ქრისტეს მოყვარე ძმებო, ისმინეთ სიტყვა ჩვენი მეუფის, იესო ქრისტეს მეორე და საშინელ მოსვლაზე. გავიხსენე ეს მრავალსაგოდებელი ჟამი და ძრწოლამ შემიპყრო დიდი შიშისგან, რადგან გულში განვიზრახავდი: რა მოხდება მაშინ! ვინ აღწერს ამას? რომელი ენა გამოთქვამს ამ სათქმელს? რომელი სმენა დაიტევს ამ სასმენელს? მაშინ მეუფე მეუფეთა აღდგება მისი დიდების საყდრიდან, გარდამოვა, რათა ყოველი დაბადებული იხილოს, ყველას ანგარიში გაუსწოროს და, როგორც მსაჯულმა, ღირსეულთ მათი ღირსებისამებრ მიაგოს მისაგებელი და აგრეთვე დასაჯოს ისინი, ვინც დასჯა დაიმსახურა. ამაზე რომ ვფიქრობ, შიშით იმსჭვალება ჩემი ნაწევრები და ძალა მიმეხდება, თვალებიდან ცრემლი მდის, ხმა მიწყდება, ბაგეები მეკუმება, ენა მიმძიმდება და ფიქრებიც სწავლობენ დუმილს. ეჰა, როგორ მიმძიმს ამაზე საუბარი ჩვენი სარგებლისათვის! და ძრწოლა მაიძულებს დუმილს.
ასეთი დიდი და საშინელი სასწაული არ აღსრულებულა სამყაროს დასაბამიდან და არ აღსრულდება არც ერთ ტომსა და მოდგმაში. ხშირად ჩვეულებრივზე ძლიერად თუ გაიელვებს და დაიჭექებს, ყველა ადამიანი შეკრთება და მიწას გაერთხმება. მაშ როგორ გავუძლებთ, საყვირის ხმას რომ გავიგებთ ზეციდან, ყოველგვარ გრგვინვაზე უსაზარლესს, ერთბაშად რომ აღმოუწოდებს და აღვიძებს საუკუნეების წინ დაძინებულ მართლებსა და ცოდვილებს? მაშინ ჯოჯოხეთში ადამიანთა ძვლები, ისმენენ რა საყვირის ხმას, მყისვე წამოიმართებიან და თავიანთი ნაწილების საძებნელად დაიძვრებიან. მაშინ ვიხილავთ, ყოველი სული, ყოველი ადამიანი თვალის დახამხამებაში როგორ აღდგება თავისი სამყოფლიდან და დედამიწის ოთხივ კუთხიდან ყველა შეიკრიბება სამსჯავროზე. ბრძანებს მეუფე დიდი, რომელსაც აქვს ხელმწიფება „ყოველსა ზედა ხორციელსა“, და მყისვე ძრწოლით მიართმევენ: მიწა თავის მკვდრებს და ზღვა - თავისას. ვინც მხეცმა დაგლიჯა, ვინც თევზებმა დამუსრეს, ვინც ფრინველებმა დაიტაცეს, ყველა მყისიერად წარმოდგება. თმის ერთი ბეწვიც კი არ მოაკლდება არავის. როგორ გავუძლებთ, ძმებო, როცა დავინახავთ ცეცხლის მდინარეს, აბობოქრებულ ზღვასავით მძვინვარედ მომდინარეს, მთებსა და ხევებს რომ შთანთქავს, შეწვავს მთელ დედამიწას და „საქმეთა, რომელნი არიედ მას ზედა“? მაშინ, საყვარელნო, იმ ცეცხლისგან მდინარეები დაიშრიტება, წყაროები გახმება, ვარსკვლავები ზეციდან გადმოცვივდება, ზღვა დაიწრიტება, ჰაერი შეიცვლება, მზე ძაძას შეიმოსავს, მთვარე სისხლად იქცევა, ზეცა, წერილისამებრ, შეიგრაგნება, „ვითარცა წიგნი“ (ეს. 34,4). მაშინ ანგელოზები დაიძვრებიან, რათა შეკრიბონ „რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა“ (მათ. 24,31), როგორც უფალი ამბობს, „კიდითგან ცათაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა (ცათა)“ (მათ. 24,31). მაშინ, მისი აღთქმისამებრ, დაიბადება „ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი“ (ეს. 65,17). როგორ დავითმენთ ყოველივეს, ქრისტეს მოყვარენო, როცა ვიხილავთ განმზადებულ საშინელ საყდარს, ცაზე კი გამოცხადდება ნიში ჯვარისა, რომელსაც ქრისტე ნებსით შეემსჭვალა ჩვენი ცხონებისთვის? მაშინ ყველა იხილავს მაღალთა შინა განცხადებულ სამეუფო სკიპტრას, საშინელს და წმინდას, ყველა გულისხმა-ჰყოფს და გაიხსენებს უფლის მიერ წინასწარ თქმულს, რომ გამოჩნდება „სასწაული ძისა კაცისა ცათა შინა“ (მათ. 24,30). ყველას ეუწყება, რომ კვალად ამისა მეყვსეულად მოგვევლინება მეუფე. ამ დროს, ძმებო, ყველა განიზრახავს გულში, როგორ შეხვდეს საშინელ მეუფეს, და თავის ყველა ქმედების გამოძიებას და შემოწმებას შეუდგება. მერე იხილავს, რომ მისი ნამოქმედარი - კეთილიც და ბოროტიც, ავიც და კარგიც, მის წინაშეა წარმოდგენილი. მაშინ ყველა, ვინც მოწყალებას გასცემდა და ცოდვებს გულწრფელად ინანიებდა, იშვებს და განცხრება, იხილავს რა მის მიერ აღვლენილ ლოცვებს. თანამგრძნობი ადამიანები იხილავენ, რომ გლახაკები და არაფრის მქონენი, რომელთაც ისინი ამქვეყნად სწყალობდნენ, მათთვის ლოცულობენ და მათს ქველისმოქმედებას აუწყებენ ანგელოზებსა და ადამიანებს. სხვები თავიანთ დაშვრომასა და სინანულის ცრემლს იხილავენ; გახარებულები, განათლებულები, დიდებულები წარდგებიან და იტყვიან: „მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა“ დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესსა“ (ტიტ, 2,13). და მოკლედ რად არ ვიტყვი უმთავრესზე“. როცა ზეცის სიმაღლიდან ვისმენთ ამ თავზარდამცემ ხმას და საშინელ გოდებას: „აჰა ესერა სიძე მოვალს“ (მათ. 25,6), მივხვდებით, რომ მსაჯული ახლოსაა; სულ მალე გამოჩნდება მეუფე, განცხადდება მსაჯული მსაჯულთა, ყოველთა ღმერთი მოდის ცოცხლებისა და მკვდრების განსასჯელად! მაშინ, ქრისტეს მოყვარენო, ამ გოდებისგან შეიძვრის დედამიწის საფუძველი და წიაღი მისი კიდიდან კიდემდე, შეიძვრის ზღვა და ყველა უფსკრული. მაშინ ყოველ ადამიანზე მოიწევა შეჭირვება, ზარი და სიშმაგე გოდებისგან და საყვირის ხმისგან, საშინელი შიშისგან და იმ მოლოდინისგან, თუ რა მოელის სამყაროს, რადგან „ძალნი ცათანი“ (მათ. 24,29) შეიძვრებიან, როგორც წერია. მაშინ დაიძვრებიან ანგელოზები, შეიკრიბებიან მთავარანგელოზთა დასები, ქერუბიმები, სერაფიმები - ყველა „შინაგან სავსენი თუალითა“ (გამოცხ. 4,8) - და ერთხმად ძლიერად ხმობენ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო, რომელი არს, და რომელი მომავალ არს“ (გამოცხ. 4,8). მაშინ ყოველი ქმნილება ზეცაში, მიწაზე და მიწის ქვეშ, შეძრწუნებული, ძლიერი ხმით ხმობს: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაათა“ (მათ. 21,9).
