დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

წმინდა დიდმარხვაზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა

დღევანდელი დღე, მოგეხსენებათ, კარიბჭეა წმ. დიდმარხვისა და რაღა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, რომ ღმერთშემოსილმა მამებმა ამ კვირიაკეს უწოდეს ადამის სამოთხიდან განდევნის კვირიაკე. რატომ გვახსენებს ეკლესია ადამის განდევნას, მხოლოდ იმის გამო, რომ როგორც ასეთი სინანული აღძრას ჩვენში, თუ რაღაც შინაგანი, იდუმალი კავშირი არსებობს ადამსა და მარხვას შორის? უფრო სწორად კი არა ადამსა და მარხვას შორის, არამედ ადამისეულ ურჩობასა და მარხვას შორის. პირველი მცნება ღმერთმა სწორედ მარხვის სახით მისცა ადამიანს. როგორც წმ. წერილი გვასწავლის, უბრძანა ადამს და ევას ყოველი ხილი ეხმიათ სამოთხის ხიდან, გარდა „ხეთაგან ცხოვრებისა და ცნობადისა“ (დაბ. 2.17) როგორც არაერთხელ გვითქვამს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მიხედვით, აქ უნდა მოვიაზროთ ღვთაებრივი აზრების ჭვრეტა ადამ და ევას მიერ. მაგრამ მათ ხელი მიჰყვეს იმას, რაზედაც ღმერთს არ უკურთხებია.

როგორც ბასილი დიდი ამბობს, არ დაიცვეს რა ჩვენმა პირველმა მშობლებმა, წინაპრებმა, ადამ და ევამ სამოთხეში მარხვა, დაკარგეს იგი. მოვედით, ვიმარხულოთ რათა დავიბრუნოთ სამოთხე, - შეგვაგონებს ეს წმიდა მამა. უფრო მეტიც, ღმერთი კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, არა თუ სამოთხეში გვაბრუნებს, მარხვისა და სინანულის შემთხვევაში, ე.ი. წმ და ამაღლებული ცხოვრების შემთხვევაში, არამედ თვით ღვთიურ სასუფეველს გვთავაზობს - მარჯვენით ჩემსა მოგისხამთო.

ძველ აღთქმაში არაერთი მაგალითია იმისა, რომ ძველნი პატრიარქნი, წინასწარმეტყველნი, მართალნი მარხვას ინახავდნენ, უწყოდნენ რა, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ღმერთი მარხვით ლოცვას. ასევეა ახალი აღთქმის დროებაშიც. უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ ხორცნი შეისხნა რა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, არა თუ მხოლოდ სიტყვით, როგორც განკაცებულმა ღმერთმა, არამედ საქმითაც იქადაგა მარხვა. ალბათ გახსოვთ, როდესაც ნათელს-იღო იორდანეს, უფრო სწორად კი მიანიჭა ნათელი კაცობრიობას, ახალი ემბაზი დაუწესა რა ნათლობის სახით, მერმეღა განმარტოვდა, სულმა გაიყვანა მკაცრ უდაბნოში. ერთ-ერთი გადმოცემით ეს იყო სინას უდაბნო, სხვა გადმოცემით იორდანეს უდაბნო, სადაც ადრე, უწინარეს მისსა იოანე ნათლისმცემელი მოღვაწეობდა. და ორმოცი დღე და ღამე უმკაცრეს მარხვას მიეცა. უფრო სწორად კი უზმო გახლდათ ორმოცი დღე და ღამე და მხოლოდ ამის შემდეგღა გამოსცდიდა მას მაცდური ჩვენთვის ცნობილი სამი გამოცდით.

ერთხელაც უფალი, ცოტა მოგვიანებით, შემდგომად ამ მარხვისა, ქადაგებას წარმოთქვამდა და ერთ-ერთმა მოხუცებულმა აიმაღლა ხმა და შესჩივლა, რომ ვთხოვე შენს მოწაფეებს განეკურნათო ჩემი შვილი, - რომელიც სჩანს ავზნიანი იყო, - და თუმცა მათ მრავალნაირი ავადმყოფი განკურნეს, ჩემი შვილის განკურნება კი ვერ შეძლეს. თავის მხრივ განცვიფრებით დაეკითხებიან მოციქულები, რად იყო რომ ყველანაირი ავადმყოფი განსწმიდეს ეს კი ვერ შეძლეს რომ განეკურნათ. ქრისტე განუმარტავს: ეშმაკთა შორის არიან ისეთი უბოროტესი ნათესავი ეშმაკთა ე.ი. ისეთი დემონებიც, რომელიც ადამიანიდან მხოლოდ მარხვითა და ლოცვით გადიან. ხედავთ, რამდენაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია ჩვენი განწმენდის გზაზედ მარხვის შენახვას?

