I. 1. ახილვასა მას ათორმეტთა ტომთასა იყო იოვაკიმ მდიდარ ფრიად და შესწირვიდა მსხუერპლთა მრჩობლთა და იტყოდა გულსა თჳსსა: „იყოს ნამეტნავი უფროჲს ყოვლისა ერისა, მოტევებისა ჩემისაჲ უფლისა მიერ ღმრთისა ჩემისა სალხინებელად“. 2. და მოახლებულ იყო დღჱ იგი უფლისაჲ დიდი, და შესწირვიდეს ძენი ისრაჱლისნი შესაწირავსა მათსა. და აღუდგა წინაშე პირსა მათსა რუბენ და ჰრქუა იოვაკიმს: „არა ჯერარს შენდა პირველად შეწირვად შესაწირავისა შენისა, რამეთუ მკჳდრი არა აღგიდგინებიეს ისრაჱლსა შორის“. 3. და შეწუხნა იოვაკიმ ფრიად ამის სიტყჳსათჳს და მოჰვლიდა იგი ათორმეტთა ტომთა ერისა თჳსისათა და იტყოდა იოვაკიმ გულსა თჳსსა: „წარვიდე და ვიხილნე ტომნი ერისა ჩემისანი. უკუეთუ მე ხოლო მარტოსა არა აღმიდგინებიეს მკჳდრი ერსა შორის“. და გამოკითხნა ყოველნი მართალნი, და აღედგინა ყოველთა მკჳდრი ისრაჱლსა შორის. და მოიჴსენა მით მამადმთავრისა აბრაჰამისი, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოსცა მას ღმერთმან ძჱ თჳსი ისაკი. 4. და შეწუხნა იოვაკიმ ფრიად და არა ეჩუენა ცოლსა თჳსსა. მიიქცა პირი თჳსი და წარვიდა უდაბნოდ და აღჰმართა კარავი მისი მუნ და იმარხვიდა ორმეოც დღე და ორმეოც ღამჱ. და იტყოდა იოვაკიმ გულსა თჳსსა: „არა გარდავიდე მე არცა ჭამად არცა სუმად, ვიდრე არა მომხედოს მე ღმერთმან ჩემმან, და იყოს გული ჩემი საჭმელ და სასუმელ ჩემდა“.
II. 1. ხოლო ცოლი მისი ორსა გოდებასა გოდებდა: „ვგოდებ ქურიობასა ჩემსა და ვეტყებ უშვილობასა ჩემსა“. 2. და მოიწია დღჱ იგი უფლისაჲ დიდი, და ჰრქუა ივთინა მჴევალმან მისმან: „ვიდრემდე დაგემდაბლოს თავი შენი? აჰა ესერა მოიწია დღჱ იგი უფლისაჲ დიდი და არა ჯერარს შენდა გლოვაჲ; რამეთუ რომელი მომცა მე დედოფალმან საქმისათჳს სასყიდლად ჩემდა, არა ჯერარს დაბურვად, რამეთუ მჴევალი ვარ შენი, და მას ხატი აქუს სამეუფოჲ; შენდა ჯერარს იგი“. 3. ჰრქუა მას ანა: „განმეშორე ჩემგან; ესე არა მიყოფიეს, და უფალმან ღმერთმან დამამდაბლა მე ფრიად, ნუუკუე ზაკუვით ვინმე მოგცა შენ და მოხუედ ზიარ ყოფად ცოდვისა შენისა“. ჰრქუა მას ივთინა მჴევალმან მისმან: „ღმერთმან დაჰჴშა საშოჲ შენი და არა გცა ნაყოფი მუცლისა შენისაჲ ისრაჱლსა შორის“. 4. და შეწუხნა ანა ფრიად და განიძუარცა სამოსელი იგი საგლოელი და შეიმოსა საძლოჲთა. და ჟამსა ოდენ მეცხრესა შთავიდა სამოთხესა თჳსსა და იხილა ხჱ ერთი უზუერულისაჲ და დაჯდა მას ქუეშე და ევედრებოდა იგი უფალსა და იტყოდა: „ღმერთო მამათა ჩუენთაო, მაკურთხე მე, და ისმინე ვედრებისა ჩემისაჲ ვითარცა აკურთხე საშოჲ სარაჲსი და მიეც ძჱ მისი ისაკი“.
