ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!
გვინდა მცირეოდენი სულის სასარგებლო დარიგებანი მივცეთ იმათ, რომელნიც საჭიროებენ ქრისტიანულ რწმენაში განმტკიცებას. განსაკუთრებით გვინდა ნუგეში ვცეთ ქრისტეს ახალ მიმდევართ, დიდი სიყვარულითა და მონდომებით რომ შეუდგნენ მაცხოვრის გზას, მაგრამ მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ სულის ცხოვნების გზაზე წარმოქმნილ წინააღმდეგობათა გადასალახავად. ჩვენ გვინდა ძმური დახმარების ხელი გავუწოდოთ იმათ, რომელთაც გარკვეული სულიერი გამოცდილების ნაკლებობისა გამო დაუფლებიათ უხალისო, სევდიანი განწყობილება. გვინდა ყოველი ადამიანის გულში შევიტანოთ სითბო და ქრისტე მაცხოვრის დიდი სასოება.
საყვარელნო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე წმიდა სახარებაში მოციქულებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაითა თქუენ წარხვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით“ (ინ. 15, 16). როგორც ჩანს, ღვთის მიერ ხდება გამორჩევა კაცისა და არა ადამიანისაგან ღვთისა. რისთვის ეძიებს ღმერთი ადამიანს? იმისათვის, რომ დაუბრუნოს მას დაკარგული სიხარული და ბედნიერება, მარადიული ნეტარი ცხოვრება. სურს ღმერთს ადამიანის ჭეშმარიტებაზე მოქცევა და ამ მიზნით უქმნის მას სინანულის განწყობას. ხშირად კაცი თვითონაც ვერ ხსნის რატომ ეძალება მას სევდა, რატომ ეტირება სრულიად მრთელსა და ჯანსაღს. დიდხანს ვერ ხვდება ადამიანი საიდან მოდის სულის მწუხარება, ან საითკენ უბიძგებს იგი მას. ასეთი გაურკვეველ წუხილსა და სევდაში რაღაც იდუმალი სიხარულიც აკითხავს კაცს და ნელ-ნელა ჩაესმის ძვირფასი და სანუკვარი ხმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსუვენებაჲ სულთა თქუენთაჲ“ (მათ. 11, 28-29). ადამიანს ჩაესმის სანატრელი ხმა იესო მაცხოვრისა და ენით აუწერელი სიხარული ავსებს მას. ერთიღა რჩება კაცს - მაშინვე დაუტეოს ცხოვრება წარმავალი და ფუჭი და შეუდგეს ქრისტე მაცხოვარს. ადამიანის ასეთი გადაწყვეტილება დიდად ახარებს უფალს, როგორც მოწყალე მამას. ხარობს ზეცა გზასაცდენილის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას. ჯილდოდ ამისა ღმერთი კაცს უგზავნის კიდევ უფრო მეტ წყალობას - სიხარულის ცრემლსა და სურვილს ამ სიხარულის სამუდამოდ გულში დამკვიდრებისა. და აი, ეწაფება კაცი ღვთის სიტყვას, რომ უფრო მეტად განცხადდეს მისთვის ღვთაებრივი ჭეშმარიტება. ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, ლოცვასა და მარხვას. დასაწყისში თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, ადამიანი გრძნობს შინაგან სულიერ სიმშვიდესა და კმაყოფილებას. მაგრამ ფარული ვნებანი და ქვეყნიური მიდრეკილებანი მალე ახსენებს მას თავს. ღვთის სიტყვის მოსმენით კაცი კი განეშორა ამაო ფიქრს და საზრუნავს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. შინაგანად იგი ჯერ კიდევ რჩება ქვეყნიურის მონად. საჭიროა ვნებათაგან თავის გათავისუფლება, საჭიროა მოშორება მიწიერი სამოსისა და შემოსვა ზეციურისა. ასე, რომ ადამიანი ღვთის სიტყვის მოსმენისთანავე როდი ხდება ვარგისი უფლის მცნებათა შესასრულებლად. ამას წინ უძღვის მძიმე გზა სულისა და სხეულის გარდაქმნისა. აი აქ უნდა დაიწყოს ქრისტეს მიმდევრის ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება - ბრძოლა ბოროტებასთან, ბოროტ ვნებასა და გულისთქმასთან, მოუთმენლობასა და ყოველი ბოროტების სათავე ამპარტავნებასთან. ადამიანი უცხადებს ბრძოლას საკუთარ თავს, საკუთარ შებღალულ ნებას.
აღნიშნული ბრძოლა და წინააღმდეგობა ხშირად აკრთობს და აშინებს კაცს. ღმერთთან პირველი სიხალოვით გამოწვეული საკვირველი სითბო და სიხარული ადამიანში ნელდება და მის ნაცვლად სიცივე და შიში მკვიდრდება. იქმნება მცდარი წარმოდგენა უკვე განცდილი ზეციური სიხარულის დაკარგვისა და რწმენაში გაციებისა, რასაც ხშირად თან ახლავს სარწმუნოებრივი გაგრილება და უკმაყოფილება. ადამიანი ეძიებს მიზეზს მისი სულის მდგომარეობის ასეთი მკვეთრი ცვლილებისა და ვერ უპოვია, რადგან იგი ჩვეულებრივი მოვლენაა სულის განვითარებისას. აი აქ სჭირდება ქრისტეს გზაზე შედგომილ კაცს მოთმინება და დიდი გონიერება, რათა არ გამოიჩინოს სულმოკლეობა და იძლიოს ბოროტისაგან.
