უძღები შვილის იგავი, ახლახანს რომ მოისმინეთ სახარების კითხვის დროს, იქნებ აქ მყოფი არაერთი ჩვენგანის ცოცხალი ისტორიაც კი იყოს! გაიხსენეთ გასული მარხვა! როგორ დავდინჯდით, სულს უცოდველად ვიცავდით, ცოდვებს ვინანიებდით, შენდობა მივიღეთ და ქრისტეს წმ. საიდუმლოს ვეზიარეთ. ჩვენი სინანულისა და ცხოვრების წარმართების აღთქმის სანაცვლოდ ზეციერმა მამამ მისი სახიერებით მომადლებული სამკვიდრებლის ნაწილი გვიბოძა. კარგად ვგრძნობდით თავს მამის მყუდრო, ნათელ სავანეში. მაგრამ აი, დადგა გაზაფხული და დაიწყო გართობა, მხიარულება. ყურადღება გვეფანტებოდა, სულის მოშურნეობა კი უფრო და უფრო იშრიტებოდა. ამას მოჰყვა დაცემა, თავდაპირველად იქნებ უცაბედიც, მერე მეორე, მესამე და ა.შ. სული განფიცხდა, გონება დაბნელდა, გრძნობები და სურვილები გაგვიუხეშდა. და ახლაც განა ცოტანი არიან ისეთები, სულმთლად რომ მიმსგავსებიან უძღებ შვილს, შიმშილისაგან დაგლახაკებულსა და განწირულს?
მაგრამ თუკი ცოდვით დაცემით ვემსგავსებოდით ძეს შეცდომილს, მოდით და მასვე მივემსგავსოთ აღდგომითაც. ჩვენ უძღები ჭაბუკივით განვაბნიეთ ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა. ახლა ვისწრაფოთ, მის მსგავსადვე, კვლავ დავუბრუნდეთ ზეციერი მამის წიაღს. სწორედ ამისთვისაა დაწესებული კარს მომდგარი მარხვა; უძღები შვილის იგავი კი ახლა იმისათვის იკითხება, რომ დროულად გაგვახსენოს მარხვა და ჩვენს გონებაში გამოვიხატოთ გზა უფალთან მიახლებისა, რომელსაც განვეშორეთ.
მოდით, ეს უძღები ჭაბუკისგან ვისწავლოთ. რით დაიწყო მისი შემობრუნება მამისკენ? იმით, რომ უძღები „მოეგო თავსა“. ყველასათვის ესაა პირველი ნაბიჯი ცოდვისგან ღმერთისკენ სავალ გზაზე; შეიძლება ითქვას, ეს ჯერ ნაბიჯიც არ არის, მოქცევის საწყისია მხოლოდ. ცოდვა სულს თავდავიწყების, უგრძნობლობისა და უზრუნველობის ძილში ნთქავს, და ღრმა ძილით სძინავს ცოდვილს! როგორც მძინარე უნდა გააღვიძო, რათა ადგეს და წავიდეს, ისე ცოდვილმაც უნდა გაიღვიძოს ცოდვის მძინარებისგან, რათა გამოფხიზლებულმა იხილოს ამ მდგომარეობაში დაყოვნების საფრთხე და აღდგომისა და უფალთან მიახლების გადაწყვეტილება მიიღოს. ამ მიზნით გამომაფხიზლებელი ხმა ისმის ყოველი მხრიდან, ჩვენს ირგვლივ. სინდისიც, ღმერთის სიტყვაც, მამათა სიტყვაც, წმიდა ეკლესიის განწესებაც, ღვთის შემოქმედების წესიც, ბედნიერი გარემოებებიც, უბედური შემთხვევებიც, - ყოველივე აღვიძებს, ყოველივე უხმობს ცოდვილს, მძინარეს: „აღდექ, მძინარევ, და განგანათლოს შენ ქრისტემან“. რას გვეტყვის მარხვა, რას ხმობენ დიდმარხვის საგალობლები და ლოცვები, რას გვამცნებენ სახარების მარხვის საკითხავები? - ერთსა და იმავეს: ადექი, მძინარევ, და აღდექი მკვდრეთით.
