ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის; და მოციქული ხარ მოსწრაფე, რომელი არა სდროებ; და მსაჯული ხარ თუალ-უხუავი, რომელსა არა მიგაქუს ქრთამი; და მოსაჯული ხარ მძლე, რომელი მიიძლევ მოსაგრესა საშჯელად საუკუნოდ.
ვაჲ, რაჲ მწარე არს გემოჲ სასუმელისა შენისაჲ და საშინელ არს ჟამი მოსლვისა შენისაჲ. ჵ რაჲ საზარელ არს ხილვაჲ პირისა შენისაჲ და რაჲ შესაძრწუნებელ არს საყოფელი სანახებისა შენისაჲ. რაჲ ფიცხელ არს და მძიმე სრბაჲ გზისა შენისაჲ, და რაჲ მტკივან არს და წუხილ თანა-ქცევაჲ შენი გარემოჲს მიწოდებულისა მის, რამეთუ ზარ-ტეხილ იქმნის სული იგი, რაჟამს გიხილის შენ გარემოჲს მისსა მავალი, და ეძიებნ ადგილსა შეძრწუნებული, რაჲთამცა ვითარ სადა დაემალა პირსა შენსა.
ვაჲ არს მისა, რომელმან არა იღუაწოს ვიდრე შენდა მოსლვადმდე და შემთხუევად. ვაჲ არს მისა, რომელმან არა იზრუნოს ვიდრე ხილვადმდე პირისა შენისა თავისა თჳსისათჳს. ვაჲ არს მისა, რომელი არა განკრძალულ იყოს ვიდრე წოდებადმდე მისა შენ მიერ. ვაჲ არს მისა, რომელი არა მოსწრაფე იყოს ვიდრე დადგომამდე შენდა მის თანა. ვაჲ არს მისა, რომელი უგულისჴმო იქმნეს და არა მოელოდის ჴმასა მოსლვისა შენისასა. და ვაჲ არს მისა, რომელმან უდებობით წარჰჴადნეს დღენი მისნი ცხორებასა თჳსსა. ხოლო ნეტარ არს, რომელი აიძულებდეს თავსა თჳსსა ლოცვად წარდგომად წინაშე უფლისა, ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის საშინელისა.
ნეტარ არს მისა, რომელი მოსწრაფე იქმნეს და განკურნოს სენი წყლულებისა თჳსისაჲ, ვიდრე არს-ღა იგი სოფელსა ამას შინა. და რამეთუ სიკუდილი უმჯობეს არს სოფლისა ამის ცხორებასა მათთჳს, რომელნი ცოდვასა შინა უშჯულოებით ცხონდებიან. უკუეთუ მართალი იყოს, რომელი-იგი მიიცვალა, ექმნეს მას სიკუდილი განმსუენებელ ურვათაგან ამის სოფლისათა და მიემთხჳოს წყალობასა უფლისა თჳსისასა და შევიდეს სიხარულსა მაცხოვარებისა მისისასა. და უკუეთუ ცოდვილი იყოს, არღარა შესძინებდეს ბრალთა თჳსთა, არამედ ექმნეს მას სიკუდილი განმკუეთელ და მომსპოლველ ნივთთა ცოდვისა მისისათა.
ჵ ძმანო ჩემნო, ვიდრემდის ვიყვნეთ ამას მედგრობასა შინა და უდებებით ცხორებასა და არა განვიფრთხოთ და მივივლტოდით უფლისა საშინელისა მისთჳს და საზარელის დღისა, რაჟამს-იგი სიკუდილი, ვითარცა სასატიკი ჴელმწიფე, წარიტაცებდეს ცოდვილთა თუალ-უხუავად და უწყალოდ და მისცემდეს სატანჯველად საუკუნოდ. რამეთუ კაცმან ოდესმე ძილსა შინა იხილის ხატი, რომელი არა ოდენ უხილავნ და შეძრწუნდის გული მისი და განძჳნდის შიში მისი, ხოლო ჩუენ მოველით საშინელთა მათ პირთა მოსლვად და ხილვად და არა გუეშინის, და დღითი-დღედ დავჰფლავთ ძმათა ჩუენთა და არა ძრწის გული ჩუენი მოლოდებითა მისითა, არამედ მედგრობითა ჩუენითა ესე ყოველი ნაცილ და ტყუვილ გუგონიეს და უგულისჴმოდ, ვითარცა პირუტყვნი თანა-წარჰვალთ ბრძანებასა ღმრთისასა, რომელი მასწავეს ჩუენ მოციქულთა და წინასწარმეტყუელთა მისთა. და ქებისა წილ და დიდებისა გმობაჲ პირთა ჩუენთა მარადის თანა აქუს წინაშე ღმრთისა, და შრომისა და გულსმოდგინებისა წილ უდებებაჲ და უკეთურებაჲ მარადის შეგჳკრძალავს, ვითარცა უკუდავთა, და არა ვზრუნავთ წარწყმედისა ჩუენისათჳს და არცა გულისჴმა-მჰყოფთ საქმსა ამას საშინელსა, რომელი მარადის ჩუენ ზედა მოიწევის და ნათესავთა და მეგობართა ჩუენთაგან განგუაშორებს, და არა ვიტყჳთ, ვითარმედ: სადა არს, რომელი-იგი გუშინ შუებით ცხონდებოდა და მონათა და მსახურთა უბრძანებდა, დღეს სხუათა მიაქუს იგი საფლავად.