III. 1. და აღიხილნა თუალნი თჳსნი ანა და იხილა ბუდჱ ერთი სირისაჲ ხესა მას ზედა რომელსა ქუეშე ჯდა იგი, და ჰგოდებდა თავსა თჳსსა და იტყოდა: „ვაჲ მე, ვინ მშვა მე, ანუ რომელმან საშომან მიტჳრთა მე, რამეთუ მე ხოლო მარტოჲ საწყევარ ვიქმენ ძეთა შორის ისრაჱლისთა? მაყუედრეს და შეურაცხმყვეს მე და გამოვედ ტაძრისაგან უფლისა ჩემისა. 2. ვაჲ მე, ვის ვემსგავსე მე? ვერცა ვემსგავსე მე მფრინველთა ცისათა, რამეთუ მფრინველნიცა ნაშობიერ არიან წინაშე შენსა, უფალო. ვაჲ მე, ვის ვემსგავსო მე? ვერცა ვემსგავსე სირთა ქუეყანისათა, რამეთუ სირნიცა ნაყოფიერ არიან წინაშე შენსა, უფალო. 3. ვაჲ მე, ვის ვემგსავსე მე? ვერცა ვემგსავსე წყალთა ქუეყანისათა, რამეთუ წყალნიცა ნაყოფიერ არიან წინაშე შენსა, უფალო. ვაჲ მე, ვის ვემსგავსე მე? ვერ ვემსგავსე პირუტყუთა საცხოვართა, რამეთუ პირუტყუნიცა ნაშობიერ არიან წინაშე შენსა, უფალო. და რამეთუ ღელვანიცა იგი ზღჳსანი დაწყნარებულ არიან, და იმღერიან თევზნი მას შინა და შენ გაკურთხენ, უფალო. ვაჲ მე, ვის ვემსგავსე მე? ვერ ვემსგავსე მე ქუეყანასა, რამეთუ ქუეყანაჲცა მოართუამს ნაყოფსა ჟამსა თჳსსა და შენ გაკურთხევს უფალსა“.
IV. 1. და აჰა ესერა ანგელოზი უფლისაჲ წარმოუდგა და ჰრქუა მას: „ანა, შეისმინა შენი უფალმან ღმერთმან და მოხედვა ყო ვედრებასა შენსა; რამეთუ მიუდგე და შვე შენ, და ითქუმოდის ნათესავი შენი ყოველსა ქუეყანასა და ყოველსა სოფელსა“. და თქუა ანა: „ცხოელ არს უფალი ღმერთი ჩემი უკუნისამდე, უკუეთუ ვშვე ქალი ანუ წული, მოჰგუარო იგი ნიჭად უფალსა ღმერთსა ჩემსა და იყოს იგი მისა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა“. 2. და აჰა ესერა ორნი მოციქულნი მოვიდეს და ჰრქუეს ანას: „იოვაკიმ, ქმარი შენი, მოვალს სამწყსოსა თჳსსა თანა“. რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა იოვაკიმისა და ჰრქუა მას: „იოვაკიმ, იოვაკიმ, შეისმინა უფალმან ვედრებაჲ შენი; გარდაგუალე ამიერ, რამეთუ ანა ცოლი შენი მიუდგეს და შვეს“. 3. და გარდამოვიდა მიერ მთით იოვაკიმ და მოუწოდა მწყემსთა თჳსთა და ჰრქუა მათ: „მომგუარენით აქა ათორმეტნი ტარიგნი უბიწონი, და იყვნენ ათორმეტნი ზუარაკნი უბიწონი, და იყვნენ ზუარაკნი იგი მღდელთათჳს და მოხუცებულთა, და ასი ვაცი ყოვლისა ერისათჳს“. 4. და აჰა ესერა იოვაკიმ მოვიდოდა სამწყსოსა თჳსსა თანა; დადგა ანა წინაშე ბჭეთა თანა და იხილა იოვაკიმ მწყემსთა თჳსთა თანა მომავალი, მიეგებვოდა ანა და მოეხჳა ქედსა მისსა და ჰრქუა მას: „აწ უწყი რამეთუ უფალმან ღმერთმან მაკურთხა მე ფრიად, და აწ ესერა ქურივი და უშვილოჲ არღარა ვარი მე“. და განისუენა იოვაკიმ სიხარულით სახლსა შინა თჳსა.
V. 1. და ცვალის დღე შესწირვიდა შესაწირავსა თჳსსა იოვაკიმ, რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა: „უკუეთუ უფალმან ღმერთმან მილხინა მე, პეპელი იგი მღდელისაჲ მის გამომეცხადენ მე“. და ვითარ შესწირვიდა შესაწირავსა თჳსსა იოვაკიმ, მიხედა და იხილა პეპელი იგი მღდელისაჲ. და აღჴდა იგი საკურთხეველსა უფლისასა, და არა იხილა ცოდვაჲ თავისა თჳსისა თანა და თქუა იოვაკიმ: „აწ უწყი რამეთუ უფალმან ღმერთმან მილხინა მე და მომიტევნა მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“. და გარდამოვიდა ტაძრით უფლისაჲთ განმართლებული და შევიდა სახლსა თჳსსა. 2. და აღივსნეს ექუსნი თუენი, და მეშჳდესა თუესა შუა ანა და ჰრქუა ყრმისა აღმქუმელსა მას: „რაჲ ვშევ?“. და მან ჰრქუა მას: „ქალი“. და თქუა ანა: „ განდიდნა სული ჩემი დღესა ამას“. და მიაწვინა ყრმაჲ იგი. და ვითარცა აღივსნეს დღენი იგი, განიბანა შობიერობისაგან მისისა და მისცა ძუძოჲ ყრმასა მას და უწოდა სახელი მარიამ.
