სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა
ნათლისღება (ნათლობა) ცოდვებისაგან განწმენდს ადამიანს, მაგრამ არ აქარწყლებს ამის შემდეგ ჩადენილ ცოდვებს. ცოდვასთან განუწყვეტელ ბრძოლაში, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება, ადგილი აქვს მარცხსა და დაცემასაც. მაგრამ რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ადამიანური ცოდვები ღვთიური მოწყალება უსაზღვრო და ამოუწურავია. უფალი კვლავ წამოაყენებს ხოლმე დაცემულებს, ანიჭებს რა თვისთა ცოდვათა განცდას, სინანულს და სულიერ ძალებს ბოროტების მოსაგერიებლად. უფალს არა ნებავს სიკვდილი ცოდვილთა, მათთვის იგი ევნო და დაითმინა სიკვდილი ჯვარცმით: `თუ ვიტყვით, რომ არა გვაქვს ცოდვა, ჩვენ თავს ვაცთუნებთ, და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, სარწმუნოა და მართალი, რათა მოგვიტევოს ცოდვები და ყოველგვარი უსამართლობისაგან განგვწმინდოს ჩვენ (1 იოანესი 1.8-9).
სინანული ერთი შვიდ საეკლესიო საიდუმლოებათაგანია, რომელიც უფალმა ჩვენმა და მაცხოვარმა იესუ ქრისტემ დააწესა თავის წმინდა ეკლესიაში. სინანული არის საიდუმლო, რომლითაც მღვდლის წინაშე ცოდვათა აღმსარებელი მორწმუნე უხილავად იღებს ცოდვათა მიტევებას იესუ ქრისტესაგან. ეს საიდუმლო მაცხოვარმა დააწესა, როდესაც უბრძანა მოციქულებს: და ვისაც დაუტოვებთ, დარჩება მათ (იოანე 20.22-23).
სინანულის საიდუმლოს აქვს ორი მხარე: ხილული და უხილავი.
ხილული მხარე საიდუმლოსი ის არის, რომ მორწმუნე აღიარებს ცოდვებს ღვთის წინაშე მღვდელთან, რის შემდეგაც მოძღვარი ამბობს ლოცვას, რომელშიც ევედრება ღმერთს აღმსარებლის ცოდვათა მიტევებისათვის.
უხილავი მოქმედება კი ამ საიდუმლოსი ისაა, რომ ცოდვათა აღმსარებელი უხილავად თვით ქრისტესაგან განიკურნება და განიწმინდება ცოდვათაგან, ურიგდება ღმერთსა და წმ. ეკლესიას. იოანე მოციქული იტყვის: თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, სარწმუნოა და მართალი, რათა მოგვიტევოს ცოდვები და ყოველგვარი უსამართლობისაგან განგვწმინდოს ჩვენ (1 იოანე 1.9).
მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეკლესია გვირჩევს ბავშვები შვიდი წლის ასაკიდან უკვე აღსარებით ვაზიაროთ, რომ მათ მათი განვითარებისა და უნარისდა მიხედვით შეგნებულად გააანალიზონ თავისი საქციელი და აღიარონ ჩადენილი ცოდვები.
დაუშვებელია ბავშვის იძულება აღსარება თქვას - სინანული უნდა იყოს გულწრფელი და ძალდაუტანებელი.
სინანული ადამიანის გულში იწყება, მაგრამ აუცილებელია მისი აღიარება მოძღვრის წინაშე. შეგნებულად დაფარული ცოდვა არათუ არ მოგვეტევება, არამედ მრჩობლი ანუ ორმაგი გახდება და თუნდაც სხვაფრივ მრავალი სათნოება გაგვაჩნდეს, ვერ ვცხონდებით და განკითხვის ჟამს ჩვენგან დაფარული ცოდვა გამჟღავნებული იქნება ზეციური ანგელოსებისა და წმინდანების წინაშე. ხოლო აღსარებაში უნებლიედ დავიწყებული ცოდვების მიტევება ხდება ზეთისკურთხევის საიდუმლოში.
ვიდრე მორწმუნე მოძღვარს მიმართავს, ათი მცნების მიხედვით, უნდა გააანალიზოს თავისი შეცოდებანი, წართქვას აღსარების წინ სათქმელი ლოცვები და მხოლოდ ამის შემდეგ წარდგეს აღსარებაზე. მოძღვარიც საჭიროების შემთხვევაში სამღვდელო კურთხევანიდან, სახელდობრ აღსარების წესიდან ეკითხება და ამგვარად ცდილობს განაწყოს მონანული გულახდილობისადმი, რის შემდეგაც აღმსარებელზე კითხულობს შენდობის ლოცვებს და აძლევს მცირე რჩევა-დარიგებას. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, აღიარებული ცოდვებისდა მიხედვით, შესაძლოა მოძღვარმა ერთბაშად არ წაუკითხოს აღმსარებელს შენდობის ლოცვები, არამედ მანამდის განუწესოს გარკვეული კანონი, ანუ ეპიტიმია. `ეპიტიმია~ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს `აკრძალვას~, მაგრამ თავისი მნიშვნელობითა და აზრით იგი არის არა დამსჯელი, არამედ საეკლესიო აღმზრდელობითი საშუალება. იგი მორწმუნეს ჩვევას უყალიბებს სულიერი ღვაწლისადმი. ეპიტიმიის შესაძლო სახეობანია: მუხლთ-დრეკა ლოცვის ჟამს, წმ. წერილის კითხვა, ეკლესია-მონასტრების მოლოცვა, მოწყალება და სხვ. - იმისდა მიხედვით, თუ ვის რა ცოდვა აქვს დასაძლევი. ასე მაგ.: ზარმაცს წირვა-ლოცვაზე ხშირ სიარულს უწესებს მოძღვარი, ძუნწს - მოწყალებას და ა. შ. საზოგადოდ, ცოდვები მათი საწინააღმდეგო სათნოებებით იკურნებიან. აი, მაგალითად, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა: ამპარტავნებას კურნავს სიმდაბლე (თავმდაბლობა); ანგარებას - მოწყალება; სიძვას - უმანკოება; მრისხანებას - სიმშვიდე; ნაყროვანებას - მარხულობა; შურს - სიყვარული; სასოწარკვეთილებას - სასოება.
სინანული დამოუკიდებელი საიდუმლოა, მაგრამ წმ. ზიარების წინ, მოციქულის რჩევისამებრ, აუცილებელია აღსარებით განწმედა ცოდვებისაგან, რათა დასასჯელად არ გვექცეს ზიარება მასთან უღირსად მიახლებისათვის.
ცოდვათა შორის არიან ისეთი ცოდვებიც, რომელთა გამოც ეკლესია მათ ჩამდენთ ერთხანს წმ. ზიარებისაგან განაყენებს. ასეთი ცოდვებია, პირველ ყოვლისა, შვიდი სასიკვდინე ცოდვა. ასევე ცოდვები გრძნეულებისა, ონანიზმისა, უმძრახობისა და ა. შ.
ყოველი აღსარება ესაა ამავე დროს აღთქმა ღვთის შინაშე, რომ უწინ ჩადენილსა და აწ აღიარებულ ცოდვებს აღარ მიუბრუნდება მონანული. თუკი ჩვენ მოვიძაგებთ ჩადენილ ცოდვებს, გულწრფელად ვაღიარებთ მათ აღსარებაში და შევეცდებით აღარ ჩავიდინოთ ისინი, ანუ ვეცდებით წმინდად და უბიწოდ ვიცხოვროთ, სინანულის საიდუმლოში გადმოსული სულიწმიდის მადლით მიგვეტევება შეცოდებანი ჩვენნი. ამიტომაც უწოდებს სინანულის საიდუმლოს ეკლესიის მამა იოანე ოქროპირი მეორე ნათლისღებას.
უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ თითოეულ ჩვენთაგანს იმდენად მიეტევება ცოდვები, რამდენადაც სხვებს მივუტევებთ შეცოდებებს და პავლე მოციქულის სიტყვისაებრ ვეცდებით მშვიდობა გვქონდეს ყველასთან.