სადა არს მეფე იგი და შარავანდედი, რომელი ჴელმწიფედ სამეუფოთა განაგებდა და წყობითა ნათესავთა დაიმორჩილებდა და მრისხანეს სასტიკებასა ბრძანებდა? აჰა ეგერა დღეს დაცემულ არს და დადუმებულ, და არა ესმის მას სიტყუაჲ და არცა ჴსნად თავსა თჳსსა შემძლებელ არს და ვერცა გარე მიქცევად ბრძანებასა ღმრთისასა. სადა არიან ინაჴით მსხდომარენი იგი, რომელნი კეთილად განისუენებდეს სოფელსა შინა? - აჰა ესერა ამაოებასა მიცემულ არსა ცხორებაჲ მათი. სადა არიან ბრძენნი იგი მეცნიერნი და მდიდარნი და მრავლის-მეტყუელნი? - აჰა ეგერა დაყოფილ არიან პირნი მათნი და არა საცინელ კაცთა შორის სიბრძნე მათი. სადა არს ძლიერი იგი და ახოანი, რომელი ძლეულ არს და დაცემულ და მიწასა შერეულ? სადა არიან მდიდარნი იგი და განმცხრომელნი, რამეთუ აჰა ეგერა ტყებითა და ტირილითა სავსე არიან სახლნი მათნი? სადა არიან სასმენელნი იგი პირად-პირადთა სახიობათა მსმენელნი, რომელნი დღეს დაყოფილ და დაჴსნილ არიან და დაკლებულ სმენისაგან? სადა არს ხატი იგი შუენიერი და ჰასაკისა მზუაობარი, რომელი დღეს განრყუნილ არს და მოძულებულ. და ასონი იგი გუამისანი განყოფილ და განბნეულ არიან, და განზრახვაჲ იგი დაუცხრომელ არს, და სიტყუაჲ იგი დადუმებულ არს და მეტყუელებაჲ განქარვებულ არს, და ყოვლითურთ გუამი იგი დაჴსილ არს და მიწა და ნაცარ ქმნილ არს. კეთილობაჲ იგი მიცვალებულ არს და მოქმედობაჲ იგი ხუროთაჲ დალევნულ არს.
აჰა ესერა, ძმანო ჩემნო, ვხედავთ, რამეთუ ესე ყოველი ჩუენ ზედა მოიწევის. ამიერითგან დაუტეოთ ბოროტი და ვქმნეთ კეთილი, დავსცხრეთ სიცილისაგან და ვევლტოდით ცოდვასა და ყოველსა ამაოებისა საქმესა და არა მოვაკუდინნეთ სულნი ჩუენნი, რაჲთა არა უკუნისამდე ვტიროდით ურთიერთას სიმძლავრესა მას ცეცხლისასა, არამედ მოვიქცეთ სინანულად და მოსწრაფე ვიქმნეთ სულთა ჩუენთა ცხორებისათჳს და მივეახლნეთ საქმითა კეთილითა ღმერთსა და მოვიპოვოთ სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და სიყუარული უზაკველი სათნოდ მისა. და რაჟამს ვიხილოთ ძმაჲ ჩუენი, რომელი მიეხოს სიკუდილსა და პირი მისი დადუმებულ იყოს სიტყჳსაგან, და მაშინ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვიგლოვდეთ მწუხარებით მის თანა და ვეკრძალნეთ თავთა ჩუენთა. და უწყოდეთ, რამეთუ ჩუენ ზედაცა მოწევნად არს დღე იგი საშინელი და ჩუენდაცა შესუმად არს სასუმელი იგი სიმწარისაჲ. და რაჟამს ვიხილოთ ენაჲ იგი მისი შეკრული და მეტყუელებისაგან დაცხრომილი, არღარა ვბასრობდეთ, არცა ვიცინოდით, არცაღა ამპარტავნობით მზუაობარ ვიქმნეთ, არამედ შიშით და ძრწოლით ვიწყოთ გლოვად და ვიტყოდით: ამაოებით ამაო არს ყოველი ცხორებაჲ კაცისაჲ; სადა არს, რომელმან-იგი საფუძველი დადვა და აღაშენა, სახლსა შინა თჳსსა ვერ დაადგრა?!