მოდით, ვნახოთ, რას ამბობენ წმ. მამები, მარხვასთან დაკავშირებით: „სჯულში წერია რომ ღმერთმა, - ამბობს ამბა დოროთე, - ისრაელის შვილებს უბრძანა თავისი მონაგებიდან მეათედი შეეწირათ ღვთისათვის (კერძოდ, იმდროინდელი ეკლესიისთვის) მოციქულებმა კი (იმარხულეს, ილოცეს) და განსაჯეს (სულიწმიდის მადლით) და გადაწყვიტეს ყოველ ქრისტიანს (არათუ მონაგებიდან არამედ) თავისი ცხოვრების წლებიდან შეეწირათ მეათედი (მართლაც, წელიწადში სამასსამოცდახუთი დღეა ე.ი. დაახლოებით ოთხასი დღე. წელიწადის მეათედი ორმოცი დღე არის მარხვისა და იგი უნდა შეეწირათ წმ. დიდმარხვის სახით. თუ თქვენ იტყვით რომ არსებობს სხვა მარხვებიც, დაგეთანხმებით, მაგრამ ამასთან დავსძენთ, რომ ეს მარხვა თავია ყოველთა მარხვათა. რა მნიშვნელობა აქვს სწორედ ამ მარხვას, სინანულის დიდმარხვას, განგვიმარტავს ამბა დოროთე, „ღმერთმა ეს წმინდა დღეები იმისათვის მოგვცა, რომ ვინც ეცდება ყურადღებითა (ანუ სულიერი სიფხიზლით, როგორც შეგვაგონებდა მაცხოვარი) და სიმდაბლისმოყვარეობით (არა მზვაობრობით, ქედმაღლობით, თავმომწონეობით და ასე შემდეგ) იზრუნებს თავის სულზე და შეინანებს ცოდვებს - მიეტევოს ყველა ცოდვა, რომელიც მას მთელი წლის განმავლობაში ჩაუდენია“. მაშ, რამდენად ამაღლებული ყოფილა დიდმარხვა. არცერთ მარხვას ისეთი ძალა არა აქვს და მადლმოსილება, როგორც წმ. დიდმარხვას. დიდმარხვის მსახურებაც ტაძრებში განსაკუთრებულად ამაღლებული და სინანულის მომნიჭებელია. ერთხელ მაცხოვართან მივიდნენ მისი მოწაფეები, მოციქულები და დაეკითხნენ: აი, იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები მარხულობენ, ასევე - ფარისევლებიც. რატომ ჩვენ არ ვმარხულობთო? ვინ იქნება, - იგავის ენით უპასუხა მაცხოვარმა, რომ სიძე ჯერ კიდევ მათთან იყოს ქორწილში და მგლოვარებას, მწუხარებას მიეცნენ, მაგრამ დადგება დრო, სიძე წაიყვანება მათგან ანუ ვნების შემდგომ დაიდება რა საფლავში, აღდგება და ამაღლდება ზეცად, ზეციური მამის წიაღში დაბრუნდება. მაშინ კი დაწესდება მარხვა და მართლაც დაწესდა წმ. დიდმარხვა სინანულისა, ორმოცდღიანი, რომელსაც ზედ დაერთვის, თუმცა ეს განსაკუთრებული მარხვაა ე.წ. ვნების შვიდეული, რომელშიც ქრისტეს მხსნელ და პატიოსან ვნებებს მოვიგონებთ ქრისტიანები და სჯულისკანონის მიხედვით რაც შეიძლება მკაცრად ვმარხულობთ. მაშ, აღსრულდა უფლის წინასწარმეტყველება. მეორეს მხრივ, როგორცა ჩანს, ჯერ ერთი, რომ მთელი წლის ცოდვები მოგვეტევება, თუ სინანულითა და თავმდაბლობით განვლით ამ მარხვას, მეორეს მხრივ, ჩვენზედაც აღესრულება უფლის წინასწარმეტყველება, რომ დაწესდებოდა ამგვარი მარხვა.

დიდი სჯულის კანონიდან შეგახსენებთ, როგორ უნდა იმარხულოს, უფრო სწორად, როგორ მარხულობდნენ უწინ ქრისტიანები დიდმარხვაში. ეს იყო ყველაზე მკაცრი და ამაღლებული მარხვა. შვიდეულის ხუთი დღე, სადაგი დღეები, გარდა შაბათ-კვირისა, ქრისტიანმა უზმოდ უნდა განვლოს მწუხრამდის და მწუხრიდან იხმიოს მცირეოდენი ხმელი ანუ მშრალი, უზეთო საჭმელი. შაბათ-კვირას მისაღებია, დასაშვებია, ორჯერაც და სამჯერაც იხმიო, ზომიერად ზეთიანი მხალეული და ცოტაოდენი ღვინო, როგორც სამკურნალო საშუალება, ენერგიის აღსადგენად და ამასთან, როგორც - ნუგეშინისცემა - „ღვინო ახარებს გულსა კაცისასა“ (ფს. 103.15.) ე.ი. გულს რომ სიხარული მოჰგვაროს, ხოლო ხორცს ძალები მარხვისთვის.

