დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

ადამის სამოთხიდან განდევნის ხსენება.
მარხვისა და ურთიერთშენდობისათვის

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

უფლის მიერ საყვარელნო ძმანო და დანო! დღევანდელ დღეს ვდგევართ ზღურბლთან წმ. დიდმარხვისა და სწორედ ამ კვირიაკეს ხსნებაა ადამის სამოთხიდან განდევნისა. რაღა თქმა უნდა, კეთილგონიერი ქრისტიანი გულისხმაჰყოფდა, რომ უთუოდ რაღაც შინაგანი კავშირი არსებობს ადამის განდევნასა და მარხვას შორის. დიახაც! როგორც ეკლესიის ღმერთშემოსილი მამები განმარტავენ, პირველი მცნება მარხვის სახით ღმერთმა ჯერ კიდევ სამოთხეში მისცა ადამიანს. კერძოდ, აკურთხა და უბრძანა, ყველა ხილი ეხმიათ სამოთხისა ადამსა და ევას, გარდა იმ ხეთაგან, რომლებიც სამოთხის შუაგულში იყო, - ხე ცხოვრებისა და ხე ცნობადისა. როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, ჩვენ ეს სულიერი გაგებით უნდა გავიაზროთ, რომ ნაყოფი ამ ხიდან გახლავთ უმაღლესი ღვთაებრივი აზრები. მაშასადამე, სამოთხის ბაღის დამუშავებისა და ამ ხილის ხმევის სახით ღმერთმა პირველი ადამიანები და საერთოდ ადამიანები, როგორც ასეთი, ღვთაებრივი აზრების განსჭვრეტაზე აკურთხა, მაგრამ ადამმა და ევამ უსმინეს არა თავიანთ შემოქმედს - უფალ საბაოთს, არამედ - გველს, რის გამოც ცდუნებულნი ხისგან გემოს ხილვითა, განგდებულ იქნენ სამოთხიდან. თუმცაღა ღმერთს ადამისთვის სასოება არ წარუკვეთავს; აღუთქვა, რომ დედაკაცისაგან ცდუნებულს, ქალწულისაგან მოუვლენდა მხსნელს.

მერმე როცა დადგა ჟამი, უფალი განკაცებით მოვიდა დედამიწაზე და არა თუ მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით იქადაგა და გვაჩვენა მარხვის უპირატესობა მრავალ სათნოებასთან შედარებით. ასე მაგალითად, ვიდრე შეუდგებოდა თავის საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ღვთის სიტყვის მქადაგებლობას, კურნებებს და ა.შ. უფალმა ცოცხალი მაგალითი აჩვენა მარხვისა. ნათლისღების შემდეგ სულმან წმიდამან გაიყვანა იგი მკაცრ უდაბნოში იორდანისა და ორმოცი დღე და ღამე უზმო იყო, ე.ი. უმკაცრესი მარხვა შეინახა (მათე 4.1,2). რაღა თქმა უნდა, მას, როგორც ღმერთს, მარხვა არ სჭირდებოდა, მაგრამ ღმერთმა ხორცნი შეისხა, ყოველივე მიიღო, როგორც ხშირად გვითქვამს, კაცობრივი ბუნებიდან, უძლურებანიც კი, გარდა ცოდვისა და ამასთან საჭიროდ ჩათვალა, მარხვაც შეენახა, რადგან როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ქადაგებაში იტყვის, ხორცი უძლურია, სული კი - განმაცხოველებელი, ამიტომ ილოცევდით, ფხიზლად იყავით და იმარხულეთ (მათე 26.41).

ერთხელ მქადაგებლობის ჟამს, როცა სახლში იდგა უფალი უამრავი ხალხით იყო გარშემორტყმული, ხმა აიმაღლა ერთმა მოხუცებულმა, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა არაწმინდა სულით შეპყრობილი და ითხოვა განკურნება. იესუ დაეკითხა: გწამს კი? (მარკოზი 9.17,22,24) “მამამან მის ყრმისამან ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა”. უფალმა შეიწყალა და განკურნა მისი ვაჟი. ქადაგების შემდეგ მოციქულები მაცხოვართან ერთად მარტო დარჩნენ სახლში და ჰკითხეს, რატომ იყო, კეთილო მოძღვარო, რომ ყველანაირი ავადმყოფობებისაგან განვკურნეთ ადამიანები, ხოლო განკურება ამ სნეულისა ვერ შევძელით? უფალმა მიუგო: არის ბოროტთა შორის (ანუ დემონთა შორის) ისეთი უბოროტესი ნათესავი (ე.ი. დემონი), რომელიც ადამიანიდან მხოლოდ მარხვითა და ლოცვით გადის (მათე 17.21, მარკოზი 9.29). გნებავს განკურნება? გნებავს სულიერი ამაღლება? - ეჰა, მარხვა ლოცვასთან შეუღლებული.