სადა არს, რომელმან-იგი დაასხა ნერგი და დაყოფისა მისისაგან ვერღარა ჭამა? სადა არს, რომელმან-იგი დაჰბეჭდა საფასესა თჳსსსა და შეკრა ვაშკარანი ჴელითა თჳსითა, და ბეჭედი იგი ჴელთა მისთა ვერღარა ასტეხეს, და ძალმან მისმან კრული იგი ვერღარა განჰჴსნა, რამეთუ სიმჴნე იგი ძალისა მისისაჲ მოუძლურდა და ამაო იქმნა? სადა არს, რომელი-იგი დაშურა და განკფდა შეკრებასა მონაგებთასა და სიხარულითა შუებისა მისისაჲთა ვერ განძღა? სადა არს, რომელმან საუნჯენი თჳსნი აღავსნა საფასითა, და იქმნა იგი მისგან განშორებულ და უცხო?
სადა არს, რომელი-იგი წრაფამან მონაგებთამან უცალო ყო და წაწყმიდა, და შენაკრები იგი მისი სხუათა განიყვეს? სადა არს, რომელი-იგი განკრძალულ იყო სოფლის ცხორებასა და დღეს სწრაფლ სიკუდილმან კარსა მისსა დაჰკრძალა? სადა არს, რომელი შევიდოდა და გამოვიდოდა და იღუწიდა სოფლისა საშუებელთა? - აჰა ესერა განვიდა და არღარ მოიქცეს. სადა არს, რომელი მოგზაურ ექმნა მრავალთა, და დღეს მოგზაურნი მისნი იქცეს და იგი საფლავსა შინა ირღუევის? ჵ საქმე ესე საშინელი, რამეთუ მამაჲ შენი, რომელმან დაგთესა შენ, და დედაჲ შენი, რომელმან გშვა შენ, მოვიდენ კარამდე საფლავისა და დაგიტეონ შინაგან და წარვიდენ! და რომელნი-იგი პირველ გყუარობდეს და სასურველ იყავ მათ წინაშე, დღეს მოსაწყინელ იქმენ და მოძულებულ მათ მიერ! და ეგრეთვე მეგობარნი შენნი, რომელნი თანასწორად სულისა შენისა შეგერაცხნეს, ვიდრე საფლავად შენდა ოდენ მოგზაურ გექმნეს და მწუხარებასა აჩუენებდეს, და, ვითარცა საფლავი შენი დაჰკრძალეს, ყოველი იგი სიყუარული შენი და მეგობრობაჲ დაივიწყეს, ვითარცა თქუა დავით წინასწარმეტყუელმან, ვითარმედ: „დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი გულითა, და ვიქმენ ვითარცა ჭურჭელი წყმედული“ (ფსალმ. 30, 13). ხოლო უფალი, რომლისაჲ დიდებულ არს სახელი მისი, იგი ხოლო დაადგრეს შენ თანა. ესრეთ ჯერ-არს ჩუენდა გულისჴმის-ყოფაჲ, საყუარელნო, ვითარმედ: ესე ყოველი მომავალ არს ჩუენ ზედაცა. ამისთჳს თანა-გუაც კრძალვით ცხორებაჲ, ვიდრე მოწევნამდინ ჩუენ ზედა დღისა მის, და შიშით მოღუაწებასა განვემზადეთ ვიდრე მოვლინებამდე ჩუენდა მოციქულისა მისისა, და შევწიროთ მადლობაჲ უფლისა, რომელი ჴელწიფედ განაგებს დაბადებულთა თჳსთა ზედა და გარდაცვალა ცხორებაჲ იგი და განბჭო სიკუდილი, ვითარცა ინება. რამეთუ რომელი გუშინ მფლობელ იყო და განმგებელი ყოველსა მონაგებსა თჳსსა, იქმნა იგი დღეს განგდებულ და შეურაცხ, ვითარცამებრვე მკუდარი და არა-ყოფილი. და იქმნა იგი უცხო მშობელთაგან და ნაშობთა და ნათესავთა, მონაგებთაგან და მოყუარეთა და მახლობელთა, და ყოველი იგი საფასე და მონაგები, რომელი შრომით შეეკრიბა, გინა მოხუეჭით, სხუათა განიყვეს და იგი მის ყოვლისაგან ცუდი დაშთა და ცალიერი განვიდა სახლით თჳსით. მაშინ თჳსთა მისთა აღარაჲ სხუაჲ ზრუნვაჲ აქუნდა, არამედ წრაფით განღებაჲ სახლით მისით, რამეთუ მოსაწყინელ და სამძიმარ არნ იგი მიერ ჟამთაგან, ვიდრემდის მივიდიან საფლავსა და დაუტევიან იგი მარტოჲ და წარვიდიან სახედ თჳსად, რომელ იგიცა სხუათა მიცემად არნ უკუანაჲსკნელ მიწევნასა სიკუდილისასა, და სწრაფით მონაგებსა მისა განიყოფდიან. და აწ ვიხილოთ, თუ სადა არს იგი, რომელმან შეკრიბა და იზრუნა და აღაშენა და შეამკო, თუ რაჲ სარგებელ ეყო მას, რომელი-იგი დაუტევა, გინა ვინ არიან, რომელნი იშუებენ მას ზედა.
ანუ თუ უმეცარ ხართ, ძმანო ჩემნო, ამას ყოველსა, რომელსა-ესე ვიტყჳ? ანუ არა ჴელითა თქუენითა დღითი-დღედ დაჰფლავთა მკუდართა და უწყით, მოწევნადი იგი? რაჲსათჳს არა ვზრუნავთ სულთა ჩუენთათჳს, ვიდრე მოწევნამდე სიკუდილისა, რამეთუ მრავალ არიან, რომელნი თქუენ მიერ დაფლულ არიან და მრავალთა მკუდართა საქმესა ზედამდგომელ ქმნულ ხართ და ამისთჳს ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ: რომელთა აღაშენეს უცნობელად, წარწყმედულ იქმნეს; და რომელთა დაასხეს ვენაჴი, ვერღარა მოსთულეს; და რომელთა იქორწინეს სიხარულითა მეუღლისაჲთა, ვერღარა განძღეს; და რომელნი გჳრგჳნოსან იქმნეს ჟამსა სიძობისასა სიხარულითა სძლისაჲთა, ვერ განიხარეს; და რომელთა შვილ-ისხნეს და აღიზარდნეს, მოწევნასა სიკუდილისასა ვერაჲ ირგეს. და უწყით, საყუარელნო, რამეთუ ყოველნი მოსიკუდიდ ვართ მათ თანავე, რომელნი მოსწყდეს. და ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვიგლოვდეთ და ვტიროდით თავთა თჳსთათჳს და არა მკუდართა ზედა, რამეთუ რომელი ტიროდის და იგლოვდეს მკუდარსა ზედა, არაჲ სარგებელ ეყოს მას, ხოლო რომელი ტიროდის თავისა თჳსისა და თჳსთა ცოდვათათჳს, იგი სარგებელ ეყოს სულსა თჳსსა, რამეთუ სიკუდილი ხარკი არს სათანადოჲ, და ვერ ეგების, ვითარმცა არა ყოველთა შევსჳთ სასუმელი ესე სავსე სიმწარითა, რომელიცა მოიგო მამამან ჩუენმან ადამ ურჩებითა, რაჟამს-იგი გარდაჰჴდა ბრძანებასა უფლისასა თჳსისასა; რამეთუ დაუტევნა მცნებანი მისნი და ეშმაკისაგან განცდილ იქმნა და ძლეულ, ვიდრემდის განივლინა იგი სამოთხით საშუებლისაჲთ და მოიცვალა იგი სოფელსა ამას საჭირველსა, და ეუფლა ნაშობთა მისთა ზედა განწესებულ არს და დაბეჭდულ. და ვერ ეგების, ვითარმცა არა ყოველნი წარვდეგით მის წინაშე დღესა მას სასჯელისასა შიშუელნი ძრწოლითა დიდითა. მაშინ მიაგებდეს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ, უკუეთუ ვინმე კეთილი ქმნა, გინა ბოროტი. რამეთუ ყოველნი საქმენი ჩუენნი დამარხულად დგენ წინაშე მისა. და არარაჲ მათგანი თანა წარჰვალს მას არცა მცირე, არცა დიდი, არცა ცხადი, არცა დაფარულნი. ამისთჳს ვევედრნეთ ღმერთსა და შემწე ვიყოთ იგი ჟამისა მისთჳს საშინელისა, რამეთუ არავინ მიჴსენებს ჩუენდა შემეწიოს ჟამსა ჭირისა თჳნიერ მისა. და აწ ვითარმე ვიგლოვთ მათთჳს, რომელნი წარვიდეს და მიიცვალნეს ჩუენგან და ჩუენ ადრე კუალსა მათსა შედგომად ვართ, და იგინი ჩუენდა არღარა მოიქცევიან.
