წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

მარხვისათვის

სათნოებათა დედა არის ლოცვა, სათნოებათა საფუძველი კი - მარხვა.

მარხვა არის მუდმივი ზომიერება ჭამაში და საზრდელის გონივრული გარჩევა.

ამპარტავანო კაცო! რაოდენ მაღალი, რაოდენ განსაკუთრებული წარმოდგენა გაქვს საკუთარ გონებაზე, ის კი მუდამ და მთლიანად მუცელზეა დამოკიდებული.

მარხვის კანონი, გარეგნულად თითქოს მუცლისათვის შემოღებული, სინამდვილეში გონებისათვის არის დაწესებული.

თუკი გონებას, შინაგან მეუფეს, სურს ძალაუფლება შეიმოსოს და შეინარჩუნოს, პირველ ყოვლისა მარხვის კანონს უნდა დაემორჩილოს. მხოლოდ მაშინ იქნება იგი მუდამ მღვიძარე და ნათელი, მხოლოდ მაშინ შეძლებს გულსა და გონებაზე ბატონობას, მხოლოდ მუდმივი მღვიძარების პირობებში მოახერხებს სახარების მცნებების შესწავლას და დაცვას. ძირი სათნოებათა არის მარხვა.

ახლად აგებულ კაცს სამოთხეში შეყვანის შემდეგ ერთადერთი მცნება მიეცა - მარხვა. ცხადია, ეს ირთადერთი მცნება იმიტომ მიეცა, რომ იგი საკმარისი იყო ახლად აგებული კაცის უცოდველად დასაცავად. ეს მცნება არაფერს ამბობდა საკვების რაოდენობაზე, მხოლოდ მისი ხარისხი იყო აკრძალული. მაშ, დაე დადუმდნენ, ვინც მარხვად მხოლოდ საკვების რაოდენობის შეზღუდვას აღიარებენ, ხარისხს კი უგულებელყოფენ. თუ საკითხს უფრო ღრმად განიხილავენ, ისინი მიხვდებიან, თუ რა მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი.

მარხვის მცნება, ღმერთის მიერ კაცისათვის სამოთხეში მიცემული, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ მცნებას დაემატა სასჯელის მუქარაც მისი გატეხვისათვის. სასჯელი კი იყო კაცთა მოწყვლა საუკუნო სიკვდილით.

ცოდვით სიკვდილი დღესაც ღუპავს მარხვის წმინდა მცნების დამრღვევთ. ვინც ჭამაში ზომიერებასა და საჭირო გარჩევის გრძნობას არ იცავს, ის ვერც ქალწულებასა და უმანკოებას იმარხავს, ვერც მრისხანებას თრგუნავს, ადვილად ეძლევა სიზარმაცეს, მოწყინებასა და სევდას, ცუდმედიდობის მონა და ამპარტავნების ბუდე ხდება; ამპარტავნებაში ადამიანს მისი ხორციელი ბუნება აგდებს, რომელიც თავის მხრივ მდიდრული და მაძღარი ტრაპეზის შედეგია.

მარხვის მცნება განახლებული ანუ დამტკიცებულია სახარებაში: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შვებითა და მთრვალობითა“ (ლუკ. 21,34), გვამცნო უფალმა. ნაყროვანება და მემთვრალეობა არა მხოლოდ ხორცს, არამედ გულსა და გონებასაც ამძიმებს, ანუ ადამიანს სულითაც და სხეულითაც ხორციელ მდგომარეობაში აგდებს.

და პირიქით: მარხვა კაცს სულიერ მდგომარეობას ანიჭებს. მარხვით განწმენდილი ადამიანი სულით მდაბალია, უმანკო, მოკრძალებული, მდუმარე, გრძნობებითა და აზრებით ფაქიზი, ხორცით მსუბუქი, სულიერი მოღვაწეობისა და ჭერეტისაკენ მიდრეკილი, ღმრთის მადლის მიღებისათვის მომზადებული.

ხორციელი ადამიანი მთლიანად ცოდვილ ტკბობას ეძლევა. იგი გემოთმოყვარეა ხორცითაც, გულითაც და გონებითაც, მას არ ძალუძს არამცთუ სულიერი ტკბობა და ღმრთის მადლის მიღება, არამედ სინანულიც. ასეთი კაცი, საერთოდ, სულიერი ცხოვრებისათვის გამოუსადეგარია: მიწას არის მიჯაჭვული, ნივთიერში ჩაფლული და, თუმცა ცოცხლობს, სულით უკვე მკვდარია.