მაშინ გაიხსნება ცა და გამოცხადდება უფალი უფლებათა, მეუფე მეუფეთა, ყოვლადწმიდა და დიდებით შემოსილი ღმერთი ჩვენი მსგავსად საშინელი ელვისა, მრავალი ძალითა და უებრო დიდებით გაბრწყინებული, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წინასწარმეტყველებს: „აჰა ესერა მოვალს ღრუბელთა თანა და იხილოს ყოველმან თუალმან, და რომელთა იგი უგმირეს მას, და გოდებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“ (გამოცხ. 1,7). რომელ სულს აღმოაჩნდება ისეთი დიდი ძალა, ყოველივე ეს რომ დაითმინოს? - ზეცა და მიწა წახდება და განიდევნება, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარე მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანათ და ცათ, და ადგილი არა ეპოვა მათ“ (გამოცხ. 20,11). გიგრძვნია ოდესმე ასეთი შიში? გინახავს ამგვარი არაჩვეულებრივი და საშინელი მოვლენები? ზეცა და მიწა განიდევნება და ამის შემდეგ ვინღა დადგება? სად გავიქცევით ჩვენ, ცოდვილები, როცა ვიხილავთ განმზადებულ საყდარს და საუკუნეთა მეუფეს, მასზე მჯდომარეს, როცა ვიხილავთ ზეცის ურიცხვ მხედრობას, შიშით წარდგომილს საყდრის წინაშე? მაშინ აღსრულდება წინასწარმეტყველება დანიელისა: „ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი ცეცხლი მოტყინარე. მდინარე ცეცხლისაა იზიდვოდა გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყუნეს წინაშე მისსა სამსჯავროსა. და ჯდა და წიგნნი განეხუნეს“ (დან. 7,9-10). დიდი შიში, ძრწოლა და სიშმაგე შეგვიპყრობს იმ დროს, ძმებო, როცა თვალუხვავი მსაჯული მიუკერძოებელ, პირუთვნელ სამსჯავროს მოიწვევს. განიღება საშინელი წიგნები, მათში აღრაცხულია ჩვენი საქციელიც, სიტყვებიც, გულის ზრახვებიც - ყოველივე, რაც გვითქვამს და ჩაგვიდენია ამ ცხოვრებაში და რის დაფარვასაც ვცდილობდით ღვთისგან, რომელიც „განიკითხავს გულსა და თირკუმელთა“ (გამოცხ. 2,23). ჩვენი „თმანიცა თავისა“ „ყოველნი განრაცხილ არიან“ (ლუკ. 12,7), ანუ აღრიცხულია ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები და ჩვენი გულის ზრახვები, რომელთა გამოც სიტყვისგება მოგვიწევს მსაჯულის წინაშე. ეჰა, ცხელი ცრემლი უნდა ვიდინოთ იმ ჟამისთვის! ჩვენ კი დაუდევრები ვართ. ჰოიმე, როგორ ვიგოდებთ და ვიგლოვებთ ჩვენს თავს, როცა ვიხილავთ იმ დიდ ნიჭებს, დიდების მეუფისგან რომ მიეცემათ კეთილმსახურებს. მაშინ ჩვენი თვალით ვიხილავთ აუწერელ ზეცათა სასუფეველს, მეორე მხარეს კი - სატანჯველს, მათ შორის აღმოჩნდება ყოველი ტომი და ყოველი ადამიანის სული - პირველმშობელი ადამისგან დაწყებული, და ყველაზე ბოლოს დაბადებული ჩვილით დამთავრებული. ყველა ძრწოლით მოიდრეკს მუხლს და თაყვანს სცემს მეუფეს, როგორც წერია: „ცხოველ ვარ მე, იტყვის უფალი, რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუხლი“ (რომ. 14,11). აკი მოციქულის პირითაც ამბობს უფალი: „რაჲთა სახელისა მიმართ იესო ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს, ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელისათანი და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა“ (ფილიპ. 2,10). მაშინ, ქრისტეს მოყვარენო, მთელი კაცობრიობა დადგება სასუფეველსა და სასჯელს შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ლხინსა და ჭირს შორის. ყველა მოელოდება საშინელი სამსჯავროს ჟამს და ვეღარავინ შეძლებს ვინმეს შეწევნას. იმ დროს ყოველს მოეთხოვება სარწმუნოების აღმსარებლობა, ნათლისღება: სარწმუნოება - განწმენდილი ყოველგვარი ერესისგან, ბეჭედი შეუმუსრავი და კვართი შეუბღალავი. როგორც საღმრთო წერილში წერია, „ყოველნი, რომელნი არიან გარემოს მისა, შეწირონ ძღუენი“ (ფსალმ. 75,12) შიშის ზარდამცემ მეფფეს, რადგან ყველას, ვინც წმინდა ეკლესიაშია ჩაწერილი მოქალაქედ, ანგარიშის მიცემა მოეთხოვება თითოეულს თავისი ძალისამებრ: ძლიერნი ძლიერად განიკითხჟბიან (იხ: სიბრძ. 6,6), „ყოველსა, რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან“ (ლუკ. 12,48), და „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ“, იმავე საწყაულით „მოგეწყოს თქუენ“ (მარკ. 4,24).
თუმცაღა დიდმა ადამიანებმაც და მცირეთაც - ჩვენ ყველამ ვაღიარეთ სარწმუნოება და წმინდა ბეჭედი მოგვენიჭა; ყველა ერთნაირად განვეშორეთ სატანას და ყველამ ერთნაირად დავუდეთ აღთქმა ქრისტეს, თაყვანი ვეცით მას, - თუკი ჩავწვდით ემბაზის საიდუმლოს ძალას და ეშმაკისგან ჯმნას (განშორებას). ეშმაკის განგმობა, რაც თავს ვიდეთ წმინდა ნათლისღების დროს, არამრავალი სიტყვით გამოიხატება, მაგრამ მასში დამარხული აზრის მიხედვით, მეტად მნიშვნელოვანია. ნეტარია ის, ვისაც მტკიცედ დაუცავს ეს. არამრავალი სიტყვით განვეშორებით ყოველივეს, რასაც ცოდვა ჰქვია, ყოველივეს, რაც ღმერთს სძულს, განვეშორები არა ერთ, არა ორ, არა ათ ცუდ საქციელს, არამედ ყოველივეს, ცოდვად სახელდებულს, ყოველივეს, რაც საძაგელია წინაშე ღვთისა. მაგალითად, ნათლისღების წესის აღსრულებისას წარმოვთქვამთ: „ვიჯმნი ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან“. რომელ „საქმეებს“ ვეთხოვები? ისმინე: განვეშორები სიძვას, მრუშობას, არაწმინდებას, ტყუილს, პარვას, შურს, მწამლველობას, მკითხაობას, გრძნეულებას, გულისწყრომას, მრისხანებას, გმობას, მტრობას, ბაძვას, შფოთს, ეჭვიანობას; განვეშორები მემთვრალეობას, უქმად მეტყველებას, ძვირის ხსენებას, ამპარტავნებას, უქმობის მოყვარებას, განვეშორები დაცინვას, საკრავებზე დაკვრას, საეშმაკო სიმღერებს, როკვას, სანახაობებს, ბავშვების გახრწნას, მკითხაობას ფრინველთა ფრენის მიხედვით, სულთა გამოხმობას, მისნობას, განვეშორები ნაკერპავს, სისხლს, დამხრჩვალის ხორცსა და მძორს. და რაღა ბევრი გავაგრძელო? დროც არ გვაქვს, ყველაფერი რომ ჩამოვთვალოთ, განვეშორები ყოველგვარ უწესობას, მათზე ლაპარაკიც კი სამარცხვინოა. ყოველივე ამას და ამის მსგავსს, - ყოველივეს, რის შესახებაც ყველამ ვიცით, რომ არიან „საქმენი და სწავლანი საეშმაკონი“, წმინდა ნათლისღების დროს წარმოთქმულ ჯმნათა მეშვეობით ვგმობთ. ცოდვის თავისუფლებას მაშინ მივეჩვიეთ, წინათ ბნელში რომ ვისხედით, ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ ვიმყოფებოდით, ჯერ არ გვეხილა ნათელი და „განფრდილ“ ვიყავით „ცოდვასა შინა“ (რომ. 7,14). ხოლო როდესაც კაცთმოყვარე, მოწყალე ღმერთმა სათნოდ იჩინა ჩვენი გამოხსნა ასეთი ცდომილებისგან, უფლის მაცხოვნებელი მადლი მოგვენიჭა, უფალმა თავი დადო ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის, კერპთა თაყვანისცემის საცდურისგან გამოგვისყიდა და ინება ჩვენი განახლება წყლითა და სულით. ამიტომაც დავგმეთ ჩვენ ყოველივე ეს, განვიძარცვეთ „ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ“ (კოლ. 3,9) და ახალი ადამი შევიმოსეთ. ასე რომ, ვინც მადლის მიღების შემდეგაც ჩაიდენს ზემოთ ჩამოთვლილ ცოდვებს, ის მადლისგან განვრდომილია და ქრისტე სავსებით ურგებია მისთვის - ცოდვებში ჩაფლულისთვის.