არამედ ესღა მითხართ თქუენ, რომელი-იგი დაჰფლავთ მკუდართა: რაჲთა ესოდენ მოსწრაფე ხართ და გნებავს ადრე-ადრე განღებაჲ სახლისაგან თქუენისა და გწადის მალიად განშორებაჲ ნათესავისა თქუენისაჲ თქუენგან, რომელი-იგი გუშინ სასურველ იყო თქუენ წინაშე და საყუარელ? ხოლო იგი იტყჳს: რაჲთა არა დაჰჴსნდეს და დალპეს და ეუფლოს მას სიმყრალე. და უკუეთუ ესე უწყით, ვითარმედ ესევითარსა ხრწნილებასა მიიცვალების კაცი, რაჲსათჳს უდებ ვართ და მცონარ და ვჰგონებთ, ვითარმედ მრავალთა წელთა ცოცხალ ყოფად ვართ და მწოდებელი იგი ჩუენი კართა ზედა ჩუენთა დგას? ხოლო ჩუენ ვისწრაფით მონაგებთა შეკრებასა, რომელი-იგი სხუათა დაიუნჯონ და იხარებდენ მას ზედა შემდგომად ჩუენსა. და ჩუენ მისგანსა თანა ვერარას წარვიღებთ და არცა რაჲ სარგებელ არს ჩუენდა, არამედ ცოდვაჲ ხოლო და ბრალი. შეკრებასა მისსა განვამრავლოთ შუებაჲ, და განსუენებაჲ მისი სხუათა მიიღიან, და არარაჲ მისგანი სარგებელ მეყოს ჩუენ: არცა ძენი, არცა ასულნი, არცა ძმანი, არცა დანი, არცა მშობელნი, არცა ნათესავნი, არცა საფასე, არცა მონაგებნი, არამედ საქმენი ხოლო კეთილნი, რომელნი ვქმნენით სოფელსა ამას შინა. იგი ხოლო იპოვნენ შემწედ ჩუენდა, რამეთუ სიკუდილი განჰყოფს ყოველსა და განაშორებს ურთიერთას მშობელთა და მეგობართა, არამედ სული ჴორცთა ჩუენთაგანცა განეშოროს, და დაშთენ ჴელნი და ფერჴნი უქმად, განმარტებულნი უნდოდ, და ნაწევარნი ძუალთანი განშიშულდენ და იქმნეს ყოველი გუამი მიწა და ნაცარ, და ქმნული იგი და ხატ-შუენიერი და უშუერი იგი ერთ სახედ აჩუენებდენ, რამეთუ ყოველივე მატლ და წუთხ და წალა იქმნას.