გამომაფხიზლებელი, არსებითად, სულია ღმრთისა, რომელიც ადამიანის სულს სწვდება. მაგრამ ჩვენ თვითონაც უნდა შევიწუხოთ თავი და ვიიძულოთ, რამეთუ ჩვენს გარეშე ღმერთის სულიც არაფერს იქმს ჩვენში. ილოცე და უფალს ევედრე, გამოგაფხიზლოს, მაგრამ თავადაც ნუ იჯდები თავდაღუნული და გულხელდაკრეფილი; შენ თვითონვე გააცოცხლე შენში შენი ცხონებისა და ღვთის დიდებისთვის ზრუნვის სული. რაც ცოდვამ დაგმართა, იმის წინააღმდეგ აღემართე. როგორც ხშირი ნისლი ბურავს ყველა საგანს და ჩვენი მზერისგან ფარავს, ისე ცოდვაც საფარველს საქრველზე ადებს ჩვენი გონების თვალებს და მისგან ფარავს ყველა საგანს, რომლებსაც მოუკლებლად უნდა ხედავდეს ჩვენი გონება.
ჩვენი სული შექმნილია ღმერთისთვის და ნივთთა საღმრთო წესრიგისთვის, რომელსაც ის უნდა ჭვრეტდეს და ამ წესსა და რიგში, როგორც ატმოსფეროში, ვიდოდეს და მოქმედებდეს.
„ღმერთი, სამწმიდაობით თაყვანისცემული, სამყაროს შემოქმედი და მისი განმგებელი, უფალ იესო ქრისტეს მიერ, სულიწმიდის მადლით გვაცხოვნებს თავის წმიდა ეკლესიაში სარწმუნოებისა და სარწმუნოების შესაბამისი ცხოვრებისათვის. განგვწმენდს ამ ცხოვრებაში, რათა ამქვეყნად გაწეული მცირედი ღვაწლის სანაცვლოდ, საუკუნო განსვენებით განგვისვენოს მერმის ცხოვრებაში“.
აი, ეს არის საღმრთო განწესება! ამ წესრიგს უნდა შეემსჭვალოს ჩვენი სული, რათა მის შესაბამისად იცხოვროს. მაგრამ ჩვენში დამკვიდრებული ცოდვა ჩვენი გონებიდან აღმოფხვრის ყოველივე ამას და მას წარიტაცებს საგანთა სრულიად საწინააღმდეგო წესსა და რიგში, რომელშიც დავიწყებას მისცემია ღმერთი, დავიწყებას მისცემია ღმრთის განგება, დავიწყებას მისცემია სიკვდილი, მერმისი ცხოვრება და სამართლიანი მისაგებელი. მხოლოდ აწინდელი კეთილდღეობა მოჩანს და ხორციელი ცხოვრება, რომელიც არ მოელის თავის დასასრულს. აი, ამ ბურუსში გარდამოხდება სხივი საღმრთო მადლისა, რათა გამოაფხიზლოს ცოდვილი, გონების თვალები აუხილოს მას და, გეგონება ხელი აღუპყრაო, ღმრთივდადებული წესრიგის ცნობის ნათელში მოიყვანოს. მაგრამ შენ, ამ განწესების მცნობელი, ადექი და თვითონაც ამოქმედდი დაუყოვნებლივ. მოიკრიბე ყურადღება და გონებით განიხილე მთელი საღმრთო განწესება თავიდან ბოლომდე. გაიხსენე: ღმერთმა, ყოველივეს სიტყვით შემქმნელმა, როგორ გამოგარჩია ქმნილებათა შორის და თავისი ხატებით გცა პატივი; შენ დაეცი, ღმერთი განარისხე და სამოთხიდან განდევნით დაისაჯე; ღმერთმა შეგიწყალა და მაცხოვრის წარმოგზავნა აღგითქვა: უფალი და მაცხოვარი გარდამოვიდა ზეციდან და თავისი ჯვარცმითა და სიკვდილით გიხსნა; მოგანიჭა სულიწმიდის მადლი... შენ კი ფეხქვეშ გათელე ეს ყველაფერი უსჯულო-უზრუნველი ცხოვრებით; დღითიდღე მოგელის სიკვდილი, სიკვდილის შემდეგ - სამსჯავრო და ნაცვალგება შენი ბოროტმოქმედებისამებრ. მთელი ეს განწესება განიხილე გონებით, ანდა, ერთხელ გააზრებას კი არ დასჯერდე, რაც დრო გეყოფა და ძალა შეგეწევა, სულ ამგვარ აზროვნებას მოახმარე. ამას გულმოდგინედ რომ შეასრულებ, იქნებ დაითესოს შენს გულში შეშფოთება შენი თავის გამო, და მერე სულის ცხონებაზე ზრუნვაც. ეს გრძნობა რომ დაიბადება, დაუდევრობისგან მოუძლურებული შენი სულიერი ძალების მოკრებაში შეგეწევა და შობს არა მარტო ფიქრებს, არამედ სურვილსაც - აღარ ვიწვეთ ცოდვებში და უფლისადმი მოვექცეთ.