მაშ ასე, ქრისტეს მოყვარენო, ხედავთ, რომ მრავლისმრავალ ცოდვას განვეშორეთ არამრავალი სიტყვით: ეშმაკის განგმობას და მართალ აღმსარებლობას მოითხოვენ ყოველი ჩვენგანისგან იმ საშინელ ჟამსა და დღეს. აკი წერია: „სიტყუათა შენთაგან განპმართლდე“ (მათ. 12,37); „პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო!“ (ლუკ. 19,22).
მაშ ცხადია, რომ ჩვენი სიტყვები დაგვსჯიან ან გაგვამართლებენ იმ დროს. რანაირად მოეკითხებათ ადამიანებს? მწყემსები, ანუ ეპისკოპოსები სიტყვას აგებენ თავიანთ საკუთარ ცხოვრებაზეც და თავიანთ სამწყსოზეც; ყოველს მოჰკითხავენ სიტყვიერ ცხვრებს, რომლებიც მიიღო მან მწყემსთმთავრისგან - ქრისტესგან. თუკი ეპისკოპოსის დაუდევრობის გამო წარწყმდება სიტყვიერი ცხვარი, მისი სისხლი მწყემსის ხელისგან იზღვევა. ამგვარადვე, პრესვიტერებიც აგებენ პასუხს თავიანთ კრებულზე, დიაკვნები და ყველა მორწმუნე სიტყვას აგებენ თავიანთ სახლეულზე, ცოლზე, შვილებზე, მონებზე და მხევლებზე: „სწავლებითა და მოძღურებითა უფლისაათა“ (ეფეს. 6, 4) ზრდიდა მათ, როგორც მოციქული გვამცნებს, თუ არა? მაშინ მოეკითხებათ მეფეებსა და მთავრებს, მდიდრებსა და ღარიბებს, დიდთა და მცირეთ - ყოველივე, რაც ჩაუდენიათ. საღმრთო წერილი გვამცნობს, რომ „ყოველნივე წარდგომად-ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა“ (რომ. 14,10), „რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან, რაცა იგი ქმნა, გინათუ კეთილი, გინათუ ბოროტი“ (2 კორ. 5,10), და კიდევ წერია: „არა არს, რომელმან განარინოს ხელთაგან ჩემთა“ (სჯლ. 32,39).
ქრისტეს მოყვარენი: გთხოვთ, გვითხარი, რა მოხდება ამის შემდეგ?
მოძღვარი: გულისტკივილით გეტყვით, რომ გაგიჭირდებათ სმენა იმისა, რაც ამის შემდეგ მოხდება. სჯობს დავასრულოთ სიტყვა, ქრისტეს მოყვარენო.
ქრისტეს მოყვარენი: ნუთუ ის, რაც ახლა უნდა გვითხრა, რაც უკვე ვისმინეთ, იმაზე საზარელია?
მოძღვარი ატირდა და თქვა: ცრემლი მდის, ამაზე რომ გესაუბრებით; შეუძლებელია ამის თხრობა უცრემლოდ, რადგან ეს უკანასკნელი ჟამი - აღსასრული იქნება. მაგრამ ვინაიდან მოციქული გვამცნებს: „ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა“ (2 ტიმ. 2, 2), თქვენ კი მორწმუნეები ხართ, მე თქვენ გადმოგცემთ ამ სწავლას, თქვენ კი სხვებს გადაეცით. თუ მე სალმობიერი გულით მოგითხრობთ ამას, თანაგრძნობა გამიწიეთ, კურთხეულო ძმებო.
ქრისტეს მოყვარენო, მას შემდეგ, რაც ყველას ნამოქმედარი გაცხადდება ანგელოზთა და კაცთა წინაშე და „დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქვეშე ფერხთა მისთა“ (1კორ. 15,25), „განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ხელმწიფებანი და ძალნი“ (1კორ. 15,24) და უფლის წინაშე „მოდრკეს ყოველი მუხლი“ (რომ. 14,11), წერილისამებრ, მაშინ ადამიანებს ერთიმეორისგან განაშორებენ, როგორც მწყემსი განარჩევს ცხვრებს თიკნებისაგან. ვინც სიკეთეს ემსახურა და კეთილი ნაყოფი მოიმკო, ისინი განირჩევიან უნაყოფოთაგან, ცოდვილთაგან, და მზესავით გამობრწყინდებიან. სახელდობრ, განირჩევიან ადამიანები, რომლებმაც დაიცვეს უფლის მცნებები, რომლებიც მოწყალეები, გლახაკებისა და ობლების მოყვარულები იყვნენ; მწირებს იწყნარებდნენ, შიშვლებს აცმევდნენ, ციხეებში დატუსაღებულებს მოინახულებდნენ ხოლმე, შევიწროებულებს ექომაგებოდნენ, მიდიოდნენ ავადმყოფებთან, იყვნენ „მგლოვარენი“, როგორც უფალმა თქვა. განირჩევიან ადამიანები, რომლებმაც თავი დაიგლახაკეს ამ ცხოვრებაში, რათა ზეცის საგანძური ეუნჯებინათ, ცოდვებს მიუტევებდნენ მოყვასებს, სარწმუნოების ბეჭედი დაიცვეს შეუგინებლად და წმინდად ყოველგვარი ერესისგან. ამ ადამიანებს დააყენებს უფალი მარჯვნივ, ხოლო თიკნებს - მარცხნივ. თიკნებად იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებმაც კეთილი მწყემსი განარისხეს, ყურად არ იღეს მწყემსთმთავრის (ქრისტეს) სიტყვები, ქედმაღლობდნენ, უმეცრები იყვნენ. თიკნები ეწოდებათ ადამიანებს, რომლებიც ამქვეყნიურ ცხოვრებაში - სინანულის ჟამს - თიკნებივით დაკუნტრუშობენ, ნებივრობენ და თავიანთი სიცოცხლის მთელ დროს ატარებენ ღორმუცლობაში, მსგავსად იმ მდიდრისა, არასოდეს რომ არ სწყალობდა გლახაკ ლაზარეს. მარცხნივ დგომა მიესჯებათ მათ, რადგანაც უმოწყალონი იყვნენ და თანაგრძნობას მოკლებულნი. მათ არ ექნებათ არც სინანულის ნაყოფი, არც ზეთი თავიანთ ლამპრებში. ხოლო ვინც იყიდა ზეთი გლახაკებისგან და თავისი ჭურჭელი აავსო, ის დადგება მარჯვნივ, დიდებით შემოსილი და მხიარული, ანთებული ლამპრით ხელში, და ისმენს სანატრელ და სიკეთით აღსავსე ხმას: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო! და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი, დასაბამითგან სოფლისაათ“ (მათ. 25,34). მარცხნივ მდგომნი კი ისმენენ თავზარდამცემ და სასოწარმკვეთ განაჩენს: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ყოველთა ანგელოზთა მისთათვის“ (მათ. 25,41). როგორც თქვენ არ იწყალებდით მოყვასს, ისე მე არ შეგიწყალებთ ახლა; როგორც თქვენ არ ისმენდით ჩემ ხმას, ისე მე არ ვიღებ ყურად თქვენს ჩივილსა და გოდებას, რადგან მე არ მემსახურეთ: მშიერს არ აჭმევდით, მწყურვალს არ ასმევდით, მწირს არ იწყნარებდით, შიშველს არ მოსავდით, ავადმყოფებთან არ მიდიოდით, არ მომინახულეთ, როცა დატუსაღებული ვიყავი. თქვენ სხვა ბატონის - ეშმაკის მუშაკები და მსახურები იყავით. ამიტომ განმეშორეთ, უსჯულოების მოქმედნი. მაშინ „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხოვრებასა საუკუნესა“ (მათ. 25,46).