“დიდი სჯულის კანონში” წერია: როდესაც მარხვა მოგეახლება და რაიმე ნამეტნავი დაგრჩა სახსნილო საჭმლებიდან, გლახაკებს დაურიგე. აქ ორგვარი სწავლებაა: ჯერ ერთი, საცდური რომ არ იყოს სახლში, ჯობს ამ სახსნილოსაგან განთავისუფლდე. მეორეც, გლახაკთათვის იზრუნე, ვისთვისაც აუცილებელი არაა მარხვა, რადგან სიგლახაკე თავისთავად ჩინებული საშუალებაა ისე, როგორც ავადმყოფობა, ადამიანი გულის შემუსვრილებაში მოიყვანოს. თუმცაღა არც ავადმყოფობას და არც მარხვას ადამიანი ყოველთვის არ მოჰყავს სინანულში. და ჩვენს შორის რამდენია ისეთი, გამედგრებული თავის ბოროტებაში, რომელთაც ისე აქვთ ჩაკირული მანკიერებანი და ბოროტი გულისთქმანი, რომ ვერანაირი განსაცდელი, ვერანაირი ავადმყოფობა და, თუ გნებავთ, ვერც, ღვთისმიერი სასწაული გონს ვეღარ მოიყვანს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ადამიანები, ჩამოყალიბდნენ, როგორც ბოროტი და ცოდვილი ადამიანები, რომელნიც, როგორც ლაზარეს იგავშია ნათქვამი, ჯოჯოხეთში აღიხილავენ თვალსა, გლახაკ ლაზარეს ბედს შეჰნატრებენ და ნდომა ექნებათ თითის მწვერვალით მაინცა სცხონ წყალი, ანუ სული წმიდის მადლისაგან სავსებით მოკლებული იქნებიან. ისინი შორდებოდნენ რა ღმერთს მთელი თავიანი მიწიერი ცხოვრების მანძილზე, სული წმიდა თვით განშორდება მათ.