„ვაი თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის“ (ლუკ. 6,25), მიმართავს უფალი წმინდა მარხვის დამრღვევთ. რით ისაზრდოებთ საუკუნო ცხოვრებაში, თუკი აქ მხოლოდ ნივთიერი საზრდელით და ნივთიერი ტკბობით გაძღომა გისწავლიათ - ისინი ხომ ზეცაში აღარ იქნებიან? რით ისაზრდოებთ საუკუნო ცხოვრებაში, თუკი არავითარი ზეციური სიკეთის გემო არ გიხილავთ? როგორ უნდა დატკბეთ ზეციური სიკეთეებით, თუკი ამსოფლად მათი სიყვრული კი არა, სიძუღვილი მოიხვეჭეთ?

ქრისტიანთა პური არსობისა არის ქრისტე. განუძღომლად კვება ამ პურით - აი, ეს არის მაცხოვნებელი განძღომა და ტკბობა, ამისკენ მოუწოდებს ღმერთი ყველა ქრისტიანს.

განუძღომლად დაეწაფე საღმრთო წერილს, განუძღომლად დაეწაფე ქრისტეს მცნებათა შესრულებას, განუძღოძლად დაეწაფე ტაბლას, რომელიც „განმზადეს წინაშე ჩემსა... მაჭირვებელთა ჩემთა... და სასუმელმან შენმან დამათრო მე“ (ფსალმ. 22,5).

„საიდან დავიწყოთ ჩვენ“, - ამბობს წმ. მაკარი დიდი (სწავლა 1,4), „ვისაც არასოდეს გამოგვიკვლევია საკუთარი გული? ვიდგეთ გარეთ და ვაკაკუნოთ გულის კარზე ლოცვითა და მარხვით, როგორც უფალმა გვიბრძანა: „ირეკდით და განგეღოს თქუენ“ (მათ. 7,7).

ეს ღვაწლი, მონაზვნობის ერთ-ერთი უდიდესი მოძღვრის მიერ ნახსენები, წმ. მოციქულთა ღვაწლი იყო. ამ ღვაწლში მყოფებს ესმათ სული წმიდის ხმა: „და ვიდრე-იგა ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს. ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა. რომელსა მე უწოდი მათ. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი და განუტევნეს“ (საქმე 13,2-3). ამავე ღვაწლში - მარხვასა და ლოცვაში იყვნენ, როდესაც სული წმიდის მიერ ებრძანათ წარმართთა ქრისტესაკენ მოქცევა.

საოცარია მარხვისა და ლოცვის შეერთება! ლოცვა უძლურია, თუ იგი მარხვას არ ემყარება, მარხვა კი უნაყოფოა, თუ მასზე ლოცვა არ არის აგებული (წმ. მარკოზ მოღვაწე, მარხვისა და სიმდაბლისათვის).

მარხვა ადამიანს ხორციელ ვნებებს განაშორებს, ლოცვა კი სულიერ ვნებებს ებრძვის და, მათი დათრგუნვის გზით, კაცის მთელ შემადგენლობას განმსჭვალავს, ხოლო განწმენდილ ტაძარში ღმერთი შემოჰყავს.

ვინც თესლს დაუმუშავებელ მიწაში ყრის, ის მარცვალს ღუპავს და ხორბლის ნაცვლად ეკალს მოიმკის. ასევე ჩვენც, თუკი ლოცვის თესლს დავთესავთ, მაგრამ წინასწარ ხორცის განწმენდაზე კი არ ვიზრუნებთ, სიმართლის ნაცვლად ცოდვის ნაყოფს გამოვიღებთ: ლოცვას სხვადასხვა ამაო და ბილწი გულისსიტყვები და ოცნებები გაფანტავენ და მოსპობენ, არაწმიდა გრძნობები შებილწავენ. ჩვენი ხორცი მიწისაგან შეიქმნა და, თუ მიწასავით არ დამუშავდა, ვერასოდეს გამოიღებს სიმართლის ნაყოფს (წმ. მარკოზ მოღვაწე).

და პირიქით, თუ კაცი მიწას გულმოდგინედ და რუდუნებით დაბარავს, მაგრამ თესლს კი არ ჩაყრის, ყანას სარეველა დაფარავს. ასევე, თუ ხორცს მარხვით განვლევთ, მაგრამ სულს არც ლოცვით, არც კითხვით და არც სიმდაბლით შევმუსრავთ, მაშინ მარხვა წარმოშობს უამრავ სარეველას ანუ სულიერ ვნებებს: საკუთარ თავზე მაღალ წარმოდგენას, ცუდმედიდობას, სხვათა შეურაცხყოფას (წმ. მარკოზ მოღვაწე).

