ღმერთი ისე უნდა გიყვარდეს, როგორც მან გვამცნო მისი სიყვარული, და არა ისე, როგორც თვითცთუნებულ მეოცნებეებს ჰგონიათ.
ნუ შეთხზავ აღმაფრენებს შენთვის, ნუ მოიყვან მოქმედებაში საკუთარ გრძნობებს, ნუ აღაგზნებ შენ თავს ბუნებითი ცეცხლით, შენი სისხლის ცეცხლით.
ღმრთისათვის სათნო მსხვერპლია - სიმდაბლე გულისა, სული შემუსვრილი. ღმერთი რისხვით გამეშორება მსხვერპლისაგან, რომელიც თვითკმაყოფილებით არის მიტანილი. საკუთარ თავზე ამაყი აზრით გაჯერებული, თუნდაც ეს მსხვერპლი ყოვლადდასაწველი იყოს.
ამპარტავნებას მოქმედებაში მოჰყავს ნერვები, განახურვებს სისხლს, აღაგზნებს მეოცნებეობას, განაცოცხლებს დაცემის მიერ ცხოვრებას. სიმდაბლე კი ამშვიდებს ნერვებს, ათვინიერებს სისხლის მოქმედებას, ანადგურებს მეოცნებეობას, მოაკვდინებს დაცემის მიერ ცხოვრებას და დაბადებს ქრისტეს მიერ ცხოვრებას.
„ფრიად უმჯობეს არს მსხვერპლთა, დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროს ცმელისა ვერძთასა!“ (1 მეფ. 15, 22) აუწყებდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს, რომელიც გაკადნიერდა ღმრთისათვის არასწორად შეეწირა მსხვერპლი. თუ გსურს ღმერთს სიყვარულის მსხვერპლი შესწირო, თვითნებურად და მოუფიქრებლად ნუ შესწირავ მას. მიართვი სიმდაბლით, იმ დროს და იმ ადგილზე, სადაც თვით უფალმა გამცნო.
სულიერი ადგილი, საიდანაც შეიძლება სულიერი მსხვერპლის შეწირვა არის - სიმდაბლე (ანბანური პატერიკი. პიმენი დიდის გამონათქვამი).
უფალმა ზუსტად სამართლიანი ნიშნით აღბეჭდა მისი მოყვარულნიც და ისინიც, ვისაც არ უყვარს ის, მან ბრძანა: „...უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს... ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ (იოან. 14, 23-24).
ღმრთისადმი სიყვარული გინდა ისწავლო? განეშორე ყოველგვარ საქმეს, სიტყვას, აზრს, შეგრძნებებს, რომელნიც სახარების მიერ არის აკრძალული. ცოდვის მიმართ შენი ბრძოლით, ასე რომ სძულს ყოვლადმოწყალე ღმერთს, აჩვენე და დაუმტკიცე მას შენი სიყვარული. როდესაც ცოდვით დაეცემი, შენი უძლურების გამო, დაუყოვნებლივ უმკურნალე სინანულით. მაგრამ უკეთესია საკუთარი თავისადმი მკაცრი სიფხიზლითა და ყურადღებით არ დაუშვა შენში ეს ცოდვით დაცემანი.
ღვთისადმი სიყვარული გინდა ისწავლო? მონდომებით შეისწავლე სახარებაში უფილს მცნებები და ეცადე საქმით განახორციელო, შეეცადე სახარებისეული სათნოებანი შენს ჩვევებად, თვისებებად აქციო. საყვარელს საყვარლის ნების ზედმიწევნით შესრულება ახასიათებს. „ამისთვის შევიყვარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა. ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაი სიცრუვისაჲ მოვიძულე“ (ფს. 118, 127-128) ამბობს წინასწარმეტყველი. ასეთი ქცევაა აუცილებელი ღმრთისამი ერთგულების დასაცავად. ერთგულება სიყვარულის აუცილებელი პირობაა. ამ პირობის გარეშე სიყვარული ირღვევა. ბოროტებისაგან მუდმივი განშორებითა და სახარებისეული სათნოებების აღსრულებით - რომელიც მოცემულია სახარების მთელ ზნეობრივ სწავლებაში - მივაღწევთ ღმერთის სიყვარულს. ამავე საშუალებითვე ვიმყოფებით ღმრთისადმი სიყვარულში. „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა“ (იოან. 15, 10) თქვა მაცხოვარმა.
სიყვარულის სრულყოფილება ღმერთთან შეერთებაში მდგომარეობს; სიყვარულში წარმართებას თან ახლავს გამოუთქმელი ნუგეშისცემა, ტკბობა და განათლება. მაგრამ, მოღვაწეობის დასაწყისში სიყვარულის მოწაფემ უნდა გაუძლოს შეუპოვარ ბრძოლას თავის ბუნებასთან; ცოდვით დაცემის გამო ჩვენს ბუნებასთან დანათესავებული ბოროტება გახდა მისთვის კანონი. იგი აღაშფოთებს მას ღვთის კანონის წინააღმდეგ, სიყვარულის წმიდა კანონის წინააღმდეგ.