არიან თქვენს შორის ისეთებიც, რომლებიც შაბათ-კვირას ითვრებიან კიდეც. რაღა თქმა უნდა ასეთებს იმ წლისა და არც იმ მარხვის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები არ მიეტევებათ, არამედ ცოდვას ცოდვაზე ამატებენ. ამიტომ ჩვენი უფლის სახელით შეგაგონებთ და გეტყვით: აიკრძალოს ყოველგვარი ღრეობები, დაბადების დღეები, ქორწილებში მისვლები მარხვის ჟამს. ჯერ ერთი მინდა დაგეკითხოთ: თუ თქვენ ღვთისმოშიში ქრისტიანები ხართ, როგორ შეიძლება ისეთ ადამიანთან მიხვიდეთ ქორწილში, რომელიც შეაგინებს შენს მარხვას. შეურაცხყოფს მას, აბუჩად იგდებს, არად მიიჩნევს და მარვხაში ოჯახს ქმნის. ან როგორ დალოცავს მათ ღმერთი, როცა ასეთი ცოდვით ქმნიან ოჯახებს. რა ბარაქა იქნება, რა მოწყალება და რა კეთილშვილიერება იმ ოჯახებში? აკი არც არის! ამ მიზეზითაც იმატა ოჯახების დაშლამ. დიდი სჯულის კანონიც გვასწავლის, რომ ქრისტიანი მარხვის დღეებში არ უნდა იარებოდეს არც დაბადების დღეებზე და არც ქორწილებში. რადგან თუ შენ მიდიხარ ქორწილში თუ დაბადების დღეზე სინანულის მარხვაში, ამით შენ გამოხატავ თანხმობას იმ უსჯულო ადამიანთან, რომელიც შეურაცხყოფს და არღვევს სჯულის კანონის ღვთივსულიერ დადგენილებებს.

მაგრამ როდესაც ადამიანი უძლურია მაინც იმარხულოს? წმ. მამები მიიჩნევენ, რომ ავადმყოფობა, - აქ სერიოზულ ავადმყოფობაზეა ლაპარაკი, - ვნებათაგან განწმედისათვის უმჯობესი საშუალებაა, ვიდრე მარხვა. ამიტომ, თუ ადამიანი უკვე ავადმყოფობით იტანჯება და ე.ი. ვნებებისაგან ამ გზით განიწმიდება, რაღა თქმა უნდა მას მარხვა აღარ უნდა დავუწესოთ, მეტადრე ასეთი მკაცრი. მას შეიძლება, ერთგვარი აღმსუბუქება, შერბილება მივცეთ მარხვაში. გააჩნია რა ვადმყოფობით არის დაავადებული. ჩვენ ვიცით პატერიკიდან მაგალითები, როდესაც წმ. მამებსაც კი - განდეგილ მამებს - მახვაში ხორცის ნახარში უხმევიათ, მაგრამ ღმერთს ისინი არ განუკითხავს გამომდინარე მათი უძლურებიდან. წადით და ისწავლეთ, - ამბობს მაცხოვარი, - „წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი“. განა დღევანდელ სახარებაშიაც არ ამოვიკითხეთ მათესაგან, რომ როდესაც მარხვას აპირებო, ნუ უჩვენებ სახეს მწუხარედ ადამიანებს, რადგან ამგვარი მარხვა არ შეიწირება. ეს არის მაჩვენებლობითი მარხვა. ე.ი. გამომდინარე არა სინანულიდან, არა უფლის სიყვარულიდან და სარწმუნოებიდან, არამედ პატივმოყვარეობიდან და დიდებისმოყვარებიდან. რაც შეეხება გულის მარხვას, - არაფერი არაწმინდა არ დაუშვა გულში და არანაირი ბოროტი გულისსიტყვა არ ამოუშვა გულიდან, - იგი სავალდებულო და აუცილებელია ყველასთვის და მათ შორის მძიმე ავადმყოფთათვისაც.

თუ ჯანმრთელობიდან გამომდინარე და ზოგჯერ ოჯახური მდგომარეობიდან. მაგ. მშობლები ძალზედ გაგულისდებიან ხოლმე შვილი როდესაც მარხულობს, მეტადრე მკაცრად და ფიქრობენ რომ ჯანმრთელობას შეურყევს, სიცოცხლის დღეებს შეუმოკლებსო თითქოს მკაცრი მარხვა მათ შვილებს, წმ. მამათაგან მოგვიანებით ამოგიკითხავთ, რომ პირიქით, ისინი, ვინც წმიდად და მკაცრად მარხულობდნენ სიცოცხლის ყველაზე დიდი ხანგრძლივობით გამოირჩეოდნენ. ხოლო თუ მაშ, ამგვარად ან ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე დევნა გვაქვს რწმენისა და მარხვისა, რადგან როცა მარხვას დევნიან ჩვენში, ამით რწმენას დევნიან და თვით ქრისტეს შეურაცხყოფენ. ხშირად მშობლებში ამას ადგილი აქვს უმეცრებიდან გამომდინარე, არ იციან რასა იქმან. ან თუ ავადმყოფობის გამო არ შეგიძლიათ იმარხულოთ თითოეულმა თქვენგანმა მიმართოს თავის სულიერ მამას და მისგან მიიღოს რჩევა და ლოცვა-კურთხევა.