ქრისტეს მოყვარენი: ყველა ერთნაირ სატანჯველში ჩავარდება, თუ სასჯელი სხვადასხვანაირია?
მოძღვარი: სატანჯველი სხვადასხვაგვარია, როგორც სახარებიდან ვიცით. არსებობს „ბნელი გარესკნელი“ (მათ. 8,12). აქედან კი ჩანს, რომ სხვა ბნელიც არსებობს, უკუნეთი; სხვაგან არის „გეჰენია ცეცხლისა“ (მათ. 5,22) და სხვაგან - „ღრჭენა კბილთა“ (მათ. 13,42). ცალკეა „მატლი დაუძინებელი“ (მარკ. 9,48) და ცალკე - „ტბა ცეცხლისა“ (გამოცხ. 19,20), სხვა ადგილია „ცეცხლი უშრეტი“ (მარკ. 9,43) და სხვა - „ქუესკნელი“ (ფილიპ. 2,10); სხვა მხარეს არის „წარსაწყმედელი“ (მათ. 7,13) და სხვა მხარეს - „ქუესკნელნი ქუეყანისანი“ (ეფეს. 4,9). ცალკეა ჯოჯოხეთი, ცოდვილების სამყოფელი, და ცალკე - ფსკერი ჯოჯოხეთისა - უდიდესი სატანჯველი. აი, ამ სასჯელებზე განაწილდებიან უბედურები, ყველა თავისი ცოდვების საზომის მიხედვით - ზოგი დიდ-დიდი ცოდვებით იქნება დამძიმებული, ზოგი კი უფრო მცირე ცოდვებით, წერილისამებრ: „საბლითა ცოდვისა თვსისათა კაცად-კაცადი შეიკრვის“ (იგავ. 5,22). ამასვე ნიშნავს: „იტანჯოს იგი ფრიად“ (ლუკ 12,47) და „იგუემოს მცირედ“ (48). როგორც ამქვეყნად არსებობს სხვადასხვაგვარი სასჯელი, ასევე იქნება მომავალ საუკუნეშიც. თუ მათ, ვინც ერთმანეთის მტრობაში ატარებენ ცხოვრებას, ასეთ ყოფაში მოუწევთ ხორცთაგან განსვლა, ისინი ულმობელ სასჯელს მიეცემიან განკითხვის დღეს, და, როგორც მოძულენი, გარესკნელის ცეცხლში და დაუსრულებელ წყვდიადში განითხევიან, რადგან დაუდევრად მოეკიდნენ უფლის მსუბუქ ტვირთს - ადვილად აღსასრულეგელ მცნებას: „იყუარებოდით ურთიერთას“ (იოან. 15,17) და მიუტევეთ „ვიდრე სამეოც და ათ შვიდ-გზის“ (მათ. 18,22).
ოღონდ არც ერთი მცოდველი არ უნდა მიეცეს უზრუნველობას, ან პირიქით, სასოწარკვეთას, რადგან „ნუგეშინის მცემელი გვივის მამისა მიმართ ქრისტე იესო მართალი, და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთა“ (1იოან. 2,1-2). მაგრამ იგი მომტევებელია არა იმ ადამიანების ცოდვებისა, რომლებიც უზრუნველად ცხოვრობენ, წვანან და ნებივრობენ, ფუფუნებასა და სიცილში ატარებენ დროს, არამედ იმ ადამიანებისა, რომლებიც გლოვობენ, ცოდვებს ინანიებენ, უფლის მიმართ ხმობენ დღედაღამ. ისინი მიიღებენ ნუგეშს ნუგეშის მცემლისგან. ხოლო ვინც სცოდა, შემდეგ კი დაივიწყა თავისი შეცოდება და ცოდვებმოუნანიებელი წარდგება ღვთის წინაშე, მასზე მოიწევა რისხვა ღვთისა, რასაც მანასე გვაუწყებდა (იხ: 2ნეშტ. 36; ლოცვა მანასესი).
ვაი მსიძავს! ვაი მემთვრალეს! ვაი მათ, ვინც „ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ“ (ეს. 5,12) და არ ახსოვთ მისი სიტყვები! ვაი მათ, ვინც საღმრთო წერილს შეურაცხყოფს! ვაი მათ, ვინც სინანულისა და უფლისადმი მოქცევის დროს უგულისხმოებასა და სიცილში კლავს! ისინი ამაოდ მოიძიებენ დროს, უქმად რომ გაფლანგეს, მაგრამ ვერ იპოვიან. ვაი მას, ვინც მზაკვარ სულებს მოუხმობს და საეშმაკო სწავლებებს ეცნობა, რადგან მერმის საუკუნეში ეშმაკებთან ერთად დაისჯება! ვაი სიცრუის მწერლებს! ვაი მას, ვინც მუშაკს სასყიდელს წაართმევს, რადგან სასყიდლის წართმევა ისეთივე ცოდვაა, როგორიც სისხლის ღვრა. ვაი უსამართლო მსაჯულებს და მათ, „რომელნი განამართლებენ უთნოსა ქრთამისათვის და სამართალსა მართლისასა აღიღებენ“ (ეს. 5,23)! ვაი მათ, ვინც ერესებით შეაგინებს წმინდა სარწმუნოებას და ერეტიკოსებთან თანხმობაში შედის! ვაი განუკურნებელი ვნებებით - შურითა და სიძულვილით დაავადებულთ! მაგრამ რაღად გვინდა ბევრი ლაპარაკი და რად არ შევწყვეტ სიტყვას? ვაი ყველას, ვისაც იმ საშინელ დღეს მარცხნივ დგომა მიესჯება! ბნელით შეიმოსებიან ისინი და მწარედ იტყებენ, როცა სავალალო განაჩენს მოისმენენ: „წარვედით ჩემგან, წყეულნო“ (მათ. 25,41). მეორენი ასეთ საგოდებელ განაჩენს ისმენენ: „ცოდვილნი შთაგდენ ჯოჯოხეთად“ (ფსალმ. 9,18). სხვებს უფალი ეტყვის: „ამენ გეტყვ თქვენ, არა გიცნი თქვენ“ (მათ. 25,12), ან: „განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (ლუკ. 13,27). ზოგიერთებს კი, სახელდობრ, შურიანებს, უფალი ასე მიმართავს: „მიიღე შენი და ვიდოდე“ (მათ. 20,14). მაგრამ სად წავლენ? ცხადია, იქ, სადაც წავლენ ამ სიტყვების გამგონენი: „განვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას“. ზოგიერთებს მოესმებათ უფლის ხმა, მხმობელი: „შეუკრენით მაგას ხელნი და ფერჴნი და განაგდეთ ბნელსა მას გარესკნელსა“ (მათ. 22,13). სხვა ცოდვილები ღვარძლივით შეიკვრებიან, რათა დაიწვან „საკუმილსა მას ცეცხლისასა“ (მათ. 13,42). როგორც მრავალი გზა არსებობს ცხონებისა, ასევე მრავალი სავანეა ზეცათა სასუფეველში, და როგორც მრავალი სახე არსებობს ცოდვისა და ბოროტმოქმედებისა, ასევე ბევრია სახე სატანჯველისა.