აი, სწორედ ესაა თავს მოგება, ანუ ცოდვის ძილისგან გამოღვიძება: ყურადღებით, შეგნებითა და გრძნობით შესვლა ღმერთის დადგენილ წესრიგში, ცოდვაში დაყოვნების საფრთხის შეგრძნობა და ცოდვის ძლევაზე ზრუნვა.
რა თქვა შეცდომილმა ჭაბუკმა, როგორც კი თავს მოეგო? „რავდენთა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვსწყმდები!“ (ლკ. 15,17). ეს ნიშნავს: რა კარგია მამასთან ყოფნა და რა ცუდად ვგრძნობ თავს, მისგან განვრდომილი! რა ნათელი, მანუგეშებელი და ნეტარების მომნიჭებელია საღმრთო განწესება და მისი შესაბამისი ცხოვრება, ჩემთვის განსაზღვრული, და რა ცუდად ვარ ახლა, ცოდვაში ჩაფლული, საღმრთო წესრიგის უგულებელმყოფელი და მისგან გაუცხოებული! რა ძალა მადგას, ჩემ თავს მე თვითონვე რომ შევამთხვევ ძვირს და თავს წარვიწყმედ? ავდგები, წავალ, გავეყრები ცოდვას და ღვთის სათნოდ ვიცხოვრებ!
„აღვსდგე და წარვიდე!“ - ეს მეორე ნაბიჯია ცოდვისგან ღმერთისკენ სავალ გზაზე. თავდაპირველად ცოდვილს ცოდვის დატოვების აზრი და სურვილი უჩნდება მხოლოდ, ამჯერად კი მასთან განშორებას გადაწყვეტს სინამდვილეში. პირველ შემთხვევაში მხოლოდ გაიღვიძა ცოდვის მძინარებისგან, აწ კი დგება და წასვლა უნდა. ვინც გააღვიძეს, შეიძლება არ ადგეს და ისევ დაიძინოს. ზოგს გააღვიძებენ და მაშინვე ისევ იძინებს; კიდევ გააღვიძებენ, კიდევ იძინებს. ზოგიერთი გაიღვიძებს, იცის, რომ უნდა ადგეს, მაგრამ მაინც წევს, არც იძინებს, არც დგება. ეს ყველაფერი სულიერ ცხოვრებაშიც მეორდება სხვადასხვა სახით. გაიღვიძებს ცოდვილი და ისევ ეძლევა უზრუნველობის ძილს; გაიღვიძებს და ისევ იძინებს. ზოგი ცოდვის დატოვების აუცილებლობასაც გრძნობს, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ცოდვაში, გეგონება მასთან გაყრისთვის გამბედაობა არ ჰყოფნისო. ამიტომაც მას შემდეგ, რაც ადამიანი წარმართებისა და ცხოვრების შეცვლის აუცილებლობას დაინახავს და იგრძნობს, არ უნდა იფიქროს, რომ უკვე ყველაფერი გაკეთებულია. არა! მტკიცე გადაწყვეტილება უნდა ვიბოძოთ, მყისვე გავეყაროთ ცოდვას და ცოდვის გავლენით ჩამოყალიბებულ მთელ წესს ცხოვრებისა და ღვთის სათნო ცხოვრების ყველა ცნობილი პირობა დავიცვათ. ეს მთავარი მომენტია ღვთისადმი მოქცევისას, ანუ სწორედ ესაა მოქცევა. ამ დროს ხდება ნების გარდატეხა, რის შემდეგაც ადამიანს უკვე აღარ სურს ცოდვა, მოიძაგებს მას, პირს იბრუნებს მისგან; და პირიქით, ცდილობს უყვარდეს სიკეთე და მას ემსახუროს, რაც სათნოა ღვთის წინაშე.