ჵ, რაჲ მწარე არს დღე იგი სიკუდილისაჲ და რაჲ საშინელ არს და საზარელ ხილვაჲ პირთა მათ უშუერთა და უცნაურთაჲ, რამეთუ სული იგი ჟამსა მას ექუნ გულ-გდებულად, ვითარცა მფრინველი შეპყრობილი მახითა, და ჴორცნი იგი ძრწიედ შეძრწუნებულად, ვითარცა საცხოვარნი ჟამსა დაკლვისასა, და გონებაჲ შეიპყრის სიბნელემან! ხოლო ჩუენ, რაჟამს მეუფლის სენი იგი ჴორცთაჲ, ესე ყოველი გუაჴსოვნ და გულს-ვეტყოდით სიკუდილისათჳს და სინანულისა, და ვითარცა განმეშორის სენი იგი, ყოველივე დაგუავიწყდის და არღარა ვზრუნვიდით და არცა მოვიჴსენებდით სატანჯველთა მათ საუკუნეთა, რომელი განმზადებულ არს ცოდვილთათჳს; ხოლო მართალთათჳს სიკუდილი განსუენებაჲ არს და არა ეშინის მას სიკუდილისაგან. არამედ ვაჲ არს მათდა, რომელნი უგულისჴმო-იქმნენ და უმეცარ ამას ყოველსა. და მოვიდეს მსაჯული იგი თუალ-უხუავი განსჯად ცხოველთა და მკუდართა, და სიკუდილი წარმიტაცებდეს სწრაფითა დიდითა ცოდვათა შინა განკაფულთა მათ.
მაშინ სული იგი გლოით იტყოდის: ვიდრე-მე ვივლტოდი, ანუ ვითარ-მე განვერე სატანჯველთა მათ მომავალთა, და მე ესერა შებღალული ცოდვითა და ბრალითა წარმჰყავ ამიერ სოფლით?
მიუგოს ჴორცმან და ჰრქუას: ვაჲ ჩემდა შენ მიერ, სულო ჩემო, რამეთუ შეგეყავ შენ დასაბამსა და ვიყავ მე უბიწო, და აწ განგეშორები და ვარ მე შეგინებულ.
ჰრქუას მას სულმან: შეწუხებულ ვარ მე შენ მიერ, გუამო ჩემო, რამეთუ ბუნებით ვარ და უცოდველ და შემოსითა შენითა სავსე ვარ მე ბრალითა და ცოდვითა.
მიუგოს ჴორცმან და ჰრქუას: შენ შემიტყუე მე და მაცდურ ჩემდა იქმენ, რამეთუ გეზიარე ყოველსა ბოროტსა და ნებასა შენსა ვიქმოდე და სათნოებასა შენსა შეუდეგ და წარვწყმდი.
ჰრქუას მას სულმან: არამედ უფროჲსღა მე ნებასა შენსა შეუდეგ, რამეთუ ბუნებით უბიწო ვარ და მიზიდვითა შენითა მიდევნებულ ვიქმენ ნივთიერებასა შენსა, ვიდრემდის ხრწნილებასა შენსა მიზიარე.
მიუგოს ჴორცმან და ჰრქუას: ვაჲ ჩემდა, რამეთუ სიკუდილი კართა ჩუენთა ზედა მოწევნულ არს და სიტყუაჲ ჩუენი ჟამსა ამას ამაო არს!
ჰრქუას სულმან: უკუეთუ მოწყალე მექმნეს უფალი და აღმადგინოს მე სენისა ამისგან, შევინანო მე მისა მიმართ ცოდვათა და ბრალთა ჩემთათჳს.
ჰრქუას მას ჴორცმან: სიტყუაჲ კეთილი მესმა მე შენგან, ჵ სულო ჩემო, და ვინაჲ ჩემსა, რაჲთა აღვასრულო სიტყუაჲ შენი საქმით.
ჰრქუა სულმან: უკუეთუ აღვდგე სენისა ამისგან, ჭეშმარიტად ყოველნი ცოდვანი ჩემნი ცრემლითა განვიბანნე და ლოცვითა და მარხვითა განვწმიდნე.
ჰრქუას ჴორცმან: უკუეთ ჭეშმარიტად ლხინებაჲ ვპოვო მე სენთა ამათგან, დავიტანჯო თავი ჩემი და შევაყენო და არღარა ვჰყოფდე ნებასა ჩემსა ბოროტსა, არამედ შრომითა და მღჳძარებითა განვკაფო გუამი ჩემი.
ჰრქუას სულმან: უკუეთუ ვპოვო მე სიცოცხლე და განვერე სიკუდილისაგან, გყო შენ სახლ სიწმიდის და სადგურ სულისა წმიდისა.
ჰრქუას ჴორცმან: გული ესე აწინდელი, რომელ არს ჩეუნ თანა დღეს, რად არა იყო იგი ჩუენ თანა, ვიდრე მოწევნამდე ჟამისა ამის?