VI. 1. ხოლო დღითი დღედ განმტკიცნებოდა ყრმაჲ იგი; და ვითარ იყო იგი ექუსის თჳს, დაადგინა იგი ქუეყანასა ზედა დედამან მისმან გამოცდად უკუეთუ დგეს ვითარ. და აჰა შჳდ გზის წარდგა ფერჴი და მოვიდა დედისა თჳსისა თანა, და აღიტაცა იგი დედამან თჳსმან და თქუა: „ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, არღარა დასდგა ფერჴი შენი ქუეყანასა ზედა ვიდრე მიყვანებამდე შენდა ტაძრად უფლისა“. და მოუწოდა ასულსა ებრაელსა რაჲთა ამღერებდეს ყრმასა მას. 2. და ვითარ იყო ყრმაჲ იგი წელიწადის ერთის, ყო პური დიდი იოვაკიმ და მოუწოდა მღდელთმოძღუართა და მღდელთა და მწიგნობართა და მოხუცებულთა და ყოველსა ერსა ისრაჱლისსა, და მოიყვანა იოვაკიმ წმიდაჲ მარიამ წინაშე მღდელთმოძღუართა და მღდელთა; და აკურთხეს იგი და თქუეს: „ღმერთო მამათა ჩუენთაო, აკურთხე ყრმაჲ ესე და მიეც ამას სახელი სახელოვანი საუკუნოჲ ყოველთა შორის ნათესავთა“. და თქუა ყოველმან ერმან: „ამენ“. და მიიყვანეს იგი წინაშე მღდელთა, და მათცა აკურთხეს იგი და თქუეს: „ღმერთო მამათა ჩუენთაო, მოიხილე ყრმასა ამას ზედა და აკურთხე ესე კურთხევითა სულიერითა რომელსა მსხოვრი არა აქუს“. 3. და აღიქუა დედამან მისმან იგი სიწმიდისა მისგან სასუენებელისა და მისცა ძუძუჲ ყრმასა მას და გალობდა ანაჲ გალობასა მას უფლისასა და თქუა: „ვაქებდე გალობათა უფალსა ღმერთსა ჩემსა, რამეთუ მომხედა მე და მოსპო ყუედრებაჲ ჩემი მტერთაგან ჩემთა და მომცა მე ნაყოფი სიმართლისაჲ. ვინ უთხრას ძეთა ისრაჱლისათა და ძეთა რუბენისთა ვითარმედ ანა აწოებს ყრმასა? ისმინეთ, ათორმეტთა ტომთა, რამეთუ ანა აწოებს“. და მიაწვინა იგი სასუენებელსა სიწმიდისასა. და გამოვიდა ანა და მსახურებდა მათ. და ვითარ ოხჭანი ყვეს სერობისაჲ მის, გამოვიდეს იგინი მხიარულნი და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა.
VII. 1. ხოლო ყრმასა მას შეეძინებოდეს თუენი მისნი. და ვითარცა იყო ყრმაჲ იგი ორის წლის ოდენ, ჰრქუა იოვაკიმ ცოლსა თჳსსა: „აღვიყვანოთ ყრმაჲ ესე ტაძრად უფლისასა, და მივსცეთ უფალსა აღნათქუემი ჩუენი რომელ აღუთქუთ მას, ნუუკუე მოავლინოს ჩუენ ზედა უფალმან ძიებაჲ აღნათქუემისა ჩუენისაჲ და უწირავ იყოს შესაწირავი ჩუენი“. ჰრქუა ანა: „ვჰგებდეთღა მესამედ წლადმდე, რაჲთა არა ეძიებდეს ყრმაჲ ესე მამასა გინა დედასა“. და ჰრქუა იოვაკიმ: „ამენ, იყავნ ეგრე“. 2. და ვითარ იყო ყრმაჲ იგი სამის წლის, ჰრქუა იოვაკიმ ცოლსა თჳსსა: „მოუწოდით ასულთა ებრაელთასა უბიწოთა, და აღიღონ თითო სანთელი, და იყავნ აღნთებულ, და წინაუძღოდიან, რაჲთა არა გარეუკუნ იხილოს ყრმამან ამან და წარიყვანოს გონებაჲ თჳსი ტაძრისაგან უფლისა“. და მიიქუა იგი მღდელთმოძღუარმან და ამბორს იყო მას და აკურთხა იგი და თქუა: „ჵ მარიამ, განადიდა უფალმან სახელი შენი ყოველსა შორის ნათესავსა, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა გამოუცხადოს ღმერთმან მჴსნელი ძეთა ისრაჱლისათა“. 3. და დასუა იგი მესამესა აღსავალსა საკურთხეველისასა, და მოსცა მას უფალმან ღმერთმან მადლი, და იმოთხვიდა მას შინა ფერჴითა თჳსითა, და შეიყუარა იგი ყოველმან სახლმან ისრაჱლისამან.
