ათეიზმი, როგორც „ცდისეული ცოდნა“, უვიცობაა. იდეოლოგიური ათეიზმი, ვთქვათ, ათეიზმის ფილოსოფია, შეიძლება მიღებული აღზრდის შედეგი იყოს. მაგრამ, როდესაც ადამიანი ამბობს: ღმერთის შესახებ არაფერი ვიცი და ამიტომაც არ შეიძლება არსებობდესო, ეს უკვე მეტისმეტად პრიმიტიული მიდგომაა. მე შეიძლება ბრმა ან ყრუ ვიყო, არაფერი ვიცოდე მუსიკის ან ხილული სამყაროს არსებობაზე, მაგრამ ეს არ ამტკიცებს, რომ ის არ არსებობს. ამას ართულებს ისიც, რომ ბოროტი ნების ან თავად დაბრმავებული ადამიანები (სხვა მიზეზებიც არსებობს: მე თქვენ ერთ საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ) სხვებსაც უღობავენ გზას რწმენისაკენ, უბრალოდ, ცდილობენ, ჩაკლან რწმენის უნარი, დაჰყავთ რა რწმენა რომელიღაც რელიგიურ მდგომარეობამდე, მაშინ როცა რწმენა გაცილებით დიდ სივრცეებს უნდა მოიცავდეს.
მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ურწმუნოებას არჩევს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა სინდისის ქენჯნისაგან თავდასაცავად. მაგონდება ერთი გონიერი, გამჭრიახი, განათლებული პარიზელი მღვდლის მონათხრობი. ეს ადამიანი ოდესღაც „უღმერთო“ იყო, ანუ ღმერთის გარეშე ცხოვრობდა და ფიქრობდა ჩემსავით განათლებულმა და განვითარებულმა კაცმა ღმერთზე როგორ უნდა იფიქროსო. ერთხელ ერთ მოძღვართან საუბრობდა. ეს უბრალო, სოფლის მღვდელი, ართუ დიდი განათლებით გამორჩეული, რუსეთიდან ემიგრაციაში აღმოჩენილი, დიდხანს უსმენდა და ბოლოს ორი რამ უთხრა: „ჯერ ერთი, არც ისე მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი არ გწამს - მას ამით არაფერი აკლდება, გასაკვირი ისაა, რომ ღმერთს სწამს შენი... და მეორე, საშა, წადი სახლში და იფიქრე, რა მომენტში და რატომ დაკარგე რწმენა, რა მომენტში დაგჭირდა, რომ ღმერთი არ არსებულიყო...“
საშა შინ დაბრუნდა; საკითხის ასე დაყენებამ საგონებელში ჩაადგო: ის ხომ ელოდა, ახლა მისიონერულ ქადაგებას დამიწყებს ან რაღაცა ტრაქტატების წაკითხვას მირჩევსო. ამის მაგიერ კი უთხრეს: წადი და შენს თავში გაერკვიეო. შემდგომში ყვებოდა: თავიდან მიზეზებს პარიზის ღვთისმეტყველების ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ვეძებდი, შემდეგ რევოლუციამდე რუსეთში სწავლის ხანაში, შემდეგ კიდევ სადღაც, მაგრამ ვერაფერს მივაგენი და ბოლოს იმ დრომდე მივედი, ექვსი წლისა რომ ვიყავიო. ის რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა, საყვარელი ბიჭუნა იყო, ყოველ კვირას ტაძარში დადიოდა და დიდად ღვთისმოსავ ბავშვად ითვლებოდა; მივიდოდა ეკლესიაში, პირჯვარს გამოისახავდა, წინ დადგებოდა და ლოცულობდა. ყოველ კვირას მას თითო კაპიკს აძლევდნენ, რომელიც გზად უსინათლო გლახაკის ქუდში უნდა ჩაეგდო; ისიც