რას წარმოადგენს ნაყროვანებისა და მემთვრალეობის ცოდვა? ჭამა-სმის ბუნებრივ მოთხოვნილებას, ოღონდ უკვე არასწორი მიმართულებით განვითარებულს, რომელიც იმაზე ბევრად მეტი რაოდენობისა და ხარისხის საკვებს მოითხოვს, ვიდრე ადამიანის სიცოცხლისა და ხორციელი ძალების შენარჩუნებისთვის არის საჭირო. ზედმეტი კვება კი ბუნებრივი დანიშნულების საპირისპიროდ მოქმედებს: ვნებს ამ სასიცოცხლო ძალებს, ასუსტებს და სპობს მათ.

ზედმეტი ჭამის სურვილის დაძლევა შეიძლება უბრალო ტრაპეზით, განძღომისა და საჭმელით ტკბობისაგან თავის შეკავებით. თავიდან განძღომა და საჭმელით ტკბობა უნდა მივატოვოთ: ამით ჭამის სურვილი მძაფრდება და სწორ მიმართულებას იღებს. ბოლო როდესაც ჭამის სურვილი სწორ მიმართულებას იღებს, უკვე უბრალო საკვებიც აკმაყოფილებს.

და პირიქით, როდესაც ჭამის სურვილს გაძღომითა და ტკბობით ვიკმაყოფილებთ, იგი ბლაგვდება, ამიტომ მადის აღსაძრავად სხვადასხვა გემრიელ სანოვაგესა და სასმელს მივმართავთ. თავიდან გვეჩვენება, რომ სურვილი მოვიკალით, მაგრამ შემდეგ ეს სურვილი სულ უფრო მატულობს. დაბოლოს, განუწყვეტელი ტკბობისა და ძღომის მაძიებელ, მუდმივად დაუკმაყოფილებელ, ავადმყოფურ ვნებად იქცევა.

როდესაც საკუთარ თავს ღმერთის სამსახურისათვის განვამზადებთ, ჩვენს მოღვაწეობას საფუძვლად მარხვა დავუდოთ. ყოველგვარი საფუძვლის არსებითი ნიშანი სიმტკიცე იუნდა იყოს: უამისოდ, რაგინდ მყარადაც არ უნდა აიგოს, შენობა აუცილებლად დაინგრევა. ჩვენც არასგზით, არასოდეს, არავითარი საბაბით არ უნდა გავტეხოთ მარხვა განძღომით, მით უფრო - თრობით.

საუკეთესო მარხვად მამები მიიჩნევდნენ დღეში ერთხელ ჭამას, ისიც არა ძღომამდე. ამგვარი მარხვა არც ხანგრძლივი უჭმელობით აუძლურებს ადამიანს და არც ზედმეტი ჭამით ამძიმებს, ამასთან, სულის მარგებელი საქმიანობის უნარსაც უნარჩუნებს. ეს არავითარი განსაკუთრებული ღვაწლი არ არის, ამიტომ მმარხველს არც ამპარტავნებაში ჩავარდნის მიზეზი ექნება, რისკენაც ასე მიდრეკილია ადამიანი თვით ამ სათნოების გამო, როდესაც იგი მკვეთრად თვალშისაცემია.

ვინც ფიზიკურად შრომობს ანდა იმდენად სუსტია, რომ მისთვის არ არის საკმარისი დღეში ერთხელ ჭამა, იმან დაე ორჯერ ჭამოს: მარხვა კაცისათვის და არა კაცი მარხვისათვის.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ხშირად ვიკვებებით თუ იშვიათად, გაძღომა გვეკრძალება: იგი ადამიანს სულიერი ცხოვრებისათვის გამოუსადეგარს ხდის და სხვა ხორციელ ვნებებსაც ფაროოდ უღებს კარს.

უზომო მარხვას, ანუ ხანგრძლივ, გადამეტებულ გადამეტებულ უჭმელობას არ იწონებენ: ზედმეტი მარხვისა და მისგან გამომდინარე დაუძლურების გამო ადამიანს სულიერი მოღვაწეობის უნარი ეკარგება, ხშირად ნაყროვანებაში ვარდება, თავის განდიდებისა და ამპარტავნების ვნება ეუფლება.

