არა არს დიდმარხვა მარხულობის გარეშე. მაგრამ, ეტყობა, ამჟამად ადამიანები ან არასერიოზულად ეკიდებიან მარხვას, ანდა არასწორად ესმით მისი ნამდვილი სულიერი მნიშვნელობა. ერთი ნაწილისათვის მარხვა იმაში მდგომარეობს, რომ თავის თავს სიმბოლურად რაღაც აუკრძალონ. სხვებისთვის მარხვა მარხვის წესების კეთილსინდისიერად დაცვას, ანუ სამარხულო საჭმელის მიღებას ნიშნავს. ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც, მარხულობა იშვიათად განიხილება როგორც ღვაწლი დიდმარხვისა. ამიტომაც აქ, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ჯერ უნდა ვეცადოთ, ჩავწვდეთ ეკლესიის მოძღვრებას მარხვის შესახებ და მერეღა დავეკითხოთ საკუთარ თავს: როგორ შეგვიძლია ეს მოძღვრება ჩვენს ცხოვრებაში გამოვიყენოთ.
მარხულობა, ანუ საჭმლისგან თავის შეკავება, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული პრაქტიკა არ გახლავთ. იგი სხვა რელიგიებში და რელიგიის გარეშეც არსებობდა და არსებობს. საჭიროა გავერკვეთ მარხვის სპეციფიურ ქრისტიანულ მნიშვნელობაში. ეს მნიშვნელობა ჩვენ პირველ რიგში იმ ორ მოვლენას შორის არსებული შინაგანი კავშირით გადაგვეშლება, რომელთა შესახებაც ბიბლიაშია მოთხრობილი: პირველზე ძველი აღთქმის დასაწყისში, მეორეზე - ახალი აღთქმის დასაწყისში. პირველი მოვლენა: ადამმა „დაარღვია მარხვა“ სამოთხეში, აკრძალული ხილი იგემა - ასე ვეცნობით ჩვენ პირველ ცოდვას. ქრისტე, ახალი ადამი, - ეს მეორე ამბავია, - თავის მსახურებას მარხვით იწყებს. ადამი ცდუნებულ იყო და ვერ გაუძლო ცდუნებას. ქრისტეს ცდუნებული იყო და სძლია ცდუნებას. ადამის დაცემის შედეგი სამოთხიდან განდევნა და სიკვდილი იყო. ქრისტეს გამარჯვების ნაყოფი - სიკვდილის დათრგუნვა და ჩვენი სამოთხეში დაბრუნება. ადგილის უქონლობა საშუალებას არ გვაძლევს, დაწვრილებით ავხსნათ ამ პარალელიზმის მნიშვნელობა, მაგრამ ნათქვამიდან ნათელი ხდება, რომ მარხვა რაღაც გადამწყვეტს წარმოადგენს. ეს უბრალო ვალდებულება ან ჩვეულება არ არის, მარხვა თვით სიცოცხლისა და სიკვდილის, ხსნისა და წარწყმედის საიდუმლოსთან არის დაკავშირებული. ცოდვა მხოლოდ რაიმე წესის დარღვევა როდია, რომელიც დასჯას მოითხოვს, ის ყოველთვის ღვთით ბოძებული სიცოცხლის დამახინჯებაა. აი რატომ არის ასახული პირველი ცოდვის ისტორია, როგორც ჭამასთან დაკავშირებული საქციელი. საკვები აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმისათვის, რამეთუ ის გვინარჩუნებს სიცოცხლეს. მაგრამ მთავარი კითხვაც აქ ჩნდება: რას ნიშნავს ცოცხალი იყო, რას ნიშნავს თავად „სიცოცხლე“? ამჟამად ეს სიტყვა უპირატესად თავისი ბიოლოგიური მნიშნვლოებით განიხილება: თითქოს სიცოცხლე არის სწორედ ის, რაც მთლიანად საკვებზე და საერთოდ ყოველივე ცოცხალის ფიზიკურ მხარეზეა დამოკიდებული. მაგრამ წმიდა წერილისა და ქრისტიანული გადმოცემის შუქზე სიცოცხლე, რომელიც სიკვდილით მთავრდება, სიკვდილთან არის გაიგივებული, რამდენადაც მასში ყოველთვის არსებობს და მოქმედებს სიკვდილის დასაწყისი. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია. იგი სიცოცხლის მომნიჭებელია. მაშ, როგორღა გახდა სიცოცხლე მოკვდავი, რატომ არის სიკვდილი ყოველივე არსებულის აბსოლუტური პირობა? ეკლესია პასუხობს: იმიტომ, რომ ადამიანმა უარი თქვა იმ სიცოცხლეზე, რომელიც მას ღმერთმა მიანიჭა და არჩია სიცოცხლე, რომელიც ღმერთზე კი არა, მხოლოდ პურზედ არის დამოკიდებული. მან არა მხოლოდ არ დაუჯერა ღმერთს, რისთვისაც დაისაჯა, არამედ შეცვალა თავად დამოკიდებულება თავის თავსა და სამყაროს შორის. ეჭვი არ არის, ქვეყანა ადამიანს მიეცა, როგორც „საკვები“, როგორც სიცოცხლის საშუალება. მაგრამ ამავე დროს სიცოცხლე ღმერთთან ურთიერთობა უნდა იყოს; „მასში (ღმერთში) იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა“ (იოანე 1, 4). სამყარო და საკვები იმისთვის შეიქმნა, რათა მის საშუალებით ღმერთთან ჰქონოდა კავშირი ადამიანს. მხოლოდ ღვთის გულისათვის მიღებულ საკვებს შეეძლო ცხოველმყოფელი ყოფილიყო. თავისთავად საკვებს თავის თავში სიცოცხლე არ გააჩნია და არც კვლავწარმოება შეუძლია. ოდენ ღმერთს გააჩნია სიცოცხლე და თვით არის სიცოცხლე. თვით საკვებში სიცოცხლის საწყისი არის ღმერთი და არა კალორიები. ადამის უსაზღვრო ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ მან საკვები აღიქვა, როგორც „სიცოცხლე თავის თავში“. უფრო მეტიც, მან იგემა იგი ღმრთისგან მალულად, მის გარეშე და იმისათვის, რათა მისგან დამოუკიდებელი ყოფილიყო. ადამმა ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ დაიჯერა, საკვებს თავისთავად გააჩნია სიცოცხლეო და ეგონა, საკვებს რომ იგემებდა, თვითონაც ღვთის სწორი შეიქმნებოდა, ანუ სიცოცხლეს იქონიებდა თავის თავში. უბრალოდ რომ ვთქვათ, ის ერწმუნა საკვებს მაშინ, როცა რწმენის, ნდობის, სასოების ერთადერთი საგანი არის ღმერთი და ოდენ ღმერთი. მიწიერი სამყარო, საკვები იქცნენ ადამის ღმერთებად, მისი სიცოცხლის წყაროდ და საწყისად. იგი მათ მონად იქცა. ადამი ებრაულად „კაცს“ ნიშნავს, და იგი ჩვენი საერთო სახელია. კაცი ჯერაც ადამია, ჯერ ისევ „საკვების“ მონაა. მას შეუძლია გვარწმუნოს, რომ სწამს ღმერთი, მაგრამ მისთვის ღმერთი აღარ არის სიცოცხლე, საკვები, მისი არსებობის ყოვლისმომცველი არსი. მას შეუძლია გვარწმუნოს, რომ სიცოცხლეს ღმერთისგან ღებულობს, მაგრამ იგი ღმერთში და ღმერთისთვის არ ცოცხლობს. მისი ცოდნა, მის გამოცდილება, მისი თვითდაჯერებულობა კვლავ და კვლავ იგივე პრინციპზეა აგებული - „პურითა ხოლო“. ჩვენ ვჭამთ, რათა ვიცოცხლოთ, მაგრამ ჩვენ არ ვცოცხლობთ ღმერთში. ყველა ცოდვიდან ეს ყველაზე დიდი ცოდვაა. და ამ ცოდვით ჩვენს სიცოცხლეს სიკვდილი აქვს მისჯილი.