მოძღვარმა ავადმყოფს შეიძლება ზეთიანი მხალეულის მიღების უფლება მისცეს მთელი შვიდეულის განმავლობაში, ან თუ უფრო მძიმედ სნეულია, ცოტაოდენი ღვინის და თევზის უფლებაც მისცეს. ალბად, თქვენ იცით წმ. მამებიდან, რომ თევზი უფრო მეტად არის სამარხო, ვიდრე ღვინო. უმძიმესი ავადმყოფი რძის ნაწარმზე და ზოგიერთ შემთხვევაში კი ხორცის ნახარშზეც შეიძლება ვაკურთხოთ. ასევე, როდესაც ფეხმძიმედ არის მორწმუნე დედაკაცი, ანუ ძუძუს აჭმევს ჩვილს, მცირე სჯულის კანონის მიხედვით უფლება აქვს მარხვის პირველი ნახევარი არ იმარხულოს, ხოლო მეორე ნახევართან დაკავშირებით მოძღვარს მოესაუბროს, როგორ განვლოს იგი. ამ და სხვა შემთხვევებს უშუალოდ სულიერი მამა და მოძღვარი განიხილავს.

ნეტარი დიადოხოსი მარხვასთან დაკავშირებით გვასწავლის: „რამდენადაც ნაყროვანებას გონება ერთგვარ უზრუნველობასა და უძრაობაში მოჰყავს (სიზანტეში), ამდენადვე გადამეტებული თავშეკავება ჩვენი სულის მჭვრეტელობით ნაწილს მოწყენილობაში აგდებს და უკარგავს განსჯის სურვილს, ამიტომაც საჭიროა მმარხველის კვება მისსავე ძალებსა და შესაძლებლობებს შევუფარდოთ. როდესაც სხეული ჯანმრთელია მეტად შევზღუდოთ იგი მკაცრი მარხვით, ხოლო უძლურ სხეულს კი შევურბილოთ მარხვა რამდენადმე“. და რაღა თქმა უნდა, სასურველია, ეს გავაკეთოთ სულიერ მამასთან თანხმობაში.

მაშასადამე, რამდენადაც დასაგმობი და გასაკიცხია ნაყროვანება და გემოთმოყვარება და თითქმის არცერთი არაა თქვენს შორის, ჩემთან ერთად, რომელიც მონად არ ჰყავდეთ ამ ვნებებს, ამდენადვე დასაგმობი და გასაკიცხია გადამეტებული მარხვა. ხშირად ასეთი მარხვა ამპარტავნებიდან და გამოუცდელის უმეცრებიდან მომდინარეობს. ზოგიერთი მხოლოდ წყალსა და პურს იღებს, ისე, რომ ლოცვა-კურთხევაც არა აქვს ამაზე მოძღვრისაგან; ასეთი ვარდება ხიბლში და ჩემს მღვდლობაში მინახავს, რომ სულიერ აშლილობამდეც მისულან. ამ ხიბლს ახლავს განკითხვაც მოყვასისა. თავს იმაღლებენ, რომ ყველაზე მკაცრად მარხულობენ. ასეთებს შევახსენებ, რომ ეშმაკები საერთოდ არც სჭამენ, არც სვამენ და არც ძილს ეძლევიან, მაგრამ გამართლებას ვერ იპოვიან ღვთის წინაშე. იცით რატომ? - ამპარტავნებისა და უნანელობის გამო.

მაშ, ნურც მარჯვნივ გადავუხვევთ ამ მარხვაში და ნურც მარცხნივ. არც განცხრომა-გემოთმოყვარება-ნაყროვანებას მივეცეთ და არც გადამეტებულად ვიმარხვიდეთ. აი, თუ შენ მარხულობ და ნერვოზები გეწყება, ნერვიული აშლილობა, მაშასადამე, ეს მარხვა შენთვის მკაცრია და მოძღვრის რჩევით უნდა შეარბილო იგი. ხოლო თუ შენ ისე მკაცრად მარხულობ, რომ ლოცვის უნარიც აღარ გაქვს, ეს მარხვა თვითმიზნური ყოფილა, არასწორად წარგიმართავს. მარხვა გარეგანი ეხმარება შინაგან მარხვას, გულის მარხვას. როდესაც მარხვის ძალით ქარბორბალა ჩვენი ვნებებისა და ბოროტი გული-თქმებისა დაცხრება, მაშინ ადამიანში იბადება სურვილი ლოცვისა. ლოცვა კი რა არის? იგი ღმერთთან საუბარია. აი, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სწორ მარხვას ვეწევით, როდესაც გვაქვს სურვილი ლოცვისა, განმარტოების, სიმყუდროვის, სიმშვიდის, ღვთიური დიდების ჭვრეტისა. და რაღა თქმა უნდა, მარხვა მხოლოდ ერთგვარ დიეტად დარჩება თუ შეუღლებული არ იქნება ლოცვასთან, აღსარებასთან, ზიარებასთან, ეკლესიურ ცხოვრებასთან. ნურც იმას მივხედავთ, ვინ როგორ მარხულობს. ეს ჩვენი საქმე არ არის. თითოეულ ჩვენგანს ჰყავს თავისი პირადი მოძღვარი და ყველას ერთად საერთო მოძღვარი ცათა შინა - უფალი იესუ ქრისტე. პახუმი დიდის მონასტერში, რომელმაც ტიპიკონი მონასტრული ცხოვრებისა ანგელოზის ხელით თვით ღვთისაგან მიიღო, როცა მღვიმეში მკაცრ მარხვასა და ლოცვას ეძლეოდა, ჭამის დროს კუნკულ-ბარტყულას გადმოიწევდნენ ხოლმე წინ და სახეს იფარავდნენ და თითოეული ხედავდა მხოლოდ საკუთარ ჯამს. ვერავინ დაინახავდა ვინ რამდენს ჭამდა აქედან გამომდინარე ვერც განიკითხავდა. მოდით ჩვენც, სულიერი კუნკულ-ბარტყულა ჩამოვიფაროთ სახეზე განუკითხველობისა და მივეცეთ მარხვას, სულის მაცხოვნებელს.