VIII. 1. და გარდამოვიდოდეს მამაჲ და დედაჲ მისი მხიარულნი და ადიდებდეს ღმერთსა და აქებდეს უფალსა რამეთუ არა გარეუკუნ იხილა ყრმამან მან მათდა. ხოლო იყოფოდა მარიამ ტაძარსა შინა უფლისასა ვითარცა ტრედი მხოლოჲ და მოიღებდა საზრდელსა ჴელითა ანგელოზისაჲთა. 2. და ვითარცა იქმნა იგი ათორმეტის წლის ტაძარსა მას შინა უფლისასა, და თქუეს: „ვითრმე ვყოთ, რამეთუ განმწჳსნა მარიამ, ნუუკუე შეაგინოს ტაძარი უფლისაჲ?“ ჰრქუეს მღდელთმოძღუარსა მას რამეთუ: „შენ სდგა წინაშე საკურთხეველსა უფლისასა; შევედ სიწმიდესა მას წმიდათასა და ილოცე მისთჳს, და რაჲცა გამოგიცხადოს უფალმან ღმერთმან იგიცა ვყოთ“. 3. და შევიდა მღდელთმოძღუარი იგი და მოიღო ათორმეტი იგი ეჟუანი წმიდასა მას შინა წმიდათასა, სადა იგი ილოცვიდა მისთვის. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ეჩუენა მას და ჰრქუა: „ზაქარია, ზაქარია, განვედ და შეკრიბენ ქურივნი ერისა მისისანი, და მოიღენ თითოეულმან კუერთხი, და რომლისაცა თანა იხილო სასწაული მისაცა იყავნ ცოლად“. და განვიდეს ქადაგნი ყოველსა სოფელსა ჰურიასტანისასა და დაჰბერეს ნესტუსა უფლისასა, და მეყსეულად მოვიდეს ყოველნი ქურივნი ნათესავისა მისისანი.
IX. 1. და იოსებცა დააგდო ეჩუაჲ მისი და აღიღო კუერთხი და მოვიდა მათ თანა შემთხუევად. და ვითარცა შეკრბეს და მოვიდეს იგინი მღუდელთმოძღურისა მის, და აქუნდა კუერთხები, და მოიღო მათგან და შევიდა ტაძარსა მას უფლისასა და ილოცვიდა. და ვითარცა აღასრულა ლოცვაჲ, აღიღო კუერთხები და მისცემდა თითოეულად, და სასწაული არა იქმნა მათ შორის. ხოლო უკუანაჲსკნელ კუერთხი მოიღო იოსებ, და აჰა ესერა გამოჴდა კუერთხისა მისისაგან ტრედი და აღფრინდა იგი თავსა ზედა იოსებისსა. და ჰრქუა მღდელთმოძღუარმან მან: „იოსებისდა ხუედრებულა ქალწული ესე უფლისაჲ მიყვანებად და დასამარხავად თავისა თჳსისა“. 2. მიუგო იოსებ და ჰრქუა: „ძენი მისხენ, და მე მოხუცებულ ვარ, და ესე ჭაბუკი არს, ნუუკუე საკიცხელ ვიქმნე ძეთა შორის ისრაჱლისათა“. ჰრქუა მღდელთმოძღუარმან იოსებს: „გეშინოდენ უფლისა ღმრთისა შენისა და მოიჴსენე რაჲ იგი უყო უფალმან ღმერთმან დათანს და აბირონს და კორეს, ვითარ იგი განეღო ქუეყანაჲ და დანთქნა იგინი და ყოველნი სიტყჳსმგებელნი მისნი. და აწ გეშინოდენ, იოსებ, ნუუკუე მოიწიოს სახლსა შენსაცა ზედა“. 3. შეეშინა იოსებს და წარიყვანა დასამარხავად თავისა თჳსისა და ჰრქუა მას: „წარმოგიყვანე შენ, მარიამ, ტაძრისაგან უფლისა ღმრთისა შენისა, და აწ დაგიტევებ შენ სახლსა შინა ჩემსა, და წარვალ შჱნებად, და მოვიდე შენდავე; ხოლო შენ უფალმან დაგიცვენინ“.
X. 1. მერმე იყო ზრახვაჲ მღდელთმოძღუართაჲ მათ: „ვქმნეთ კრეტსაბმელი ტაძრისათჳს უფლისა“. და თქუა მღდელთმოძღუარმან: „მოუწოდეთ ქალწულთა უბიწოთა ტომთა დავითისთა“. და წარვიდეს მსახურნი იგი და მოიძინეს და პოვნეს შჳდნი ქალწულნი. და მოეჴსენა მღდელმთმოძღუარსა მას ყრმისაჲ მის მარიამისი, რამეთუ იყო იგი ტომისაგან დავითისა და იყო იგი უბიწოჲ უფლისაჲ; და წარვიდეს მსახურნი იგი და მოიყვანეს ტაძრად უფლისა. და ჰრქუა მღდელთმოძღუარმან მან: „წილ უგდეთ, ვისძი ხუდეს ესე დამიატონი ძოწეული“. და ესე ყოველი ხუდა მარიამს; და ჭეშმარიტი იგი ძოწეული მეწამული წარიღო მარიამ და წარვიდა სახედ თჳსა. მას ჟამსა დადუმნა ზაქარია ვიდრემდე აღიტყუა ზაქარია. ხოლო მარიამ წარიღო ძოწეული იგი მეწამული და სთვიდა მას.