ძნელია განსაზღვრა, როგორ სრულდება გარდატეხა. ეს ჩვენი სულის საწმინდარში ხდება კრძალულად და საიდუმლოდ, დაფარულია სიცოცხლის ყველა ჩანასახივით. აქაც, ისევე, როგორც პირველი ნაბიჯის დროს, ყველაფრის მოქმედი მადლია ღვთისა, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენთან ერთად. როგორ და რას ახდენს მადლი? მისი ყოვლად ბრძნული განგება ვინ გამოიკვლიოს? ხოლო ის, რისი აღსრულებაც ჩვენთვის ჯერ არს, მოკლედ განვსაზღვროთ.
დაგებადა აზრი სულის ცხონების შესახებ; განიცადე ცოდვაში დაყოვნების საფრთხე, მიზნად დაისახე გამოსწორება. გაფრთხილდი, სულის ამგვარი აღძვრები უყურადღებოდ არ დაგრჩეს! ეს მადლის ნიჭია: ნუ შეურაცხყოფ მას და ნუ უგულებელყოფ. რაც შთაგეგონება, აღასრულე, ნუ გადადებ ხვალისთვის. დაუყოვნებლივ ჩაუღრმავდი შენს შინაგან ადამიანს და გულდასმით განიხილე, გაიაზრე ყველაფერი - რა უნდა გააკეთო. შემდეგ დამტკიცდი ცხოვრების იმ წესში, რომლის აღსრულებისას ინერგება და განეფინება ძლევაშემოსილი მადლი; დაიცავი მარხვა, იარე ეკლესიაში, გაეცი მოწყალება, დროებით შეწყვიტე ყოფითი საქმეები და ზრუნვა; განმარტოვდი, იკითხე, იაზროვნე და, რაც მთავარია, ილოცე, ილოცე გონებით და გულით, და შეუვრდი უფალს, სალმობიერი გულით შეჰღაღადე, შეგეწიოს თავის დაძლევაში. თუ ამას შეასრულებ გულწრფელად, კეთილსინდისიერად და მოთმინებით, უფალი მოხედავს, ბოლოს და ბოლოს, მეძიებლობას შენსას, თავისი მადლის საგრილობელში განგისვენებს, გულს მოგილბობს და მოგანიჭებს ძალას შენი ნების შეუპოვრობის გასატეხად. ბევრი ბორკილი უშლის ხელს სულის აღდგომასა და უფალთან მიახლებას. მანკიერი ვნებებისა და მიდრეკილებების გარდა, ცოდვის გავლენით შეთხზულ წესს გარეგანი ცხოვრებისა, ჩვევებს, ურთიერთობებს, სიცოცხლის დაკარგვის შიშსა და კეთილდღეობისკენ სწრაფვას აუგიათ მტკიცეგალავნიანი ციხე, რომელშიც მოუძლურდება ცოდვილი სული! მაგრამ ყოველივე ამას საღმრთო მადლის ცეცხლი შეწვავს. იმ წუთს (ცოდვისგან განშორების გადაწყვეტილების მიღებისას) ადამიანი ყველაფერს მსხვერპლად სწირავს უფალს და ყველაფრისთვის, თვით სულის დადებისთვისაც მზადაა, ოღონდ კი ღმერთმა შეუნდოს და მის სახლში თუგინდ ყველაზე უკანასკნელ მუშაკად მიიღოს. რაც უძღებმა თქვა, იმასვე ამბობს ყოველი, ვინც მტკდკე გადაწყვეტილებით მოექცევა უფლისადმი: ავდგები, წავალ და ვეტყვი მამას: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე, ვითარცა ერთი მუშაკთაგანი“ (ლკ. 15,18-19).