ქრისტე ახალი ადამია. იგი მოვიდა, რათა მოსპოს ადამის მიერ სიცოცხლეში ჩასახლებული ავადმყოფობა, რათა ნამდვილი სიცოცხლისათვის აღადგინოს ადამიანი და ამიტომ თავის მიწიერ სამსახურს ისიც მარხვით იწყებს. ორმოც დღესა და ორმოც ღამეს იმარხულებს. შიმშილი ის მდგომარეობაა, როცა ჩვენ შევიგრძნობთ ჩვენს დამოკიდებულებას რაღაცაზე, როცა საარსებოდ გვჭირდება საკვები, - და ეს ამტკიცებს, რომ ჩვენში არ არის თავისთავად არსებული სიცოცხლე. ეს ის ზღვარია, რომლის იქითაც მე ან შიმშილით ვკვდები, ან სხეულს დავინაყრებ, ხელახლა შევიგრძნობ, რომ ვცოცხლობ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ის მომენტია, როცა ჩვენს წინაშე დგება ულტიმატუმის შემცველი კითხვა: რაზე არის დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე? და რაკიღა ეს კითხვა განყენებული არ არის, რაკიღა თავად ჩემი სხეულის სიცოცხლე მის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, ეს მომენტი ცდუნებაც აღმოჩნდება ხოლმე. სატანა მივიდა ადამთან სამოთხეში. იგი მივიდა ქრისტესთან უდაბნოში. ორმა მშიერმა ადამიანმა გაიგონა მისი სიტყვები: ჭამე, რამეთუ შენი შიმშილი ცხადყოფს, რომ შენ მთალიანად საჭმელზე ხარ დამოკიდებული, რომ შენი სიცოცხლე საჭმელშია. და ადამმა დაუჯერა და ჭამა იწყო. ქრისტემ უარყო ეს ცდუნება და მიუგო: „არა პურითა ხოლო ჰსცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“-ო. მან უარჰყო ეს საქვეყნო ტყუილი, სიცრუე, რომელიც მთელ ქვეყანას ჩააგონა სატანამ და აშკარა, ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად, მთელი ადამიანური მსოფლმხედველობის, იქნებ თვით რელიგიის საფუძვლადაც კი აქცია. ამ ტყუილის უარყოფით, ქრისტემ აღადგინა სწორი თანაფარდობა საკვებს, სიცოცხლესა და ღმერთს შორის, თანაფარდობა, რომელიც ადამმა დაარღვია და რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ ყოველდღიურად ვარღვევთ.
მაშ, რაღას ნიშნავს ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, მარხვა? ეს არის მონაწილეობა იმ მარხვაში, რომლითაც იმარხულა თვით ქრისტემ, და რომლითაც გაგვათავისუფლა საკვების, მატერიისა და სამყაროს სრული დამოკიდებულებისაგან. მაგრამ ჩვენი თავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სრული. ჩვენ ჯერაც დაცემულ სამყაროში ვცხოვრობთ, ძველი ადამის სამყაროში, და ამ სამყაროს ნაწილს რომ შევადგენთ, ამიტომ ჯერ კიდევ საკვებზე ვართ დამოკიდებული. მაგრამ, რადგანაც, სიკვდილი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა განვვლოთ, ქრისტეს სიკვდილით იქნა დათრგუნული და სიცოცხლეში გადასვლად იქცა, საკვები, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, და სიცოცხლე, რომელსაც ეს საკვები გვინარჩუნებს, შეიძლება იქცეს სიცოცხლედ ღმერთში და ღმერთისთვის. ჩვენი საკვების ნაწილი უკვე იქცა „უკვდავების საკვებად“ - თვით ქრისტეს სხეულად და სისხლად. მაგრამ თვით ჩვენი ყოველდღიური „არსობის პურიც“ კი, რომელსაც ჩვენ ღმერთისგან ვღებულობთ, შეიძლება ამ ქვეყნად იმად იქცეს, რაც ხელს უწყობს და ამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან, და არ გვაშორებს მას. მაგრამ ოდენ მარხვას ძალუძს განახორციელოს ეს გარდაქმნა, მოგვცეს ჩვენ იმის არსებითი დასაბუთება, რომ საკვებსა და მატერიაზე ჩვენი დამოკიდებულება არ არის საბოლოო, აბსოლუტური და ლოცვასთან, მადლთან და ღმრთისმსახურებასთან ერთად ამ დამოკიდებულებას თავად სურს გახდეს სულიერი. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ თავისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით მარხვა არის ადამიანში მისი ნამდვილი ბუნების აღდგენის ერთადერთი საშუალება. ამით ჩვენ ვამხელთ სატანას და მის სიცრუეს - თითქოს ჩვენ მხოლოდ პურზე დამოკიდებულნი ვიყოთ. მარხვა ააშკარავებს ამ ტყუილს. უაღრესად ნიშანდობლივია ის ამბავი, რომ ქრისტე იმ დროს შეხვდა სატანას, როცა მარხულობდა, ნიშანდობლივია ისიც, რომ მან მოგვიანებით თქვა: სატანის დამარცხება ოდენ ლოცვითა და მარხვით შეიძლებაო. მარხვა არის ნამდვილი ბრძოლა ეშმაკის წინააღმდეგ, ეს არის გამოწვევა ყოვლისმომცველი კანონისადმი, რომელიც ეშმაკს „ამქვეყნის თავადად“ ხდის. თუ ადამიანი მშიერია, მაგრამ ესმის, რომ მართლაც შეიძლება ამ შიმშილზე არ იყოს დამოკიდებული და ესმის, რომ არათუ დაიღუპება მისგან, არამედ პირიქით, სულიერი ძალისა და ჯანმრთელობის წყაროდ შესძლებს აქციოს იგი, მაშინ აღარც არაფერი დარჩება სატანის იმ დიდი სიცრუისაგან, რომელშიც ვცხოვრობთ ადამის დროიდან მოყოლებული.