ძალიან მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი: სამოთხის აკრძალული ხილი თუმცა გარეგნულად მშვენიერი და გემრიელიც იყო, მაგრამ სულზე დამღუპველად მოქმედებდა: კეთილისა და ბოროტის ცნობას ანიჭებდა და ამით კლავდა უმანკოებას, რომელიც ჩვენს წინაპრებს ღმერთმა შექმნისას უბოძა.

საკვები დღესაც ძლიერ ზემოქმედებას ახდენს სულზე, რაც განსაკუთრებით აშკარაა ღვინის სმის დროს. საკვების ასეთი ზემოქმედება იმით არის გამოწვეული, რომ იგი სხვადასხვაგვარად აღაგზნებს ხორცსა და სისხლს, აგრეთვე იმით, რომ საკვების გაზი და ორთქლი კუჭიდან ტვინში ადის და გონებაზე ახდენს გავლენას.

ამიტომ მოღვაწეს ეკრძალება ყველა მათრობელა სასმელი, განსაკუთრებით კი ხორბლისაგან დამზადებული, რადგან სასმელი სიფხიზლეს უკარგავს გონებას და ამით სტაცებს გამარჯვებას სულიერ ბრძოლაში. ძლეული გონება, მით უფრო, გემოთმოყვარების გულისსიტყვებით ძლეული და ამ გულისსიტყვებით ტკბობას მიცემული, კარგავს სულიერ მადლს. მრავალი შრომითა და ხანგრძლივი ღვაწლით მოპოვებული წარმატება სულს რამდენიმე საათში ან რამდენიმე წუთშიც კი ერთმევა.

მონაზონმა საერთოდ არ უნდა დალიოს ღვინოო, თქვა პიმენ დიდმა. ეს წესი უნდა დაიცვას ყველა ღმრთისმოშიშმა ქრისტიანმაც, ვისაც თავისი ქალწულებისა და უბმანკოების შენარჩუნება სურს. წმ. მამები იცავდნენ ამ წესს, ხოლო თუ მაინც იხმევდნენ ღვინოს, ისიც ძალიან იშვიათად და უდიდესი ზომიერებით.

ცხარე საკვები, როგორც ხორციელი ვნებების აღმძვრელი, მმარხველის ტრაპეზიდან უნდა განიდევნოს: ასეთებია პილპილი, კოჭა და სხვა სანელებლები. ყველაზე ბუნებრივი საკვები ის არის, რომელიც ღმერთმა შექმნისთანავე დაუწესა ადამიანს - მცენარეული საკვები. ღმერთმა უთხრა ჩვენ წინაპრებს: „აჰა, მიგცე თქუენ ყოვლი თივა სათესავი მთესველი თესლისაა, რომელ არს ზედა ყოვლისა ქუეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუსა თავსა შორის თვისსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად“ (დაბ. 1,29). და მხოლოდ წარღვნის შემდეგ დართო ხორცის ჭამის ნება (იქვე 9,3).

მცენარეული საკვები საუკეთესოა მოღვაწისათვის. იგი ყველაზე ნაკლებად აღაგზნებს სისხლს და ამძიმებს ხორცს, ორთქლი და გაზები, რომლებსაც ისინი გამოყოფენ და ტვინამდე აღწევენ, სხვა საკვებთან შედარებით ნაკლებ ზემოქმედებას ახდენენ მასზე, დაბოლოს, მცენარეული საკვები ყველაზე ჯანსაღიც არის, რადგან კუჭში ნაკლებ ლორწოს წარმოშობს. ამიტომ მისი მიღებისას შენარჩუნებულია გონების სიფხიზლე და სისუფთავე, ანუ გონებას გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს, სუსტდება ვნებების მოქმედება და ადამიანს უფრო მეტად შესწევს სულიერი მოღვაწეობის ძალა.

თევზისაგან, განსაკუთრებით ზღვის მსხვილი ჯიშებისაგან დამზადებულ კერძებს უკვე სულ სხვა თვისებები აქვთ. ისინი აშკარა ზემოქმედებას ახდენენ ტვინზე, ხორცს ამძიმებენ, სისხლს აღაგზნებენ, კუჭს მავნე ლორწოთი ავსებენ, მით უფრო ხშირი და მუდმივი გამოყენებისას.

