ქრისტე აღდგა! აღდგა მაცხოვარი კაცობრიობისა! მთელი ქვეყნის ქრისტიანობა გალობს დიდებულ საგალობელს ქრისტეს აღდგომისა. დიდი და პატარა ღაღადებს: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“ ქრისტიანობამ იცის, რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღდგა ქრისტე და აღადგინა თავისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თავისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.
რით მოგვანიჭა ცხოვრება მკვდრეთით აღდგომილმა ღმერთმა, ქვეყანაზე მოვლინებულმა, ვითარცა ჭეშმარიტმა ძემ კაცისამ? ძველი მოძღვრებისაგან განდიდებულს, გაპატივებულ ხორცს, რომელსაც მარტო „კბილი კბილისა წილ შიოდა და თვალი თვალისა წილ“ მოკვდინებული ყავდა სული, რომელიც მარტო ყოვლად მხსნელის სიყვარულის სხივით ნათობს, თბება, ყვავის, ცოცხლობს და სულდგმულობს. აი, ეს მკვდარი სული აღდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომით. რა საცხოვარი ძალი იყო ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული მკვდრეთით აღედგინა? ეს იყო და არის მარტო ერთი მცნება, რომელიც ფესვად გაედგა, საძირკვლად დაედო მთელ მშვენიერ, დიდებულ, მართლაცდა ცხოვრების მომნიჭებელ მოძღვრებას ქრისტესას: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
აი, მხსნელი კაცობრიობისა! აი, მაცხოვარი!... ამას გარდა, ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის სახედ და მსგავსებად დარჩეს. ამ ყოვლად მაცხოვარს, ყოვლად მხსნელის ფესვზე ამოვიდა, გაიშალა, გადაფინა შტოები, აყვავდა მთელი დიადი ხე ახალი ცხოვრებისა, რომელსაც ახალი აღთქმა ქრისტიანობა ჰქვია და რომელსაც ეს მცნება, როგორც მზე, ანათებს და ათბობს. ამ მცნებამ გააპო კაცობრიობის ცხოვრება ორ დიდ ნაწილად და შუა გაუტარა დიდი კვალი საზღვრად. კვალს იქით დარჩა მოძღვრება შურისძიებისა, სამაგიეროს გადახდისა, ჯავრისა და მრისხანებისა, და კვალს აქეთ მოძღვრება ურთიერთობისა, ურთიერთ-სიყვარულისა, შენდობისა, მიტევებისა, მშვიდობისა, შეწყნარებისა. იქ რისხვა და მსჯავრია, აქ მშვიდობის ყოფა და მიტევება.
„არა კაც ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო, არა გული გითქმოდეს არარაზედ, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა“ - ამბობდა ძველი მოძღვრება ძველი ცხოვრებისა. რა არის ეს - ნუ მოკლავ, ნუ მოიპარავ, ნუ იმრუშებ, ნუ ცილს სწამებ, ნუ შეიშურვებ? ეს ის არის, რომ ნუ იქმ ბოროტს. მოვიდა ახალი აღთქმა, ახალი მოძღვრება ახალი ცხოვრებისა და გვეუბნება: არამც ნუ იქმ ბოროტს, ჰქმენ კეთილიო. დიდი მანძილია ბოროტის არქმნისა და კეთილის ქმნას შორის. ერთმანეთს არაფერში არ გვანან. ბოროტის არ ქმნა იგია, რომ არ მიაყენო ვნება მოყვასს, კეთილის ქმნა იგია, რომ სიკეთე მიანიჭო, სიკეთე უყო, საკმაო არ არის, რომ კაცი არ მოკლა, უნდა აცოცხლო კიდეც; საკმაო არ არის არა გამოსწირო რა, უნდა შესძინო კიდეც; საკმაო არ არის, არა ცილი სწამო, უნდა მართალს მიუზღავდე კიდეც; საკმაო არ არის არა გული გითქმიდეს მოძმის კეთილისათვის, უნდა გიხაროდეს, მხიარულობდე კიდეც, უნდა შველოდე, ხელს უწყობდე; საკმაო არ არის არა გძულდეს მოძმე, უნდა გიყვარდეს კიდეც, საკმაო არ არის არყოფა ბოროტისა, უნდა კეთილის ყოფა; საკმაო არ არის ბოროტისათვის ხელ-ფეხი შეიკრა, უნდა სიკეთისათვის ხელ-ფეხი გაშალო, ამოქმედო.
