დიდებული მნათობი დღისა, თავისი დღიური გზის დასრულების შემდეგ, დასავალს მიუახლოვდა. ზღვისკენ დახრილი და მის თავზე თითქოსდა წუთით შეყოყმანებული, იგი მიწაზე გამოსათხოვარ სხივებს აგზავნის. რისი განჭვრეტა შეიძლება ამ სანახაობის ყურებისას განმარტოებული ბერისათვის? რა შთაგონება ჩაიღვრება მკერდში თავად ღმერთის მიერ დაწერილი წმინდა წიგნის - ბუნების ამ ფურცლის კითხვისას?
წიგნი ესე მუდმივად იშლება მათთვის, ვინც არ წყვეტს საკუთარი თავის განწმენდას სინანულით და ყოველივე დიდი თუ მცირე ცოდვისმიერი წამოწყებისაგან განშორებით. ის მათთვის იშლება, ვინც მიწიერ სიამოვნებებსა და გაფანტულობას განუდგა. ის იშლება სახარების მიმდევართა და მოწაფეთათვის, ციური დიდებისა და მარადიული სიტკბოების მოყვარულთათვის, ჩუმი და მშვიდი განმარტოების მოყვარულთათვის, რომელთაც შეიყვარეს განმარტოება, რათა მასში, საკუთარი თავიდან იმ ყველაფრის აღმოფხვრით, რაც გვაშორებს და ჩვენგან ფარავს ღმერთს, მოიპოვონ ღრმა შემეცნება ღვთისა. ბუნების დიდებული წიგნი დაბეჭდულია უწმინდურ, ცოდვით დაბნელებულ, ცოდვას დამონებულ, ხორციელ სიამოვნებებში ჩაფლულ, ამაო გასართოებებით თავბრუდახვეულ და გაბრუებულ მკითხველთათვის. ამაოდ ფიქრობენ ისინი თავიანთი ამპარტევნებით, რომ თავადაც მისი მკითხველები არიან. ისინი მასში მკვდარ, ნივთიერ ასოებს კითხულობენ, მაგრამ ვერ კითხულობენ უფალს. ბუნების წიგნის აზრი ასეთია: მასში აღუწერლადაა აღწერილი უფალი, ქებაშესხმულია სულის ხმამაღალი საგალობლებით, რაც გაუგებარია ხორციელი ყურისთვის, მაგრამ ხელახლა შობილი სულისთვის ბრწყინვალე, წმინდა, დამატყვევებელი და თავზარდამცემია. მოციქულის სწავლებით, საშინელი სამსჯავროს დღეს ამ სოფლად მცხოვრები ყველა საუკუნის ყველა ტომი და ერი, საცოდავ, სასაცილო კერპთაყვანისმცემლობაში მყოფი და ღვთის უმეცარი, ამ წიგნის წინაშე წარდგება და ის გაასამართლებს მათ. უფალთან მიმართებაში ხორციელ თვალთათვის უხილავი და „სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ“ მის ქმნილებაში, ბუნებაში, „იხილვების“, „რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს მიმგებელ“ (რომ. 1,20).
არსებობს წიგნი უფრო მაღალი და ღვთაებრივი, ნეტარი და საშინელი, ვიდრე წიგნი ბუნებისა - სახარება. სახარებას კეთილგონიერი და გულისხმიერი მკითხველი, რომელიც კითხულობს ამ წიგნს ცხოვრებისას, თვით ღმერთამდე მიჰყავს. ის ადამიანს ღმერთთან აერთებს. ბუნების წიგნი თავის მკითხველს ანგელოზთა დასში აყენებს და მას ღვთის დიდებულების მაყურებლად და მქადაგებლად ხდის: ანგელოზებმა, როცა იხილეს ხილული ბუნების წიგნი, ახალშექმნილი ქმნილება, შემოქმედს ქების საგალობელი აღუვლინეს. მათ მსგავსად უგალობს უფალს ადამიანი, რომელიც განწმენდილი თვალით უყურებს ბუნებას. სახარება უფრო მკაცრად გმობს მკითხველის გაუგებრობას, ვიდრე ბუნება: „რაოდენ ჰგონებთ უძვირესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მართლისაჲ აგინა? ჩემი არს შურის-გებაჲ და მე მივაგო, იტყვის უფალი“ (ებრ. 10,29-30). ქრისტიანი სახარებით განისჯება, - ეს უფალმა გვაუწყა: „სიტყუასა, რომელსა ვიტყოდე, განსაჯოს იგი უკუანაჲსკნელსა დღესა“ (იოანე 12,48). თუმც ბუნების წიგნში იკითხება უფალი ყოვლისშემძლე, ყოვლად