მაგრამ ამგვარი ზემოქმედება გაცილებით ძლიერია ხორციანი კერძებისაგან: ისინი უკიდურესად ასუქებენ ხორცს, განსაკუთრებულ მოუქნელობას სძენენ, სისხლს აღაგზნებენ. მისგან მომავალი გაზები კი ტვინს ამძიმებენ. ამიტომაცაა. რომ მონაზვნები საერთოდ არ ჭამენ ხორცს - იგი ერში მცხოვრები ადამიანების საკვებია, რომლებიც მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევიან, მაგრამ მუდმივად ხორცეულის მიღება მათთვისაც მავნეა.

„როგორ!“, - „შესძახებს ამაზე რომელიმე ვითომ ბრძენი, - „ხორცის ჭამის უფლება ადამიანს თვით ღმერთმა მისცა, და თქვენ კი ართმევთ?“ ამაზე ჩვენ მოციქულის სიტყვებით ვუპასუხებთ: „ყოველივე ჯერ არს ჩემდა (ანუ ყველაფერი ნებადართულია), არამედ არა ყოველი უმჯობეს არს: ყოველივე ჯერ არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს“ (1 კორ. 10,23). ჩვენ ხორცის ჭამისგან თავს ვიკავებთ არა იმიტომ, რომ მას უწმინდურად მივიჩნევთ, არამედ იმიტომ, რომ იგი განსაკუთრებულ სიმძიმეს იწვევს მთელ ჩვენს ორგანიზმში, რითიც ხელს უშლის სულიერ წარმატებას.

წმ. ეკლესიამ თავისი ბრძნული დადგენილებებით ხორცის ჭამის უფლება კი მისცა ერში მცხოვრებ ქრისტიანებს, მაგრამ აუკრძალა მისი მუდმივი მიღება: დაუწესა პერიოდები, როდესაც შეიძლება ხორცის ჭამა და როდესაც ეს აკრძალულია; ამ დროს ქრისტიანი თითქოს ფხიზლდება ხორცის მჭამელობისგან. მარხვის ამ ნაყოფს საკუთარი გამოცდილებით შეიტყობს ყოველი, ვინც მას დაიცავს.

მონაზვნებს ეკრძალებათ ხორცის ჭამა, მათთვის ნებადართულია რძის პროდუქტებისა და თევზის მიღება იმ დროს, როდესაც სხვა ქრისტიანებს ხორცი არ ეკრძალებათ. გარკვეულ პერიოდებსა და გარკვეულ დღეებში მათ თევზის ჭამა შეუძლიათ, მაგრამ უფრო მეტ დროს მხოლოდ მცენარეული საკვებია ნებადართული.

თითქმის მხოლოდ მცენარეულ საკვებს იღებენ დიდი მოღვაწეები, რომლებიც საკუთარ თავში სული წმიდის განსაკუთრებულ მოქმედებას გრძნობენ (2კორ. 6,16), ამ საკვების ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებისა და მისი სიიაფის გამო; სასმელადაც მხოლოდ სასმელ წყალს იყენებენ, რადგან ერიდებიან არამარტო მათრობელა სასმელებს, არამედ ნოყიერსაც, როგორიცაა მარცვლეულისაგან დამზადებული ყველა სასმელი.

მარხვის კანონები ეკლესიამ დაადგინა თავის შვილთა დასახმარებლად, როგორც სახელმძღვანელო მთელი ქრისტიანული საზოგადოებისათვის. ამასთან, ეკლესიის ყოველმა წევრმა გონიერი და გამოცდილი სულიერი მოძღვრის დახმარებით კარგად უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი და მოვერიდოთ ჩვენს ძალებს აღმატებულ მარხვას, რამეოუ, ვიმეორებთ: მარხვა კაცისათვის და არა კაცი მარხვისათვის. ხორცის განსამტკიცებლად მოცემული საკვები მის დასარღვევად არ უნდა გამოვიყენოთ.

„თუ მუცელს ეუფლები“, - თქვა წმ. ბასილი დიდმა, - „სამოთხეში შეხვალ, ხოლო თუ ვერ ეუფლები, სიკვდილის კერძი გახდები“. სამოთხეში აქ უნდა იგულისხმებოდეს მადლისმიერი ლოცვითი მდგომარეობა, სიკვდილში კი - ვნებული მდგომარეობა. ამსოფლად მყოფი ადამიანის მადლისმიერი მდგომარეობა ზეციურ ედემში მისი მარადიული ნეტარების საწინდარია, ცოდვისა და სულიერი სიკვდილის მდგომარეობა კი - ჯოჯოხეთის ჯურღმულში საუკუნო ტანჯვისა. ამინ.

წიგნიდან: „სიტყვა ნუგეშინისცემისა“, თბილისი, 2007