აგდებდა ხოლმე და ტაძარში იმ შეგრძნებით შედიოდა, რომ სიკეთე გააკეთა, სიყვარული, ყურადღება გამოავლინა და ახლა შეეძლო უფალს სუფთა სინდისით მიახლებოდა... ერთხელ, შობის წინა დღეებში, დედასთან ერთად ქალაქში სეირნობდა, ამ დროს ერთ მაღაზიაში თვალი მოჰკრა საოცარ ხის ცხენს, რომელიც 6 კაპიკი ღირდა. დედას სთხოვა მიყიდეო, მაგრამ უარი მიიღო. შინ ძლიერ გულნატკენი დაბრუნდა. შემდეგ კვირას, როცა ეკლესიისაკენ მიმავალი გლახაკს გაუსწორდა, გაიფიქრა: თუ 6-ჯერ არ მივცემ თითო კაპიკს, ცხენის ყიდვას შევძლებო, - და კაპიკიანი შეინახა. ასე მოიქცა 4-ჯერ, მეხუთედ კი იფიქრა: მოდი, ერთ კაპიკს მოვპარავ და ცხენს უფრო ადრე ვიყიდიო და უსინათლოს კაპიკიანი ამოაცალა. ამის შემდეგ ტაძრისაკენ გასწია,მაგრამ იგრძნო, რომ წინ დგომა აღარ შეეძლო: ღმერთმა რომ დამინახოს? შეშინდა და ერთ მიყრუებულ კუთხეში მიიმალა. იმ დღეს შინ ძიძაც გაჰყვა, რომელმაც მის მშობლებს უამბო, როგორ მოიქცა ბავშვი ტაძარში. მშობლებმა ეს ოპტიმისტურად გაიგეს და აღფრთოვანდნენ. მათ იფიქრეს: აქამდე ჩვენი შვილი პატარა იყო, ტაძარში წინ ამიტომაც დგებოდა; ახლა დაფიქრდა, საკუთარ სულში ჩაიხედა, უფალში მისი ცხოვრება უფრო ფარული ხდება, განმარტოებულ ადგილს ეძებს, რომ უხმოდ შეძლოს ღმერთის ჭვრეტაო. საშა კი გრძნობდა, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო და რომ ღმერთს უნდა დამალვოდა. იმ ხანებში უფროსი ძმა დაბრუნდა უნივერსტეტიდან, სადაც უღვთო სწავლება მიეღო და დაუწყო მტკიცება - ღმერთი არ არსებობსო. საშა მეუბნებოდა: „სწორედ ამას მოვეჭიდე: თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ არაფერია, რომ კაპიკიანი მოვიპარე და არც ის, რომ 5 კაპიკი არ გავეციო...“ და ასე შევიდა მასში „უღმერთობა“. სწავლება იმაზე, რომ ღმერთი არ არსებობს, მისთვის სინდისისაგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება გახდა.
ასე რომ, როცა ადამიანი ამბობს: „ურწმუნო ვარო“, ან „ღმერთი არ არსებობსო“, ყოველთვის ფილოსოფიური კუთხით არ უნდა მიუდგეთ, ზოგჯერ შეიძლება, უბრალოდ, ჰკითხოთ: საიდან მოდის ეს? თუმცა ყოველთვის არ შეიძლება ისე დააყენო საკითხი, როგორც მამა ვასილმა საშას შემთხვევაში.
რაღაც აზრით, უღმერთობა მეცნიერული უვიცობაა, უარის თქმაა რეალობის სრულად შემეცნებაზე. მაგრამ ასევე არამეცნიერულია ამის თქმაც: ჩემთვის მუსიკა არ არსებობს, და ამიტომ ის არც არისო... არ შეიძლება ურწმუნოს საკითხი ასე დაუყენო, რადგან მართლაც არსებობს მდიდარი მასალა, რითაც მოგიგერიებს. მაგრამ უღმერთობა, არსებითად, ნიშნავს არ გსურდეს აღიარო თუნდაც ცალკეულ ადამიანთა ისტორია, რომლებიც ამბობენ: ვიცი...
ასეთები მეცნიერთა შორისაც უამრავია.
თარგმნა ნინო ბოხუამ