ილია ეკდიკი კი გვასწავლის შემდეგს: „დე შენი სტომაქი საჭმლის სიმწირით იწვოდეს, გული კი სიტყვაძუნწობით იწურებოდეს - მაშინ შენი ძალები გულისთქმითი და აღგზნებადი - ყოველთვის სიკეთის სამსახურში იქნება“. მაშასადამე, ვნებები, დაცხრებაო, როდესაც არა მარტო სტომაქით იმარხულებ, არამედ - გულითაც. შუა მუცელში შედარებით მწირი საკვები, ენაზე დუმილი (დავსდო საცო პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა) ხოლო გულში სინანულის ცრემლი. აი, ეს არის ის სულიერი წყალი, რომელიც ნაყოფს გამოასხამს ჩვენი მოღვაწეობის ხეს.

ღირსი სВმეონ კეთილმოკრძალებული კი იტყვის: „ზომიერი თავშეკავება აუცილებელია მათთვისაც ვინც მოღვაწეობის შუაგულს მიაღწია და უმაღლესი ჭვრეტის სფეროს ესწრაფვის. იგი დედაა სიჯანსაღისა, უბიწოებისა, მეგობარი თავმდაბლობისა“. ე.ი. თვით ისეთებიც კი რომლებიც უკვე ღმერთშემოსილებას მიდგომიან მიჯნაზე, ასეთებისთვისაც კი არის საჭირო მარხვა. ბოლოსდაბოლოს ეს არის იგივე, რაც ცხენისთვის ლაგამი. კარგად ამბობს დავით მეფსალმუნე: მივსდერკ ჭენებით დაცემად და უფალმა ხელი აღმიპყრა მე. და უფალი მაშინ აღგიპყრობს ხელს და ლაგამს მაშინ ამოგდებს, როდესაც შენში ე.ი. მთლად არ დაღუპულა სასოება უფლის მიმართ და არ შებღალულა სარწმუნოება, რომელსაც უეჭველად ნაყოფად სინანული მოსდევს.

ზოგიერთი თქვენგანი, ალბათ, მოიგონებს წმ. თეოდორე სიკიოტელის ცხოვრებას და მეტყვის: ეს წმინდანი მთელი ორმოცდარვა დღე უზმო იყო ხოლმე დიდმარხვაში, მხოლოდ ზიარებას იღებდა კვირაში ერთხელ, კვირიაკე დღეს, და სეფისკვერს წირვის შემდგომ და ამით განიმტკიცებდა სულიერ და ფიზიკურ ძალებს. მამათა სწავლება გვეუბნება ზომიერება დავიცვათ მარხვაშიაც, ის კი მთელი ორმოცდარვა დღე უზმოდ იყო. თქვენ გადაიკითხეთ მისი ცხოვრება და ნახავთ, რომ ერთბაშად როდი მიჰყო მან ხელი ასეთ უმკაცრეს, ასკეტურ მარხვას, არამედ სიყრმიდან, ბავშვობიდან, იყო გამორჩეული წმ. გიორგის მიერ. თქვენებურად რომ ვთქვათ, აყვანილი, მისგან როგორც შვილობილი. და იგი ამზადებდა თეოდორეს თანდათანობით, ვითარცა ასკეტს, ისევე როგორც სვიმეონ მესვეტეს თავის დროზე და მერმეღა აკურთხა ამ უმკაცრეს მარხვაზე. ისე რომ მოულოდნელად ეს მასთან არ ყოფილა. ხოლო ის, რაც გამონაკლისია, ყველასთვის სავალდებულო როდია.

ნილოს სინელი მარხვაზე ამბობს: „მარხული სხეული კარგად გახედნილ ცხენსა ჰგავს, რომელიც მხედარს არასდროს გადმოაგდებს. ნაყროვანება კი გულისთქმებს კვებავს, სიზმრეულ ოცნებებსა და ძილში დაცემას იწვევს. მცონარების დასაბამი - ნაყროვანება, ხოლო ქმედითი ცხოვრებისა-თავშეკავება“. იგივე ნილოს განდეგილი იტყვის: მარხვის მოყვარული და ღვთისმოშიში ადამიანი სასოებით ელოდება როდის დადგება სინანულის დიდმარხვა, ხოლო გემოთმოყვარე თვით მკაცრ მარხვაშიც კი საეკლესიო კალენდარში დღეებს ეძებს, როდის იქნება ხსნილი ღვინითა და ზეთითა. ჩვენც სიხარულით ვიღებთ ხოლმე მედავითნის ცნობას, რომ თურმე ესა თუ ის დღე ხსნილია ღვინითა და ზეთით. ის კი გვავიწყდება, რომ მისთვის არის ნუგეშინისცემა ღვინო და ზეთი, ვინც მკაცრ მარხვას ეწევა, შუაღამიანის ლოცვებზე დგება, თავშეკავებულია ენითაც და სტომაქითაც.