როგორ უნდა გვესმოდეს უფლის კურთხევა პირველი ადამიანებისადმი, არ ეხმიათ ცხოვრებისა და ცხონების ხიდან? გრიგოლ ნაზიანზელის განმარტებით, ჩვენ უნდა მოვიაზროთ ის, რომ ღმერთმა ადამიანი, პირველ ყოვლისა, შინაგან მარხვაზე აკურთხა და არა გარეგან თავშეკავებაზე მხოლოდ. ზოგიერთს, სამწუხაროდ, ჰგონია, რომ მარხვა მარტოოდენ გარკვეული საჭმელ-სასმელისგან თავშეკავებაა. ეს დიეტაა, ხოლო მარხვა კი ნებაყოფლობითი უარია სხეულის განსვენებაზე, განცხრომაზე, ეს გარეგანი თავშეკავება შეერთებული უნდა იყოს შინაგან ზომიერებასა და თავშეკავებასთან. ნეტარი იერონიმე ამბობს: “რა სარგებლობაა იმაში, რომ ხორცი განილეოდეს მარხვით, სული კი განსივდებოდეს სიამაყით? რა ქებას იმსახურებს ის, ვინც ფერდაკარგულია მარხვისაგან და ფითრდება შურით? რა სათნოებაა, არ სვა ღვინო, ხოლო მრისხანება და სიძულვილი გონებას გიბნელებდეს? ამიტომაც ამბობს უფალი, რომ ადამიანს გარედან შემავალი კი არ შეაგინებს, არამედ გულიდან ამომავალი” (მათე 15.17,18). იგივე აზრს ავითარებს წმ. პავლე მოციქული, საიდანაც დღეს წიგნის მკითხველმა ამოგვიკითხა შემდეგი: ის, ვინც ჭამს ყოველივეს და მადლობს ღმერთს, ნუ განიკითხავს იმას, რომელიც უძლურების გამო თავის სარწმუნოებაში არა სჭამს, ე.ი. მარხვას ინახავს, თავს იკავებს, ისე, როგორც ის, ვინც თავს იკავებს და თვლის, რომ მარხვა უნდა შეინახოს, ნუ განიკითხავს იმას, ვისაც ქრისტესმიერი თავისუფლება აქვს, მადლობით მიიღოს ყველაფერი (რომაელთა 14.3), მაგრამ ხსენებული პავლე მოციქულივე, არაერთგზის ამბობს სხვადასხვა ეპისტოლეში, რომ ხშირად ვიყავ საპყრობილეში, სიშიშვლეში, დევნაში, იწროებაში, მარხვასა და ლოცვაში (II კორინთ. 11.27). აშკარად ასხვავებს პავლე მოციქული ერთმანეთისგან შიმშილსა და მარხვას. შიმშილი იძულებითია, მარხვა კი - ნებაყოფლობითი და თუ ღმერთშემოსილი მოციქული პავლე საჭიროდ თვლიდა, მარხვა შეენახა, რაღა უნდა ითქვას თითოეულ ჩვენთაგანზე?! დიაღაც, რომ საჭირო ყოფილა მარხვა. წმიდა მამები ამბობენ: რამდენად ცდებიან ის ქრისტიანები, რომლებიც განსივდებიან ჭამა-სმით, მაგრამ პირობას იძლევიან, რომ წმიდად და უბიწოდ იცხოვრებენ; ეგ იმას ჰგავს, ეცადო ცეცხლის ჩაქრობას ჩალითა და თივით, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. რაც უფრო განილევა ხორცი, - გვასწავლის წმ. ბასილი დიდი და მსგავსად ამისა იოანე ოქროპირი, - მით უფრო ემატება სულიერი ძალები სულს.

მოდით, ვნახოთ საღმრთო წერილიდან, გულისყურით ამოვიკითხოთ უფალი ჩვენი, იესუ ქრისტე რას გვასწავლის მარხვასთან დაკავშირებით, რომელი მარხვაა ღვთისთვის სათნო და მოსაწონი. პირველ ყოვლისა, დაუფიქრდით იმასაც, რომ არა მარტო ადამის განდევნის ხსენებაა დღეს, არამედ მწუხრის ლოცვაზე ურთიერთშენდობას ვიღებთ ერთმანეთისაგან. ამიტომაც ეს კვირიაკე, სხვანაირად ყველიერის კვირიაკე, შენდობის, ურთიერთშენდობის კვირიაკედ იწოდება. მაშასადამე, ეკლესია გვაწსავლის, რომ ყოველგვარი მარხვის, ლოცვისა და სულიერი წარმატების საფუძველი ურთიერთმიტევებაშია. აი, რას იტყვის ამის თაობაზედ უფალი ჩვენი, იესუ ქრისტე: “უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი” (მათე 6.14,15). ეს სწავლება მაცხოვარმა მოაყოლა საუფლო ლოცვას - “მამაო ჩვენო”, რომელსაც წმიდა მამები სხვაგვარად მცირე სახარებას უწოდებენ, რადგან დვრიტა და გული სარწმუნოებისა, ახალი აღთქმისა ამ საუფლო ლოცვაშია თავმოყრილი, ხოლო შუაგულ ამ ლოცვისა ნათქვამია “და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი (ანუ ჩვენი ვალები, ჩვენი ცოდვები, მამაო ზეცათაო)*, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა” (მათე 6.12). მიუტევებ? მოგიტევებს. არ მიუტევებ? არ იქნები მიტევებული, თუნდაც უმკაცრეს ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდე.