ჰრქუას სულმან: ვჰგებდ მე შეერთებასა შენსა და გულსვეტყოდე დღითიდღედ სინანულსა და ვიდრე განმზადებად ჩემდამდე მეწია მე სიკუდილი.
ჰრქუას ჴორცმან: ვაჲ ჩემდა, რამეთუ მომიცვა მე სიბნელემან და აჩრდილმან სიკუდილისამან და მივეცი მე საფლავად და ვიქმენ მიწა და ნაცარ.
ჰრქუას სულმან: ნებასა შენსა მიგცემდი და მის გამო ვიქმენ მე წარწყმედულ.
ჰრქუას ჴორცმან: ნეტარ თუმცა არა შემესწავლე, რამეთუ განმაცოცხლე მე მცირედსა ამას ჟამსა და მომაკუდინე მე საუკუნოდ და განმაშორე საყოფელსა მართალთასა და მიმაქციე მე ჯოჯოხეთად.
ჰრქუას სულმან: ესე ზრახვაჲ რაჲსა არა იყო ჩუენ თანა ვიდრე ვიყვენით-ღა მფლობელ თავთა ჩუენთა ზედა და ვიდრე განყოფადმდე ჩუენდ ურთიერთას?
ჰრქუას ჴორცმან: რამეთუ აწღა განცხადნა საიდუმლოჲ შენი და შენ მიერ საცნაურ ვიქმენ მე, რაჲთა ვიქმნე მტუერ და ნაცარ საფლავსა შინა.
ჰრქუას სულმან: ვაჲ ჩუენდა, რაჲ ესე შეგუემთხჳა, რამეთუ მოახლებულ არს იძულებით განმყოფელი ჩუენი და ვხედავ შუენიერთა თუალთა შენთა დაბნელებულთა და ალმურსა სიკუდილისასა მოუცავ მე ყოვლით კერძო და იგი დაჰჴსნის ჴორცთა და ძუალთა ჩემთა და ყოველსა გუამსა ჩემსა.
ჰრქუას ჴორცმან: შეგიყუარე შენ უფროჲს ყოველთა არსთა და ვაჲ ჩემდა, რამეთუ დღეს განგეშორები და მისთჳს ვტირ და ვიგლოვ!
ჰრქუას მას სულმან: არარაჲ სხუაჲ მოვიგე სოფელსა ამას, თჳნიერ შენსა, და აჰა დადუმებაჲ მოახლებულ არს ბაგეთა შენთაჲ.
ჰრქუას სულმან ჴორცსა: ვაჲ ჩემდა, ვითარღა წარვჰჴადენით დღენი ჩუენნი უდებად და აწ ესერა მივალთ ჩუენ მსაჯულისა მის თუალ-უხუავისა, და საქმეთა ჩუენთათჳს ბოროტთა მიგუცნეს ჩუენ ცეცხლისა მას საუკუნესა!
ჰრქუას სულმან: ჵ რაჲღა მწარე არს სასუმელი სიკუდილისაჲ, ვიდრემე ვივლტოდი მისგან, ანუ რაჲმე მიუგო მსაჯულსა მას საშინელსა საქმეთა ჩემთათჳს ბოროტთა?!
და ვითარცა ესევითარსა ღუაწლსა შინა არნ კაცი იგი, რომელი მიახნ სიკუდილსა, და სული მისი და ჴორცნი შიშისა მისგან და ჭირისა შეძრწუნებულ არიედ, და ოფლი სიმწარისაჲ გამოცემულ არნ პირსა მისსა, მაშინ ანგელოზი ბრწყინვალე საშინელი და მრისხანე გამოუბრწყინდის საშინელია ხილვითა, და აქუნ ჴელთა მისთა ლახუარი ცეცხლისაჲ, სცის და განგუმირის კაცი იგი და წარიტაცის სული მისი.
ჵ რაჲ ფიცხელ არს ჟამი იგი, ძმანო ჩემნო საყუარელნო, და რაჲ საზარელ არნ და საშინელ განკითხვაჲ იგი სულთა მათგან, რომელნი ჰაერთა შინა განწესებულ არიან ცოდვილთა განმკითხველად. ამისთჳს გევედრები ყოველთა, რაჲთა იღუაწოთ სულთა თქუენთათჳს, ვიდრე ესე ფლობაჲ გუაქუს-ღა თავთა ჩუენთა ზედა და ნუმცა მცირითა გემოჲთა წარვსწყმედთ კეთილთა მათ საუკუნეთა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და ჴელმწიფებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.