ბარსანუფი და იოანე გვასწავლიან: „სხეულს იმდენი მიეცი საჭმელი რამდენიც საჭიროა და არ ნახავ ზიანს, თუნდაც დღეში სამჯერ ჭამდე. ხოლო თუ ადამიანი დღეში ერთხელ ჭამს, მაგრამ უსაზომოდ, რა სარგებლობა აქვს ერთხელ ჭამას? ნაყროვანებას სიძვის ბრძოლა მოსდევს, სხეულს ძილით ამძიმებს და დაცემით ბღალავს მას“. აი, ერთ-ერთი მიზეზი ძილში დაცემისა.

აქედან გამომდინარე, ბარსანუფისა და იოანესაგან ლოცვა-კურთხევა გვაქვს მოძღვრებს, თუნდაც დღეში სამჯერ ჭამის უფლება მივცეთ მორწმუნეს მაგრამ ყველას ერთი და იგივე ვუქადაგოთ: ზომიერება და გულის მარხვა. აფორისტულ შედარებას აკეთებს მარხვაზე წმ. ისააკ ასური: „რაც ცეცხლის ალია მშრალი ფიჩხისთვის, იგივეა სხვეულისთვის სავსე სტომაქი“. აქ იგულისხმება ცეცხლი ვნებებისა, რომელიც განკითხვის დღეს დასწვავს ამგვარ ცოდვილს.

ხოლო ანტონი დიდი გვასწავლის ჭამის დროზეც: „ერთი და იგივე დრო დააწესე საზრდელის მისაღებად და ჭამე ძალების მოსაკრებად და არა სიამოვნებისთვის“ თქვენ ალბათ იცით, იყვნენ ისეთი განდეგილი მამებიც, რომლებიც გემო რომ არ გაეგოთ საჭმლისა, ნაცარსა და მიწას აყრიდნენ ხოლმე მას. ეს მაგალითები ჩვენთვის, ერის კაცებისთვის, ზედმეტად მკაცრია, თუმცა არა მიუღებელი. ფსალმუნშიც ხომაა ნათქვამი, ჩემს საჭმელს მიწა და ნაცარი ვაყარეო სინანულის გამო. მაშ, ანტონი დიდი შეგვაგონებს რომ სასურველია ჭამის დროც განსაზღვრული გვქონდეს, თუ ჩვენზეა დამოკიდებული და ვჭამოთ არა სიამოვნებისთვის, არამედ ძალების მოსაკრებად. ხშირად კითხულობენ როგორ მიხვდები, რა არის ზომიერი ჭამა შენთვის? მაქვს რა, დიდი გამოცდილება ნაყროვანება-გემოთმოყვარებაში გეტყვით: როდესაც კუჭში სიმძიმეს იგრძნობთ, ერთი ლუკმაც აღარ მიუმატოთ. როგორც მამები გვასწავლიან, სუფრიდან, ტრაპეზიდან რომ დგები ცოტათი კიდევ უნდა გინდოდეს ჭამა. როცა ამგვარად იქცევი, ლოცვა უკვე გიადვილდება და როდესაც რა თქმა უნდა სტომაქს დავიმძიმებთ, ლოცვაზე ან საერთოდ ვეღარ ვდგებით, ან მოკლე, ზერელე ლოცვას ვჯერდებით. რა ხდება ფიზიოლოგიურადაც ამ დროს? როდესაც სტომაქი ივსება საჭმლით და იწყება ე.წ. მონელების პროცესი, ოხშივარი ადის კუჭიდან და აწვება ტვინის ქერქს და ადამიანს გვრის თვლემასა და ძილს, მოთენთილობას; იბადება მცონარება, რაც ხელს უშლის ლოცვას.

იოანე ოქროპირიც აფორისტულ შედარებს აკეთებს მარხვაზე: „მარხვა სხეულისა, საზრდელია სულისა“ ერთი მხოლოდ სხეული უჯანყდება, ხოლო სული თანახმაა მარხვაზე. „რამდენსაც წაართმევ სხეულს, იმდენ ძალას შეჰმატებ სულს. შეუძლებელია ცეცხლი იწვოდეს წყალში, შეუძლებელია სინანულიც მარხვის გარეშე“. ე.ი. არ გაგვიჩნდება სინანული, თუ არ გვექნება სწორი და წმიდა მარხვა. „ეშმაკთა წინამძღოლი ეშმაა, ვნებათა კი - ნაყროვანება“

„ერიდეთ მარხვა საჭმლისაგან უბრალო თავშეკავებით განსაზღვროთ. ისინი, ვინც საჭმლისაგან იკავებენ თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობენ, ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვის ქმნას“ - გვასწავლის ბასილი დიდი.