ძველი აღთქმა ხორცის უნებლობისთვის ფარი იყო, ახალი აღთქმა სულის აღდგომისათვის საცხოვარი ღონეა, ამიტომაც იქ კბილი კბილის წილ არის და თვალი თვალის წილ, ესე იგი, ხორცი ხორცის წილ, აქ კი სიყვარული, შენდობა და მიტევება. ესე იგი, სულის დადება მოყვასისათვის. დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისა გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოჰფინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერებაზედ არაფერი არ ხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არ ყვავის, არ ცოცხლობს. გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვანიჭა ცხოვრება იმიტომ, რომ მკვდარი იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით.
აბა, დაუკვირდით თვითონ ჟამს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისას, რა საოცრად განსურათებულია ეს ძველისა და ახლის, სიკვდილისა და სიცოცხლის, ბნელის და ნათელის ერთმანეთისაგან გაყრა. თითქოს იგავია, თითქოს განგებ არის მომხდარი, რომ თვალითაც დავინახოთ ის, რასაც გულითა ვგრძნობთ გონებითა ვხედავთ. როდის მოდის დღესასწაული ქრისტეს აღდგომისა? თითქმის პირველ ხანს გაზაფხულისას, ესე იგი, მაშინ, როცა ზამთრისაგან გაყინული, სუდარა-მოსილი, განძარცვული, უმწვანო, უყვავილო, უსიხარულო, უსიცოცხლო ბუნება სიცოცხლისათვის თვალს ახელს, იღვიძებს ხელახლად ამწვანებისათვის, აყვავებისათვის, ახალი ცხოვრებისათვის. თუ ზამთრისაგან კვდება ბუნება, გაზაფხულისაგან მკვდრეთით აღდგება ხოლმე. იქ მიძინებული სიკვდილია ძველისა, აქ მკვდრეთით აღდგომილი, ახლად გამოღვიძებული სიცოცხლეა. თუ ზამთარი სახეა სიბერისა, მიძინებისა, სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობლისა, აღდგომა - სიცოცხლისა.
არამც თუ დრო წლისა, არამედ საათიც კი დღისა, როცა პირველად აღმოვიტყვით ხოლმე „ქრისტე აღდგაო“ - ეს საათიც კი გვანიჭებს რის მომასწავებელია აღდგომა ქრისტესი: აღდგა ქრისტე და ბნელი უნდა განშორდეს ნათელს, ნათელმა უნდა იმეფოს, იხელმწიფოს. ეს ის საათია, როცა ღამე უკუიქცევა თავისი სიბნელით და მის მაგიერ ცხოველმყოფელი დღე მოდის თავისი სინათლით. ამოდის თუ არა ცაზე ალიონი - ეს წინამორბედია განთიადისა და მტრედისფრად გარიჟრაჟდება გუმბათი ცისა, ზარი დღესასწაულისა გვიწვევს სადიდებლად და საგალობელად ქრისტეს აღდგომისათვის. თითქოს გვეუბნებოდეს: აღდექით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი. იხილეთ და გაიხარეთ! ეს ის საათია, როცა ღამის სიბნელე უთმობს ადგილს დღის სინათლეს, როგორც ძველ ცხოვრების ბნელმა დაუთმო ადგილი ახალ ნათელს.
ცხოვრების მომნიჭებელ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს უკეთესი დრო ვერ შეერჩეოდა, თუ არა განთიადი გაზაფხულისა, ესე იგი, ის ხანი და საათი, როცა ცხოველმყოფელი სითბო ცვლის სიცივეს, ნათელი ბნელს და მთელ ბუნებას აღიმილებს საცხოვარი ძალი ახლად აღორძინებისა, ახლად გადასვლისა, ახლად აყვავებისა, ახლად ცხოვრებისა... მოძღვრება ქრისტესი - იგი განთიადი იყო, იგივ გაზაფხული კაცობრიობის ცხოვრებისათვის.
გაზ. „ივერია“ 1887 წ. 5 აპრილი.
დაიბეჭდა მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერელად.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №10, 2007 წ.