ბრძენი, ყოვლად სახიერი, ყოველ ქმნილებაზე უსაზღვროდ მაღალი და გონიერი ქმნილებისაგან თაყვანისცემის ღირსი, როგორც შემოქმედი და კეთილისმყოფელი; მაგრამ იკითხება ღმერთი, როგორც თავისი არსით მიუწვდომელი შესაცნობად და მასზე რაიმე გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად, როგორც ყოველგვარ წარმოდგენასა და შეცნობაზე მაღლა მდგომი. სახარება კი ჩვენ თავისი არსებით ერთ და სამჰიპოსტასოვან ღმერთს განგვიცხადებს: - გვიცხადებს საწყისს - მამას, გვიცხადებს მამისაგან შობილს, თანადაუსაბამო ძეს, გამოგვიცხადებს სულს, რომელიც მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის იცემების და იდიდების, სულს, როგორც მათ თანასწორსა და ერთარსს; განვიცხადებს და გვახარებს მხსნელს და ადამიანი არა მხოლოდ თაყვანისცემისთვის მიჰყავს ღმერთთან, არამედ ღმერთთან შეერთებისათვის, მისი ძეობისათვის. ბუნების წიგნი ხილული, უხილავი გოლიათით, დიდმშვენიერი და ნათელიცისკროვანი მზითაა განათებული; სახარებაში და სახარებიდან ანათებს მზე სიმართლისა - ღმერთი - განკაცებამდე, ქვაბსა და ბაგამდე, დამნაშავეთა სასჯელამდე დამდაბლებული, პირმშო შესვენებულთაა, მომავალი საუკუნის მამა, მხსნელი ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ბრმას არ ძალუძს, იყოს ბუნების სასაწაულთა მხილველი: ცოდვით დაბნელებულ, სოფლისა და სოფლისმპყრობელის მონას არ ძალუძს ქრისტეს და მისი წმიდა სახარების შეცნობა. „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია, რამეთუ ყოველი, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა. ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა. რომელმან არა პატივსცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა“ (იოანე 1,5; 3,20,36; 5,23).
ჩამავალი მზე ნათლად წარმოგვიდგენს ჩვენი დროის ქრისტეანთა მდგომარეობას (XIX საუკუნის 40-იანი წლები). ანათებს იგივე მზე სიმართლისა - ქრისტე. იგი იმავე სხივებს გამოასხივებს, მაგრამ ისინი აღარ აფრქვევენ აღარც ადრინდელ ნათელს, აღარც ადრინდელ სითბოს. ეს იმის გამო, რომ სხივები პირდაპირ ჩვენ კი არ გვეცემიან, არამედ აისხლიტებიან და ირიბად მოემართებიან ჩვენკენ. სიმართლის მზის - ქრისტეს სხივები სულიწმიდაა, „ნათელი და ნათლის მომცემელი კაცთათვის, რომლისა მიერ მამა იცნობების და ძე იდიდების და ყოველთა მიერ საცნაურ იქმნების“ (სტიქარონი).
სულიწმიდა პირველ ქრისტიანთა შორის მრავალ ცხოველ ჭურჭელს, მისი დავანებსი ღირს განსულიერებულ ტაძარს პოვებდა. ასეთები იყვნენ მოციქულები და ყველა დროის წმინდანები; ასეთი იყო პირველმოწამე სტეფანე. თუკი პოვებდა ქრისტეს ერთგულ ქრისტიანს, სულიწმინდა გარდამოდიოდა მასზე, და მის სულსა და სხეულში ღვთის უხრწნელი სიწმინდის შეყვანითა და თავისი ტაძრის სულიერი ნიჭებით აღვსებით ახალი ადამის მსგავსად კვალად აღაშენებდა მას. სულიწმიდის მატარებელი მამების სულიწმიდის ნიჭთა ძალით განმტკიცებული სულიერი სიტყვის ძლიერებით ნაყოფიერლად ავრცელებდნენ ქრისტეს მოძღვრებას და ძმებს ხელს უწყობდნენ სწრაფ და ამამაღლებელ წარმატებაში. „ვასწავებთ ყოველსა კაცსა და ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაჲთა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესუჲს მიერ“ (კოლას. 1,28).