როდესაც ადამიანი ავადმყოფობს, ან გზაშია და არა აქვს პირობები მარხვისა, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია თევზეული და რძის ნაწარმი. არის ასეთი შემთხვევაც: როდესაც ვინმე მძიმე ფიზიკური სამუშაოთია დაკავებული და ძალების აღდგენას საჭიროებს, მოძღვარმა შეიძლება აკურთხოს, რამდენიმე ჭიქა ღვინის მიღებაზე, როგორც ერთ-ერთი ღირსი ათონელი მამა გვასწავლის.

თუ აკვირდებით ყოველ წირვაში მიცვალებულთა შორის ვიხსენიებ ალექსანდრეს, - ჩვენი სულიერი შვილი იყო. კეთილი მოხუცებული, იმერელი გლეხი-კაცი, პატიოსანი, მშრომელი. ქვრივი სხვათაშორის. ჩვენი ერთ-ერთი მორწმუნის მამა, რომელიც დროდადრო ჩამოდიოდა რაიონიდან, ერთხანს რჩებოდა, რათა გარკვეული მომზადების შემდეგ რამდენჯერმე ზიარებულიყო, მატადრე მაშინ, როცა სოფლის სამუშაოები წყდებოდა. მარხვებს ინახავდა და ერთხელაც მოვიდა და მთხოვა: შვილები მიშლიანო და მამაო მაკურთხე, მძიმე სასოფლო სამუშაოების დროს ორი-სამი ჭიქა ღვინო ვიწდიოო. დავხედე მის შრომით დაკოჟრილ ხელებს, მოვიგონე მისი უბრალოებაცა და ცოცხალი რწმენაც და მივეცი კურთხევა. მომაგონდა ბიბლიური შეგონებაც: მლეწავ ხარს პირს ნუ აუკრავო. ღმერთმა შეიწყალოს აწგარდაცვლილი ალექსანდრეს სული.

როგორც აღგითქვით შესავლში, მოდით, ამჯერად ვნახოთ წმ. მამებთან, ვინ როგორ მარხულობდა და რა ხანგრძლივობა ჰქონდათ სიცოცხლისა. გრიგოლ ნაზიანზელი პეტრე მოციქულზე, ხოლო კლიმენტი ალექსანდრიელი თავის წიგნში „პედაგოგიკა“ მათე მახარებელზე წერენ, რომ ისინი მხოლოდ პურის მარცვლით იკვებებოდნენ და არასდროს არანაირ სხვა საჭმელს არ იღებდნენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ევსევი კესარიელი კი მოციქულ იაკობზე, უფლის ხორციელ ძმაზე წერს, რომ იგი მთელი ცხოვრება თავს იკავებდა ხორცისა და ღვინისაგან. ისე კი არ უნდა გვესმოდეს, რომ სძაგდა ღვინო, ან დასაგმობად მიაჩნდა ხორცი, არამედ აღთქმა მისცა ღმერთს. ადრე ამას, ამგვარ თავშეკავებას, ქრისტემდელ ისრაელში ნაზორეველობა ეწოდებოდა. სწორედ აქედან მოდის ჩვეულება ბერ-მონაზვნები რომ არ იღებენ, ხორცს, თუმცა ისინი, როგორც ასეთი, აღთქმას როდი დებენ ხორცისა და ღვინის მიუღებლობაზე.

ევსევი კესარიელსავე აქვს ნათქვამი, რომ მარკოზ მახარებლის მოწაფეები უზმო იყვნენ მთელი დღე სრული შვიდეულის განმავლობაში და მხოლოდ მწუხრზე იღებდნენ საკვებს. ხოლო ხორცსა და ღვინოზე ისინი საერთოდ უარს ამბობდნენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. წმ. ილარიონი სამითა და ოთხით მარხულობდა. ე.ი. სამ და ოთხ დღეში ერთხელ იღებდა მზის ჩასვლის შემდეგ საზრდელს. აქ იგულისხმება, რომ მათ ჯანსაღი სხეული ჰქონდათ, ჯანმრთელები იყვნენ. საბა განწმენდილი 5 დღეში ერთხელ იღებდა საზრდელს; ღირსი პაისი კვირაში 5 დღე მარხულობდა, და მხოლოდ შაბათ-კვირას იღებდა მცირეოდენ მწირ საკვებს: ზეთიან მხალეულს და ასევე კვირიაკე დღეს ზიარებას. ღირსნი: გერასიმე, ანინი და თეოდორე სიკეოტელი დიდმარხვას უზმოდ ინახავდნენ, და მხოლოდ ზიარებას იღებდნენ, კვირაობით. დაუჯერებელია? მაგრამ არა შეუძლებელი, რადგან შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელია ღვთისთვის. მათ თანდათანობითი მოღვაწეობითა და ღვთის შეწევნით მიაღწიეს ამგვარ სულიერ სიმაღლესა და საზომს.

