მომეცა შესაძლებლობა, რომ უკანასკნელ წვრილმანებამდე შემეთვალიერებინა ჩემი გამყოლი. ეს არც ქალი იყო და არც კაცი, გრძელი, ტალღოვანი თმა თავიდან გაშლილ ფრთებზე ეშვებოდა და მათთან ერთდებოდა. შესამოსელი ერთიანად ჰფარავდა. ჩემი თანამგზავრი მთლიანობაში, მისი თავი, სახე, გრძელი, ჩამოშლილი თმა, ფრთები და ტანსაცმელი ბრწყინავდა, ფერად ტალღებად ელვარებდა, რაც ძალიან წააგავდა ზღვის სადაფის ნიჟარის ელვარებას. მისი სხეული ადამიანური უხეში ხორცისაგან მეტად განსხვავდებოდა, არამედ თითქოს გაუმჭირვალე მკვრივი ეთერისგან იყო შექმნილი. მისგან მომდინარე არომატი უბრალოდ სურნელი არ იყო. ეს იყო არაჩვეულებრივი, საოცარი, სულიერი სურნელი, რომლის მსგავსიც მიწის პირობებში არასოდეს მიგრძვნია. მისი სახე, უვლელი ნათლით გაბრწყინებული, ლბილი და უშფოთველი იყო. სახეზე თვალებიც ჰქონდა, ცხვირიც და ბაგეებიც. მაგრამ – რაღაცნაირად ერთიანი, მკვეთრი ხაზების გარეშე, რაც კიდევ უფრო გამოხატავდა სახის გამომეტყველების მშვენიერებას.

მოგვიანებით, მიწაზე, ვცდილობდი გამერკვია, რატომ იყო ჩემი მეგზური ესოდენ ნაცნობი, თითქოს ვიღაცას მაგონებდა. გარკვეული ხნის შემდეგ გავიხსენე: დიახ, დიახ, უეჭველია – ანდრია რუბლოვის „სამება“. ხატის საოცარ სახეებზე იგივე უშფოთველობა და სიმშვიდეა ასახული, - არამიწიერი მშვიდობისმყოფელობის იგივე სილბო და სილამაზე. თვით გარეგნული მსგავსება, სახის და ტანის პროპორციები ახლოსაა ჩემი თანამგზავრის გარეგნობასთან, რომლებიც ასევე ძალიან მაგონებდა ძველი რუსული ხატების გამოსახულებებს. და მე ვიფიქრე, რომ წმ. ხატმწერებს ლოცვითი ღვაწლის აღსრულებისას იმ უხილავი სამყაროს ხილვის უნარი ეძლეოდათ, რომელიც დაფარულია ცოდვილი, ხორციელი თვალისათვის.

როდესაც ჩემს გამყოლს ვაკვირდებოდი, მან დამარწმუნებლად მიმანიშნა, რომ უკვე მოგზაურობის მიზანთან ვიყავი. მთელი ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ნათლად ვგრძნობდი იმასაც, რომ ჩემდამი მორჩილებით იგი სრულ მორჩილებაში იყო უმაღლეს ნებასთან, რომელიც უხილავად, მაგრამ თვალმოუცილებლად მართავდა მას მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე. ამასთან, ასევე ნათლად ვგრძნობდი, რომ ჩემმა მეგზურმა იცოდა ის, რაც დაფარული იყო ჩემთვის. მაგრამ რატომღაც მცირეოდენი სურვილიც არ გამიჩნდა, იმაზე მეტი შემეტყო, რაც ჩემგან შესაცნობად იმ მაღალი ძალის მიერ იყო დაშვებული.

შემდეგ უკვე დავინახე, რომ ჩემნაირები, თავიანთი მეგზურებით უცებ საიდანღაც გამოჩნდებოდნენ, ელვისებურად მიემართებოდნენ ძაბრისკენ და ისე სწრაფად უჩინარდებოდნენ მასში, თითქოს შეიწოვესო. ისინი, როგორც უფერო, გამჭირვალე ჩრდილები თანმიმდევრულად გაიელვებდნენ ხოლმე.

მეგზურებს მათზედ მინდობილნი ფრთებს შორის ეჭირათ და მზრუნველობით იფარავდნენ ამ ძვირფას ტვირთს. ის სივრცე, სადაც მე მეგზურთან ერთად შევჩერდი, ჩემთვის იმჟამად გაურკვეველი მიზეზით, მათი მიზნისკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ წამიერი გაელვების ადგილი იყო. მეგზურმა, რომელიც მოელვარე ჩრდილებს თვალს ადევნდებდა, თავი ნარნარად მიაბრუნა და მე მისი ისეთივე უმშვენიერესი პროფილი ვიხილე. ცოტა ხნით იგი უშფოთველად ადევნებდა თვალს ყველაფერს, რაც ხდებოდა, თითქოს რაღაცას ელოდა. უეცრად ჩემში იშვა დაუძლეველი სურვილი - მეც ამ ძაბრში გავყოლოდი სხვებს. მაგრამ თანამგზავრმა წამიერად იგრძნო, რაც ჩემში ხდებოდა და მიბრძანა, რომ მას შევერთებოდი. დაუფიქრებლად, ერთ წამში მისი გაშლილი მარჯვენა ფრთის ქვეშ მოვექეცი. და უკვე იქიდან, როგორც საიმედო თავშესაფრიდან, ვაკვირდებოდი ყველაფერს. ჩემი მოუთმენლობა თანდათანობის იზრდებოდა და ვერ ვხვდებოდი, რაღაცას ვუცდიდით. ვეღარ ვითმენდი, ისე მსურდა, საერთო მსვლელობას შევერთებოდი და ძაბრის ყელში შევსულიყავით, მაგრამ ჩემი მეგზური, როგორც ჩანს, ელოდებოდა შესაძლებლობას, ჩემთვის განეცხადებინა ის, რასაც მე თვითონ უნდა მივმხვდარიყავი და ჩემი არ დამეჟინა. ბოლოს და ბოლოს მან თქვა: „ჯერ დრო არ არის“. ეს მან ძალიან დამაჯერებლად და მტკიცედ მითხრა. და მე იქვე, დაუფიქრებლად დავეთანხმე მას, თითქოს წამიერად გახდა ნათელი, რომ ჩემი „იქ“ მისვლის დრო არ იყო. ამ წუთიდან უეცრად ვიგრძენი, რომ უკან დავიწყე მოძრაობა, უკვე სულ სხვა განზომილებაში, თითქოს იმ განზომილებიდან ამოვვარდი და ქვემოთ ვეშვებოდი. მივფრინავდი უკვე მარტო, გამყოლის გარეშე, მაგრამ მისმა მოულოდნელმა გაუჩინარებამ ოდნავადაც არ შემაშინა და შემაშფოთა. მე თითქოს თეთრი ნისლის გავლით ვვარდებოდი, უფრო სწორად, ეს იყო თეთრი სინათლე, და მე არაფერი მამძიმებდა, კარგად და მშვიდად ვგრძნობდი თავს. ყველა სურვილი, რომელიც აქამდე ავსებდა მთელს ჩემს არსებას და ყველაზე მნიშნველოვანი და საჭირო იყო ჩემთვის, მოულოდნელად უკვალოდ გაქრა. და ნეტარება, რომელმაც მის ნაცვლად დაიმკვიდრა ჩემში, შეუძლებელია გადმოიცეს, რადგან არაფერი მსგავსი ცხოვრებაში არ განმიცდია (არც მიფიქრია, რომ მსგავსი რამ შეიძლება არსებულიყო). ირგვლივ ყველაფერს ავსებდა უსაზღვრო და დაუსრულებელი „სიყვარული“ ჩემდამი და ყველაფერ იმისადმი, რაც გარს მერტყა.

ეს იყო უშველებელი „სიყვარული“, „სიყვარული“, რომელიც „მისგან“ მოდიოდა, „სიყვარული“, რომელიც მსჭვალავდა და ეუფლებოდა მთელს ჩემს არსებას, ჩემში ბავშვურ ერთგულებას იწვევდა და ასეთივე უანგარო სიყვარულს საკუთარი შემოქმედისადმი. ნეტარი თრთოლვა, უსაზღვრო ბედნიერება მავსებდა. მთლიანობაში მე თითქოს ამ „მისდამი“ მთრთოლვარე სიყვარულისათვის ვარსებობდი. ამავდროულად მთელი არსებით ვისრუტავდი „სიყვარულს“, რომელიც მაღლისაგან მოდიოდა. და ამ ყოვლისმომცველ და ყოვლისამავსებელ სიყვარულის სიღრმეს საზღვარი და სამანი არ ჰქონდა.

ჩანდა, რომ ყველაფერი, რაც კი არსებობს, არის მხოლოდ „სიყვარული“ და სხვა არაფერი. რაღაც დროის განმავლობაში მე ძირს ასე ვეშვებოდი. ვტკბებოდი არამიწიერი, უშფოთველი სიხარულით და ტკბილი ნეტარებით. მაგრამ, როდესაც უკვე ძირს დავეშვი და თეთრ სინათლეში აღარ ვიყავი, ნეტარების განცდა მაშინათვე უკვალოდ გაქრა და მე წამიერად არაადამიანურმა ტირილისა და ყვირილის სურვილმა მომიცვა. მე გამოვფხიზლდი: მე ხომ ვერ შევძელი, გადამეცა „მისთვის“ ყველაზე მთავარი, ის, რისთვისაც ამხელა გზა გავიარე. და ამის გაცნობიერებამ ენითუთქმელი საშინელება მაგრძნობინა.

მზერა მაღლა მივმართე და ღმერთს ვუხმობდი. ჩემს ცნობიერებაში უკვე გაჩნდა ცნება - სიტყვა „ღმერთი“. მე მას სასოწარკვეთილი ტირილით ვეძახდი, გაუჩერებლად ვიმეორებდი: „უფალო, შემინდე, უფალო, შეიწყალე ჩემი შვილი!“ - და არა სიტყვით, არამედ მთელი ჩემი არსებით. აუტანელი წუხილის შეგრძნება განუზომლად სიღრმისეული იყო. თითქოს დავკარგე რაღაც, რაც ჩემი არსებობის ერთადერთ აზრს წარმოადგენდა და ახლა მხოლოდ ადამიანური ტკივილის, უნუგეშო მოთქმისა და ღვთისადმი განუწყვეტელი ხვეწნისაგან შევდგებოდი. დიახ, მე ხომ განუსაზღვრელ „სიყვარულს“ მოვაკლდი და ეს ჩემთვის იყო უაღრესად მტანჯველი, აუტანელი და სამწუხარო. მე თითქოს ყოველწუთიერად კვლავ და კვლავ ვკვდებოდი, გამუდმებული მტანჯველი ტკივილი მწვავდა, რომელმაც სრულად მომიცვა.

გაგრძელება...