ვისაც სინანულის ცრემლი და სულის შემუსვრილება შეგიძენიათ, ჩემთან ერთად იტირეთ. ხოლო მე, ჩემო კურთხეულო ძმებო, გავიხსენე ეს მრავალსაგოდებელი განრჩევა და მისი ხსენებაც კი მეტად მიმძიმს, რადგან იმ საშინელ ჟამს საბედისწერო განშორებით განეშორება ყველა ერთმანეთს; და ცოდვილები განიდევნებიან გადასახლებაში, საიდანაც ვეღარავინ ბრუნდება. ვინ განიფიცხა გული იმდენად, რომ ამიერიდან არ იგლოვოს ის ჟამი, როცა ეპისკოპოსები ეპისკოპოსებს გაეყრებიან, პრესვიტერები პრესვიტერებს, დიაკვნები დიაკვნებს და წამკითხველები თავიანთ ამხანაგებს? მაშინ განირჩევიან ისინიც, ვინც ოდესღაც ხელმწიფობდნენ, ივაგლახებენ და მონებივით განიდევნებიან. მაშინ ივალალებენ მთავრები და უწყალო მდიდრები, და შემწეს ვერ იპოვიან. აღარც მათი სიმდიდრე იპოვება სადმე, აღარც მლიქვნელები მიდი-მოდიან მათ წინაშე. ისინი ვერ ეღირსებიან შეწყალებას, რადგან თვითონ სხვებს არ იწყალებდნენ, და არაფერი წაუმძღვარებიათ წინ, რათა შეწყალება ეპოვათ. ასეთ ადამიანებზე წინასწარმეტყველი ამბობს: „დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არა რაჲ“ (ფსალმ. 75,6). მაშინ ერთმანეთს გაეყრებიან მშობლები და შვილები, მეგობრები მეგობრებს დაშორდებიან; მწუხარედ გაიყრებიან მეუღლეები, რომელთაც შეუბილწავად არ დაიცვეს თავიანთი სარეცელი. მაშინ განიდევნებიან სხეულით ქალწულები, მაგრამ უწყალო და სასტიკი ზნის ადამიანები. „სასჯელი უწყალო არს მათთვს, რომელთა არა ყონ წყალობა“(იაკ. 2,13). მაგრამ -ბევრ რამეზე დავიდუმებ და ბევრ სათქმელს გვერდს ავუვლი, რადგან შიში და ძრწოლა მიპყრობს, და მოკლედ ვიტყვი: მაშინ ცოდვილები საბოლოოდ განიდევნებიან სამსჯავროდან; მათ გააძევებენ უწყალო ანგელოზები, რომლებიც ჰგვემენ მათ და სცემენ. კბილებს დააღრჭენენ ცოდვილები - მალიმალ უკან იბრუნებენ პირს, რათა დაინახონ მართლები და შეიგრძნონ ის სიხარული, რომელსაც თვითონ განეშორებიან. და იხილავენ გამოუთქმელ ნათელს, იხილავენ სამოთხის მშვენიერებას, იხილავენ ნაცნობებს, დიდ-დიდ ნიჭებს, რომელთაც დიდების მეუფისგან მიიღებენ მოღვაწენი; შემდეგ თანდათანობით განეშორებიან ყველა მართალს, მეგობრებს, ახლობლებს... ბოლოს მიეფარებიან თვით ღვთის თვალისგანაც და სიხარულისა და ჭეშმარიტი ნათლის ხილვის შესაძლებლობასაც დაკარგავენ. ისინი მიუახლოვდებიან სატანჯველებს, განიბნევიან და მიმოიფანტებიან. მაშინ დაინახავენ, რომ სავსებით მიტოვებულები არიან, რომ ყოველგვარი იმედი გადაწურულია მათთვის და არავის შეუძლია მათი შეწევნა ან მეოხების ყოფა, რადგანაც თვალუხვავია, სამართლიანია ღვთის სამსჯავრო. მაშინ სიმწრის ცრემლს მოიწურავენ ცოდვილები, იგოდებენ და ამოთქვამენ: „ჰოიმე, რამდენი დრო დავკარგეთ უქმად, დაუდევრად! ვაი, როგორ გაგვაცრუა ცრუ წუთისოფელმა! როგორ ვიცინოდით საღმრთო წერილის მოსმენისას! ღმერთი წმინდა წერილის მეშვეობით მოგვმართავდა, ჩვენ კი ყურად არ ვიღებდით მის სწავლებას. ახლა მოვთქვამთ, ის კი პირს იბრუნებს ჩვენგან. რა სარგებელი მოგვიტანა მსოფლიოს კიდეებმა? სად არის მამა, ჩვენი მშობელი? სად არის დედა, ვის მიერაც მოვევლინეთ ამ ქვეყანას? სად არიან ძმები, შვილები, მეგობრები? სად გამქრალა სიმდიდრე, მამული? სად ისმის ხალხის ხმა? სადღაა ნადიმები, ხალხმრავალი და არაფრის მომცემი საასპარეზო ადგილები? სად არიან მეფეები და მთავრები? როგორ, ნუთუ არც ერთ მათგანს არ ძალუძს ჩვენი ხსნა, და არც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის შველა? სავსებით მიგვატოვეს ღმერთმაც და წმინდანებმაც. რა გვეშველება? ახლა უკვე აღარ არის სინანულის დრო, გაუქმდა საღმრთო განგება ჩვენს ცხონებაზე, ურგებია ცრემლი, აღარ ჩანან მათხოვრები და გლახაკები - ზეთის გამყიდველები, რადგან დასრულდა სავაჭრო. როცა გამყიდველები ცრემლს ღვრიდნენ და იძახდნენ: „იყიდეთ“! მაშინ ყურებს ვიხშობდით, არ ვუსმენდით მათ და არ ვყიდულობდით მათგან (ზეთს ჩვენი ლამპრებისთვის). ახლა კი ვეძებთ და ვერ ვშოულობთ. უკვე აღარ არის გამოხსნა ჩვენთვის - უბედური ადამიანებისთვის, ვეღარ ვეღირსებით შეწყალებას, რადგან ღირსები არ ვართ. მართალია (სამართლიანია) ღვთის სამსჯავრო! ვეღარ ვიხილავთ წმინდანთა დასებს, ვეღარ ვიხილავთ ჭეშმარიტ ნათელს, ყველასგან დავობლდით. რაღა ვთქვათ უკანასკნელად? გვიხსენით ჩვენ, ყოველნო მართალნო! გვიხსენით, მოციქულებო, წინასწარმეტყველებო და მოწამეებო! გვიხსენით, პატრიარქებო! გვიხსენით, მონაზვნებო, მოწესენო! გვიხსენი, პატიოსანო და ცხოველმყოფელო ჯვარო! გვიხსენი, ზეცათა სასუფეველო! გვაცხოვნე, ზეციურო იერუსალიმ, პირველმშობელთა დედავ! გვაცხოვნე, სამოთხევ საშვებლისა! გვაცხოვნე, დედოფალო ღვთისმშობელო, კაცთმოყვარე ღმერთის დედავ! გვიხსენით, მამებო და დედებო, ძეებო და ასულებო! უკვე ვერც ერთ თქვენგანს ვეღარ გიხილავთ“. ბოლოს ყოველი წავა და დაიმკვიდრებს სატანჯველს, რომელიც განიმზადა თავისი ბოროტი საქციელით და ცოდვების მოუნანიებლობით, წავა იქ, „სადა იგი მატლი მათი არა დაესრულების და ცეცხლი იგი არა დაშრტების“ (მარკ. 9,48).
აი, შევასრულე თქვენი სათხოვარი. აი, ხომ შეიტყვეთ, რას ვუმზადებთ ჩვენს თავს; ხომ მოისმინეთ, რას მოიმკიან დაუდევრები, ზარმაცები, ცოდვებმოუნანიებლები; როგორ გამასხარავდებიან ისინი, ვინც უფლის მცნებებს დასცინოდა; აკი ისმინეთ, როგორ ატყუებს ბევრს და აცდუნებს ეს ცხოვრება, სულის გამხრწნელი, აკი ისმინეთ, როგორ მოიკიცხება საღმრთო წერილის გამქირდავი. დაე, ნურავინ მოტყუვდება, ჩემო საყვარელო, კურთხეულო შვილებო, ნურავინ დარჩება ურწმუნო, ნუ იფიქრებს, თითქოს ის, რაც სამსჯავროს შესახებ ითქვა, ცარიელი სიტყვები იყოს მხოლოდ. პირიქით, უეჭველად ვერწმუნოთ უფალს - საღმრთო წერილისამებრ, რომ არსებობს მკვდრების აღდგომა, საშინელი სამსჯავრო და სამართლიანი მისაგებელი როგორც სიკეთის, ისე ბოროტების სანაცვლოდ. მოვიძულოთ და არარად შევრაცხოთ ყოველივე წარმავალი და ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ წარვდგებით და სიტყვას ვაგებთ უკანასკნელ სამსჯავროზე იმ ყოვლად შესაძრწუნებელ და საშინელ ჟამს, რადგან ეს იქნება ჟამი მრავალცრემლიანი, მრავალსალმობიერი, ჭირვარამიანი და ზარის დამცემი. ის შეაფასებს და შეაჯამებს მთელ ცხოვრებას. ამ საშინელ დღესა და ჟამზე წინასწარ გვამცნობდნენ წმინდა წინასწარმეტყველები და მოციქულები ამ დღესა და ჟამზე საღმრთო წერილი სამყაროს კიდიდან კიდემდე, ყველა ეკლესიაში და ყველა ოჯახში ხმობს, ყველას უმოწმებს და ევედრება, მხმობელი: იხილეთ, ძმებო, ყურად იღეთ, იღვიძეთ, ილოცეთ, გაიღეთ მოწყალება, განემზადეთ, „რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისა მოვიდეს“ (მათ. 25,13). ამრიგად, ყველა ღმერთშემოსილი მამა, როგორც უკვე ვთქვი, მწუხარედ ხმობს და მოასწავებს, რომ დიდი ჭირი და ფრიადი მწუხარება მოიწევა განკითხვის დღეს. ამ დღეზე ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: აჰა, მეუფე მოდის „განხრწნად ყოვლისა“ (ეს. 13,9), იგივე წინასწარმეტყველი ხმობს: „აჰა უფალი, უფალი ძალისა თანა მოვალს... აჰა, სასყიდელი მისი მის თანა“ და ყოველი კაცის „საქმე წინაშე მისსა“ (ეს. 40,10). მალაქია წინასწარმეტყველი გვამცნობს: „აჰა, მოვალს, - იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელი, და ვინ დაითმინოს დღე შემოსლვისა მისისა, ანუ ვინ დაუდგეს გამოცხადებასა შორის მისსა“(მალ. 3,1-2). წინასწარმეტყველი ამბაკუმი წერს: „უფალო, მესმა სასმენელი შენი და შემეშინა... და შეედვა ძრწოლაა ძუალთა ჩემთა“ (ამბ. 3,1; 16). მოსე წინასწარმეტყველი უფლის პირით ხმობს: „დღესა მას შურისგებისასა მივაგო მათ“ (სჯლ. 32,35) და „არა არს, რომელი განერეს ხელსა ჩემსა“ (სჯლ. 32,39), ღმრთივგამომეტყველი დავითი ამბობს: „ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი, და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოჲს მისსა ნიავქარი ფრიად“ (ფსალმ. 49,3). უკანასკნელ დღეზე გვაფრთხილებს პავლე მოციქულიც: „დღესა მას, რომელსა სჯიდეს ღმერთი დაფარულსა მას კაცთასა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა იესო ქრისტეს მიერ“ (რომ. 2,16), სხვა ეპისტოლეში ხმობს: „ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარძი... ხუალთ“ (ეფეს. 5,15), „საშინელ არს შევრდომა ხელთა ღმრთისა ცხოველისაათა“ (ებრ. 10,31). უკანასკნელ დღეზე გვამცნობს ნეტარი პეტრეც, თავი მოციქულთა, მეტყველი: „ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი (სტიქიები) დაიწუნენ და დაზულენ“ [(დაიხსნებიან) - 2პეტ. 3,10]. ან კი რისთვის ვიხსენებ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს? თვითონ მეუფემ ჩვენმა და უფალმა დაგვიმოწმა ამ დღესა და ჟამზე და გვამცნო: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღეჲ იგი. რამეთუ ვითარცა საფრჴე მოუკდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა“ (ლუკ. 21,34-35), „იღჳძებდით უკუე“ (მათ. 24,42), „რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისა მოვიდეს“ (მათ. 24,44) და „იღვაწეთ შესლვად იწროსა მისგან კარისა“ (ლუკ. 13,24), რომელსაც ცხოვრებაში შევყავართ.
მაშ ამ გზით ვიაროთ, ჩემო ძმებო, რათა საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროთ. ვინც ამ გზით მიდის, უეჭველად დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას, რადგან თვით გზა არის ცხოვრება. თუმცა მცირენი არიან მისი მომპოვებლები, მაგრამ ჩვენ, საყვარლებო, არ დავკარგოთ ეს გზა. დაე, არც ერთმა თქვენგანმა არ იაროს სხვა გზით, რათა არ წარწყმდეს, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ: „ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა“ (ფსალმ. 2,12). ვისმინოთ, რას ამბობს მეუფე: „მე ვარ ნათელი სოფლისა“ (იოან. 8,12), „მე ვარ გზა“ (იოან. 14,6), „რომელი შემომიდგეს მე, არა წარსცეს ფერჴი, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაა“ (იოან. 8,12; 11,9). ამრიგად, დავადგეთ ამ ნეტარ გზას, რომლითაც ვიდოდა ყველა ქრისტეს მოყვარე. ჭირმრავალია ეს გზა, მაგრამ განსვენებაა ნეტარი, ფიცხელია სავალი, მაგრამ განსასვენებელია ვრცელი. ეს გზა მოიცავს სინანულს, მარხვას, ლოცვას, მღვიძარებას, სიმდაბლეს, სულიერ სიგლახაკეს, უზრუნველობას სხეულზე, სულზე ზრუნვას თავგამოდებით; ამ გზით სვლა ნიშნავს აგრეთვე მიწაზე წოლას უსაგებლოდ, შიმშილს, წყურვილს, სამოსლის დაკლებას, მოწყალებას, ცრემლს, გლოვას, სულთქმას, მუხლმოყრას, თავის თავისთვის პატივის აყრას, დევნის, ძარცვის, ყვრიმალზე ცემის, უბედურების, ცილისწამების, ყვედრებისა და კიცხევის მოთმენას. ამ გზით სვლა ნიშნავს სიკეთის მიგებას ბოროტებისა და ვნების სანაცვლოდ, მოვალეებისთვის ვალების მიტევებას, სულის დადებას მეგობრებისთვის, და ბოლოს - სისხლის დათხევას ქრისტესთვის, თუკი ეს მოგვეთხოვება. თუ ადამიანი გაივლის ამ ვიწრო ბჭესა და ფიცხელ გზას, მიიღებს მართლის მისაგებელს - ზეციურ ნეტარებას, რომელიც არასოდეს დასრულდება. ფართო ბჭესა და ვრცელ გზას კი წარსაწყმედელში მივყავართ. ფართო გზით სვლა სასიხარულოა ამ ცხოვრებაში, იქ კი მწუხარებითაა აღსავსე; აქ ტკბილია, იქ კი ნაღველზე უმწარესი; აქ ადვილია, იქ კი ძნელი და სალმობიერი, აქ ისე წარმოგვიდგება, თითქოს არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდეს და არაფერს ნიშნავდეს, იქ კი ველური მხეცების ხროვასავით გარემოიცავს ამ გზით მავალსა და მოუნანიებელს, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ: „დღესა ბოროტსა უსჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარემომიცვას მე“ (ფსალმ. 48,6). მაშასადამე, მოუნანიებელს „გარემოიცავს“ ამ ცხოვრების მანკიერებები, ანუ ფართო გზით სვლა. მოციქული განგვიმარტავს, რომ ფართო გზით სვლა - ეს არის (ჩამოთვლის ნაწილობრივ): „სიძვანი, მრუშებანი, არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთმსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, გულის-წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლვანი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი“ და ყოველივე, „მსგავსნი ამათნი“ (გალ. 5,19-21). მათი ჩადენა და მოუნანიებლობა ფართო გზით სვლას ნიშნავს ისევე, როგორც: მასხარაობა ვინმეს გასაცინებლად, შექცევა, ებანსა და სალამურზე დაკვრა, ცეკვა, ძვირფასი ტანსაცმლის შემოსვა, ძვირადღირებული საღამოების მოწყობა, ტაშის კვრა და ჟრიამული, უზრუნველი სიმღერა, რბილი ლოგინი, ნაირ-ნაირი სავარძლები, ჭამა ძღომამდე, ძმათა სიძულვილი და, რაც ყოველივეზე უარესია - ცოდვების შეუნანებლობა და ამ ცხოვრებიდან განსვლის უხსენებლობა. ყოველივე ეს ნიშნავს სვლას სჯულის წინააღმდგომი გზით, რომელსაც ბევრი შესდგომია, ამიტომაც ბევრი დაიმკვიდრებს ამ ცოდვების შესაბამის სავანეს და იპოვის: სიამოვნების სანაცვლოდ - შიმშილს, მემთვრალეობის სანაცვლოდ - წყურვილს, სიცილის ნაცვლად - გოდებას, ებანზე დაკვრის ნაცვლად - ვალალებას, გათქვირებული სხეულის ნაცვლად - მატლს, უზრუნველობის ნაცვლად - მწარე საზრუნავს, ცეკვის ნაცვლად - დემონებთან ყოფნას, დროის ფუჭად გაფლანგვის, გრძნეულებისა და სხვა უკეთური „საქმის“ წილ - გარესკნელის ბნელს, გეენიას ცეცხლისას და ყოველივეს, მსგავსს იმისა, რაც შეადგენს სიკვდილის საძოვარს. აი, ამგვარ საძოვარზე მწყემსავს ის (სიკვდილი) თავის ცხვრებს, მოწაფეებსა და მეგობრებს, ფართო და ვრცელი გზით მავალთ, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ: „ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნენ და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ“ (ფსალმ. 48,15).