მაკარი ეგვიპტელი, რომელიც მკაცრი ასკეტური ცხოვრებით იყო ცნობილი, როდესაც სტუმრად ხვდებოდა სულიერ ძმებთან, მასპინძლისაგან უსიტყვოდ იღებდა იმას, რასაც იგი ტრაპეზზე დაუგებდა; მათ შორის მცირეოდენ ღვინოსაც. მაგრამ მოყვასის სიყვარულით ნაკარნახევი ამ დათმობის გამო როდესაც სენაკში ბრუნდებოდა, რამდენი ჭიქა ღვინოც დაელია, იმდენ დღეს საერთოდ არ სვამდა წყალს და არ იღებდა საჭმელს. თუ ეს თქვენც შეგიძლიათ, მაშინ იარეთ მარხვაშიც სტუმრად ერთმანეთთან.

როგორც ვთქვით, მშობლებიდან ზოგიერთნი შვილებს მარხვას უშლიან, ან ქმარი ცოლს, ასე განსაჯეთ, ზოგიერთი ცოლიც კი ქმარს. ან შვილები დედასა და მამას თითქოსდა ჯანმრთელობას ვნებსო. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა. აქ ზომიერ მარხვაზეა ლაპარაკი. „მარხვა არათუ ავნებს ჯანმრთელობას“, გვასწავლიან ეკლესიის მამები, „არამედ პირიქით განამტკიცებს მას“. აი, მაგ. მაკარი ალექსანდრიელი, ეპისკოპოსი ალექსანდრიისა „დიდმარხვის დროს კვირაში ერთხელ იღებდა საზრდელს და იცოცხლა მთელი 100 წელიწადი. წმ. სვიმეონ მესვეტე დიდმარხვას უზმოდ ატარებდა და იცოცხლა 103 წელი, ასევე წმ. ანთიმოზი, იცოცხლა - 110 წელიწადი. ავლიპი მესვეტემ - 118 წელიწადი და მათგან ყველაზე უფრო დიდხანს პავლე თებელმა, - მთელი 130 წელიწადი. ალბათ გახსოვთ, როდესაც ერთხელ ანტონი დიდმა ილოცა და იკითხა ღვთისაგან, გაკადნიერდა რა, თუ კიდევ ვინმე იყო ამ უდაბნოში ვისაც ანტონივით მაღალი სულიერი საზომისთვის მიეღწია, ღმერთმა გამოცხადებით მიუთითა, რომ ღრმა უდაბნოში გასულიყო, სადაც მან პავლე თებელი ნახა. აღფრთოვანდა ანტონი მისი ღვაწლით. პავლეს დღეში ერთხელ უზიდავდა ხოლმე ფრინველი ღმერთის ლოცვა-კურთხევით ერთ პურს და როდესაც ანტონი დიდი ესტუმრა, ორი პური მოიტანა. პავლემ გაიღიმა და ანტონს უთხრა: თვით ღმერთმაც კი იცის, რომ დღეს პავლეს ანტონი ესტუმრაო.

ჩვენი საუბარი მარხვაზე მსურს დავასრულო თეოფანე ეპისკოპოსის შეგონებით: „სამი კვირა შევღაღადებდით უფალს ლოცვა-ვედრებით: „სინანულისა განმიხვენ ბჭენი, ცხოვრებისმომცემელო!“ და აი მოახლოვდა ამ მაცხოვნებელი სინანულის დროც!.. მარხვა პირქუში ჩანს, ვიდრე შეუდგები მის ასპარეზს, მაგრამ დაიწყე და დაინახავ რომ იგი სინათლეა ბნელი ღამის შემდეგ... მარხვას უჯანყდება ერთი მხოლოდ სხეული, სულს კი უყვარს იგი... როდესაც მოიპოვებ საღმრთო შეგნებას და პასუხისმგებლობას იგრძნობ ღვთის წინაშე, მაშინ უცნაური და სასაცილოც კი ჩანს ყველა ის დათმობა სხეულის მიმართ, რომლითაც ასე სავსეა ჩვეულებრივი ცხოვრება... მაგრამ „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაБ, რომელნი მიიყვანებს ცხოვრებასა, და მცირედნი არიან, რომელი ჰპოვებენ მას“. მაშ, შევაღოთ ჩვენც „იწრო ბჭე“ მარხვისა და გავიცნობიეროთ მიზანი და ფასი სხეულში ცხოვრებისა მაგრამ არა სხეულისათვის ცხოვრებისა“.

როგორც ხშირად გვითქვამს იოანე ოქროპირის განმარტებისაებრ ბიბლიისა, თვით ადამიანის აგებულებაში, ანატომიაში, ნაჩვენებია რა რას უნდა მორჩილებდეს და რას უნდა მისდევდეს ადამიანი კეთილგონიერი. თავი მთელს გვამზე მაღლა დგას, სფერულია და აქ მინიშნებაა ზეცაზე. მაშ, ეს არის შენი ზეცა; გონება უნდა მართავდეს სხეულს და მოამდოვრებდეს ვნებებს და არა პირუკუ. ვაგლახ, რომ დღეს ბევრი ჩვენთაგანი თავდაყირა ცხოვრობს.

მაშ, ვთხოვოთ მრავალმოწყალე ღმერთს მადლი წმ. მარხვისა, სინანულისა, განწმენდისა, განბანვისა ცოდვათაგან, რათა ერთობით ვადიდებდეთ დაუსაბამოსა სამებასა, ამინ!

„ქადაგებანი და თარგმანებანი“, 2001 წ.