ალექსი ოსიპოვი
(ღვთისმეტყველების მაგისტრი)

ვის სჭირდება მაცხოვარი?

რა არის ქრისტიანობა? - ეს საკითხი ჩვენს დროში მეტად აქტუალურია.

მაინც რაში მდგომარეობს ქრისტიანობის არსი?

ამაზე მარტივად პასუხი ასე შეიძლება გაიცეს: ქრისტიანობის არსი მდგომარეობს არა უბრალოდ ქრისტეს აღმსარებლობაში, არამედ ქრისტეს, როგორც კაცობრიობის მხსნელის აღიარებაში. მოდი განვმარტოთ ეს. ამისთვის უნდა გამოვყოთ 2 მომენტი: I - ქრისტე, როგორც კაცობრიობის მხსნელი და II - რისგან უნდა იხსნას ქრისტემ კაცობრიობა.

ქრისტიანობა ამტკიცებს, ერთი შეხედვით, ორ, ურთიერთ გამომრიცხავ მოსაზრებას, რომელთაც, ჩვენდა სამწუხაროდ, არ იღებს სეკულარული, ანუ მაღალი საზოგადოება. ამ მოსაზრებათაგან პირველია ის, რომ ჩვენ ვიმყოფებით არანორმალურ მდგომარეობაში. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ცოდვის ჩადენის შემდეგ დაირღვა ადამიანის მთლიანობა. გონებამ, გულმა და სხეულმა ცალ-ცალკე დამოუკიდებლობა მოიპოვეს, ავტონომიური გახდნენ, გაუჩნდათ საკუთარი ნება და მათ შორის დაიწყო წინააღმდეგობა, ნამდვილი ბრძოლა, ადამიანი ამოვარდა თავისი კალაპოტიდან, ნორმალური მდგომარეობიდან. ამის დასტურია კაცობრიობის ისტორია და ადამიანთა პირადი გამოცდილება.

მაინც რაზე მეტყველებს კაცობრიობის ისტორია?

მთელი თავისი არსებობის მანძილზე კაცობრიობა მუდამ ისწრაფის ბედნიერების, მშვიდობის, სიკეთისა და წესრიგისაკენ. სინამდვილეში კი რა ხდება?!

ომები, ძალადობა, უსამართლობა, ჩაგვრა, ექსპლუატაცია და ა.შ. ასეთი მოვლენებით სავსეა ისტორია. ამის ილუსტრირებას კარგად ახდენს უძველესი ლიტერატურა ბიბლიის ჩათვლით. განა შემაძრწუნებელი არ არის ის ფაქტი, რომ კაცობრიობა, რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე ისწრაფის სიკეთის, ქველმოქმედებისა და ბედნიერებისაკენ, თვითონვე რომ ირჩევს ისეთ გზას, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ცხოვრებისეულ პრობლემებს. დღეისათვის ჩვენ უკვე მივაღწიეთ ზღვარს და მივხვდით, რომ კაცორბიობა კატასტროფის წინაშე დგას. ავიღოთ თუნდაც ერთი პრობლემა - ეკოლოგია. ამ პრობლემამ დღეს მთელი მსოფლიო მოიცვა.

რის შედეგად წარმოიქმნა იგი?

ადამიანთა გონებრივი მოღვაწეობის, მათი ინტერესებისა და სხვადასხვა მისწრაფებათა შედეგად!

რაზე მეტყველებს ეს?

ადამიანი ნორმალური და ჯანსაღი არსება რომ ყოფილიყო, მისი გონება - საღი და უზადო, ხოლო გული - სათნო და კეთილი, მივიდოდა ამ მდგომარეობამდე?!

რა თქმა უნდა, არა!

ადამიანთა ცივილიზაციის ისტორია, მართლაც, ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტია იმის დასამოწმებლად, რაც ქრისტიანობისათვის ურყევი ჭეშმარიტებაა. ეს ჭეშმარიტება კი ღაღადებს, რომ ჩვენ, ადამიანები, ვიმყოფებით პირველადი ცოდვის ქვეშ; დასნეულებულები და შებილწულნი ვართ. ეს, რაც შეეხება კაცობრიობის ისტორიას.

ახლა კი გადავხედოთ ადამიანთა პირად გამოცდილებას. განა ვინმეს შეუძლია თქვას, რომ თავისი ცხოვრებითა და ქცევით შეესაბამება იმ იდეალს, რომელიც თავად დაუსახავს?! ცხოვრობს რომელიმე ჩვენგანი იმ იდეალის შესაბამისად?!

ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემას ძნელად თუ ვინმე შესძლებს. უმეტეს შემთხვევაში აქ მეორდება ის ისტორია, როცა იესო ქრისტეს მიმართვაზე - ვინც უცოდველია, პირველმა ესროლოსო მეძავს ქვა, ვერც ერთმა ფარისეველმა ვერ გაბედა ქვის სროლა, რადგან არცერთი მათგანი არ იყო უცოდველი.

დიახ, სწორედ ასე ხდება!

როგოც ვნახეთ, ეს ორი არგუმენტი ნათლად ადასტურებს, რომ ადამიანი არანორმალურ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მას დაზიანებული აქვს სული და გული. ჩვენ აქ ვგულისხმობთ ისეთ გულს, რომელიც არა მარტო იმ ხუთი გრძნობის მომცველია, რომელსაც სეკულარული ფსიქოლოგია სცნობს, არამედ გულს, რომელმაც დაკარგა სიყვარული, თანაგრძნობა, მოწყალება, მორჩილება, სიხარული... დიახ, სიხარულიც კი...

წარმოდგინეთ რა უბედურ დღეში ვართ!!!

ჩვენს ორგანიზმში ყველაფერმა დამოუკიდებლობა შეიძინა, ყველაფერი ერთმანეთს ებრძვის: სულს ერთი სურვილი აქვს, გული მეორეს კარნახობს, სხეული კი სულ სხვას ითხოვს. ადამიანში დაირღვა მთლიანობა და დასნეულდა.

მაგრამ ყველაზე შემაძრწუნებელი და გასაოცარი ისაა, რომ, ადამიანი ვერ აღიქვამს ამ მდგომარეობას, ვერ ხედავს საკუთარ თავს. სწორედ ეს სიბრმავეა ყველა ადამიანური, ყველა პირადი და სოციალური, საერთაშორისო, ან თუ გნებავთ, სამყაროსეული უბედურების საფუძველი.

საერთოდ, ადამიანსა და მის გარემომცველს სამყაროს შორის არსებობს არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ უფრო ღრმა კავშირი: კავშირი ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ და ბიოლოგიურ სამყაროს შორის. აი, ამას ამტკიცებს ქრისტიანობა.

მაგრამ რას ფიქრობს ამის შესახებ ადამიანი?

- თუ ეს ასეა, - ფიქრობს იგი, - გამოდის, რომ მე ცუდი ვარ! ამის აღიარება კი მას ძალიან ეძნელება... თუმცა ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანი აღიარებს ამას და მაშინ, სასოწარკვეთილი ცდილობს თვითმკვლელობით დააღწიოს თავი ამ მდგომარეობას, რადგან მისთვის ტრაგედია ხდება ისეთი რომ არ აღმოჩნდა, როგორიც მთელი ცხოვრება ეგონა თავი. ამიტომ ადამიანები, ჩვეულებისამებრ, არ იღებენ ამ ქრისტიანულ მტკიცებას.

მაქსიმ გორკი სიტყვებით: ადამიანი! როგორ ამაყად ჟღერსო ეს სიტყვა, - თავისდა უნებურად, ისე რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, დაემოწმა მაკარი ეგვიპტელის აზრს, რომელიც ამბობს:

- არც ზეცაში და არც დედამიწაზე არ მოიძებნება ადამიანის სულზე მშვენიერი რაიმე!

მაგრამ ადამიანს თავისი ღირსების ისეთი გრძნობაც გააჩნია, რასაც სიამაყე ჰქვია. აქდან გამომდინარე მას თავის თავზე უდიდესი წარმოდგენა აქვს. სწორედ ამიტომ ამბობდა X საუკნის მოღვაწე სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი:

- მთელი კაცობრიობა უდიდეს ხიბლში იმყოფებაო. და იქვე დასძენდა: კაცობრიობის ყველაზე საშინელ სენს სწორედ ეს სიბრმავე წარმოადგენსო.

ამ სიბრმავის გამო არ იღებენ ქრისტიანულ სწავლებას ადამიანის დაზიანებული ბუნების შესახებ. აი, ამდენადაა დაბრმავებული ადამიანი!

მაგრამ ქრისტიანობა მარტო ამას რომ ასწავლიდეს, საშინელ პესიმისტურ სურათს მივიღებდით და მაშინ იგი, როგორც რელიგია, არც იქნებოდა სრულყოფილი.

პარადოქსია, მაგრამ ქრისტიანობა გამოთქვამს სრულიად საწინააღმდეგო აზრსაც: ადამიანი თავისი ბუნებით ღვთის მსგავსი არსებაა. იგი მას უწოდებს უცხოობაში გადახვეწილ უფლისწულს, რომელსაც მიუტოვებია მამის სახლი და ახლა, ქრისტიანული მოსაზრებით, განსაცდელში, სიღატაკეშია ჩავარდნილი. ადამიანი თავისი ბუნებით პირუტყვი ან დაპროგრამებული რობოტი როდია. იგი ღვთის ხატებაა, იმდენად მშვენიერი, რომ მაკარი ეგვიპტელი მას ასე აფასებს:

- არც ზეცაში და არც დედამიწაზე, არ მოიპოვება ადამიანის სულზე მშვენიერი რამ!

გასაოცარი სიტყვებია! მამა მაკარის სიტყვიდან სჩანს, რომ თვით ანგელოზებიც ვერ უტოლდებიან ადამიანი სულის მშვენიერებას. მაგრამ დაგვეთანხმებიან კი ამაში ისინი, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ:

- ადამიანი! რა ამაყად ჟღერს ეს სიტყვა?!

რა თქმა უნდა, არა! იმიტომ რომ, თუ ვაღიარებთ, რომ ადამიანი ღვთის მსგავსი არსებაა, მაშინ უნდა უარვყოთ ჩვენი ცხოვრების წესი, რადგან იგი ცხოველური უფროა, ხშირად კი ეშმაკისეულიც, ვიდრე ადამიანური. ხოლო თუ ვაღიარებთ ამას, მაშინ ასეთი ცხოვრება უნდა შევცვალოთ და გამოვასწოროთ, რაც, ასეთ ყოფას მიჩვეულებს, ძალიან გაგვიჭირდება.

თუ ღვთის მსგავსებაზე უარს ვიტყვით, მაშინ ასეთი ყოფა გამართლებულია, რადგან თუ ადამიანი ცხოველური წარმოშობისაა, თუნდაც ყველაზე განვითარებული მათ შორის, ასეთი ცხოვრება მისთვის ბუნებრივი და დასაშვებია.

მაინც რას ქადაგებს ქრისტიანობა?

იგი გვასწავლის ადამიანის განკურნების აუცილებლობას და გვიჩვენებს, ვისი მეოხებითაც უნდა მოხდეს ეს.

ქრისტიანობა მთლიანად დაფუძნებულია მაცხოვარზე, ქრისტეზე. მხოლოდ მას ერთადერთს ძალუძს ადამიანთა დაზიანებული სულის განკურნება. ამ განკურნების გარეშე შეუძლებელია იმ ბედნიერების მოპოვება, რომლისკენაც მიისწრაფის კაცობრიობა. ადამიანი შინაგანი ბუნების გარდაქმნის გარეშე ვერ მიაღწევს ჭეშმარიტ ბედნიერებას. ამიტომაა საჭირო მისი მთლიანობის - სულის, გულისა და სხეულის მთლიანობის აღდგენა.

ქრისტიანულ რელიგიას ბევრი სპირიტუალობას (მხოლოდ სულის აღიარებას და სხეულის უგულებელყოფას) სწამებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ქრისტიანობა ხომ ადამინებს ცოდვათა განწმენდისაკენ მოუწოდებს?! განა ქრისტიანობა არ აღიარებს მკვდრეთით აღდგომას?! სწორედ ამ მკვდრეთით აღდგომისათვის სჭირდება ადამიანს განწმენდილი სხეული. განა ქრისტიანობა არ ამბობს, რომ ადამიანის სრული ბედნიერებისათვის საჭიროა სულის, გულისა და სხეულის გამთლიანება?! საკითხის ამგვარად დაყენება განა სხეულზე ზრუნვას არ გულისხმობს?! დიახ, მთავარი საზრუნავი ადამიანისათვის ესაა! მაგრამ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას?

ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს:

- ეს სამი რამ ამქვეყნადაც მთლიანდება, მაგრამ მხოლოდ ცოდვებში.

ქრისტიანობა არ გულისხმობს ასეთ მთლიანობას. ცოდვა ხომ სნეულებაა, ტკივილია, ტანჯვაა. ადამიანი კი ისწრაფის სიხარულისკენ, კეთილდღეობისკენ და არა ტანჯვისკენ. ჩვენი მიზანია შევიცნოთ ჭეშმარიტება. ქრისტიანობა გვასწავლის და ცხოვრებაც ადასტურებს, რომ არცერთ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი ძალებით აღიდგინოს თავისი დარღვეული ბუნება - გაამთლიანოს სული, გული და სხეული.

„რამეთუ არა რომელი იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ“ (რომ. 7, 19). - გაიხსენეთ ეს სიტყვები. და ამას ისეთი ძლიერი პიროვნება ამბობს, როგორიც პავლე მოციქულია!

მაშინ რაღა უნდა ვთქვათ ჩვენ, თანამედროვე ადამიანებმა?!

თუმცა ზოგჯერ ადამიანი ახერხებს საკუთარი თავის დაძლევას, სულის, გულისა და სხეულის გამთლიანებას, მაგრამ ამას უმეტესად სიამაყის გამო აკეთებს. ამას ახერხებს მაშინ, როცა ცდილობს შეინარჩუნოს თავისი პიროვნული „მე“.

- როგორღა შემეძლება ვიყო პიროვნება, თუ ვერ მოვერევი ჭამა-სმის სურვილს?! - ასეთი ფიქრებით შეპყრობილი ადამიანი თავს იკავებს ნაყროვანებისა და სიმთვრალისაგან, არ აძლევს ამ ვნებებს დამორჩილების ნებას. მაგრამ ასეთი თავშეკავება გამოხატულია განდიდებისაკენ ლტოლვით და ამით კიდევ უფრო დიდ ცოდვაში ვარდება.

როგორც აღვნიშნეთ, ადამიანს საკუთარი ძალებით არ შეუძლია აღიდგინოს თავისი დარღვეული ბუნება. ხოლო სანამ იგი არ გამთლიანდება ვერც გადალახავს იმ წინააღმდეგობებს, რაც მას ხვდება და მაშასადამე ვერც იცხოვრებს თავისი იდალების შესაბამისად. ადამიანის შინაგანი მდგომარეობის აღსადგენად გვესაჭიროება მხსნელი, მაცხოვარი, იესო ქრისტე, რომელიც დაგვეხმარება და ჩვენს მაგიერ კი არა, ჩვენთან ერთად აღადგენს ჩვენს დარღვეულ ბუნებას; ჩვენთან ერთად იმიტომ, რომ სწორედ მან გვიბოძა თავისუფლება და იგი ღმერთი აღარ იქნებოდა, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ რომ ემოქმედნა ჩვენზე.

ქრისტიანული სწავლებით, განკაცებულმა უფალმა თავისი ჯვარცმით აღადგინა დაცემული ადამიანის მთლიანობა და ჩვენ უკვე შეგვიძლია მივბაძოთ მას. მაგრამ მივბაძოთ რაში?!

ქრისტეს ღვაწლი მის თავგანწირვაშია. მისი სწავლება ამ ღვაწლის ნაწილია მხოლოდ, ამ თავგანწირვის ნაყოფია და სწორედ ამაზეა დაფუძნებული. ამიტომ სწავლება კი არ არის მთავარი, არამედ საქმეები, რასაც იგი იქმოდა.

მთავარი სწავლება რომ იყოს, მაშინ ქრისტიანობას პრინციპულად ვერ განვასხვავებდით ნაყოფია და სწორედ ამაზეა დაფუძნებული. ამიტომ სწავლება კი არ არის მთავარი, არამედ საქმეები, რასაც იგი იქმოდა.

მთავარი სწავლება რომ იყოს, მაშინ ქრისტუციია, მუჰამედის სწავლებისაგან. განა ღმერთი მოსემდე არ ეცხადებოდა ადამიანებს?! ამიტომ იქნებოდა თუ არა მოსე, ამით ძველ აღთქმას არაფერი დააკლდებოდა. არ იქნებოდა მოსე, იქნებოდა სხვა ვინმე. განა სულ ერთი არ არის ვის გამოგზავნიდა ღმერთი თავისი სახელით?! განა სულ ერთი არ არის ანგელოზი იქნებოდა იგი თუ წინასწარმეტყველი?! აქედან გამომდინარე ქრისტიანობის არსიც მხოლოდ მის სწავლებაში რომ იყოს, მაშინ ამას იოანე ნათლისმცემელიც შესძლებდა. მაგრამ ქრისტიანობის მთელი არსი ქრისტეს ჯვარცმაშია და ამის გაკეთება მხოლოდ ქრისტეს თუ შეეძლო. ჯვარცმის გარეშე ქრისტიანული სწავლება არაფრის მომცემი იქნებოდა, რადგან იგი ადამიანის ცხოვრებაში ვერაფერს შეცვლიდა. ამიტომ ქრისტიანობის არსია არა უბრალოდ ქრისტე, არამედ ჯვარცმული ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი. სწორედ ამით განსხვავდება ქრისტიანობა სხვა რელიგიისა და იდეოლოგიისაგან.

ყველა სხვა რელიგია და იდეოლოგია ადამიანს, უხეშად რომ ვთქვათ, სხვადასხვა სიამოვნებათა ძიებისაკენ წარმართავს. მაინც რა სასიამოვნოა ეს? ეს არის ფიზიკური, მატერიალური, ბიოლოგიური, კულტურული, ესთეტური, მორალური, ინტელექტუალური (როგორიცაა მაგალითად ფილოსოფია და სხვა ამის მსგავსი მეცნიერებანი). თითოეული მათგანი მიეკუთვნება იდეოლოგიას და ნაწილობრივ რელიგიას; მეტნაკლებად ყველა ეს რელიგია ადამიანის გონებას მისტიური სიამოვნების ძიებისაკენ წარმართავს.

რას ნიშნავს მისტიური სიამოვნება?

წმინდა მამების განმარტებით, ეს არის ხიბლი, რომელიც თავის მხრივ იწვევს სულიერ ტკბობას. მაშასადამე, ადამიანი დაღუპვის გზაზეა, რადგან ამ შემთხვევაში რელიგია მისთვის ერთგვარ ნარკოტიკად იქცევა. ის, რაც სხვა რელიგიებისთვის მიზანია, ქრისტიანობისთვის დაღუპვის გზა, ბოროტი სულის ხიბლია. მათგან განსხვავებით ქრისტიანობა ადამიანებს ხსნის გზის ძიებისკენ წარმართავს.

განა სნეული სიამოვნებისკენ ისწრაფის? რომელი ჭკუათმყოფელი იქცევა ასე?! სნეული ხომ განკურნებას ცდილობს!

განა წყალწაღებული საშველად არ გვიხმობს?!

- მიშველეთ! - აი ადამიანის სულის ძახილი.

ახლა კი გავიხსენოთ რას ამბობს ქრისტიანობა ადამიანის დღევანდელ მდგომარეობაზე:

- ადამიანი დაღუპვის პირას იმყოფება. ამიტომ მას ესაჭიროება შველა და ხსნა.

ადამიანი კი, რომელიც შეიგრძნობს თავის ამ მდგომარეობას, ეძიებს ხსნას და ხდება ქრისტიანი.

ქრისტიანობა სიამეებისკენ სავალ გზას კი არ გვთავაზობს, არამედ ხსნის გზას. იგი ადამიანის გონებას არ აძლევს მოდუნებისა და სიფხიზლის დაკარგვის საშუალებას.

- მაშინ რისთვისღა არსებობს სხვადასხვა სიამენი, ნეტარებანი? - ალბათ გაგიჩნდათ ასეთი კითხვა. მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის მომლოდინე არ უფიქრდება იმას, რომ სნეულს პირველ რიგში განკურნება სჭირდება და მერე სიამოვნება. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს ქრისტიანობა ვუშველოთ თავს, ვიხსნათ იგი. ხსნა კი სასუფეველშია, რომელიც მოიპოვება განკურნებითა და შემდგომ ღმერთთან შეერთებით. ღმერთი ხომ ყოველგვარი სიკეთის წყაროა. მხოლოდ მასთან კავშირში ხდება ადამიანში სული, გული და სხეული სრულყოფილი; ხდება ისეთი, რომელზედაც მაკარი ეგვიპტელი ამბობს:

- არც ზეცაში და არც დედამიწაზე, არ მოიპოვება ადამიანის სულზე მშვენიერი რამ.

ამიტომ თუ ღმერთი რაიმეს გვიბოძებს, მადლობა შევწიროთ, მაგრამ იმავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მთავარი. მთავარია ჭეშმარიტების პოვნა და არა სიამოვნებისა.

ახლა კი იმის თაობაზე, თუ როგორ ვიპოვოთ ეს ჭეშმარიტება. მაგალითისთვის ღირს მამა სისოი დიდსა და მეუდაბნოეს შორის გამართული დიალოგიდან ერთი ეპიზოდი გავიხსენოთ:

- მამაო, - მიმართავს მეუდაბანოე, - მე გამუდმებით მახსოვს ღმერთი.

ღირსი მამა პასუხობს:

- ეს ძალიან დიდი რამ არის, მაგრამ ამაზე აღმატებული ისაა, ყველა ნაკლს შენში ხედავდე და უღირსობის გრძნობით განმსჭვალული, თავს ამქვეყნად ყველაზე უღირს არსებად მიიჩნევდე.

აი, ქრისტიანობის საფუძველი! არცერთი რელიგია ასეთ რაიმეს არ შემოგთავაზებთ.

მაინც რატომაა ასე მნიშვნელოვანი რომ თავი ყველაზე უღირს ადამიანად შეიგრძნო?

იმიტომ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში დაინახავ, ერთი მხრივ, ადამიანი სულიერი განვითარების რა დაბალ საფეხურზე იმყოფება და მეორეც, საკუთარი თავისადმი მხოლოდ ასეთი დამოკიდებულებით თუ მივალთ ქრისტემდე. სწორედ ასე უნდა მიუდგეს ადამიანი თავის თავს, რადგან როცა იგი შეიცნობს თავის დაცემულ მდგომარეობას, მხოლოდ მაშინ შეიგრძნობს, რომ მას ესაჭიროება მხსნელი, ე.ი. ქრისტე და მასში იღვიძებს ქრისტიანობა. მანამდე კი იგი უბრალოდ მორწმუნეა.

გწამდეს უბრალოდ ღმერთი - ათასჯერ უფრო იოლია, ვიდრე გწამდეს ქრისტე!

რატომ?

იმიტომ, რომ ქრისტეს რწმენა თავის უარყოფას, ყოველგვარ სიამეზე უარის თქმასა, და რაც მთავარია, მოყვასისათვის ზრუნვასა და სიკეთის ქმნას მოითხოვს.

ზოგადად ღვთის რწმენით არ ილახება ჩვენი პატივმოყვარეობა, ჩვენი სიამაყე. ზოგადად ღვთისადმი რწმენა სულაც არ მოითხოვს საკუთარი თავის ნაკლის ძიებას. მაგრამ სულ სხვაა ქრისტიანობა. იგი ძნელია სწორედ იმით, რომ თავგანწირვას, საკუთარი თავის უარყოფას მოითხოვს.

როგორ განვსაზღვროთ, ვართ თუ არა ქრისტიანები?

თუ მოვინდომებთ, ძალიან ადვილად გავიგებთ. ვისაც განკითხვისაგან თავის შეკავება არ ძალუძს, ის არცაა ქრისტიანი. ის შესაძლოა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მცირედ მორწმუნე. ჭეშმარიტი ქრისტიანი კი არავის განიკითხავს. თუ სხვას ფეხი სტკივა, მე ხელი მტკივა. განა სასაცილო არ იქნება, რომ მე ის განვიკითხო?! ჩვენ ყველანი დასნეულებულები ვართ და უნდა გვეცოდებოდეს ერთმანეთი, ვლოცულობდეთ ერთმანეთისთვის.

ქრისტიანობა განისაზღვრება გულისა და სულის შემუსვრილებითა და სიმდაბლით.

არსებობს მამათა ასეთი კლასიკური გამონათქვამი:

- ღმერთი კი გვაცხოვნებს, მაგრამ ცხონება არ ხდება ჩვენი ჩარევის გარეშე.

ამაში არის ადამიანის პიროვნული ღირსებაც და საფრთხეც, რადგან სწორედ ადამიანს მიენდო სრული თვითგამორკვევა. ამიტომ ძალზე სერიოზულია საკითხი იმის შესახებ, თუ რა მოეთხოვება ბოლოს და ბოლოს ადამიანს და ამ თვითგამორკვევამ ასეთი თავისუფლების მდგომარეობაში დადებითი შედეგი როგორ გამოიღოს. საკითხის მთელ სერიოზულობას რომ ჩავწვდეთ, მას ასე დავაყენებ: ადამი შეიქმნა წმიდა, უცოდველ, სუფთა, ყოველგვარი ცოდვისაგან სრულიად თავისუფალ ადამიანად, „მთლიანად კეთილი“, როგორც ეს ბიბლიის პირველივე სტრიქონებშია ნათქვამი, და ასევეა დახასიათებული ღვთის ყოველი ქმნილება. ამიტომ ჯერ უნდა ვისაუბროთ ხსნაზე, იმაზე, თუ რა მოეთხოვება ადამიანს.

რაში მდგომარეობს ცხონების არსი?

ცხონების მთელი არსი იმაში კი არ არის, რომ ადამიანმა პირველქმნილი ადამის მდგომარეობას მიაღწიოს, რადგან, როგორც ვნახეთ, ეს მდგომარეობა არ აღმოჩნდა მყარი და ვინმე თუ მიაღწევს მას, მეორე დღესვე (ჩვენი ადამიანური განზომილებით) ისევ ცოდვაში ჩავარდება.

მაინც რა აკლდა ცხონებისათვის? - აი, სად არის დამალული ამ საკითხის მთელი არსი. ამიტომ ისევ ვიმეორებ: ჩვენი ამოცანა არ არის პირვანდელი სიწმინდის მიღწევა. ეს სიწმინდე არ არის საკმარისი ცხონებისათვის. ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ სულ სხვა რამეს: განვმტკიცდეთ სიკეთეში, რომ აღარ გავიმეოროთ ის, რაც ჩაიდინა პირველქმნილმა ადამმა.

ახლა უკვე ლოგიკურად ავხსნათ ეს.

როგორც ვხედავთ, ადამს რაღაც აკლდა. საკითხის ასე დაყენება თითქოს ერთგვარ წინააღმდეგობას ქმნის.

ვამბობთ, რომ ადამი სრულყოფილი იყო, წმიდა, სუფთა, უბიწო, არ გააჩნდა არავითარი ნაკლი, რომ მასში თავმოყრილი იყო მხოლოდ კეთილი და მაინც დაეცა. მაგრამ ეს უკვე სხვა მხარეა, ყოველივე იმის საწინააღმდეგო, რაც ადრე ჩამოვთვალეთ.

ადამის დაცემამ გაგვიჩინა ეჭვი, რომ მას რაღაც აკლდა. მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ თავისუფლებაში, რომელიც მას ებოძა ღვთისაგან, დაშვებული იყო ყოველგვარი ქმედება და სწორედ ამაში მდგომარეობდა თავისუფლება.

ამიტომ კაცობრიობის მთელი ისტორია და თვითონ ქრისტიანობის იდეა მიმართულია ხსნისაკენ, ე.ი. იმ მდგომარეობისაკენ, რომელშიც აღარ განმეორდება დაცემა. თუ ასეთი მდგომარეობა შესაძლებელია, აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ ადამს არ გააჩნდა ის, რისი მიღებაც ჩვენ გვინდა. აი, სწორედ ეს უნდა გავაანალიზოთ კარგად. ბევრს ხსნა სრულიად სხვაგვარად აქვს წარმოდგენილი. იგი წარმოუდგენია როგორც კმაყოფილება, ან სრულყოფილება და არ ესმის საქმის ნამდვილი არსი. ისევ გაიხსენეთ ღირსი სისოის პასუხი ბერისადმი, რომელმაც უთხრა, ღმერთი სულ მახსოვსო.

- ეს არ არის უპირატესი.

ნახეთ! იმას კი არ ეუბნება - ეს ცუდიაო, არამედ, ეს არ არისო ყველაზე დიდი.

დიდია დაინახო საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე უღირსად. აი, ეს არ გააჩნდა ადამს და იგი არც შეიძლებოდა მას ჰქონოდა, რადგან ამას ღმერთი მას ვერ მისცემდა.

ახლა ისმის კითხვა:

- თუ არ შეეძლო, როგორღაა ღმერთი ყოვლისშემძლე?

როგორც ვნახეთ, ღმერთმა ვერ მისცა ადამიანს რაღაც და სწორედ ამიტომ ადამის მდგომარეობა მდგრადი არ გამოდგა. მაგრამ რა იყო ეს რაღაც? ეს იყო გამოცდილება, ის, რაც ადამს თვითონ უნდა შეეძინა... ადამმა არ იცოდა თუ ვინ იყო იგი ღვთის გარეშე. და მან შეჭამა ნაყოფი აკრძალული ხიდან, რომ ქცეულიყო ღმერთად. ჰხედავთ?! მოინდომა ღვთის გარეშე განღმრთობა, მოინდომა ღმერთად ქცევა ღვთისათვის გვერდის ავლით. ე.ი. მე, ადამიანმა შეიძლება ვიარსებო ღვთის გარეშე, ვიყო მის გარეშე და თვითონვე გავხდე ღმერთი. ამაშია სწორედ ადამიანის პიროვნულობა, უფრო სწორად ამ პიროვნულობის ელემენტი, რომელიც დევს ადამიანის პიროვნულ „მეში“.

ახლა თქვენ ყურადღებას მივაპყრობ ერთ გასაოცარ გმოთქმას, ღირსი მაკარი დიდის ნათქვამს. მან თქვა ერთი გასაოცარი რამ:

- მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც სიამაყე არ გააჩნდეს.

ადამს, რა თქმა უნდა, არ გააჩნდა ამდენად გამოვლენილი საიმაყე, მაგრამ მან არ იცოდა, თუ რას წარმოდგენედა იგი ღვთის გარეშე. სწორედ ამიტომ ჩაიდინა ცოდვა, იგემა აკრძალული ნაყოფი, შეიცნო ბოროტებისა და სიკეთის არსი და ასე გაუთანაბრდა ღმერთს.

გაიხსენეთ მოციულთა გამოთქმა:

„- ჩვენ ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ“.

გაიხსენეთ ქრისტეს მთელი რიგი გამონათქვამებისა:

„- მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.

სიცოცხლედ ღმერთი და უფალი წმიდა წერილში მრავალგზის არის მოხსენებული. აი სწორედ ეს, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი არ იცოდა ადამმა. იმის ცოდნა კი, თუ რას წარმოადგენს ადამი ღვთის გარეშე, ჩვენ უკვე გვაქვს.

შეგვიძლია სიცოცხლე იმ სიცოცხლის გარეშე, რომელსაც წარმოადგენს ღმერთი?! აი, რას იგებს ადამინი პირადი, უშუალო გამოცდილებით. ხომ გასაგებია, რომ ადამიანს არ ეცოდინება რა შესაძლებლობების პატრონია, თუ მას არ ექნება შეხება არსებულ გარემოსთან. პირველი, რაც იწვევს კოსმონავტთა, ან იმ ადამიანთა გაოცებას, ვისაც მათ კამერებში უვარჯიშნია, არის ის ბიძგი, როელიც საკმარისია, რომ ადამიანმა ფრენა დაიწყოს. ყველანაირი წონა ამ პირობებში სავსებით ემორჩილება ამ მცირეოდენ ბიძგს და ისინი იწყებენ ფრენას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ეს ხდება წამიერად. სადღაც ქრება მიზიდულობის კანონი. საერთოდ, ადამიანი თუ არ შეეხება კონკრეტულად რაიმე საგანს, არცა აქვს შეცნობილი თავისი ძალები. მხოლოდ გამოცდილებით, გარემოსთან უშუალო შეხებით შეიცნობს იგი, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში.

ასე რომ, ადამმა არ იცოდა თავისი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე არც ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ადამს არ გააჩნდა ქრისტიანული მორჩილება. „მორჩილების“ ქვეშ იგულისხმება არა რელიგია, არამედ ის მორჩილება, რომელსაც ქადაგებს მხოლოდ ქრისტიანობა. ადამს არ ჰქონდა ეს, და სწორედ ამის გამო დაეცა იგი ასე ადვილად. ბიბლიის მიხედვით დაცემა წინააღმდეგობის გარეშე ძალიან ადვილად ხდება. აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე შეგვიძლია გარკვევით ვთქვათ, როგორ უნდა წარიმართოს ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება, რა არის ქრისტიანული ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარი არის შეცნობა იმისა, თუ რას წარმოვადგენ მე სინამდვილში, შეცნობა საკუთარი ჭეშმარიტი და არა სავარაუდო ძალისა.

მახსენდება სიმონ ღვთისმეტყველის სიტყვები:

- მთელი კაცობრიობა შეპყრობილია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით.

მართლაც, ყოველ ჩვენგანს ძალიან კარგი ჰგონია თავი, ჰგონია რომ იგი ყველაზე ჯანმრთელია, ყველაზე გონიერი, ყველაზე მოხერხებული და ა.შ. სწორედ ასეთი წარმოდგენების გამო ვეურჩებით ღმერთს და არ ვაძლევთ საშუალებას დამკვიდრდეს ჩვენ შორის. მაკარი დიდი ამბობს:

- საკუთარ თავზე წარმოდგენა არის ის კედელი, რომელიც ადამიანს აშორებს ღვთისგან.

ახლა კი შევეცდებით იმის ახსნას, თუ რატომაა დამღუპველი სიამაყე ადამიანისათვის, რატომ ექმნება ადამიანს ასეთი წარმოდგენა თავის თავზე, რატომ უშლის ეს ადამიანს ღმერთთან ურთიერთობაში ხელს.

ჩემის აზრით აშკარაა, რომ სიამაყე კეტავს ადამიანს თავის თავში. იგი მას აქცევს ერთგვარ ავტონომიურ არსებად, ღვთის გარეშე. ასეთ ადამიანს არავინ სჭირდება, არ ჭირდება ღმერთიც. სიამაყე ყოველთვის თავის თავითაა დაკავებული. ყველას ხელს ჰკრავს, ყველას ზემოდან დაჰყურებს. მისთვის ყველა მხოლოდ იმ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია მისი ინტერესების დაკმაყოფილება (და ეს ადამიანის ყველაზე მძიმე სენია). ე.ი. სიამაყე აბსოლუტურად გამორიცხავს ადამიანის ღმერთთან კავშირს. ანდა თუ ცდილობს ამ კავშირის დამყარებას, ამ დროს ამოძრავებს მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი ფილმი. იგი კარგად დამამახსოვრდა. ამ ხუთი წუთის მონაკვეთში აჩვენეს კაცობრიობის მთელი ისტორიამ სამყაროს შექმნიდან დღემდე. ადამი და ევა. ქვის ხანა - ადამიანები ეზიდებიან ქვებს, შემდეგ ჭედენ რკინას, მერე ადამიანი აკეთებს ზარბაზნებს, იწყება სროლა, აშენებენ სახლებს, დაფრინავენ თვითმფრინავები, რაკეტები, ბოლოს ხდება ატომური აფეთქება, ყველაფერი ინგრევა, უზარმაზარ ნანგრევებში ადამიანები ჭიანჭველებივით ჩანან. ამ დროს ზემოდან გამოჩნდება ღვთის უზარმაზარი თითი, რომელიც მათ მიუთითებს ამ ნანგრევებზე. ჯერ ერთი კაცი გამოძვრება ნანგრევებიდან, მერე მეორე, მესამე... ყველანი შეჰყურებენ ამ თითს. მერე კადრში მოჩანს ახლო ხედით თითი, რომლიდანაც იწყებენ ადამიანები სისხლის წოვას. დასკვნა კი ასეთია, რომ ადამიანი ყველასა და ყველაფერს აქცევს საკუთარი მოთხოვნების დამაკმაყოფილებელ წყაროდ.

თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენს თემას. შესანიშნავი ფილმი მინდა გაგახსენოთ - „სიდნეი“. აქ ნაჩვენებია ადამიანის პიროვნების ორიენტირი, რასაც ის ეძებს. დაფიქსირებულია ადამიანის მოთხოვნილებანი, სიამაყე, ეგოიზმი, ყველაფერი ნაჩვენებია, როგორც მისი სურვილების დამაკმაყოფილებელი საშუალებანი.

ადამიანს სწორედ სიამაყე არ აძლევს საშუალებას შეუერთდეს ღმერთს, რადგანაც ამ სიამაყის გამო ვერ ხედავს, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში და რა შესაძლებლობების პატრონია.

ჩვენ არც ის ვიცით, თუ ვინა ვართ ღვთის გარეშე. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ აბსოლუტურად არ ვსაჭიროებთ ღმერთს, არ ვსაჭიროებთ მასთან საუბარს (ე.ი. ლოცვას). ამის გარეშეც მშვენივრად ვგრძნობთ თავს. ის კი არა, იმასაც კი ვამბობთ, რომ ღმერთს ჩვენი არ ესმის და ვასკვნით:

- განა ამის დასტური არ არის ის მცნებანი, რასაც იგი გვაძლევს?! განა ეს მცნებანი არ გვიშლიან ხელს ცხოვრებაში?! ჩვენ ხომ სწორედ ის გვაინტერესებს, რასაც ეს მცნებანი გვიკრძალავენ?! ისინი გივკრძალავენ ტყუილის თქმას, სიცილს, მხიარულებას, ლაყბობას. მას არ ესმის ცხოვრება, არ ესმის, რომ ჩვენ გვსურს ყოველივე ამის გარშემო ტრიალი. ის კი ხელს გვიშლის. იგი შორსაა ამქვეყნიური საქმეებისგან! ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია არა მარტო ცხოვრება მის გარეშე, არამედ ვიყოთ ყოველმხრივ უზრუნველყოფილნი და ჩვენთვის ესაა მთავარი. მთავარია, რომ შეგვიძლია ყოველივე ამის გაკეთება ღვთის გარეშე.

აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ სწორი ადამიანური ცხოვრება მდგომარეობს იმის შემეცნებაში, თუ რას წარმოვადგენ მე ღვთის გარეშე, როგორია ჩემი შესაძლებლობანი.

ღირსი პიმენი ამბობს:

„- მას, ვინც ვერ შეიცნო თავი, ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს ადამიანი“.

ჯერ კიდევ წარმართულ დროს გაჩნდა ასეთი გამოთქმა:

„- შეიცან თავი შენი“.

ძალიან დიდი ხნის შემდეგ სოკრატემ ყურადღება მიაქცია ამ გამოთქმას. თუმცა მე ვეჭვობ, მაშინ რომ ადამიანებს სწორად გაეგოთ ამ სიტყვების მნიშვნელობა. თუმცა სოკრატემ, შესაძლოა, ძალიან ღრმადაც შეიცნო მისი აზრი.

ქრისტიანობაში სწორედ თავის შეცნობაა ადამიანის სულიერი ცხოვრების ძირითადი არსი. ეს არის შეცნობა იმისა, თუ ვინ ვარ მე და რა შემიძლია. მე უკვე გითხარით, რომ ჩვენი ადამიანური ბუნება დარღვეულია და ჭეშმარიტ გზას დაგვანახებს სწორედ ამის აღიარება. ჭკვიანია ის, ვინც იცის თავისი უჭკუობის შესახებ. ვინც ამას ვერ ხედავს, ის ბრიყვია. ეს არის სწორედ ის კრიტერიუმი, რომლიდანაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იხელმძღვანელოს: შეცნობა საკუთარი თავისა და ჩვენს გარეშემო მყოფებისა. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება არც ისე მიმზიდველი იყოს, მაგრამ აუცილებელია, რადგან ეს არის ადამიანის სულიერი ცხოვრების წყარო.

მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?

მე ისევ მივმართავ წმიდა მამებს. ღირსი სიმონ ახალი ღვთისმეტყველი იძლევა ოქროს შუალედს და მასში გადმოგვცემს ადამიანის სულიერი გამოცდილების მთელ ერთობლიობას. იგი ამბობს:

- ეს უნდა მოხდეს ქრისტეს მცნებების საგულდაგულო შესრულებით, წმიდა წერილის შესწავლით, რადგან იგი გვასწავლის ამ გზას, განგვიმარტავს მას და გვიჩვენებს.

აი, ის ერთადერთი გზა, რომელიც ნამდვილად შეუძლია ადამიანს გააკეთოს და ამის საშულებით გაიგოს კიდეც რასაც წარმოადგენს იგი სინამდვილეში. სახარებისეულ მცნებებს, ჭეშმარიტად გააჩნია ეს საოცარი, უნიკალური თვისება. ვერცერთ რელიგიაში ვერ ნახავთ მსგავს რამეს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც საინტერესოა ეს. ყველა რელიგიაში არსებობს მცნებანი. ჩვენ შეგვიძლია ისინი შევადაროთ ერთმანეთს, ვნახოთ რაშია განსხვავება, მაგრამ ყველაზე განსაცვიფრებელია შედეგები, ის, თუ სანამდე მიჰყავს ამ მცნებათა შესრულებას ადამიანი. ყველა სხვა რელიგიების შეცნობის შედეგად ადამიანი იწყებს საკუთარი სიდიადის, თავის სრულყოფილების, სიწმინდის, უბიწოების შეგრძნებას, აღმოაჩენს სამყაროს საიდუმლოებებს (მატერიალურს უმეტესად), სულ უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობებს ხედავს საკუთარ თავში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ მცნებათა შეცნობას ადამიანი მიჰყავს საკუთარი სიდიადის შეცნობისაკენ. ეს ძალიან არსებითი მომენტია. სხვათაშორის, ეს არის ძალიან ძლიერი კრიტერიუმი იმის განსასაზღვრად, თუ როგორ დგას ადამიანი, - მიდის სწორი თუ მცდარი გზით. ყველა სხვა რელიგიაში ჩადებულია ეს პროცესი. ამაში ამხელდა ქრისტე ფარისევლებსა და სადუკევლებს, ამხელდა სიამაყისათვის, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისათვის.

გაიხსენეთ:

- მე ისეთი არა ვარ, როგორიც ეს მებაჟეა.

ქრისტიანულ მცნებებს ადამიანი მიჰყავს სრულიად საწინააღმდეგო დასკვნებამდე.

ღირსი პეტრე დამასკელი ამბობს:

- სულის სიჯანსაღის პირველი ნიშანი, საკუთარი ცოდვების ხედვაა.

სახარების მცნებანი ადამიანში ზრდის ახალ, ნორმალურ ადამიანურ თვისებებს. მცნებანი ღმერთმა იმისთვის კი არ მისცა ადამიანს, რომ რაღაც დაბრკოლებები შეექმნა მისთვის. ეს მცნებანი აყალიბებს ადამიანის ნორმალურ, ჯანსაღ თვისებებს, რადგან მათი მეშვეობით ადამიანი შეიცნობს რამდენად შეუძლია მას ამ მცნებათა შესრულება, რამდენად ძალუძს ამ თვისებების საკუთარ თავში გამომუშავება. სწორედ ასე ახდენს ადამიანი საკუთარი თავის გამუდმებულ კონტროლს და ეს მცნებანი აძლევს მას საშუალებას, რომ დაინახოს, თუ რამდენადაა დაშორებული ადამიანურ ნორმებს, რამდენდაა იგი დასნეულებული.

აი, ერთი მაგალითი: უკრავს მევიოლინე. შესანიშნავად. ჩვენც ვცდილობთ მისი მიბაძვით ამის გაკეთებას, მაგრამ ვიოლინო საშინელ ხმებს გამოსცემს.

სულ სხვაა მევიოლინე, რომელიც ფლობს ამ ინსტრუმენტს. ვიოლინოზე სწორედ ასეთი დაკვრაა ნორმა. მე კი ამ საქმეში უვიცი ვარ, არაფერი შემიძლია. ამიტომაც დავამახინჯე ვიოლინოს ხმები ასე. შორიდან კი რა ადვილია გვეჩვენებოდა ამის გაკეთება.

დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენ.

საიდან გავაკეთე ასეთი დასკვნა?

ეს მოვახერხე ძალიან ადვილად, ავიღე ვიოლინო, გავუსვი ხემი და ვნახე კიდევაც ამის შედეგი. ასევეა ღვთის მცნებები. მათი შესრულების გულმოდგინება მაძლევს საშუალებას დავინახო საკუთარი თავი. ადამიანი როცა დაატანს თავს ძალას, რწმუნდება, რომ დარღვეული აქვს ნორმალური მდგომარეობა. ამის შემდეგ მას ეკარგება სურვილი სხვისი განკითხვისა.

აი, ამაშია საქმე.

აქედან იწყება ადამიანის ნორმალურ კალაპოტში ჩასმა;

აი ამაზე ფიქრს აწყებინებს მცნებები ადამიანს. მაგრამ მოშორდება თუ არა მათ, მაშინვე იწყებს თავისებური დასკვნების გამოტანას და განსჯას. ასკვნის, რომ ესა თუ ის ადამიანი კარგია, მეორე კი ცუდი. და ასე ვარდება განკითხვებში.

თუ კაცი თავის თავს მუდმივად დააკვირდება აღმოაჩენს, რომ ასე იქცევა. სწორედ საკუთარი თავის კონტროლს მიჰყავს კაცი ქრისტიანულ მორჩილებამდე.

მაგრამ რაში მდგომარეობს ქრისტიანული მორჩილება?!

როგორც ყველაფერს, მორჩილებასაც გააჩნია სხვადასხვა სახე. წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს ეშმაკთა მორჩილებას. დიახ, მათაც გააჩნიათ იგი. ხომ გინახავთ, სუსტი ადამიანი ძლიერს რომ ემორჩილება?! მაგრამ ასეთი მორჩილება გამოწვეულია მისი უსუსურობით და არა ჭეშმარიტი მორჩილებით. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, მათგან რომელია სწორი.

მხოლოდ ის მორჩილებაა სწორი, რომელიც გამომდინარეობს საკუთარი თავის შეცნობიდან, რადგან მხოლოდ ასეთი შეცნობის შედეგად ხდება კაცი ჭეშმარიტი მორჩილი.

რატომ?

იმიტომ რომ ამგვარი დაკვირვების შედეგად იწყებს იმის შეცნობას, რომ იღუპება, აღმოაჩენს, რომ ულმობელი სნეულებითაა დაავადებული, ხედავს, რომ არანაირი წამალი არ შველის, იგი შეძრწუნებულია, სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი. ხომ გინახავთ სნეულებით შეპყრობილნი როგორც გარბიან კაშპიროვსკთან, ჩუმაკთან და ამგვარებთან?! ისინი მზად არიან ეშმაკსაც კი მიმართონ, ოღონდ განიკურნონ სნეულებათაგან. ასეა, კაცი, რომელმაც გაიგო რომ სნეულებას შეუპყრია, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს სნეულება თავიდან მოიცილოს. ამიტომ გარბის იმისკენ, ვისშიც ხედავს თავისი გადარჩენის შესაძლებლობას. ამის შეცნობა ქედს გვადრეკინებს იმათ წინაშე, ვინც გვიხსნის ამ სენისგან.

ხსნის აუცილებლობა! - აი, რა აქცევს ადამიანს ქრისტიანად.

მაშასადამე, ვის სჭირდება ქრისტე?

იმას, ვისაც მიაჩნია, რომ იღუპება.

ადამიანი კი, თუ ამას ვერ ხედავს, გადარჩენასაც არ ცდილობს. ასეთ მდგომარეობაში კი მას არაფრად სჭირდება მხსნელი. აქედან გამომდინარე კი უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ იმ ადამიანს არ სჭირდება მაცხოვარი - ქრისტე, რომელიც ვერ ხედავს დაღუპვის საშიშროებას.

დიახ, ნუ მოვიტყუებთ თავს. ქრისტიანი მხოლოდ ისაა, ვისაც ქრისტე სჭირდება. აი ეს ხდის ადამიანს ქრისტიანად და არა ეშმაკისეული რწმენა. ეშმაკსაც სწამს ქრისტე, მაგრამ იგი მაინც არ იშლის თავის ბოროტ საქმიანობას. მართალია მრავალი ადამიანი ინათლება, კითხულობს სახარებას, მაგრამ იგი არ არის ქრისტიანი, სანამ არ დაინახავს, რომ მას სჭირდება ქრისტე - მხსნელი.

მაინც რისგან გვჭირდება ჩვენ თავის დახსნა?

ცოდვისაგან და არა იმისაგან, რომ საჭმელი გვაკლია, ან ინსტიტუტში რომ ვერ მოვხვდით, არც იმისგან, რომ ამა თუ იმ სენს რომ შევუპყრივართ და ვერ ვიკურნებით. ხსნა გვჭირდება იმისგან, რომ დავთრგუნოთ საკუთარ თავში ცუდი, ბოროტი საწყისები, რომელიც აღმოვაჩინეთ, რომლებიც ჩვენში არსებობენ და რომლებიც ასე მამოქმედებენ.

იყო მორწმუნე გაცილებით ადვილია, რადგან ღვთის რწმენა არ აყალიბებს ადამიანის პიროვნებას. რწმენა ღვთისა არ თრგუნავს ჩვენს თავმოყვარეობას. იგი არ მოითხოვს დაცემული ბუნების შეცნობას. ასე უფრო ადვილია. ამიტომაცაა, რომ მორწმუნე ბევრია ჩვენს გარშემო, რელიგიური კი ძალიან ცოტა. რწმენა რელიგიის გარეშე არაფრის მომცემია. ხშირად ადამიანები სწორედ რელიგიის გარეშე აღიარებენ ღმერთს. მაგრამ როგორც გითხარით, ღვთის რწმენა თავისთავად არ აყალიბებს ადამიანს. ამას მხოლოდ ქრისტეს რწმენა აკეთებს. რადგან სწორედ ქრისტე „აიძულებს“ ადამიანს აღიაროს ის, რასაც იგი სინამდვილეში წარმოადგენს. ქრისტიანობაში ხდება დათრგუნვა იმ სიამაყისა, რაც ადამიანს გააჩნია, მხოლოდ ქრისტიანი ადამიანი ცდილობს ამ სიამაყისგან განთავისუფლებასა და მის წაშლას.

მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ეს შეიძლება მაშინ გააკეთოს ადამიანმა, თუ იგი ასრულებს სახარებისეულ მცნებებს. ისინი, ისევ ვიმეორებ, უნიკალურნი არიან. მას ვერ შეედრება ვერცერთი სხვა რელიგიების მცნებანი.

ეს მცნებები ახალი ადამიანის თვისებებია. ქრისტიანი მხოლოდ მაშინ ხდება მორწმუნე, თუ იგი გამუდმებით, ყოველდღიურად კითხულობს ლოცვებს, დადის ტაძარში, მარხულობს, თავს იკავებს სხვებთან ურთიერთობისას, არ პასუხობს ავ სიტყვას სიამაყით, და თუ ჩვენ ცოტათი მაინც ვცდილობთ ამის შესრულებას და როცა მას ვარღვევთ, გულწრფელად ვინანიებთ, და ამას ვაკეთებთ განუწყვეტლივ, მაშინ ჩვენს სულში იწყება განწმენდის პროცესი და ახალი ადამიანის მარცვლების გაღვივება. ასე იწყებს ღვთისაგან მოცემული ტალანტი მოქმედებას და ასე ვაძლევთ მას გასაქანს. ის კი თავისთავად იწყებს თავისი ნაყოფის გამოღებას. სხვა გზა არ არსებობს ქრისტიანობისა. ამის გარეშე რწმენას სულ სხვა რამისკენ მივყავართ. ასეთი სიფხიზლე და სინანული კი გვიჩვენებს ყოველდღიურობაში იმას, რაც ეწინააღმდეგება სახარებას; ასე იწყება ჩვენში გამუდმებულად საკუთარი თავის შეცნობის პროცესი. აქედან გამომდინარეობს შემდგომში უკვე გასაოცარი თვისებები ადამიანისა. მან უკვე იცის, რომ სნეულია და თუ იმას ხელი სტკივა, არც მე ვარ უნაკლო, მე ფეხი მტკივა, ის თუ ბევრს ჭამს, მე ლაყბობა მიყვარს მეტი და ა.შ. და ასე გაუთავებლად.

ხომ არსებობენ ჩვენს გარშემო ადამიანები საშინელი წყლულებით დაავადებულნი?! ჩვენ ხომ არ განვიკითხავთ მათ ამის გამო?! ჩვენ ხომ არ განვიკითხავთ ავადმყოფს იმიტომ, რომ მას რაღაც აწუხებს?! ყველაფერი, რაც გარს გვაკრავს ჩვენთვის სასიამოვნო როდია. ამიტომ ადამიანი, რომელმაც იცის ეს, კი არ განიკითხავს ვინმეს, საკუთარ თავს უკვირდება და შეიცნობს. სწორედ ამ გზით სიარული ასწავლის ადამიანს იმას, რაც წარმოადგენს ქრისტიანული ცხოვრების ღერძს. ამ გზაზე ხდება სიყვარულის აღმოჩენა. ასე აღმოაჩენს ადამიანი, რომ თურმე სიყვარული არ გახლავთ გრძნობათა უეცარი აღმოფრქვევა. დიახ, სწორი ქრისტიანული სიყვარული წარმოიშვება იმ ქრისტიანული შეგრძნებიდან, რომ მე სნეული ვარ და ისიც სნეულია, და რომ ჩვენ ყველა ავადმყოფები ვართ, ამიტომ საჭიროა, რომ კი არ განვიკითხოთ, არამედ დავეხმაროთ ერთმანეთს.

ქრისტიანული ცხოვრების პრაქტიკულ მხარეს ქრისტეს საქმეები წარმოადგენს;

ესენია: მოწყალების გაცემა. თვითონ იესო ქრისტე ამბობს:

- იყავით მოწყალენი, როგორი მოწყალეცაა მამა თქვენი ზეციერი.

აქედან გამომდინარე, მოწყალების გაცემა და სიყვარული მთავარია ქრისტიანულ საქმიანობაში. უფრო მეტსაც გეტყვით - სახარებაში ნათქვამია, რომ ღმერთი სიყვარულია. და ამით განსაზღვრულია, რომ მთელი ყოფის ფუნდამენტალურ და ამავე დროს ადამიანურობის ყველაზე მყარ კანონს, სიყვარულის წარმოადგენს. ამიტომაც, ვისაც სურს თავისთვის სიკეთე, ვისაც სურს მიაღწიოს სულიერ სრულყოფას, ვისაც სურს გამთლიანდეს და აღიდგინოს თაცი, მან უნდა მისდიოს სიყვარულის კანონს.

არცერთი რელიგია ამას არ ამტკიცებს. ვერცერთ სხვა რელიგიაში ვერ ნახავთ მცნებას, რომელიც მოგიწოდებთ მტრის სიყვარულისაკენ, რომელიც ამბობდეს: მიაგე კეთილი მაჭრვებელთა შენთა, ილოცე შენი მაწყევარისთვის, იმისთვის, ვინც ავის მქმნელია თქვენს მიმართ.

თუმცა ამას ახერხებენ ერთეულები, მაგრამ მე არ ვგულისხმობ ამ ცალკეულ პირებს. მე ვსაუბრობ მცნებებზე. მხოლოდ ქრიტიანობაშია მტრის სიყვარულზე ლაპარაკი.

უფრო მეტიც, ქრისტიანობა თავისი რელიგიური სასწაულებით განსხვავდება ყველა სხვა რელიგიისაგან. მაგრამ აქ დგება საკითხი ყველაზე არსებითზე. როგორ უნდა გიყვარდეს მტერი და რისთვისაა ეს საჭირო?! სიყვარული ეს ხომ ადამიანის თვისებაა, ყოველ შემთხვევაში, იგი უნდა ახასიათებდეს ადამიანს! და როცა იგი უკვე ადამიანის თვისებად იქცევა, ადამიანი აღარ დაიწყებს იმის გარჩევას ვინ არის მისი სიყვარულის საგანი. უფალი ამ მიმართებით ადამიანს მზეს ადარებს და ამბობს: როგორც მზე უნათებს ყველას, ასევე ჩვენც ჩვენი სიყვარული უნდა დავაფრქვიოთ ყველაზე.

სხვათაშორის ამას მოაქვს უაღრესად დადებითი შედეგი ადამიანისათვის. ადამიანს, რომელსაც ვიღაც სძულს, თვითონვე სტანჯავს ეს, ხოლო ვისაც უყვარს, ხარობს ამ სიყვარულით. გნებავთ ტანჯვა? კი ბატონო, გძულდეთ მტრები. მაგრამ გინდათ, რომ სიხარულს განიცდიდეთ? მაშინ გადაგდეთ თქვენგან სიძულვილი და შეიყვარეთ ყველა. ასე რომ, ამ მცნებას გააჩნია უზარმაზარი დატვირთვა. ვისაც უყვარს, სიხარულითაა გარემოცული და ნეტარია. მაგრამ სამაგიეროდ იტანჯება ის, ვისაც არ უყვარს. ეს სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია, მაგრამ ამის გამო, კიდევ უფრო დიდი მნიშნველობა გააჩნია.

აი, ყველაფერი ის, რაც მინდოდა მეთქვა; მაშასადამე, ჩვენი ცხოვრების ძირითად მცნებას უნდა წარმოადგენდეს სიყვარული. აქ ლაპარაკია ამ მცნების არა იურიდიულ აღრსულებაზე, არამედ ზნეობრივზე. თუ არ შესრულდება მიზიდულობის კანონი, ჩვენ ჭრილობას მივაყენებთ საკუთარ თავს, დავიმსხვრევით, შეიძლება დავიღუპოთ კიდეც. მხოლოდ ამ კანონის აღსრულებით შევძლებთ თავის შენარჩუნებას. ეს ანალოგია გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ რა არის სიყვარულის კანონი. ყველაფრის თავი და თავი ამქვეყნად სიყვარულის კანონია და არა ნიუტონის, არა აინშტაინის, არა პასკალის, ან მიზიდულობის კანონი; ეს ყველაფერი მეორე და მესამე ხარისხოვანია. მითუმეტეს არც ფროიდის შეხედულებებია მთავარი. მთავარია სიყვარულის კანონი!

რითი გამოირჩევა ქრისტიანული სიყვარულის კანონი არაქრისტიანულისაგან?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მოდით, ახლა ეს განვიხილოთ.

წმიდა ტიხონ ზადონელს აქვს ერთი მეტად საინტერესო გამონათქვამი, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავიგოთ, თუ რას ემყარება ქრისტიანული სიყვარული, რისგან გამომდინარეობს იგი. აი, რას ამბობს წმინდანი:

„- თუ პავლე მოციქულისთვის ყველაზე მთავარი სათნოებათა შორის სიყვარულია, ეს იმიტომ, რომ მის გვერდით დგას და არსებობს მორჩილება“.

წმიდა ტიხონ ზადონელი ამ შემთხვევაში გამოთქვამს არა თავის აზრს და არა თავის სიტყვებს, არამედ იგი გამოხატავს წმიდა მამათა ჩვეულებრივ, თავისთავად ნაგულისხმევ და თვალსაჩინო, ეკლესიისთვის დამახასიათებელ ცნობიერებას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის ემყარება მხოლოდ მორჩილებას, მასზეა დაფუძნებული და მხოლოდ აქედან საზრდოობს. მაშასადამე, არავითარი სხვა წყარო არ იძლევა სწორ სიყვარულს. როცა მე ვლაპარაკობ ქრისტიანულ სიყვარულზე, ვგულისხმობ ნორმალურ სიყვარულს. არ იფიქროთ, რომ ქრისტიანული სიყვარული რაღაც სხვაა და რომ იგი თავისთვის განცალკევებულად არსებობს. არა, ქრისტიანული სიყვარული ნამდვილი სიყვარულია. ასეთი სიყვარული ადამიანს ეძლევა მორჩილების წყაროდან; თუ არ არის მორჩილება, არც სიყვარულია ნამდვილი.

არის სიყვარული, რომელიც მორჩილებიდან კი არა, საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებიდან გამომდინარეობს. ასეთი სიყვარულია როცა მოგწონს ფინია, არ რაიმე საგანი, ყვავილი, ან რომელიმე კერძი.

- რა კარგია, როგორ მიყვარს, რა შესანიშნავი ღვინოა, - და ა.შ.

როცა ყოველივე ამის სიყვარულს გამოვხატავთ, ამ დროს ჩვენი თავი ყველაზე მეტად გვიყვარს. და ეს კარგად ჩანს მაშინ, თუ რომელიმე მათგანი აღარ გვანიჭებს სიამოვნებას, აღარც გვიყვარს. მაშ რა გამოდის?! გამოდის, რომ სინამდვილეში ისინი კი არ გვიყვარს, გვიყვარს საკუთარი თავი. ადამიანებიც სანამ გვეფერებიან და თავზე ხელს გვისვამენ გვიყვარს, მაგრამ თუ ვინმე შეგვეხება, გვიმტრობს, ვწყვეტთ მასთან ურთიერთობას. გუშინ ვითომ გვიყვარდა და გვეგონა ასე იქნებოდა მუდამ, დღეს კი, როცა ისე მოიქცა, რომ აღარ გვესიამოვნა, სიყვარულის ადგილი სიძულვილმა დაიკავა. აღმოჩნდა, რომ თურმე ეს სიყვარული არ ყოფილა, თურმე ვცდებოდით, იგი კი არა საკუთარი თავი მყვარებია, უცებ ამეხილა თვალი და დავინახე, თურმე მას ფაფუკი თითები კი არა, კლანჭები ჰქონია. და აქვე დამთავრდა ჩვენი სიყვარული, მორჩა! აღარ მიყვარს, მეზიზღება! ასე იქცევა ჩვენი სიყვარული სიძულვილად.

თუმცა ეს ყოველმა ჩვენგანმა მშვენივრად ვიცით ასეთი მაგალითების გარეშეც. გააფრთებული სიძულვილი ისადგურებს მაშინვე, როგორც კი მეორეს მიმართ სიყვარული ქრება. ამიტომ არ არის ეს ჭეშმარიტი სიყვარული. სიყვარული მხოლოდ იქაა, სადაც მსხვერპლად შეწირვა ხდება. მაგრამ რისი შეწირვა? საკუთარი სიამოვნების, საკუთარი ვნების.

დიახ, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ძალუძს უარი თქვას საკუთარ სიამოვნებაზე. სწორი სიყვარული ნიშნავს ნამდვილ სიყვარულს.

ვის შეუძლია უარი თქვას თავის ვნებებზე?

იმას, ვინც შეიცნო, თუ რა არის ვნება, შეიცნო, რომ იგი ცოდვაა, იმას, ვინც გაიგო, რომ ეს ავადმყოფობაა. მაშინ ეს ადამიანი არ იწყენს, თუ სხვა მიუთითებს რაიმეზე, პირიქით, მისი მადლიერიც კი დარჩება. ყოველი ადამიანი, რომელიც მიგვითითებს ჩვენს ნაკლზე უფასო მასწავლებელივითაა, ჩვენ მათი მადლიერნი უნდა ვიყოთ. მაგრამ პირიქით გვემართება და ამ მადლიერების ნაცვლად სიძულვილი გვიპყრობს. აი, რამოდენა განსხვავებაა ქრისტიანულ და არაქრისტიანულ სიყვარულს შორის.

ქრისტიანულ სიყვარულს სიმშვიდისკენ მივყავართ. ასეთი ადამიანი იმდენად მორჩილია, რომ თანდათან სულ უფრო მშვიდ გარემოს იქმნის; ეს მორჩილება აძლევს საშუალებას ეურთიერთობა ჰქონდეს ღმერთთან, ქრისტესთან, რომელიც გამუდმებით ჩვენი გულის კართან დგას, აკაკუნებს და ელის ვინ გაუღებს კარს. სწორედ მორჩილი ადამიანი უღებს უფალს კარს და ამკვიდრებს მას გულში.

წმიდა სერაფიმე საროველი ამბობს:

„- მოიპოვე სულიერ სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან“.

სწორედ მორჩილებით შემოდის უფალი გულში და მოაქვს სიმშვიდე.

მაგრამ როგორღა გადარჩებიან სხვები?

ადამიანი აღსავსეა ამ სიმშვიდით და იგი გადასცემს მას იმ ადამიანებს, რომელთა გვერდითაც ცხოვრობს. ეს შეიგრძნობა უშუალოდაც. სწორედ ასეთ ადამიანს გააჩნია სწორი სიყვარული სხვა ადამიანებისადმი, იმიტომ რომ იგი ვნებებს კი არ ემორჩილება, არამედ გამუდმებით ებრძვის მათ, იგი ეგოიზმს კი არ ანვითარებს, არამედ თრგუნავს მას. ქრისტიანული მდგომარეობა ეხმარება ადამიანს სხვებთან ურთიერთობაში. მას ძალუძს შესაბამისად ამ გზაზე თანდათან გაიყოლიოს სხვებიც. აქ ძალიან მნიშვნელოვანია დაინახო, როგორ ეხმარება უფალი ადამიანს ვნებების დაძლევაში. იგი ამას აკეთებს არა ძალდატანებით, არამედ იმისგან გამომდინარე, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს მისი მიღება.

მაგრამ მაშინ იბადება კითხვა:

- თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ გვაძლევს ღმერთი ყველაფერს ყოველთვის რაც გვჭირდება?

სრულიად უბრალო მიზეზის გამო:

იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამის მიღება, მაშინვე სიამაყე აგვავსებს, აგვავსებს ამპარტავნება, საკუთარ თავზე წარმოდგენა შეგვექმნება და ა.შ. მხოლოდ მორჩილებით, საკუთარი თავის სულ უფრო და უფრო შეცნობით შეუძლია ადამიანს მიიღოს ღვთისგან სიკეთე. იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც შეიცნო თავი, რომელმაც დაინახა რას წარმოადგენს იგი ღვთის გარეშე, აღარ ემორჩილება უკვე თავის წარმოდგენებს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია და ამ მომენტის ახსნას ვერანაირ ლექსიკონში ვერ წააწყდებით. ეს სულიერი სამყაროს უმნიშვნელოვანესი მომენტია. მორჩილება, სიმდაბლე არ აძლევს ადამიანს საშუალებას დიდი წარმოდგენა შეიქმნას თავზე, რაც არ უნდა დიდი წყალობა დააფრქვიოს ღმერთმა. და თუ ადამიანს ეს სიმდაბლე არ გააჩნია, მაშინ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ წყალობს მას ღმერთი, უკვე გასაგებია. ადამიანი, რომელმაც იცის ამის შესახებ, ასეთ შემთხვევებში ასე განსჯის:

- ე.ი. ეს არ იყო საჭირო ჩემთვის.

წარმოიდგინეთ, რას იზამს ადამიანი, რომელსაც არა აქვს ეს შეცნობილი, ღმერთმა ყველაფერი რომ მისცეს, რასაც ითხოვს. ყველაფერს თავდაყირა დააყენებს და სულ მალე დედამიწაზე საკუთარი თავის გარდა აღარავის დასტოვებს. ჩაიდენს უამრავ საშინელებას და ჯოჯოხეთს დაატრიალებს. აი, ამიტომ არ აძლევს ასეთ ადამიანს ღმერთი იმას, რასაც ითხოვს. ადამიანი სასუფევლის ღირსი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა თავს შეიცნობს, როცა სწორი სულიერი ცხოვრებით აღარ დაემორჩილება განცდებს, გრძნობებს. ის ვინც იცის, რომ უღმერთოდ არაფერს წარმოადგენს, რომ სწორედ ღვთისაგან აქვს სიცოცხლე, რომ უფალი წმენდს მას ვნებებისაგან, ის, ვინც დაინახავს, რომ სწორედ უფალია ცხოვრება, გზა და რომ მხოლოდ მისით ცოცხლობს და მოძრაობს; მხოლოდ ასე ხდება ადამიანი ღირსი სასუფეველისა, რადგანაც მხოლოდ ასე იხვეჭს იგი სიმტკიცეს და აღარ განეშორება ღმერთს.

მე ამით დავიწყე და ამითვე მინდა დავასრულო.

ახლა კი იმის შესახებ, რითი აღემატება ქრისტიანი ადამიანი პირველქმნილ ადამს.

ღირსი ისააკი ამბობს:

- პირველი კაცი უცოდველი შეიქმნა, მაგრამ ცოდვის გამო მისი ეს მდგომარეობა დამდაბლდა. ქრისტესგან დახსნილნი კი ამ ბუნებრივ მდგომარეობაზე მაღლა დგანან, რადგან მათ ამქვეყნიური გამოცდილებით მოიხვეჭეს ის თვისებები, რაც არ გააჩნდა პირველქმნილ ადამს. მათ შეუძლიათ მიიღონ ღვთის სასუფეველი ისე, რომ ზიანი არ მოუტანონ თავს, ე.ი. არ ჩავარდნენ სიამაყეში, ხელმეორედ არ დაეცნენ.

აი, ესაა ქრისტიანობაში ყველაზე მთავარი.