სიკვდილის შესახებ

სიკვდილზე ფიქრს ძალუძს ცოდვილი ადამიანი სინანულისკენ მოაქციოს. სიკვდილი ისეთი რამ არის, რომ ვიცით კიდეც იგი და არც ვიცით. ცნობილია, რომ ყველა მოკვდავია, ყველანი მოვკვდებით, მაგრამ არ ვიცით - როდის, სად და როგორ მოხდება ეს. რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მოკლდება ჩვენი სიცოცხლე და ვუახლოვდებით სიკვდილს. რომელიც უჩინრად მიმოდის და მაშინ გვსტუმრობს, როცა არავინ ელოდება. თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ჯანმრთელები, ასე ფიქრობს: მე ჯერ კიდევ ვიცოცხლებ, სიკვდილი ჯერაც შორსაა, დავტკბები მიწიერი სიკეთეებით. მაგრამ მაშინ, მისთვის მოულოდნელად, მოდის სიკვდილი და მეყსეულად იკარგება ადამიანის ყოველი ფიქრი და ოცნება. ადრე იღუპება ის, რომელსაც ჰგონია, რომ დიდხანს იცოცხლებს. რა მდგომარეობაშიც წავა ამქვეყნიდან ადამიანი, იმ მდგომარეობით წარადგება იგი ღვთის სამსჯავროზე.

ცოდვილნო! გავაანალიზოთ ეს სიტყვა და მოვინანიოთ, რათა ცოდვებთან ერთად არ გადავიდეთ იმქვეყნად. აღვემართოთ ცოდვის ძილისაგან და, ჩვენი სიკვდილის მომხსენებელნი, გამოვსწორდეთ და მოვემზადოთ საბოლოო წამისათვის. საშინელია ყველასათვის ის წამი, წმინდანები მისი გახსენებისას ტიროდნენ. საკვირველი ის არის, რომ წმინდანები ტირიან, ცოდვილები კი - არა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ხედავენ მომაკვდავებს.

უბედურნო ცოდვილნო! რას გვძინავს? ეშმაკი, როგორც ქურდი, ისე გვპარავს საუკუნო ხსნას. აღვბეჭდოთ ჩვენს გონებაში ის საბოლოო წამი და განვემზადოთ მასთან შესახვედრად, რომლის დროსაც ყველას განეღება მარადიულობის ბჭე, მომავალი ცხოვრება და წავალთ ან სიხარულით აღსავსე ან - უსიხარულო უსასრულობაში. სად არიან ამჟამად ჩვენამდე მცხოვრებნი - რომლებმაც განცხრომაში, უსინანულოდ განვლეს წუთისოფელი? - განშორდნენ ამქვეყანას, დატოვეს ყოველი მიწიერი და იმყოფებიან მათთვის განკუთვნილ ადგილებში და მოელიან საბოლოო მსჯავრს, სადაც საქმეთა მიხედვით განისჯება ყოველი. სანამ ჩვენთვისაც არ დამდგარა საშინელი საბოლოო წამი, მივიქცეთ წმიდა გულით ღვთისკენ, რომელიც რწმენისა და სინანულის სანაცვლოდ, მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას მოგვაგებს.

სწორედ ამას გვევედრებიან და გვლოცავენ მოციქულები წმიდა წერილში. გავაცნობიეროთ მათი სიტყვა და შევინანოთ ცოდვები, რათა არ დავმკვიდრდეთ საუკუნო სატანჯველში! ამინ.

„საუბრები სულიერი ცხოვრების შესახებ“, თბილისი, 2003 წ.