ჩვენ კი, საყვარელო ძმებო, მივიდრიკოთ ამ უკეთური გზისგან, ვისმინოთ უფლისა, რომელიც ამბობს: „იღუაწეთ შესლვად იწროასა მისგან კარისა; ხოლო გეტყვ თქუენ, მრავალნი ეძიებდენ შესლვად, და ვერ უძლონ“ (ლუკ. 13,24). ამგვარად გვმოძღვრავს უფალი და ყველა ღმერთშემოსილი მამა. წმინდა მოწამენი გონებაში იმარხავდნენ რა ამ დღის ხსენებას, თავიანთ სხეულს არ იბრალებდნენ, არამედ ითმენდნენ ყოველგვარ სატანჯველს და სულით იშვებდნენ იმ იმედით, რომ სიმართლის გვირგვნებით შეიმკობოდნენ. სხვები უდაბნოებსა და მთებში იღვწოდნენ, ბევრი ახლაც იღვწის, მარხულობს და ქალწულობას იცავს. არა მარტო მამები, არამედ დედებიც - უფრო სუსტი სქესის წარმომადგენლებიც - ვიდოდნენ ვიწრო ბჭეში, ფიცხელ გზაზე და ზეცათა სასუფეველს იმკვიდრებდნენ. ვინ მოითმენს იმ სირცხვილს, დედები რომ შეიმკობიან გვირგვინებით, ბევრი მამაკაცი კი თავს შეირცხვენს? იქ არ იქნება „რჩევა მამა-კაცისა, არცა დედა-კაცისა“ (გალ. 3,28), არამედ ყველა თავისი შრომის მიხედვით დაჯილდოვდება. არა მარტო უდაბნოებსა და მთებში, არამედ მეტადრე ქალაქებში, კუნძულებზე და ეკლესიებში გაბრწყინდა სულის ცხონების მრავალი მეძიებელი, რადგან ყოველმა თავისი წესის მიხედვით გულმოდგინედ დაიცვა მეუფის მცნებები. გაბრწყინდნენ ეპისკოპოსები, პრესვიტერები და ეკლესიის მოწესენი; გაბრწყინდნენ მეფეები და თავადები, მთავრობანი და ხელმწიფებანი, რადგან მეუფემ - ღმერთმა განსხვავებები როდი დააწესა, ან ერთ ადგილს მეორესთან შედარებით უპირატესობა როდი მიანიჭა, არამედ თქვა: „სადაცა იყუნენ... შეკრებულ სახელისა ჩემისათვის“ - უდაბნოში თუ მთაში, მღვიმეში თუ ჩემი მეუფების სხვა ნებისმიერ ადგილზე, „მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათ. 18,21); მათთან ვიქნები ვიდრე ამა სოფლის აღსასრულამდე და მერმის საუკუნეში დავმწყემსავ მათ საუკუნოდ.
საშინელ სამსჯავროსა და თვალუხვავ მსაჯულზე განიზრახავდა რა გონებაში ნეტარი დავითი, მთელი ღამის განმავლობაში ცრემლით ალტობდა თავის სარეცელს და ღმერთს ევედრებოდა: უფალო, „ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა“ (ფსალმ. 142,2). არ ისურვებ შენ, კაცთმოყვარეო, ჩემთან სჯასა და ცილობას; არავითარი გამართლება არ მაქვს, არამედ შენი წყალობისა და სახიერებისამებრ, „ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა“, რადგან თუ ამას ისურვებ, „არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი“ (ფსალმ. 142,2). იხილეთ, ძმებო, ნეტარ დავითს როგორ ეშინია ამ დღისა და ჟამის, დაუცადებლად ლოცულობს და სიტყვისგებისთვის ემზადება. ამიტომაც მოდით, ქრისტეს მოყვარე ძმებო, ვიდრე ხილლად არ მოსულა ღმერთი, არ უსწრია ჩვენთვის და არ ვუპოვივართ განუმზადებლები, ჩვენ დავასწროთ მას აღსარებით, სინანულით, ლოცვით, მარხვით, ცრემლით, უცხოთა შეწყნარებით. მოუკლებლად ვინანიოთ, დაუცხრომლად ვევედროთ და ვემზადოთ მის მისაგებებლად ყველანი - მამაკაცები და ქალები, მდიდრები და ღარიბები, მონები და თავისუფლები, მოხუცები და ახალგაზრდები.
არავინ თქვას: „ბევრი ცოდვა ჩავიდინე, შენდობის ღირსი არ ვარ“. ვინც ამას ამბობს, მან არ იცის, რომ ღმერთი არის ღმერთი მონანულთა, იგი დედამიწაზე გარდამოვიდა ბოროტად ვნებულთათვის და თქვა: „სიხარული ფრიად არს ცათა შინა“ ერთი მონანული ცოდვილისთვისაც კი. მანვე ბრძანა: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (ლუკ. 5,32). ჭეშმარიტი სინანული კი არის ცოდვისგან განშორება, მისი შეძაგება მსგავსად დავითისა, რომელიც ხმობს: „ცოდვაჲ მოვიძულე და მოვიძაგე“ (ფსალმ. 118,163), აგრეთვე: „ვფუცე და დავამტკიცე, რაჲთა დავიცუნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი“ (ფსალმ. 118,106). თუ ასეთ მტკიცე გადაწყვეტილებას დავიდებთ გულში, მაშინ უფალიც სიხარულით შეიწყნარებს მისდამი მილტოლვილს.
მაგრამ იცოდეთ, ნურავინ გაბედავს თქმას: „მე არ შემიცოდავს“. ვინც ამას ამბობს, ის სულით ბრმაა, თავს იტყუებს და ვერ ხვდება, როგორ ძარცვავს მას სატანა საუბარშიც და საქციელშიც - ხან სმენის, ხან თვალის, ხან შეხების, ხან გულისსიტყვების მეშვეობით. განა შესწევს ვისმე ძალა ქადილისა, რომ უმანკო გული აქვს და ყველა გრძნობა განწმენდილი? არავინაა უცოდველი, არავინაა უმწიკვლო. ადამიანთა შორის არავინ არის ცოდვა-ბრალისგან თავისუფალი გარდა იმ ერთისა, ვინც ჩვენი ცხონებისათვის მონის ხატი შეიმოსა და დაგლახაკდა „მდიდარი იგი“. უცოდველი მხოლოდ იგია, მსოფლიოს ცოდვათა ამღებელი, ვისაც ყოველი კაცის ცხონება სურს და ცოდვილების წარწყმედა არ ნებავს. იგია კაცთმოყვარე, ყოვლად ძლიერი ღმერთი, სოფლის მაცხოვარი, მამა ობოლთა, მსაჯული ქვრივთა, ღმერთი მონანულთა, ექიმი სულისა და სხეულისა, უსასოთა სასოება, ღელვაგვემულთა ნავთსაყუდელი, უმწეოთა შემწე, გზა ცხოვრებისა, ყველას სინანულში მომყვანებელი. ღმერთი არც ერთი მონანულისგან არ იბრუნებს პირს, მასვე შევუვრდეთ ჩვენც, რადგან ყველა ცოდვილი, ვინც მას შეუვრდა, სულის ცხონებას მიეწიფა.