მარხვა, როგორც საკვების ფიზიკური აკრძალვა, სრულიად უმაქნისია მეორე, სულიერი მხარის - ლოცვის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სულიერი ძალისხმევის გარეშე, საკუთარი თავის ღვთიური რეალობით განმტკიცების გარეშე, საკუთარი თავის ღმერთზე და მხოლოდ ღმერთზე სრული დამოკიდებულების შეცნობის გარეშე, ფიზიკური მარხვა მართლაც თვითმკვლელობად იქცევა. ფიზიკური მარხულობა, მისი დიდი მნიშნველობის მიუხედავად, არა მხოლოდ უაზრო ხდება, არამედ მართლაც საშიშიც, თუკი ის სულიერ ძალისხმევასთან, ლოცვასთან, ღმერთზე თავმოყრილ ფიქრთან არ არის შეერთებული. მარხვა - ის ხელოვნებაა, რომელსაც სრულყოფილად ფლობდნენ წმიდანები. საშიში და თავდაჯერებული იქნებოდა ჩვენი მხრიდან ამ ხელოვნების დაუფლება სულიერი გააზრების გარეშე. დიდმარხვისეული მთელი ღმრთისმსახურება ნიადაგ შეგვახსენებს იმ სიძნელეების, წინააღმდეგობებისა და ცდუნებების შესახებ, რომლებიც წარმოიშვება იმის წინაშე, ვისაც საკუთარი ძალების იმედი აქვს და არა ღმრთისა.
აი, რისთვის არის საჭირო სულიერი მზადება მარხვისათვის. ეს მზადება კი იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ - ერთი, ღვთის შემწეობა უნდა ვითხოვოთ, და მეორეც, მთელი ჩვენი ღვაწლი ღმერთზე უნდა ვქმნათ დამოკიდებული, მას უნდა მივაპყროთ. მარხვას ღმერთისთვის უნდა ვინახავდეთ. უნდა შევიგრძნოთ ღმერთის არსებობა ჩვენს სხეულში. ყოველივე ამას ჯერ კიდევ მარხულობამდე უნდა მივაღწიოთ, რათა თვით მარხვის დაწყებისათვის სულიერად შეიარაღებულნი და სულიერი ბრძოლისა და გამარჯვებისათვის განმზადებულნი ვიქმნეთ და აი, როდესაც დადგება მარხვა, ზემოთ ნათქვამის შესაბამისად, იგი ორ დონეზე უნდა შესრულდეს: ჯერ - ერთი ასკეტური მარხვის დონეზე, და მეორეც - სრულყოფილზე. ასკეტური მარხვა საკვების ძლიერ შემცირებაში მდგომარეობს, მის დროს შიმშილის მუდმივ მდგომარეობას უნდა განვიცდიდეთ როგორც ღმერთის ხსოვნას. ყველამ, ვისაც კი ასეთი მარხვა შეუნახავს, - ცოტათი მაინც - იცის, რომ ეს ასკეტური მარხვა, დასუსტების ნაცვლად, გარკვეულ სიმსუბუქეს, მომართულობას, სიფხიზლეს, სიხარულსა და სისპეტაკეს გვძენს. საკვებს მართლაც ისე ვღებულობთ, როგორც ღვთივ ნაბოძებს. ჩვენ ნიადაგ იმ შინაგანი სამყაროსკენ ვართ მიმართულნი, რომელიც აუხსნელად თვითონვე გვკვებავს. ჩვენ არ შევუდგებით საკვების რაოდენობისა და ხარისხის, დღის განმავლობაში მისი განაწილების განხილვას. ეს ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე, ჩვენი ცხოვრების პირობებზეა დამოკიდებული. მაგრამ პრინციპი ნათელია: ეს არის ნახევრადშიმშილის მუდმივი მდგომარეობა, რომლის „უარყოფითი“ მხარე, ფერს იცვლის ლოცვით, ღმერთის ხსოვნით. სრულყოფილი მარხვის ხანგრძლივობა, რომელიც გვამზადებს ზიარებისთვის, ზიარების დროს შესაბამისად უნდა შემოიფარგლებოდეს. ეს უწინარესად არის წმ. ზიარების, ლიტურგიის წინა დღე. ადრიანი დღიდან ვმარხულობთ თუ მხოლოდ შუადღიდან, ამ მარხვის მთავარი მიზანია, ეს დღე თვით ღმერთის მიერ ჩვენი დაპურების მოლოდინში, მასზე იმედით გავატაროთ. გვახსოვდეს, როგორი შეზღუდულიც არ უნდა იყოს ჩვენი მარხვა, თუ ეს ნამდვილი მარხვაა, იგი ცდუნებებისკენ, სისუსტისკენ, ეჭვებისკენ და გაღიზიანებულობისკენ წაგვიყვანს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს იქნება ბრძოლა, რომელშიც ჩვენ, ალბათ, არაერთგზის დავმარცხდებით, მაგრამ თუ ჩვენი მარხვა არსებითად ნამდვილია, მაშინ გამომჟღავნდება ჩვენი ცხოვრება ქრისტეში. რწმენა, რომელმაც ვერ სძლია ეჭვებსა და ცდუნებებს, იშვიათად არის ხოლმე ნამდვილი რწმენა. სამწუხაროდ ქრისტიანული ზრდა შეცდომათა და დაცემათა მწარე გამოცდილების გარეშე შეუძლებელია. რა ხშირად ხდება, რომ ადამიანები ენთუზიაზმით იწყებენ მარხულობას, მაგრამ პირველივე წარუმატებლობის შემთხვევაში მაშინვე ანებებენ თავს. მე ვიტყოდი, რომ რწმენის ნამდვილი გამოცდა პირველი დაცემის შემდეგ დგება. თუ წარუმატებლობის შემდეგ ყველაფერს ისევ თავიდან დავიწყებთ, ადრე თუ გვიან ჩვენი მარხვა სულიერ ნაყოფს გამოიღებს. სიწმიდესა და განხიბლვის ცინიზმს შორის მოთმინების დიდი და ღვთიური სათნოება ძევს და პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ მოთმინებისა. არ არსებობს სიწმინდისკენ მავალი შემოკლებული გზები. ჩვენ ყოველი ნაბიჯისთვის, ყოველი საფეხურისთვის სრული ფასი უნდა გადავიხადოთ. ამიტომაც უკეთესი და უსაფრთხოა, მინიმუმიდან დავიწყოთ (რაც ოდნავ თუ აღემატება ჩვენს ბუნებრივ შესაძლებლობებს) და ნელნელა გავაძლიეროთ მარხვა, ვიდრე ერთბაშად ავიდეთ ძალზე მაღლა და მერე, უკან მიწაზე დაცემისას დავიმტვრეთ.
მაშ ასე, სიმბოლური და ნომინალური მარხვიდან ნამდვილ მარხვას უნდა დავუბრუნდეთ. დაე, იყოს იგი შეზღუდული და მოკრძალებული, სამაგიეროდ თანმიმდევრული და სერიოზული. ჩვენ პატიოსნად უნდა შევაფასოთ ჩვენი სულიერი და ფიზიკური უნარი, შესაძლებლობები და მათ შესაბამისად ვიმოქმედოთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მარხვის დროს არ უნდა გვეშინოდეს ჩვენი შეზღუდული უნარისა, და უნდა ვხედავდეთ მის ღვთიურ დადასტურებას, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი, შესაძლებელია ღმერთისთვის.
თარგმანი მანანა გელაშვილისა