XI. 1. და ჟამსა ერთსა წარიღო სარწყული და წარვიდა ვსებად წყლისა. და იყო ჴმაჲ მისა მიმართ და ჰრქუა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა; კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. და მიმოიხილა მარიამ მარჯულ და მარცხლ, ვინაჲძი არს ესე მისა მიმართ, და შეძრწუნებული შევიდა სახედ თჳსა. და დადგა სარწყული იგი და დაჯდა სავარძელსა ზედა. 2. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დადგა წინაშე მისა და ჰრქუა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე უფლისა, და შენ მიუდგე სიტყჳთა მისით და შვე ძჱ“. და ვითარცა ესმა ესე მარიამს, განიზრახვიდა გულსა თჳსსა და ჰრქუა: „უკუეთუ მიუდგე სიტყჳთა უფლისა ღმრთისა ცხოველისაჲთა, ვითარცა ყოველმან დედაკაცმან ეგრეთ მე ვშვეა?“ 3. მოვიდა ანგელოზი უფლისაჲ და ჰრქუა მას: „არა ეგრე, მარიამ, არამედ სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა რომელ იგი შენგან შობად არს წმიდარს და ძე ღმრთის ერქუას მას“. მაშინ ჰრქუა მარიამ: „აჰა ესერა ვდგა მე მხევალი უფლისაჲ; მეყავნ მე მსგავსად სიტყჳსა შენისა“. და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.
XII. 1. და მარიამ შესთა ძოწეული იგი მეწამული და მოართუა მღდელთმოძღუარსა მას, და აკურთხა იგი მღდელთმოძღუარმან და ჰრქუა მარიამს: „განადიდა უფალმან სახელი შენი; იყიო შენ კურთხეულ ყოველსა შორის ნათესავსა ქუეყანასა ზედა“. 2. და მხიარულ იქმნა მარიამ და წარვიდა სახედ თჳსა. და აღვიდა ელისაბედის თანა ნათესავისა თჳსისა; და ვითარ დაჰრეკა კარსა, ესმა ელისაბედს, დააგდო მეწამული იგი და მიბრიოდა კარად, განუღ და აკურთხა იგი და თქუა: „ვინაჲ არს ესე ჩემდა, ვითარმცა მოვიდა დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? და აჰა ესერა რომელი ესე არს ჩემ თანა, ვითარცა ესმა ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ, ჰკრთებოდა და გაკურთხევდა შენ სიხარულით“. ხოლო მარიამს დაავიწყდეს საჲდუმლონი იგი, რომელსა ეტყოდა გაბრიელ ანგელოზი უფლისაჲ, და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: „უფალო ღმერთო, ვინაჲ ღირს ვარ მე რაჲთა ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი მნატრიდენ მე?“ 3. და დაყო სამი თუეჲ ელისაბედის თანა ნათესავისა თჳსისა; და დღითი დღედ მუცელი მისი აღივსებოდა, და შეეშინა მარიამს და მოვიდა სახედ თჳსა, და იფარვიდა თავსა თჳსსა ძეთაგან ისრაჱლისათ. ხოლო იყო იგი ათექუსმეტის წლის რაჟამს იქმნა საიდუმლოჲ ესე.
XIII. 1. და ვითარ იყო იგი მეექუსესა თუესა, მოვიდა იოსებ შეჲნებისა მისგან თჳსისა და პოვა იგი მიდგომილ; იცნა ჴელნი პირსა თჳსსა და დაადგო ტჳრთი ზურგისაგან თჳსისა ქუეყანასა ზედა და ტიროდა მწარედ და იტყოდა: „რომლითამე პირითა აღვიხილნე თუალნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა? ანუ რასამე ვილოცვიდე ქალისა ამისთჳს? რამეთუ ქალწული მოვიყვანე ტაძრისაგან უფლისა ღმრთისა ჩემისა, და არაჲ ვიცი ვინაჲ არს რომელმან ქმნა ესე, ანუ ვინ არს რომელმან მომნადირა მე. ჩემ ზედა აღესრულა საქმჱ იგი ადამისის, რამეთუ ჟამსა ოდენ გალობისა მისისა მოვიდა გუელი და პოვა ევა მარტოჲ და აცთუნა იგი; და იგივე საქმჱ მე შემემთხჳა“. 2. და აღდგა იოსებ და მოუწოდა მარიამს და ჰრქუა მას: „მარიამ, შეყუარებულო ღმრთისაო, რაჲ ესე ჰყავ და დაიმდაბლე სული შენი, რომელი აღიზარდე წმიდასა შინა წმიდათასა და საზრდელსა ჴელითა ანგელოზისაჲთა მოიღებდ?“ 3. ხოლო მარიამ ტიროდა მწარედ და იტყოდა ვითარმედ: „უბრალო ვარ მე, და არა ვიცი ვინაჲ არს ესე ჩემ თანა; ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მამაკაცი მე არა ვიცი“.