ამიტომ ჩვენც, ჩემო ძმებო, ჩვენი ცხონების სასოწარკვეთა ნუ შეგვიპყრობს. ვცოდეთ? შევინანოთ. ათასჯერ შევცოდეთ? ათასჯერ შევინანოთ. ღმერთი ხარობს ყოველგვარი სათნოებით, ყოველივეზე მეტად კი ცოდვილის მონანიება ეამება. ის სავსებით მიიდრიკება მისკენ, თავის წიაღში იწყნარებს მას და მოუხმობს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი“ (მათ. 11,28), „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (იოან. 6,37). „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ ზეციურ ქალაქში, სადაც ჩემი ყველა წმინდანი იშვებს და დიდად განცხრება. მიეახლეთ იმ უთქმელ, შეუდარებელ და აუწერელ სიხარულს, იმ სიკეთეს, „რომლისათვის გული-უთქუამს ანგელოსთა ხილუად“ (1პეტრ. 1,12). წარდექით იქ, სადაც სუფევენ დასნი და წესნი მართალთა. იქ აბრაამის წიაღი შეიწყნარებს ჭირთა დამთმენლებს, როგორც ოდესღაც გლახაკი ლაზარე შეიწყნარა. იქ გაიხსნება სამარადისო სიკეთეთა საუნჯეები, იქ ზეობს ზეციური იერუსალიმი - პირველმშობელთა დედა, მშვიდთა წმინდა მიწა. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ იქ, სადაც ყოველივე მშვიდად და უშფოთველად მყოფობს, სადაც ყოველივეს ნათელი მოსავს და მზერისთვის საამოა, სადაც არ არის არც მაწყინარი, არც შეჭირვებული, სადაც უკვე აღარ არის არც ცოდვა, არც სინანული, სადაც ენით აუწერელი ნათელი სუფევს და სიხარული გამოუთქმელი. თქმულა: „ნეტარ იყუნენ მგლოვარენი“ (მათ. 5,4). მაშ იგლოვეთ, მოინანიეთ, მოიქეცით ჩემდამი და „მე განგისუენო თქუენ“ იქ, სადაც არ არის არც შრომა, არც ცრემლი, არც საზრუნავი, არც გლოვა. მოიქეცით, ძენო კაცთანო და „მე განგისუენო თქუენ“ იქ, სადაც „არა არს რჩევა მამაკაცისა, გინა დედაკაცისა“; სადაც არ არის არც ეშმაკი, არც სიკვდილი, არც მარხვა, არც მწუხარება, არც შფოთი, არც დავა და ბრძოლა, არამედ სუფევს სიხარული და მშვიდობა, განსვენება და მხიარულება. მოიქეცით ჩემდამი „და მე განგისუენო თქუენ“ „წყალთა ზედა განსასუენებელთასა“ და „ადგილსა მწუანვილოვანსა“ (ფსალმ. 22,2). მე განგისვენებთ იქ, სადაც ხარობს ვაზი, ღმრთისა მიერ დანერგილი „მშვიდთა წმინდა მიწაზე, სადაც აღმოვაცენებ მე - ვენახი ჭეშმარიტი, რომლის „მოქმედი“ „მამაჲ... არს“. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“ იქ, სადაც უხრწნელი ცხოვრება, შვება, მხიარულება და ყოველგვარი სიტკბოებაა. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ იქ, სადაც მხოლოდ სიყვარული ხელმწიფობს, სადაც სუფევს სიხარული მოუკლებელი, მხიარულება წარუვალი, ნათელი დაუღამებელი, მზე დაუვალი. „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა; და ჰპოოთ განსვენებაჲ სულთა თქუენთა“ (მათ. 11,29) იქ, სადაც დაუსრულებლად ისმის მედღესასწაულეთა ხმა, სადაც განცხადდება სიბრძნისა და მეცნიერების უცნობი საუნჯეები. „მოვედით ჩემდა ყოველნი და მე განგისუენო თქუენ“ იქ, სადაც დიდ-დიდი ნიჭები ებოძებათ ადამიანებს, სადაც სუფევს გულსავსე სიხარული, უცვალებელი მხიარულება; სადაც ისმის მოუკლებელი გალობა, დაუდუმებელი დიდებისმეტყველება. განგისვენებთ იქ, სადაც სუფევა დაუსრულებელია, სიმდიდრე აურაცხელია, საუკუნეები უსასრულოა, სიუხვეს ფსკერი არ აქვს, გულმოწყალება და კაცთმოყვარეობა ზღვასავით ვრცელია; და ყოველივე, რასაც ვერ გამოთქვამენ ადამიანის ბაგეები, გამოითქმება მხოლოდ და მხოლოდ იგავურად. იქ ანგელოზთა დასები მყოფობენ, პირველმშობლები ზეიმობენ. იქ არის მოციქულთა საყდრები, წინასწარმეტყველთა პირველდასაჯდომლები, პატრიარქების სკიპტრები. იქ მართლებს ქება შეშვენით; იქ გამზადებულია მოწამეთა გვირგვინები, ნიჭები და ადგილები ყოველგვარ მთავრობათა, ხელმწიფებათა და წესთა. მოდით ჩემთან ყველა, ვისაც გშიათ და გწყურიათ სიმართლე და მე აგავსებთ სიკეთით, რომლის მიღებაც გწადიათ - „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუკდა“ (1კორ. 2,9). ყოველივე ეს განვუმზადე მათ, ვინც უკეთური გზით სვლას ინანიებს; განვუმზადე მოწყალეებს და სულით გლახაკებს, მონანულებს და მგლოვარეებს, მშვიდობის მყოფელებსა და დევნილებს, მათ, ვისაც ჩემ გამო ჰყვედრიან. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი“, განაგდეთ ცოდვის ტვირთი, რადგან ჩემდამი მოლტოლვილი არავინ არის ტვირთმძიმე. ყვვლა მათგანი განეშორა ცუდ ჩვევებს, დაივიწყა ის ხელოვნება, ეშმაკისგან რომ ჰქონდა ათვისებული მისთვის სავალალოდ, და ჩემგან ისწავლა სიკეთის ხელოვნება. ჩემთან მოსულმა მოგვებმა მოგვობა დატოვეს და ღვთის შემეცნება ისწავლეს; მეზვერეებმა საზვერეები მიატოვეს და ღმერთის სამკვიდრონი გახდნენ; მდევნელებმა სხვების დევნა შეიძულეს და თავად ისურვეს დევნულებაში ყოფნა. მეძავებმა სიძვა მოიძაგეს და უბიწოება შეიყვარეს. ავაზაკმა კაცის კვლა მიატოვა, ავაზაკურ აზროვნებას გადაეჩვია, წმინდა სარწმუნოება მიიღო და სამოთხეში დამკვიდრდა. ამიტომაც მოდით ჩემთან თქვენც; და „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (იოან. 6,37).
აი, ხომ ისმინეთ, საყვარლებო, სასიხარულო აღთქმები აჩვენი სულის მხსნელის უტკბილესი ხმა. ვის უნახავს ასეთი ტკბილი ექიმი? მაშ, მოდით, თაყვანი ვცეთ, შევუვრდეთ მას და ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები. დიდება მის კაცთმოყვარვგას, დიდება მის მოთმინებას, დიდება მის სახიერებას, დიდება მის შემწყნარებლობას, დიდება მის გულუხვობას, დიდება მის მეუფებას, დიდება, პატივი და თაყვანისცემა მის ყოვლად საგალობელ სახელს საუკუნოდ. ამენ. ვიტყვი კიდევ და არ დავიდუმებ: ნუ ვიზარმაცებთ, ნუ შევშინდებით ჩვენ, ცოდვილები, ნუ დავცხრებით, მხურვალე ცრემლით ვევედროთ უფალს დღედაღამ, რადგან ის გულმოწყალეა და არა ცრუ, უეჭველად მიაგებს საზღაურს დღედაღამ მის მიმართ მხმობელთ. იგია ღმერთი მონანულთა, მამა, ძე და სულიწმიდა. დიდება მასვე და ხელმწიფება უკუნითი უკუნისამდე! ამენ.
თარგმნა ია მელიქიძემ
წმიდა ეფრემ ასური „სწავლანი“,
თბ., 2008 წ.