რაც უფრო მეტად მოიცავს ადამიანის სულს სიცივე სარწმუნოებრივი და აქედან გამომდინარე გულგრილობა, მით უფრო უნდა უმატოს ლოცვასა და მარხვას. კაცს ხშირად ახსენდება ის ენით აუწერელი მდგომარეობა, ღვთის გზაზე შედგომისას რომ მიანიჭა ღმერთმა, ამის გახსენებამ არ უნდა დაბადოს მასში ღვთიური მადლის დაკარგვით გამოწვეული წუხილი და სევდა. პირიქით, სწორედ ამან უნდა დაანახოს კაცს საკუთარი უმწეობა და ღვთის დახმარების აუცილებლობა. ასეთ მდგომარეობაში მყოფთ ჩვენ ვურჩევთ იესო მაცხოვრის მეტ იმედსა და სასოებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამორჩევა ადამიანისა ღვთით ხდება და ცხადია უფალი უნუგეშოდ არ დატოვებს მისკენ მიმავალს.
ამასთან დაკავშირებით გვინდა გავიხსენოთ სწავლა-დარიგება დიდი საეკლესიო მამის - მაკარი მეგვიპტელისა, რომლის მიხედვითაც სულიერი მოღვაწეობის დაწყებისას ადამიანი ემსგავსება ჩვილ ბავშვს, რომელსაც ფეხის ასადგმელად სჭირდება მშობლის დახმარება, - ხელის შეშველება. მშობლის დახმარებით ჩვილი პირველ გაუბედავ ნაბიჯებს დგამს. რაკი ერთხელ იგემებს ბავშვი სიხარულს ფეხის ადგმისას, უჩნდება სურვილი მეტი დამოუკიდებელი მოძრაობისა. ცდილობს კიდეც ამას, მაგრამ უფროსთა თანადგომის გარეშე ვერ ახერხებს, ძირს ეცემა და ზოგჯერ დაცემით განიცდის დიდ ტკივილებსაც. ამიტომ მშობელი დრომდე არ შორდება ბავშვს. მაგრამ როგორც კი შვილი წამოიზრდება და მოღონიერდება, მშობელი ნელა იწყებს ხელის შეშვებას, რომ მიაჩვიოს დამოუკიდებელ მოძრაობას. ბავშვს დასაწყისში აშინებს სიშორე მშობლისაგან, განსაკუთრებით განიცდის ამას ძირს დაცემისას და სხეულის დაშავებისას. მშობელმაც იცის, რომ მტკივნეულია შვილის ყოველი წაბორძიკება და დაცემა, მაგრამ ხელს მაინც უშვებს პატარას, რითაც უწყობს ხელს მის განვითარებას. აბა წარმოიდგინეთ მშობელს შვილი სულ ხელით ეტარებინა, სიარულს პატარა ხომ ვერ ისწავლიდა? ამ დროს თვით წაბორძიკება და დაცემაც უწყობს ხელს მოზარდში წონასწარობისა და სიფრთხილის გამომუშავებას.
აღნიშნული სწავლა წმიდა მამისა სავსებით შეესაბამება ადამიანის სულიერ ზრდა-განვითარებასაც. შეიძლება ასაკით კაცი იყოს დიდი, სულიერად კი პატარა, ჯერ განუვითარებელი, როგორც ჩვილი ბავშვი. ახალი, სულიერი ცხოვრებისათვის ადამიანი იბადება ქრისტიანული ნათლისღებისას. მას შემდეგ იზრდება და ვითარდება კაცი ისე, როგორც დედის მზრუნველობით პატარა ბავშვი. ეკლესია ქრისტესი დედაა ყოველი მორწმუნე ადამიანისა. იგი გვზრდის უკვდავი ცხოვრების მომპოვებელი სულიერი საზრდოთი. დასაწყისში, ვიდრე ჩვენ სულიერად ვართ პატარები, უხვად გვკვებავს, შემდეგ კი როცა წამოვიზრდებით, როცა ვისწავლით გარჩევას კეთილისა და ბოროტისას, როცა შევიძენთ საჭირო ძალასა და უნარს ქვეყნიურ წინააღმდეგობათა გადალახვისას, ჩვენ თვითონა გვთხოვს შრომითა და გარჯით მოპოვებას სულისათვის საჭირო საზრდელისა. ამიტომ არის, რომ სულიერი ცხოვრების დასაწყისში, ჩვენში იგრძნობა მეტი ღვთიური მადლი, მეტი მონდომება და სიყვარული, ვიდრე შემდეგ, როცა შევდივართ რწმენაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, ძმანო, რომ ჩვენი ეკლესიაში მოწოდება ხდება არა უკვე არსებული სიმშვიდისა და ნეტარების მისაღებად, არამედ შრომითა და გარჯით მის მოსაპოვებლად და ამ მიზნით ბოროტებასთან შესაბრძოლებლად. ქრისტიანის გზა სხვა არაფერია, თუ არა დაუსრულებელი ბრძოლა ბოროტ ძალებთან. ამიტომაც უწოდებენ წმ. მამანი ქვეყნიურ ეკლესიას მებრძოლს, ზეციურს კი მოზეიმეს, გამარჯვებულ ეკლესიას.
საყვარელნო, ჩემი პატარა საუბარი მინდა დავასრულო წმიდა მოციქულ პავლეს საერთო მოწოდებით: „მღვიძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყვენით და განძლიერდით“ (1 კორ. 16, 13).
„მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამინ“ (რომ. 16, 24).
1986 წ. სვეტიცხოველი