XIV. 1. და შეეშინა იოსებს ფრიად და დადუმნა მისგან და განიზრახვიდა ვითარმედ: „ვითარ რაჲ ვყო მისთჳს? უკუეთუ დავფარო ცოდვაჲ მისი, ვიპოვო შინაგანმცემელ სისხლსა უბრალოსა დასარჩელად სიკუდილისა. და რაჲმე ვყო მისთჳს? არამედ იდუმალ განუტეო ეგე ჩემგან“. და მოიწია ღამჱ. 2. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით და ჰრქუა: „იოსებ, ძეო ღმრთისაო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, რამეთუ რომელ ეგე მაგისგან არს სულისაგან წმიდისა არს; ჰშვეს ძჱ და ადიდებდა უფალსა ღმერთსა რომელმან მოსცა ესევითარი მადლი, და სცვიდა იგი ქალწულსა მას.
XV. 1. და მოვიდა ანა მწიგნობარი და ჰრქუა იოსებს: „რაჲსათჳს არა ეჩუენე კრებულსა ჩუენსა?“. ხოლო მან ჰრქუა მას: „რამეთუ დავშუერ გზისა მისგან და განვისუენე დღე ერთი ოდენ“. და მიხედა და იხილა მარიამ მიდგომილად. 2. და წარვიდა მსწრაფლ მღდელთმოძღუარისა მის და ჰრქუა მას: „რომელსა იგი შენ ეწამებოდე ურჩულოებაჲ ქმნა ფრიად“. ჰრქუა მას მღდელთმოძღუარმან: „რაჲ არს რომელი უქმნიეს მას?“ ჰრქუა მან ანა: „ქალწული იგი რომელ წარიყვანა იოსებ შეაგინა იგი, და პარვით ყო ქორწილი მისი და არა გამოუცხადა ძეთა ისრაჱლისთა“. მიუგო მღვდელთმოძღუარმან მან: „იოსებ ესე ქმნაა?“ ანა ჰრქუა: „მიავლინენ მსახურნი და ჰპოვო ქალწული იგი მიდგომილად“. და წარვიდეს მსახურნი იგი და ჰპოვეს ეგრჱთ ვითარცა იგი ანა ჰრქუა; და მიიყვანეს იგი იოსების თანა განსაკითხავსა მას. 3. მიუგო მღვდელთმოძღუარმან მან: „რაჲ ესე ჰქმენ, მარიამ? რაჲსათჳს დაიმდაბლე სული შენი და დაივიწყე უფალი ღმერთი შენი, რომელი იზარდებოდე წმიდასა შინა წმიდათასა და საზრდელსა მიღებად ჴელითა ანგელოზთაჲთა, და გესმოდა გალობაჲ იგი მათი, იმოთხევდ წინაშე მათსა? აწ რაჲ ესე ჰქმენ საქმჱ უშუერი?“. ხოლო მარიამ ტიროდა მწარედ და იტყოდა: „ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, წმიდა ვარ მე წინაშე მისსა და მამაკაცი მე არა ვიცი“. 4. და იოსებს ჰრქუა: „რაჲ ესე საქმჱ ჰქმენ?“. ხოლო მან ჰრქუა: „ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული მისი, რამეთუ უბრალო ვარ მე მაგისგან“. ჰრქუა მას: „ნუ ცილსა იტყჳ, არამედ ჭეშმარიტი თქუ; პარვით ჰყავ ქორწილი შენი და არა გამოუცხადე ძეთა ისრაჱლისთა და არა დაიმდაბლე თავი შენი ჴელსა ქუეშე მტკიცესა ღმრთისასა რაჲთამცა იკურთხა ნათესავი შენი“. ხოლო იოსებ დუმნა.
XVI. 1. ჰრქუა მღდელთმოძღუარმან მან: „მომეც ქალწული რომელ წარიყვანე ტაძრისაგან ღმრთისა“. ხოლო იოსებ ცრემლოოდა. მაშინ ჰრქუა მღდელთმოძღუარმან მან: „გასუა თქვენ წყალი მცნებისა უფლისაჲ, და გამოაცხადოს უფალმან ცოდვაჲ თქუენი“. 2. და მოიღო, და ასუა იოსებს და წარავლინა იგი უდაბნოდ; და მოვიდა იგი ცოცხალი, და ფრიად დაუკჳრდა ყოველსა ერსა. და ასუეს მარიამს და წარავლინეს იგი მთად კერძო; და მოვიდა იგიცა ცოცხალი, და დიდად დაუკჳრდა, რამეთუ არა იპოვა მათ თანა ცოდვაჲ. 3. და თქუა მღდელთმოძღუარმან: „უკუეთუ უფალმან ღმერთმან არა გამოაცხადა ცოდვაჲ თქუენი, არცა მე განგიკითხნე თქუენ“; და განუტევნა იგინი. და წარიყვანა იოსებ მარიამ და წარვიდეს ვანად თჳსა სიხარულით და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა.