ახლა, როცა განმრავლდნენ ამა სოფლის მეცნიერებითა და ხელოვნებით, ყოველგვარი ნივთიერით მდიდარნი, ახლა „მოაკლდა წმიდაჲ“ (ფს. 11,1). სულიწმიდა, რომელიც გარდამოიხილავს კაცთა ზედა, რათა იმ კრებულში, რომელიც თავის თავსა განათლებულს, განსწავლულსა და მართლმადიდებელს უწოდებს, მოიძიოს ღირსეული ჭურჭელი, სამწუხარო განაჩენს წარმოთქვამს: „არავინ არს გულისხმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზეაღებულ არს ხორხი მათი; ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთაჲ პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერხნი მათნი დათხევად სისხლისა; შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ გზათა მათთა; და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა“ (რომ. 3,11-18).
აი, ის მიზეზები, რის გამოც სული ღმრთისა გაგვიუცხოვდა ჩვენ, მაშინ როცა ის არის ჭეშმარიტი კუთვნილება ჭეშმარიტი ქრისტიანებისა, მოპოვებული ყოველი ახალი ისრაიტელისათვის მათი ყოვლადწმიდა შემოქმედის მიერ. სული ღმრთისა წმინდაა და მხოლოდ წმინდანებზე განისვენებს, რომელნიც ჯვარს ეცვნენ სოფლისათვის, „ხორცნი თჳსნი ჯუარს-აცუეს ვნებითურთ და გულით თქუმით“ (გალ. 5,24). ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველი აღთქმა გვაუწყებს: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოვლისათვის მათისა ხორც“ (დაბ. 6,3). და ის ყოვლადსახიერი სული, რომელიც პირველ ეკლესიაში გარდამოვიდა მხოლოდ ჯვრის სიტყვით ნათლისღებად გამზადებულ კორნილიოსზე და სხვადასხვა ნიჭებით აავსო იგი, გვერიდება ჩვენ, ვინც უკვე განბანილნი ვართ ნათლისღებით, ვისაც თავი მორწმუნე და მართლმადიდებელი გვგონია. გვერიდება, თუმცა ის, როგორც ღმერთი, მიუკერძოებელია; გვერიდება, რათა უფრო ცოდვილი არ გაგვხადოს ჩვენს სხვა ცოდვებზე უფრო მძიმე ცოდვის, შეურაცხყოფის თანადართვით, რომლითაც წუხდება სულიწმიდა და იძულებული ხდება, განგვეშოროს (ეფეს. 4,30; 1 თეს. 5,19).
ამჟამად სიმართლის მზის სხივები პირდაპირ ადამიანებზე აღარ ეცემა. ხორციელი ცხოვრების მომძლავრების გამო მიწაზე იშვიათადღა მოიპოვება ყოვლადწმიდა სულის ცხოველი ჭურჭელი. ადამიანთა გულებს საკუთარი უწმინდურობის გამო აღარ ძალუძთ მისი წერილის უშუალოდ მიღება და ტარება. ხელთუქმნელ რჯულის ფიცრებზე, ანუ გულებზე უფრო უნარიანი ამისათვის აღმოჩნდა უსიცოცხლო ნივთიერება, ცოდვისაგან შეუბილწავი. სად განისვენებენ ამჟამად სულიწმიდის სიტყვები? წმიდა წერილისა და იმათ წიგნებში, ვინც ღვთისათვის სათნოს ჰყოფდა; წიგნებში, რომლებიც დაწერილია სულიწმიდის ჩაგონებითა და გავლენით. სულიწმიდა თავის რჩეულთ სხვადასხვაგვარ სულიერ ნიჭებს უნაწილებდა, მათ სხვადასხვაგვარ მსახურებას განუწესებდა: ზოგიერთებს წინასწარმეტყველებისთვის სცხო, სხვებს - ქრისტესთვის მოწამებობისთვის, ზოგს ქრისტესთვის მონაზვნური ღვაწლით თავის განწმენდისთვის. განსხვავებულია ნიჭები, განსხვავებულია მსახურებანი, მაგრამ საწყისი წყარო ერთია: სულიწმიდა, როგორც ღმერთი, თითეულისათვის ნიჭთა მბოძებელია, თითოეულისათვის თავისი ნებითა და ძალაუფლებით მსახურებათა განმწესებელი. ღვთის წმინდანთა წიგნები დაწერილია სულიწმიდის ჭურჭელთა მიერ, რომელთაც სხვადასხვაგვარი მსახურება ჰქონდათ - ყველა დაწერილია სულიწმიდის ჩაგონებით ან გავლენით.