გარდა მაგისა, მარხვის დროს ქრისტიანი არ უნდა ფარისევლობდეს; სხვის დასანახად კი არ უნდა იმარხულო, არამედ - ღმერთის მოსაწონად, სულის განსაწმედად, საბოლოოდ - სულის საცხოვნებლად. ერთ-ერთ მაგალითს გავიხსენებ წმ. მამათა ცხოვრებიდან. ერთ მკაცრ უდაბნოში წმიდა და ღმერთშემოსილი მამა ცხოვრობდა, რომელსაც მადლი ჰქონდა წინასწარმცნობელობისა, და რაოდენ თავმდაბალი იყო, არავის უმხელდა, ეს მადლი რომ გააჩნდა მას. და აი, ერთხელაც ის სამონასტრო საქმეზე გზად მიეშურებოდა, გზის მონაკვეთი კი უღრან ტყეში გადიოდა. აქ ავაზაკები დამსხდარიყვნენ და მოლხენას მისცემოდნენ. მათ იცოდნენ, რომ გარკვეულ დროს ეს ბერი ჩამოივლიდა ხოლმე გზად. წმინდა დიდმარხვა იყო. ერთმანეთში მოილაპარაკეს, ბერისათვის ღვინო დაეძალებინათ. ფიქრობდნენ, ასკეტი მამა ღვინოზე მკაცრ მარხვაში უარს იტყოდა, ისინი კი საბაბს ნახავდნენ, სიკვდილით მოეკლათ, მაგრამ სული წმიდის მიერ ამ წმინდა მამას ყოველივე ემცნო და როდესაც ავაზაკებმა მართლაც შესთავაზეს ღვინო, ჯვარი გადასახა წმინდა მამამ, დალოცა, აკურთხა, ავაზაკებს კი სინანული უსურვა და იხმია ღვინო. ამან ისე იმოქმედა მათზე როგორც რაღაც განსაკუთრებულმა სასწაულმა. მერმე კი დაუჯდა მათ და უქადაგა ცათა სასუფეველი, შემოსა ისინი ანგელოზის სქემით, თანამონაზვნებად გაიხადა და წაუძღვა მათ ზეციურ სასუფეველში.

შესახებ იმისა, რომ ჩვენი მარხვა არ უნდა იყოს გარეგანი და საჩვენებელი, ნათქვამია მაცხოვრის მიერ შემდეგი: “და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა იგი ორგულნი მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რა თა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად, ამინ გეტყ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი” (მათე 6.16). ე.ი. მარხვა და ნებისმიერი სათნოება, მოჩვენებით აღსრულებული, კაცთა თვალში ამაღლებისათვის, თავმოწონებისათვის, პატივმოყვარეობით, არანაირად არ იქნება გამართლებული განკითხვის დღეს. “ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი” (მათე 6.17). ადრე, მოგეხსენებათ, სუნამოს ნაცვლად იუდეველები და, საერთოდ, იმ დროის ხალხები კეთილსურნელოვან ზეთსა და მირონს ხმარობდნენ. მაშ, ჩვეულებისამებრ, თმაც დაივარცხნე, პირიც დაიბანე, ზეთიც იცხე, მაგრამ შინაგანად გქონდეს შემუსვრილება გულისა, განცდა თვისთა ცოდვათა, გქონდეს მარხვა შინაგანი; არაფერი არაწმიდა არ შეუშვა გულში და არაფერი არაწმიდა არ ამოუშვა გულიდან. “რა თა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამა შენი, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგებს შენ ცხადად” (მათე 6.18).

ამის შემდეგ უფალი იტყვის: “ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქვეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან” (მათე 6.19). თითქოს მოულოდნელი გადასვლაა ერთი აზრიდან მეორე აზრზე, მაგრამ სინამდვილეში აქ უფალი იმ აზრს გამოხატავს, რომ ის საუნჯე, რომელსაც ვერც ქურდი მოიპარავს და ვერც მღილი შესჭამს, ერთ-ერთი ისეთი დიდი სათნოება გახლავთ, როგორიცაა მარხვა. მაშასადამე, ყოველი ჩვენი ასკეზა - მცირე თუ დიდი, მარხვა იქნება ეს, მუხლთა დრეკა, ფსალმუნთა ღაღადება, ღამის თევა, მღვიძარება თუ სხვა, ყველაფერი ეს ზეცაში ცხოვრების წიგნში იწერება.