XVII. 1. ხოლო ბრძანებაჲ გამოჴდა აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად რავდენნი იყვნეს ბეთლემს შინა ჰურიასტანისასა. ხოლო იოსებ თქუა: „მეცა აღვიწერო ძეთა ჩემთა თანა; არამედ ქალწული ესე ვითარ ვყო? ვითარ აღვწერო? ცოლად ჩემდაა? რამეთუ მრცხუენის. არამედ ასულად ვთქუა? იციან ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ არა მივის ასული“. და თქუა: „ესე არს დედაჲ უფლისაჲ; იყავნ ვითარცა ჰნებავს“. 2. და დაუსხნა კარაულსა თჳსსა და წარემართნეს, და შეუდგა მათ სამოელ ძჱ მისი. და მიიწინეს მესამესა მილიონსა და მოიქცა იოსებ და იხილა მარიამ მწუხარედ და თქუა: „ვინ უწყის, თუ რომელ იგი არს მის თანა იგი აურვებს მას“. და მერმე მიხედა მას იოსებ და იხილა იგი მხიარულად. ჰრქუა მას იოსებ: „რაჲ არს, მარიამ? ვხედავ პირსა შენსა ოდესმე მხიარულად და ოდესმე მწუხარედ“. ჰრქუა მას მარიამ: „რამეთუ ორსა ერსა ვხედავ, ერთსა რამეთუ ტირს და ეტყებს, და ერთსა რამეთუ მხიარულ არს და იხარებს“. 3. და მივიდეს საშოვალ ოდენ გზასა მას, ჰრქუა მარიამ იოსებს: „გარდამსუ კარაულისა ამისგან, რამეთუ რომელი ესე ჩემ თანა არს მასწრაფობს მე გამოსლვად“. და გარდამოიყვანა იგი მიერ და ჰრქუა მას: „ვიდრე წარგიყვანო შენ და დავფარო სირცხჳლი შენი? რამეთუ ადგილი ესე უდაბნოჲ არს“.
XVIII. 1. და პოვა ქუაბი ერთი და შეიყვანა მას შინა და დაადგინა მას ზედა ძენი თჳსნი; და გამოვიდა ძიებად ყრმისა აღმქუმელისა ებრაელთაგანისა ქალაქსა ბეთლემსა. 2. ხოლო მე, იოსებ, ვითარცა მივიდოდე და აღვიხილენ თუალნი ჩემნი სიმრგულესა ცისასა, და ვიხილენ ჰაერნი განკჳრვებულნი და მფრინველნი დაყუდებულნი; და მივხედე და ვიხილე ქუეყანაჲ და ვარცლი ერთი მდგომარჱ, და მას ზედა მუშაკნი, და ჴელნი მათნი მიყოფილ იყვნეს მარცლსა მას და რომელნი იცოხნიდეს არა იცოხნიდეს, და რომელთა აღმოაქუნდა არა აღმოაქუნდა, და რომელნი მიჰყოფდეს პირსა არა მიჰყოფდეს, არამედ პირნი ყოველთანი ზეცას იხედვიდეს. და ვიხილენ ცხოვარნი წარქცეულნი, და ცხოვარნი იგი დგეს, და აღეპყრა მწყემსსა არგანი ცემად მათდა, და ზე ეპყრა ჴელი. და მივხედე ჴევსა მდინარესა და ვიხილენ თიკანნი, და პირნი მათნი დაესხნეს წყალსა და არა სუმიდეს, და ყოველნი წამსა ერთსა რბიოდეს და განკჳრვებასა შეეპყრნეს.
XIX. 1. და ვიხილე დედაკაცი ერთი გარდამომავალი მთით და მრქუა მე: „კაცო, ვიდრე ხუალ?“. ხოლო მე ვარქუ: „ყრმისაღმქუმელსა ებრაელსა ვეძიებ“. მომიგო და მრქუა: „ებრაელსაა?“ ხოლო მე ვარქუ: „ჰჱ“. და მრქუა მე: „ვინ არს რომელი ეგე შობს ქუაბსა მას შინა?“ და ვარქუ: „რომელი ცოლად მეთხოვა მე, იგი არს“. და მრქუა მე: „არა ცოლი შენი არს?“ და ვარქუ მე: „მარიამ არს, რომელ იგი აღიზარდა წმიდასა შინა წმიდათასა, ტაძარსა მას უფლისასა, და წილით მხუდა მე იგი, არამედ არა არს იგი ცოლი ჩემი, და მიდგომილებაჲ აქუს სულისაგან წმიდისა“. და მრქუა მე ყრმისა აღმქუმელმან: „ეგე ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ არა ცოლი შენი არს“. და ვარქუ მას: „მოვედ და იხილე“. და მოვიდა იგი ჩემ თანა. 2. და დავდეგით წინაშე ადგილსა მას ქუაბისასა, და ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა ქუაბსა მას. და თქუა ყრმისაღმქუმელმან მან: „განდიდნა სული ჩემი დღესა ამას, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემი დიდებული საკჳრველი და სასწაული, რამეთუ ცხორებად იშვა ისრაჱლსა შორის“. და მეყსეულად ღრუბელი იგი განდგებოდა ქუაბისა მისგან და გამოჩნდა ნათელი დიდი ქუაბსა მას შინა, ვითარმედ ვერ მეძლო თუალთა შედგომად, და მცირედ მცირედ ნათელი იგი მიეფინებოდა; და გამობრწყინდა ყრმაჲ იგი და მოიღო ძუძუჲ დედისა თჳსისა მარიამისგან. ღაღადყო ყრმისაღმქუმელმან მან და თქუა: „ჵ დიდ არს დღენდელი ესე დღჱ ჩემდა, რამეთუ ვიხილე ხილვაჲ ახალი“. 3. და გამოვიდა ყრმისაღმქუმელი ქუაბით და შეემთხჳა მას სალომე და ჰრქუა: „ახალი ხილვაჲ მაქუს მე შენდა თხრობად“. ხოლო მან ჰრქუა: „რაჲ არს?“ და მან ჰრქუა მას: „ქალწულმან შვა, რომელსა ვერ იხილავს ბუნებაჲ მისი“. და ჰრქუა მას სალომე: „ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, უკუეთუ არა დავსდვა თითი ჩემი და არა განვიხილო, არასადა მრწმენეს ვითარმედ ქალწულმან შვა და ქალწულებასავე ჰგიეს“.