უკვე აქედან გვიცხადებს სულიწმიდა თავის ცოცხალ ტაძართა დიდების ხარისხს - ერთთაგან უფრო ბრწყინვალედ ელვარებით, სხვათაგან კი უფრო ზომიერად ციალით. როგორც ხილული ცის ვარსკვლავები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დიდებით (1 კორ. 15,41), ასევე მრავალფეროვანია ეკლესიის ცაზე მოკაშკაშე ღვთის წმინდანთა სულიერი წარმატებულება. მათ სულიერ წარმატებას შეესაბამებსა ის ნათელიც, რომელსაც მათ მიერ დაწერილი წიგნები გამოსცემენ; თუმცა ყველა მათგანი ცაზეა და ყველა მათგანი გამოსცემს წმინდა სულის კეთილსურნელებასა და ნათელს. სწორედ ეს წიგნებია ყოვლადსახიერი ღმერთის მიერ ქრისტიანობის უკანასკნელი საათებისათვის ნათლის მოსაფენად განკუთვნილი ჩამავალი სიმართლის მზის სხივების ნათელი.
ძმანო! მაცხოვრის ანდერძით გამოვიცნოთ ჟამთა ნიშნები, რომელთა ვერ შეცნობის გამო უფალმა ამხილა ფარისეველნი (მათე 16,3). ჯეროვანი ყურადღება მივაპყროთ უფლის სწავლებას, რომელიც მის თანამედროვე იუდეველებს ეუბნებოდა: „მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელ გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ. ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ“ (იოანე 12,35-36). რწმენით გავიწვრთნათ ღვთის სათნოყოფილთა მიერ დაწერილ წიგნთა კითხვაში და მათგან განათლება და სულის ცხონება მივიღოთ! როგორც მომავკდინებელ შხამს, ისე განვეშოროთ წიგნებს, მღვრიე და მყრალი წყაროდან - ცრუ გონებიდან მომდინარეს, რომელშიც მკვიდრობს სატანა, გამოძებეველ ანგელოზებთან ერთად. „არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩვილ“ - შეგვაგონებს მოციქული, - „ღელვააღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცთაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა“ (ეფეს. 4,14).
მოდიან, მოედინებიან ადამიანთა მთელი მოდგმის გამანადგურებელ მსოფლიო წარღვნის ტალღებზე უფრო საშინელი სიცრუისა და სიბნელის ზვირთები. სამყაროს დასანთქმელად განმზადებულნი ყოველი მხრიდან გარს ეხვევიან მას, სპობენ ქრისტეს სარწმუნოებას, ანადგურებენ მიწაზე მის სამეფოს, აშთობენ მის მოძღვრებას, რყვნიან ზნე-ჩვეულებებს, აჩლუნგებენ და სპობენ სინდისს, ამყარებენ ყოვლადბოროტი სოფლისმპყრობელის მეუფებას. ჩვენი ხსნისათვის უფლის ნამცნებ გაქცევას მივმართოთ (მათე 24,16).
სადაა მართალი ნოეს კიდობნის მსგავსი ის სანატრელი კიდობანი, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა თავის შეფარება ყოველი მხრიდან გარშემორტყმულ ზვირთთაგან გადასარჩენად, სად იქნებოდა შესაძლებელი გვეპოვა საიმედო ხსნა? ეს კიდობანი წმინდა ეკლესიაა, რომელიც ზნეობრივი წარღვნის ზვირთებზე მაღლა მიცურავს და ბნელ, ქარიან, მრისხანე ღამეში თავის გზაზე ახოვნად, მტკიცედ იკვლევს გზას ციური მნათობებით: ღვთის წმინდა მაამებელთა ნაწერებით. ამ მნათობთა ბრწყინვალების დაფარვა არანაირ წყვდიადს, არანაირ ღრუბელს არ ძალუძს. კიდობანი მიაღწევს ნეტარი მარადისობის ნავსაყუდელს. მშვიდობიანად მიიყვანს იქ ყველას, ვინც მას თავისი ხსნა მიანდო. ვინც ამ კიდობანს უგულებელყოფს და თვითდაჯერებისა და სიამაყის საშინელ ზვირთთა საკუთარი გონების ძველი, დანჯღრეული ნავით გადაცურვას განიზრახავს, ვინც უგულებელყოფს ჭეშმარიტი ეკლესიის სიმდაბლით მორჩილებას, ვინც ჩაჯდება ცრუ სწავლებებით დაზიანებულ, მზაკვარი გველის საცდურით გახვრეტილ სხვა გემებში, ვინც უარყოფს სულიწმიდის ხელმძღვანელობას ან, თუნდაც, გულგრილად და ორგულობით იხელმძღვანელებს საღმრთო და წმინდა წერილით, რომელიც ერთადერთია, სადაც გადმოცემულია სწავლება სულისა, დაიღუპება. „ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ“ (იოანე 12,36). ამინ.
წიგნიდან: „სოფლის აღსასრულის შესახებ“
თბილისი, 2006 წ.