ღმრთისადმი სიყვარული აღეშენება მოყვასისადმი სიყვარულზე. როდესაც შენში აღმოიფხვრება ძვირისხსენება, იცოდე ახლოს ხარ სიყვარულთან. როდესაც შენი გული გაბრწყინდება წმიდა, მადლიანი მშვიდობით მთელი კაცობრიობისადმი, მაშინ, უკვე მიწევნულხარ სიყვარულის კარიბჭეს. მაგრამ, ეს კარიბჭე მხოლოდ სული წმიდით განიღება. ღმრთისადმი სიყვარული არის მადლი ღმრთისა იმ ადამიანში, რომელმაც თავისი თავი ამ მადლის მისაღებად განამზადა გულის, გონების და სხეულის სიწმინდით. ამ განმზადების ხარისხის მიხედვით მივიღებთ ღმრთის მადლს: რადგანაც ღმერთი თავის მოწყალებაშიც კი მართლმსაჯულია.
ღმრთისადმი სიყვარული სავსებით სულიერია: „შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს; და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (იოან. 3, 6). ბუნებრივ სიყვარულს, ხორცთაგან და სისხლისაგან შობილს, ნივთიერი ხრწნადი თვისებები აქვს. იგი არ არის მუდმივი, ცვალებადია, ამგვარი სიყვარულის სიმხურვალე სავსებით ნივთიერია.
საღმრთო წერილიდან გესმა, რომ „ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს“ (ებრ. 12, 29), გესმა, რომ სიყვარულიც ცეცხლია, თუ გრძნობ შენში ბუნებით სიყვარულის სიმხურვალეს, ამის გაფიქრებაც არ გაბედო, თითქოს ეს ორი ცეცხლი ერთი და იგივე იყოს. არა! ეს ორი ცეცხლი ერთმანეთისადმი მტრულადაა განწყობილი და ერთი მეორეს აქრობს (იოანე კიბისაღმწერელი, მე-3 სიტყვა, მე-15 სიტყვა). „ვჰმსახურებთ სათნოდ ღმერთსა, მოშიშებითა და ღირსებითა. რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არსა“ (ებრ. 12, 28-29).
სიყვარული ბუნებითი - დაცემული სიყვარულია, რომელიც ადამიანის სისხლს განახურვებს, აღაგზნებს ნერვებს, განაცხოველებს მეოცნებეობას; წმიდა სიყვარული ანელებს განხურვებულ სისხლს, ამშვიდებს სულსაც და ხორცსაც, წარიტაცებს შინაგან ადამიანს ლოცვითი სიმყუდროვისაკენ, სიმდაბლეში და სულიერი სიტკბოებაში შთაიყვანს და დაალტობს მას.
ბევრ მოღვაწეს, ბუნებრივი სიყვარულის ღმრთაებრივში აერია, განიხურვეს სისხლი და მასთან ერთად განაცხოველეს და აღაგზნეს მეოცნებეობაც. განხურვება ძალიან ადვილად გადადის აღტაცებაში, განხურვებული აღტაცებულნი და გაოგნებულნი მრავალთ ჩათვალეს აღვსებულნი მადლითა და სულიწმიდით, იმ დროს, როცა ის საბრალონი თვითცთუნების მსხვერპლი იყვნენ.
მრავალი ასეთი მოღვაწე ჰყავდა დასავლეთის ეკლესიას, მას შემდეგ რაც იგი პაპიზმის ბნელ უფსრკულში ჩაეშვა, ეკლესიას, რომელშიც ღმრთისმგმობელურად მიეწერება ადამიანს ღმერთის თვისებები, და მას ისეთი პატივი და თაყვანისცემა მიეგება, როგორი პატივი და თაყვანისცემაც მხოლოდ ღმერთს შეჰფერის. განხურვების ამ მდგომარეობაში მყოფმა მოღვაწეებმა მრავალი წიგნი დაწერეს, რომელშიც თვითცთუნებით აღტაცებას ღმრთაებრივ სიყვარულად წარმოადგენენ. დაზიანებული წარმოსახვა მრავალ ხილვას უხატავდა მათ, პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების საამებლად.
აღმოსავლეთის ეკლესიის შვილო! ეკრძალე ასეთი წიგნების კითხვას, ამგვარი თვითცდუნებული მასწავლებლის დარიგებებს. სახარებისა და ეკლესიის წმიდა მამების ხელმძღვანელობით სიმდაბლით იწყე ასვლა ღმრთის სიყვარულის სულიერ სიმაღლეზე, იწყე ასვლა ამ სიმაღლეზე ქრისტეს მცნებების შესრულების გზით.
კარგად დაიხსომე, რომ ღმერთისადმი სიყვარული არის უმაღლესი ნიჭი სული წმიდისა, ადამიანს კი ხელეწიფება მხოლოდ სიწმიდითა და სიმდაბლით განიმზადოს საკუთარი თავი ამ უდიდესი ნიჭის მისაღებად. სული წმიდის მადლით იცვლება ადამიანის გონება, გული და სხეული.
ფუჭია შრომა, უნაყოფოა იგი და მავნებელი, როდესაც ჩვენ დროზე ადრე ვეძიებთ საკუთარ თავში ვიპოვოთ მაღალი სულიერი ნიჭები: ყოვლადმოწყალე ღმერთი თავის დროზე აძლევს ამ ნიჭს, სახარების მცნებების ყველა მოთმინებით აღვსილ, მდაბალ და მუდმივ შემსრულებელს. ამინ.
„რა არის მართლმადიდებლობა?“, თბილისი, 2001 წ.