XX. 1. და შევიდა ყრმისაღმქუმელი იგი მარიამისა და ჰრქუა მას: „გამოისახე თავი შენი, რამეთუ არა მცირჱ ღუაწლი წინა გიც შენ“. და დასდვა თითი სალომე და ცნა; ღაღატყო ჴმითა მაღლითა და თქუა: „ვაჲ მე ურჩულოებათა ჩემთა და ურწმუნოებათა, რამეთუ განვცადე ღმერთი ცხოველი, და აჰა ესერა დაიწუების ჴელი ჩემი და წარმვარდების ჩემგან“. 2. და მოიდრიკნა მუჴლნი უფლისა მიმართ სალომე და თქუა: „უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, მომიჴსენე მე, რამეთუ აბრაჰამისი ისაკისი ვარი მე, და ნუ განმაქარვებ მე ძეთა შორის ისრაჱლისთა, არამედ მიმმადლე გლახაკთა; შენ იცი, უფალო, რამეთუ სახელითა შენითა ვმსახურებდი და სასყიდელი ჩემი შენ მიერ მომაქუნდა“. 3. და აჰა ესერა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა და ჰრქუა: „შეისმინა უფალმან ვედრებაჲ შენი, სალომე, მივედ და მიყავ ჴელი შენი ყრმისა მაგის და აღიქუ ეგე, და იყოს ეგე შენდა ცხორება და სიქადულ“. 4. და მოვიდა სალომე და აღიქუა ყრმაჲ იგი და თქუა: „თაყუანისვსცემ ამას, რამეთუ მეფჱ იშვა ესე ისრაჱლისაჲ“. და მეყსეულად განიკურნა სალომე და გამოვიდა მიერ ქუაბით განმართლებული. და აჰა ესერა ჴმაჲ იყო ანგელოზისა მიერ: „სალომე, ნუ ვის უთხრობ რაჲ ესე იხილე საკჳრველი ვიდრე შესლვამდე ყრმისა მაგის იერუსალჱმდ“.
XXI. და აჰა ესერა იოსებ განმზადებულ იყო განსლვად ჰურიასტანად; და შფოთი დიდი იყო იერუსალჱმს, რამეთუ მოგუნი მოვიდეს მზისაღმოსავალით და იტყოდეს: „სადა არს რომელ იგი იშვა მეუფჱ ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი მზისაღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“. 2. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს, შეძრწუნდა ჰეროდე და ყოველი იერუსალჱმი მის თანა. და მიავლინა მსახურნი და მოუწოდა მოგუთა მათ და მღდელთმოძღუართაცა მათ თანა და ჰკითხევდა ტაძარსა შინა და ჰრქუა: „ვითარ წერილ არს ქრისტესთჳს, სადა შობად არს იგი?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრე წერილ არს წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“. და ჰრქუა ჰეროდე მოგუთა მათ; „რაჲ სასწაული იხილეთ შობილისა მისთჳს მეუფისა?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „ვიხილეთ ვარსკულავი ფრიად დიდი, რომელი უფროჲს ბრწყინვიდა სხუათა ვარსკულავთასა და დაჰფარვიდა მათ; და ჩუენ ეგრე ვცანთ ვითარმედ მეფჱ იშვა იერუსალჱმისაჲ, და მოვედით თაყუანისცემად მისა“. მაშინ ჰრქუა მათ ჰეროდე: „წარვედით და გამოიკითხეთ, და რაჟამს ჰპოვოთ, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანისვსცე მას“. 3. და გამოვიდეს მოგუნი პირისაგან მეფისა; და აჰა ვარსკულავი იგი რომელი იხილეს აღმოსავალით წინაუძღოდა მათ, ვიდრემდე მივიდა და დაადგრა თავსა მის ყრმისასა. და იხილეს ყრმაჲ იგი მოგუთა მათ მარიამის თანა დედისა თჳსისა; და მოიღეს ჭურჭელთა მათთაგან ძღუენი, ოქროჲ, მური და გუნდრუკი, და მოართუეს და დაცჳვეს და თაყუანისცეს მას. 4. და მოიღეს ბრძანებაჲ ანგელოზისაგან რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ წარვიდენ იგინი სხჳთ გზით სოფლად თჳსა. და წარვიდეს იგინი ვითარცა უბრძანა მათ ანგელოზმან უფლისამან.
და ჩუენ ამას ყოველსა ზედა მივეცით დიდებაჲ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ, ქებაჲ და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.