გსურთ ისმინოთ სიტყვა ცხონებისა? თითქოს არც გაგიგიათ?! ვინ არ იცის სულის ცხონებას რა სჭირდება?!
სხვა რამეშია საქმე! გულმოდგინება არა გაქვთ, რათა იშრომოთ ამისათვის. გინდათ, რომ მხარ-თეძოზე წამოწოლილი იწვეთ, ცხონება კი როგორღაც, თავისით მოვიდეს. ცოცხალი, უდრეკი, თავდაუზოგავი მოშურნეობით თუ შეუდგებით სულის ცხონების გზას, ავადაც რომ იყოთ - განიკურნებით. ცხონების საქმეც კეთილად წაგივათ.
მოშურნეობა რომ გამოაღვიძოთ, აუხსენით საკუთარ თავს, თუ რა სავალალო მდგომარეობაში იმყოფებით, - ყოველ წამს შეიძლება სიკვდილმა შეგკრათ, შემდეგ კი - სამსჯავროა და განაჩენი: ან „მოვედ ჩემთან!“ ან „განვედ ჩემგან!“ თუკი ეს შეიძლება მოხდეს ყოველ წამს, ახლავე, რა დროს ძილია! უნდა ადგეთ და საქმეს მიხედოთ და აკეთოთ ყველაფერი, არაფერი არ გამოტოვოთ.
რა უნდა აკეთოთ?
გქონდეთ რწმენა უფლისა ჩვენისა და მისი წმინდა ეკლესიისა, განერიდეთ ბოროტებას და კეთილი ჰქმენით სიტყვით, საქმით და გონებით...
თქვენ აღიარებთ, რომ მოუთმენელი და წყენია ხართ, არა ხართ მშვიდობის მოყვარე, ხშირად უთმობთ დამაბრკოლებელ აზრებს. ეს ყოველივე ძალიან ცუდია. ყველაფერი ამპარტავნებისაგან გჭირთ. მორჩილება რომ გქონდეთ, ეს რაღაცეები არ შეგაწუხებდათ.
ასე რომ, კეთილი ინებეთ და დაარწმუნეთ თავი, რომ არაფრის ღირსი არა ხართ, არც არავითარი ყურადღებისა, არც პატივისცემისა, რომ უაღრესი შეურაცხყოფის ღირსი ხართ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც. როდესაც დარწმუნდებით ამაში და იგრძნობთ თქვენს არარაობას, ყველაფერი მშვიდად, აუღელვებლად წაგივათ.
რაც შეეხება დამაბრკოლებელ აზრებს - იქონიეთ წესად: როგორც კი შეამჩნევთ, იმწამს დაუფიქრებლად განდევნეთ შორს, მხოლოდ ერთი აზრი კი ყოველთვის დაიტოვეთ - უფალსა და მაცხოვარზე, რომელიც ყოველგან არს და ყოველსავე ხედავს... ეს აზრი არ დაგაბრკოლებთ. კეთილი ინებეთ და ახლავე შეუდექით საქმეს. თავს არავითარ შემთხვევაში არ დაუთმოთ.
თქვენი მთავარი საქმე ლოცვაა - ილოცეთ ეკლესიაში, ილოცეთ სახლში... ყოველთვის ილოცეთ, გონებით უფლის წინაშე მდგომაა.
ღმერთმა დაგლოცოთ.