გადაწყვეტილების მიღება მოქცევის მთავარი მომენტია. რაც ამას მოსდევს, უკვე აღსრულებაა იმისა, რაც გადაწყვიტა ადამიანმა ამ მომენტში. ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღო ჭაბუკს, არ დაბრუნდებოდა მამასთან, ისევ ისე ივაგლახებდა, ყველაფერს მოკლებული და დამშეული; და შეურიგდებოდა რა თავის უბადრუკ ყოფას, სამუდამოდ დარჩებოდა ამ ყოფაში. მაგრამ შეეწია უფალი: ადგა, დაბრუნდა მამასთან და უთხრა, რის თქმასაც აპირებდა. მამამ გულმოწყალედ მიიღო: შეუნდო, შემოსა, ფეხსაცმელი ჩააცვა, აჭამა, კვლავ შვილად მიიღო, და იყო სიხარული დიდი მთელ სახლში.
ასე დაუბრუნდა უძღები ჭაბუკი მამას. ცოდვილის მოქცევისას ეს ყველაფერი აღსრულდება მაშინ, როცა ადამიანი გადაწყვეტს რა წარმართებას, აღიარებს თავის ცოდვებს, შენდობას მიიღებს სულიერი მოძღვრისგან, მოტევებას - უფლისგან და ქრისტეს ყოვლადწმიდა და ცხოველმყოფელ საიდუმლოს ეზიარება - მოსატევებლად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ. ეს ცოდვილის უფალთან მიახლების გადაწყვეტილებაზე შედგომაა, მაგრამ არა მოქცევის დანართი, არამედ მისი უცილობქლი დასრულება, დაბეჭდვაა იმისა, რაც გადაწყვეტის ჟამს დაიბადა გულში. ამას იმისთვის შეგახსენებთ, რომ უფლისადმი მხოლოდ შინაგან მოქცევას არ დასჯერდეს ვინმე და საღმრთო საიდუმლონი არ უგულებელყოს. ასეთი მოქცევა კეთილსაიმედო არ იქნება და სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს. მჭედელი დანას რომ გამოჭედავს, თუ არ გამოაწრთობს მას, როგორც საჭიროა, დანა ბლაგვი იქნება და გამოუსადეგარი. ასევე ადამიანი, ცოდვის დატოვებას და უფლის მსახურებას რომ გადაწყვეტს, ცოდვებს თუ არ მოინანიებს და წმიდა ზიარებას არ მიიღებს, არავითარი სიკეთისთვის არ შესწევს ძალა და სიმამაცე: ზანტია, სიკეთის ქმნის შემთხვევა რომ ეძლევა, ხშირად განზე დგება და თითქმის ყოველთვის უთმობს წინააღმდეგობებს. ეს კი უწინდებურად ცხოვრებას, ანდა ნახევარ გზაზე შეჩერებას ნიშნავს. ვინც გადაწყვიტა, აღდგა კიდეც. მაგრამ როგორც ძილისგან გაღვიძებულები დგებიან, იცვამენ და თავიანთი საქმისთვის ემზადებიან, ასევე უფლისადმი მოქცეულიც უნდა შეიმოსოს და აღიჭურვოს აღსარებისა და წმიდა ზიარების მადლით, რათა ძლიერებით შემოსილი, შეჭურვილი სპარაზენივით გამოვიდეს ღვთის სათნო ცხოვრებისა და ცხონების ასპარეზზე. ღამე რომ თენდება და დგება დღე, ადამიანი გამოდის შინიდან და შრომობს საღამომდე. ასევე, ცოდვის ღამე რომ გარდახდება და სულში მადლის დღე ამობრწყინდება ქრისტეს მიერ, მადლმოფენილი შეუდგება მსახურებას და მუშაკობს თავისი ცხოვრების საღამომდე. იგი ემსახურება უფალს, რომელიც შეეწევა მას, მის სასიკეთო დაწყებებს სათნოდ მიითვლის და კურთხევით დაამტკიცებს.
ასეთია, ძმებო, გზა ცოდვისგან ღვთისადმი მოქცევისა. მაშ, აღიმსთვე, მძინარევ, აღდექი მკვდრეთით და ქრისტემ განგანათლოს! ახლა თუ გიძნელდება, უკანასკნელ შემთხვევაში, მარხვისთვის მაინც მოემზადე, როცა მოციქული მოგმართავს: „აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისა! აჰა ესერა, აწ არს დღე იგი ცხოვრებისა!“ (2 კორ. 6,2).
თარგმნა ია მელიქიძემ
წიგნიდან: „საუბრები ქრისტიანულ ცხოვრებაზე“