წმიდა ეფრემ ასური

სიყვარულისათვის

ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.

ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწავლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე.

ვისაც სიყვარული გააჩნია, არ უგულვებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე მოასვენებს. ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, რამეთუ ჩვენმა მაცხოვარმა ასე უთხრა სანატრელ მოციქულებს: „ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს“.

ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს. ვისაც სიყვარული გააჩნია, არავის თვლის უცხოდ, არამედ ყველას თავის მეგობრად ხედავს, და არასოდეს აღშფოთდება და არ გაიხარებს ძმის ბოროტების გამო, და არც ცილს დასწამებს, და არც არავის მტრობას ჩაიდებს გულში, ეშმაკის გარდა, არამედ ყველაფერს სულგრძელებით მოითმენს.

ნეტარია კაცი, რომელმაც სიყვარული მოიპოვა და ასე წარსდგა ყოველთა დამბადებელი ღმერთის წინაშე, რომელმაც უწყის თავის ბეჭდით აღმბეჭდილნი და შეიწყნარებს მათ თავის სასუფეველში თავის ანგელოზებთან ერთად და ისინი დამკვიდრდებიან ქრისტესთან. რადგან ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხე, სიყვარულის გამო გვიჩვენა ზეცად აღმავალი გზა, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას, ამის გამო გვმართებს თქმად, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება.