გაგება თავისუფლებისა მნიშვნელობათა საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მხოლოდ სამს აღვნიშნავთ. პირველი - მეტაფიზიკურია, როცა თავისუფლებაში იგულისხმება კაცობრივი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური თვისება - ნების თავისუფლება, რომელიც გამოიხატება პიროვნების შინაგანი თვითგამორკვევით სიკეთისა და ბოროტების წინაშე. ნების თავისუფლება ისეთ თვისებას წარმოადგენს, რომლის დაკარგვას პიროვნება სრულ დეგრადაციამდე მიჰყავს. ქრისტიანული სწავლებით, ადამიანის ამ თავისუფლებაზე არავინ უფლობს: არც სხვა ადამიანი, არც საზოგადოება, არც კანონები, არც ნებისმიერი მთავრობა, არც დემონები, არც ანგელოზები და არც თვით ღმერთი.
მაგრამ, როცა პიროვნების ნების აქტის „მატერიალიზება“, განხორციელება გარეთ, სოციალურ გარემოში უნდა მოხდეს, იგი უამრავ შეზღუდვას აწყდება. ასე წარმოიქმნება ადამიანის გარეგანი თავისუფლებისა და უფლებათა პრობლემა, ანუ პრობლემა (კანონით, ჩვეულებებით, საზოგადოებრივი მორალით) ნებადართული საქციელისა გარემომცველ სამყაროში, საზოგადოებაში.
და მესამე კატეგორია - ეს არის სულიერი თავისუფლება. იგი ნიშნავს ადამიანის უფლობას თავის ეგოიზმზე, თავის ვნებებზე, ცოდვილ გრძნობებზე, სურვილებზე - თავისსავე თავზე. ასეთი თავისუფლება მოიპოვება მხოლოდ სწორი ქრისტიანული ცხოვრებით, რომლითაც ქრისტიანს ღმერთთან ურთიერთობის უნარი ენიჭება, ამიტომაც წერს მოციქული პავლე: ... სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება (2 კორ. 3, 17). მოციქული ადამიანს, რომელმაც სულიერ თავისუფლებას მიაღწია, უწოდებს ახალს (ეფ. 4, 24), და ამით ხაზს უსვამს მისი გონების, გულის, ნებისა და სხეულის განახლებას ქრისტეს ხატისებრ. ძველს (ეფ. 4, 22), მონას (რომ. 6; 6, 17), პირიქით, ცოდვით მცხოვრებს უწოდებს, როგორც უძალოს იმაზე მისაყოლად, რასაც მას სარწმუნოება, გონება, სინდისი ეუბნებიან - და თვითონაც კარგად იცის, რომ მისთვის უეჭველად სიკეთეს წარმოადგენს. ამ სულიერი მონობის მდგომარეობას, როგორც ანტითეზას ჭეშმარიტი თავისუფლებისა, მოციქული პავლე შემდეგი გამოკვეთილი სიტყვებით აღწერს: ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს... კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს... ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და იმ ცოდვილი რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში (რომ. 7; 15, 19, 23).
აშკარა განსხვავებაა, ასევე, სულიერი თავისუფლებასა და ნების თავისუფლებას შორის.
თავისუფლების სამი აღნიშნული კატეგორია ნებას იძლევა სრულიად გარკვეულად ვთქვათ, თუ როგორი თავისუფლება უნდა იყოს თითოეული ადამიანის უმაღლესი მიზანი, უწინარეს ყოვლისა, ქრისტიანისა, როგორც სახარების მცოდნისა და მისი მორწმუნისა. ეს უდავოდ, სულიერი თავისუფლებაა, რომელიც მართლმადიდებლური ასკეტური ცხოვრების პროცესში მოიპოვება.
სხვა განზომილებებით უნდა ვისაუბროთ ეკლესიის თავისუფლებაზე.
ეკლესია თავისი ყოფიერებით ღმერთკაცებრივია და მისი ორბუნებოვნების გამო, აუცილებელია ვილაპარაკოთ მის ორ განსხვავებულ თავისუფლებაზეც, რომლებიც ერთმანეთთან თანაშეუზომელია.
ეკლესია როგორც უხილავი ერთობა სულიწმიდით იმათი, ვისაც აქვს... მცნებანი და იცავს მათ (ინ. 14, 21), ყოველთვის თავისუფალია, რადგან სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება (2 კორ. 3, 17). იგი აღმატებულია ყველა გარეგან თავისუფლებასა, უფლებასა და პრივილეგიაზე. მას არ ეშინია ნებისმიერი კაცობრივი შეზღუდვისა და შევიწროებისა, რადგან თვით დევნულობაც კი მის განდიდებას ემსახურება. ასეთი იყო იგი იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრებისა და მისი მოციქულების დროს, და ასეთივეა მისი ამაღლებისა და აღდგომის შემდეგაც აქამომდე: იესო ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნითი უკუნისამდე იგივეა (ებრ. 13, 8).
ხოლო ხილული საზოგადოება, ეკლესია-ორგანიზაცია, როგორც ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაცია, თავისი არსებობის შესაბამის პირობებს, მათ შორის სახელმწიფოს მიერ რეგლამენტირებულ რელიგიურ თავისუფლებას, საჭიროებს.
რელიგიური თავისუფლება - ეს არის როგორც ინდივიდის, ისე კოლექტივის მიერ საკუთარი რელიგიური მრწამსის დაუფარავად აღსარებისა და პრაქტიკულად განხორციელების უფლება. ამ მხრივ რელიგიური თავისუფლება არაფრით განსხვავდება იმ უმნიშვნელოვანეს სოციალურ თავისუფლებათაგან, ან ადამიანის უფლებათაგან, რომელთაც თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ.
ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს მათი ორი უმნიშვნელოვანესი თავისებურება. ჯერ ერთი, ნებისმიერი უფლება ორმხრივია და იგი შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ პირადი და საზოგადოებრივი სარგებლობისთვის, არამედ უშუალოდ საწინააღმდეგო მიზნებისთვისაც (მაგალითად, ინფორმაცია და დიფამაცია: ქადაგება მშვიდობისა, უბიწოებისა ან პროპაგანდა ძალადობისა, გარყვნილებისა და ა.შ.) მეორეც, უფლებები იურიდიული გაგებით ქრისტიანისთვის ყველაზე მთავარზე, სახელდობრ, მათ მნიშვნელობაზე სულიერი თავისუფლების მოსაპოვებლად - თავისთავად არაფერს ამბობენ. მით უფრო, თანამედროვე ე.წ. თავისუფალ ქვეყნებში საზოგადოების კატასტროფული მორალური დეგრადაცია და ამ ქვეყანათა ქრისტიანულ ეკლესიებში სულიერების აშკარა დაცემა გვიჩვენებს, რომ გარეგანი თავისუფლებანი მის გარეშე, რომელსა - ესე უპყრიეს აწ (2 თეს. 2, 7), არა მხოლოდ ვერ აღამაღლებენ ადამიანს, არამედ ხშირად მისი სულიერი და ზნეობრივი გახრწნის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენენ.
უკვე ეს თავისებურებანიც მეტყველებენ იმაზე, რომ გარეგანი თავისუფლებანი არ შეიძლება განხილულ იქნენ როგორც უპირობო და თვითკმარი ფასეულობანი. იგივე დასკვნა გამომდინარეობს ქრისტიანული გაგებიდან ადამიანისა და მისი ცხოვრების საზრისის შესახებაც. ქრისტიანული ანთროპოლოგია ჰუმანისტური ცნობიერებისთვის ერთნაირად მიუღებელ ორ დებულებას ეფუძნება: ადამიანისთვის „წინდაწინ მიცემულ“ ღმრთის მსგავსების დიდებულებას (შესქ. 5, 1) და მისი ბუნებისათვის „მიცემულ“ იმდენად ღრმა დაზიანებას, რომ საჭირო გახდა თვით ღმერთის მოსვლა, ქრისტე იშვების ამაღლებად პირველ დაცემულისა მის ხატისა.
ყოველივე ამის გათვალისწინება ნებას გვაძლევს გავიგოთ ქრისტიანობის პრინციპული პოზიცია თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხზე, რომლებიც საზოგადოების მიერ თავის თითოეულ წევრს უნდა მიეცეს მისი ღირსეული ცხოვრებისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის. ეს პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის არსებობის ყველა პირობა, მათ შორის თავისუფლებაც, არასდროს არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც თვითმიზანი. ისინი მხოლოდ საშუალებებია, რომელნიც მოწოდებულნი არიან დიდი მიზნის სამსახურისთვის ახალი კაცის (ეფ. 2, 15) წოდებაში.
თავის იდეალში ახალი კაცი - ეს ღმერთკაცი იესო ქრისტეა, რომელმაც თავისი განკაცებით ცოდვით დაზიანებული კაცობრივი ბუნება განაახლა. ხოლო ჩვეულებრივი, ეგრეთ წოდებული ნორმალური ადამიანი სინამდვილეში სულიერად არანორმალურია. იგი ძლიერ ექვემდებარება ვნებათა მოქმედებას, რომლებიც მის სულსა და საქმიანობას რყვნის და ამახინჯებს. ამიტომ საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ამოცანას ისეთი ზნეობრივი და უფლებრივი ატმოსფეროს შექმნა წარმოადგენს, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის ამ სნეულებათა განვითარებას შეზღუდავდა, არამედ მათ განკურნებასაც შეუწყობდა ხელს. რა იგულისხმება ამაში?
მართლმადიდებლური მსოფლმხედველბით პასუხი ამ კითხვაზე გამომდინარეობს ფუძემდებლური დოგმატიდან ღმერთის შესახებ (ღმერთი სიყვარულია. - 1 ინ. 4, 16), რომლის მიხედვითაც, ქრისტიანული თვალსაზრისით დადებითად მხოლოდ ის სამოქალაქო უფლებები შეიძლება შეფასდეს, რომელთაც თავიანთ მიზნად ადამიანისათვის სარგებლობის და სიკეთის მოტანა აქვთ დასახული (მთ. 22, 39-40), მაგრამ არა თავისუფლება თავისთავად, რეალურ ცხოვრებასთან შეფარდების გარეშე. ე.ი. ნებისმიერი უფლება სიყვარულის პრინციპიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს. ამიტომ მხოლოდ ის უფლებებია და მხოლოდ იმ საზღვრებში საზოგადოების მიერ აღიარების ღირსი, რომლებიც მის წევრთა შორის ადამიანებისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გაზრდასა და, აბბა დოროთეს სიტყვებით, კაცობრიობის ყველა სნეულებათა სამი ძირითადი მიზეზის - დიდებისმოყვარების, ვერცხლისმოყვარების და გემოთმოყვარების - ამოძრიკვას უწყობენ ხელს. ეს კრიტერიუმი გამომდინარეობს ქრისტიანული გაგებიდანაც სულიერ თავისუფლებაზე როგორც ყველა კაცობრივი თავისუფლების უმაღლეს მიზანზე.
აბსოლუტური სულიერი თავისუფლება ღვთის თვისებაა. მოღვაწეებმა დიდ თავისუფლებას ვნებათაგან განწმენდით მიაღწიეს. შედარებითი სულიერი თავისუფლება ყოველ „ჩვეულებრივ“ ადამიანს გააჩნია (ინ. 8, 32). იგი მხოლოდ ბოროტებით გასასტიკებულებმა დაკარგეს, სულიწმიდის გმობით, და სიკეთის ქმნისათვის უუნარონი გახდნენ (მთ. 12, 31-32). ამგვარად, ქრისტიანობა სულიერი თავისუფლების იდეალს ხედავს ღმერთში, რომელიც სიყვარულია (1 ინ. 4, 16), და ამით „სიკეთისა და ბოროტების იქით“ მისი აბსტრაქტული არსებობის რაიმე შესაძლებლობასაც პრინციპულად გამორიცხავს. ადამიანის ჭეშმარიტი სულიერი თავისუფლება მხოლოდ ღმერთის უსაზღვრო სახიერების „ფარგლებში“ ვითარდება. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული: სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება. პირიქით, თავისუფლებანი და უფლებანი, რომელნიც ქრისტიანული სიყვარულის იდეაზე არ არიან დაფუძნებულნი, აღმოჩნდებიან გარეშე იმისა, რასაც კაცობრივ ენაზე სიკეთე, ცხოვრება და თვით თავისუფლება შეიძლება ვუწოდოთ. ხოლო რაც გარეშე ამისა არსებობს, ცხადია - ბოროტება, ტანჯვა და მონობაა.
თავისუფლება, რომელიც შეზღუდული არ არის სიყვარულით, საშინელია. იგი კანონზომიერად გარდაიქმნება ვნებათა თავისუფლებად და თვითნებობად, ვინაიდან ცხოვრება გარეშე სიყვარულისა და მით უფრო მისი წინააღმდეგობით - არანორმალურობა, უსჯულოება ან ცოდვაა. მოციქული იოანე სწორედ ასე წერს: და ცოდვა არის უსჯულოება (1 ინ. 3, 4). მაგრამ ყოველი შემცოდე ცოდვის მონაა (ინ. 8, 34), - ასეთია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული აქსიომა ქრისტიანული ფსიქოლოგიისა. სწორედ ასეთი „თავისუფლება“ აღმოჩნდა ის დასაბამიერი ცდუნება, რომელმაც, შესთავაზა რა ღმრთის ნებისაგან „თავისუფლება“ კეთილისა და ბოროტის შეცნობით, პირველ ადამიანზე გაიმარჯვა და მის შთამომავლობაზეც იმარჯვებს, უღებს რა კარს ყოვლის ნებადართულობას და შობს მონობას - გულისთქმას ხორცისა, გულისთქმას თვალისა და სიამაყეს არსებობისა (1 ინ. 2, 16). ეს ძველ წარმართ ბრძენთაც კი ესმოდათ. მაგალითად, ეპიქტეტე წერდა: „ვინც თავისუფლია ხორცით და არ არის თავისუფალი სულით, იგი მონაა; და, თავის მხრივ, ვინც შეკრულია ხორციელად, მაგრამ თავისუფალია სულიერად - თავისუფალია“.
თავისუფლება როგორც სოციალური კატეგორია, უწინარეს ყოვლისა, თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის ცნებებით გამოიხატება. მათი განსხვავების ჩვენება მაგალითებით უფრო ადვილია. ასე მაგალითად, დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია. მაგრამ იმავე კანონით მის პრეზიდენტს გაცილებით მეტი უფლება აქვს, ვიდრე ნებისმიერ მოქალაქეს. და მიზეზს ამ არათანასწორუფლებიანობისა თვით კანონი ასახელებს - ნებას უმრავლესობისა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს, სხვებთან შედარებით, დიდ უფლებებს ანიჭებს. ასეთია დემოკრატიული პრინციპი. ამ ბუნებრივ პრინციპს უნდა ჰქონდეს ძალა იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომლებიც მოქალაქეთა ყველა საქვეყნო უფლებას უკავშირდებიან (მათ შორის რელიგიურ საკითხებსაც).
მეორე მაგალითი. როგორ შეიძლება შეფასდეს შემდეგი სიტუაცია? თუ ვინმე მილიარდელი დემოკრატიულ № ქვეყანაში ყველა ინფორმაციის საშუალებას შეისყიდიდა და თავისუფლად აწარმოებდა პროპაგანდას იმ იდეებისა, რომელიც მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ზნეობრივი და რელიგიური მრწამსისათვის სრულიად უცხო და მტრული იქნებოდა, და თანდანთან გარყვნიდა მას. რად იქცეოდა ეს თანასწორუფლებიანობა მოცემული ქვეყნისათვის: დემოკრატიის (ხალხის ძალაუფლების) ნიშნად თუ მოწმობად ხალხის უფლებათა გათელვისა ოქროს ძალაუფლებით?
სხვისი სიკეთე, გაგებული როგორც საკუთარი, - ესაა ის ძირითადი აზრი, რომლის შუქზეც შეიძლება ქრისტიანულად სწორად იქნეს გაგებული ყველა თავისუფლება, უფლება, მოვალეობა და მათ შორის რელიგიური თავისუფლებაც. სიკეთეს კი, ქრისტიანული თვალსაზრისით, წარმოადგენს ყოველივე ის, რაც ადამიანს ყოველივე სიკეთის წყაროს - ქრისტეს - ამსგავსებს. იგი ახალი კაცის თვისებაა, რომელიც მცნებებით გამოიხატება და რომლის შესახებაც ყოველმა ქრისტიანმა იცის. ამიტომ ყველაფერი, რაც ასე გაგებული სიკეთის იდეის განხორციელებას უშლის ხელს, ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანთა საზოგადოებაში კანონიერ ადგილზე პრეტენზიას ვერ განაცხადებს.
ამ ქრისტიანულ აზრს, თუმცა კი ყველაზე ელემენტარული ფორმით, ყველა ქვეყნის კანონმდებლები ეთანხმებიან, როცა მკვლელობას, ქურდობას, ძალადობასა და მისთ. კრძლავენ. მაგრამ ამასთანავე მათ, როგორც წესი, არ უნდათ შეამჩნიონ დანაშაულობათა ნამდვილი მიზეზი - საზოგადოების ის ატმოსფერო, რომელსაც უმეტესწილად განაპირობებს თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები და ზემოდასახელებული კაცობრიობის კერპთა - დიდებისმოყვარების, ვერცხლისმოყვარებისა და გემოთმოყვარების - კულტის პროპაგანდა.
თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია დასვლეთშიც და აღმოსავლეთშიც, განუხრელი სწორხაზოვნებით ამტკიცებს რა ხორცის თავისუფლებასა და კეთილდღეობას, ფაქტობრივად ადამიანის სულის უსაფრთხოების სრულ იგნორირებას ახდენს. ვნებათა თავისუფლების გამოცხადებითა და ქრისტიანული სიყვარულის იდეის მტკიცე უარყოფით, მას ხალხი არსებობის უკანასკნელ წრეში სულ უფრო ცხადად შეჰყავს. საბოლოო ანგარიშით, თანამედროვე ყველა კრიზისის წყარო სწორედ აბსოლუტიზებული გარეგანი თავისუფლებაა, რომელიც, ცოდვის ცნების დაკარგვის შემთხვევაში, ყველაფრის: ადამიანის, ბუნების, აზრის, შემოქმედების თუ ცხოვრების სულიერი, ზნეობრივი და სხვა კანონების მიმართ, ულმობელი ექსპლუატატორის თვითნებობად გარდაიქმნება. ამ თავისუფლებას როგორც ყოვლის ნებადართულობას თანამედროვე კაცობრიობა განუხრელად მიჰყავს, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, თვით გარეგანი თავისუფლების სრულ დაკარგვამდეც კი, მსოფლიოში მზაკვრული და სასტიკი ტოტალიტარული რეჟიმის საბოლოოდ დასამყარებლად. თანამედროვე სინამდვილე ასეთი დასკვნისათვის საკმაო საფუძველს იძლევა.
გარეგანი თავისუფლება ადვილად იყიდება ელემენტარულ კომფორტზე. ერთ-ერთმა თანამედროვე მწერალმა სამართლიანად თქვა ჩვენს დროებაზე: „მსოფლიოში ყველგან კვდება თავისუფლება - პოლიტიკურიც, ეკონომიკურიცა და პირადიც... თავისუფლების გარეშე ცხოვრება უფრო ადვილია. საკუთარ თავისუფლებას სულ უფრო მეტი ადამიანი ხალისით ცვლის მოხერხებულსა და დაწყნარებულ ცხოვრებაზე. არ არის საჭირო რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ნაკლებია პასუხისმგებლობაც“ (პ.კალინოვსკი). ეს უარი თავისუფლებაზე სრულიად კანონზომიერია: ვნებები, იღებენ რა თავისუფლებას და შიგნიდან იპყრობენ რა ადამიანს, მას გემოთმოყვარედ და ეგოისტად აქცევენ და სწორედ ამით სულ უფრო მეტ უნარს აძლევენ, რომ თავისი სინდისის პირმშოება ოსპის სალაფავზე, სწრაფწარმავალ კეთილმოწყობასა და ახირებაზე გაყიდონ. ამგვარ გარიგებათა სურათები ახლა შესაძლოა ცხოვრების სფეროში დავინახოთ. გამოცხადება წმიდა იოანე ღმრთისმეტყველისა სრულიად გარკვეულად წინასწარმეტყველებს საერთო ნებაყოფლობით მონობაზე ამ მიზეზით: და მიწის ყოველი მკვიდრი, რომელნიც არ არიან ჩაწერილნი ცხოვრების წიგნში, ... თაყვანს სცემენ მას (გამ. 13, 8).
თავისუფლება, მაგალითად, სიტყვისა, ბეჭდური გამოცემებისა და ა.შ. - ნორმალური მოვლენაა, მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ ადამიანებისადმი სიყვარულის იდეის „საზღვრებში“ მოქმედებს. ხოლო ექვემდებარება რა „ოქროს ხბოს“ იდეოლოგიას, იგი ინსინუაციისა და სიცრუის, გარყვნილების, ძალადობის, სატანიზმისა და მისთ. პროპაგანდის ინსტრუმენტად გარდაიქმნება, ე.ი. ბოროტების დაკანონებული იარაღი ხდება. განა შეიძლება ამ სახით იგი სიკეთის კატეგორიას ეკუთვნოდეს, თავისუფლებად იწოდებოდეს და ჰქონდეს უფლება ნორმალურ ადამიანურ საზოგადოებაში არსებობისა?
ნათქვამის საილუსტრაციოდ ცხადი მაგალითია ე.წ. ტელეინფორმაციის თავისუფლება. არ არის რა შეზღუდული ადამიანის სიკეთის იდეით, იგი, ერთი გაზეთის მოსწრებული გამოთქმით, ხდება „სატელევიზიო შავი ჭირი ძალადობისა“. ერთმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ამგვარად დაახასიათა ტელევიზია თავის ქვეყანაში: „როცა თქვენ რთავთ ტელევიზორს, თქვენ საკუთარ თავში გამორთავთ ადამიანის დადგინების პროცესს“. ეს მართლაც ასეა, რადგან, სტატისტიკური მონაცემებით, როცა ამერიკელი 18 წლის ასაკში ახერხებს იყო მოწმე 150 ათასი ძალადობისა, რომელთაგან 25 ათასი მაინც მკვლელობაა, განა ამ ძალადობის „თავისუფალი“ პროპაგანდით ფეხქვეშ არ ითელება უფლება ადამიანისა იცხოვროს ასეთი „თავისუფლების“ ძალადობის გარეშე?
გარეგანი თავისუფლებანი არ შეიძლება თვითმიზანი იყოს. ისინი, ადამიანის გაგების მართლმადიდებლური თვალთახედვით, წარმოადგენენ ერთ-ერთ შესაძლებელ, მაგრამ არა აუცილებელ პირობებს ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზნის - სულიერი თავისუფლების - მისაღწევად. და ყოველთვის შეზღუდულნი უნდა იყვნენ, რომ სასარგებლონი გახდნენ. თუმცა, ისინი უსაზღვრონი არც არასოდეს არიან. ხოლო თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში გაბატონებული პრინციპი „თავისუფლება თავისუფლებისათვის“, ე.ი. თავისუფლების სრული პრიორიტეტი სიყვარულზე, თავისებური ნარკოტიკი გამოდგა, რომელიც ღუპავს და რომლითაც სულ უფრო მეტ ადამიანს ღუპავენ. ქრისტიანული სულიერ-ზნეობრივი კრიტერიუმის გარეშე რეალური შესაძლებლობა არ არსებობს გარეგან თავისუფლებათა საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. ეს კრიტერიუმია - სიყვარულის პრიმატი კაცობრივი ცხოვრების ყველა ფასეულობაზე. ამიტომ მხოლოდ „სიყვარულის წყაროში“ შეიძლება ყველა იმ უფლების ოპტიმალური რეალიზაცია, რომელიც აუცილებელია კაცობრივი საზოგადოებისათვის.
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, № 29, 2002 წ.