მოდით, ვნახოთ, მარხვის შესახებ იყო თუ არა რაიმე ნათქვამი ძველ აღთქმაშიც სული წმიდის მიერ. ესაიას წინასწარმეტყველებიდან უფალი ღმერთი ასწავლიდა, თუ როგორი მარხვა იყო მისთვის მოსაწონი. იუდეველები კითხულობდნენ ღვთის მიმართ “რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ?” “აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ, - უფალი პასუხობს, - და ყოველგვარ ჟინს იკლავთ” (ესაია 58.3). ე.ი. გარეგანად კი იკავებთ თავს (და თქვენ იცით, რომ იუდეველებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ განწმედის დღესასწაულზედ ევალებოდათ მარხვის შენახვა, თუმცაღა ჩვენ მეზვერე-ფარისევლის კვრიაკეში ვნახეთ, რომ იყვნენ ისეთი ფარისევლებიც, რომლებიც არა თუ წელიწადში ერთხელ, არამედ მარხვას კვირაში ორგზის ინახავდნენ, რის გამოც თავმომწონეობაში ჩავარდნილიყვნენ) შინაგანი აზრი კი მარხვისა ჩანს, არ გესმით.

მაშ, არ იღებს უფალი მარხვას, - პასუხობს იუდეველებს, - იმის გამო, რომ ეს მხოლოდ გარეგანი თავშეკავებაა, რომელსაც თან ახლავს სიამე და ყოველგვარი ჟინის მოკვლა.

რაღა იუდეველებზე ვისაუბროთ? მოდით, დღევანდელ დღეს გადავხედოთ. აგერ თვით ტაძრებში იყიდება წიგნი “როგორ მოვამზადოთ სამარხო კერძები”. გაჩნდა ე.წ. სამარხო კარაქი, მარგარინი, ნამცხვარი და სხვა. მაგრამ ეს არ არის მარხვა, ეს მარხვაში გემოთმოყვარების განსაკუთრებული გამოვლინებაა.

მაშ, “მარხულობთ, - ამბობს უფალი (ჩვენზედაც, არა მარტო მათზედ), - რომ იდავოთ და იშუღლოთ და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ, როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა” (ესაია 58.4) და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს შორის ისეთებიც არიან, რომლებმაც იციან, რომ შენდობის კვირიაკე მოახლოვდა, დამდურებულნი არიან მრევლშიც და გარეთაც და შეგნებულად არიდებენ თავს დღევანდელ დღეს ტაძარში მოსვლას, რათა ურთიერთს შენდობა არ მისცენ. თქვენ ისიც იცით, რომ მწუხრის ლოცვის შემდეგ, ურთიერთშენდობის შემდეგ ყველა ჩვენთაგანი უნდა გაეშუროს ეპარქიის მღვდელმთავართან, ჩვენს შემთხვევაში - კათოლიკოს-პატრიარქთან, რათა მისგანაც მიიღოს შენდობა და მასაც მიუტეოს. ისეთებიც არიან, რომლებიც ამას არ ფიქრობენ. ყოველი მათგანი, რომელიც თავს განიშორებს ურთიერთშენდობისაგან, ჩემ ცოდვილის მიერ განკანონებულ იქნება წმ. ზიარებიდან, ვიდრე ამპარტავნებას თავმდაბლობის წინაშე არ მოდრეკს.

მაშ, დაობთ და შუღლობთ, არ მარხულობთ, როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა, ანუ უფლის ყურამდის მხოლოდ ისეთი ლოცვა აღწევსო, რომელიც ჭეშმარიტ მარხვასთან და გულის შემუსვრილებასთან არის შეუღლებული. “განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე?” (ესაია 58.5) ე.ი. გარეგანად შეიძლება ასკეტურადაც კი იცხოვრო, მაგრამ შინაგანად ღვარძლითა და ბოროტი გულისთქმებით იყო სავსე. “განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დამეხსნა ბოროტების საკვრელნი (ე.ი. განთავისუფლდე ბოროტებისაგან), დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი?” (ესაია 58.6). აქ იმდენად მონების განთავისუფლებაზე კი არ არის საუბარი, რამდენადაც ბოროტი გულისთქმებისაგან გულის განთავისუფლებაზედ. “რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?” (ესაია 58.7) აი, როგორც გასულ კვირიაკეს, ხსენება იყო საშინელი სამსჯავროსი და უფალი იტყოდა ღაღადებით და ქადაგებით: მოვალ და გეტყვით: მშიერი ვიყავ და არ მაჭამეთ, შიშველი არ შემმოსეთ, მწყურვალს წყალი არ მასვით, პატიმარი არ მანუგეშეთ, ავადმყოფს არ განმისვენეთ. როდის, უფალო? - ჰკითხავენ. ყველა ამ გაჭირვებულთა სახით მე ვიყავი მოსული (მათე 25.42-45). ეს იყო თქვენი სულიერი გამოცდა, - მიუგებს ასეთებს მოცხოვარი.

“მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება. მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი”... (ესაია 58.8,9) მაშინ იქნება შენი ლოცვა ნაყოფიერი და ღვთის მიერ შესმენილი, როდესაც შენ მოწყალებასთან და მოყვასის სიყვარულთან შეაერთებ წმ. მარხვას. “მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას; თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიდაში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება” (ესაია 58.9,10).

გარდა მაგისა, ვფიქრობ, უკვე დაწყებულია ჩვენი სამზადისი არა იმდენად მარხვისათვის, რამდენადაც სანოვაგის შოვნისათვის, რაც შეიძლება მრავალფეროვანი რომ იყოს ჩვენი სამარხო სუფრა. ამაზე კი მამათა ცხოვრებაში მოთხრობილია შემდეგი: ჩვენგან ხსენებულ იორდანეს ერთ უდაბნოში ერთი ღმერთშემოსილი მამა ცხოვრობდა, მძოვარი ბერი გახლდათ. მძოვარი ბერი კი, მოგეხსენებათ, მოღვაწეობის განსაკუთრებულ სახეს მისდევს. იკვებებოდა მხოლოდ ბალახეულით, რაც ბუნებამ აღმოაცენა ღვთის კურთხევით. ერთხელ, უფლის განგებით, გახმა პაპანაქება სიცხის გამო მთელი ის ველ-მინდორი და ურვა-ვაებაში ჩავარდა ეს ბერი. აღარ იცოდა, თავი რითი გამოეკვება და გარკვეული განსჯის შემდეგ გადაწყვიტა, რომ როდესაც ეს ღამე გათენდებოდა, უდაბნო დაეტოვებინა. და მართლაც, როცა დააპირა და მდინარე იორდანეზე გადიოდა, აქ ნახა ანგელოზი ჩვენებით, რომელმაც უბრძანა, ერთ-ერთი ქვა ამოეღო მდინარიდან. მართლაც, მორჩილებისთვის ამოიღო მან ქვა, ბრძანებისაებრ გატეხა იგი და რა აღმოჩნდა? ქვაში ზის პატარა იოტისოდენა მატლი, რომელსაც პირში მწვანე ბალახი უჭირავს. ანგელოზმაც მხილების შემდეგ ბერს განუმარტა: ხომ ხედავ, ცისა და ქვეყნის შემოქმედი თვით მატლზე ზრუნავს და ნუთუ არ იზრუნებს ადამიანზე, რომელიც ხატად და მსგსავსად თვისად შექმნა?

მაშ, მოვედით ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, ვიზრუნოთ არა იმდენად გარეგანზე, არამედ შინაგანზე და ჩვენი მარხვაც ძალისაებრ მოწყალებასთან და ლოცვასთან შევაერთოთ.

როგორ იმარხულონ უძლურმა ადამიანებმა, როგორი იყოს მათი მარხვა? მოციქულთა 69 კანონის თანახმად, ის, ვინც საკმაოდაა დავადებული, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით შეიძლება გარკვეული სახის საზრდოთი ერთგვარი შვება მიიღოს ამ მარხვაში - შეიძლება ერთს თევზეულით და ღვინით დაუთმო, მეორეს - რძის ნაწარმით, დიდად მძიმე ავამყოფს კი ყოვლითურთ უხსნილო, მაგრამ ერთი მცნება ყველას დაუტოვო: შინაგანი მარხვა, გულის მარხვა, რათა ერთობით ყოველნი ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა მხოლოსა შვენის დიდება, პატივი და სიტკბოება აწ და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ქადაგებანი და თარგმანებანი, თბილისი, 1997 წ.