დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უფლის ზეცას ამაღლების შემდეგ მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველი სახლში, სადაც უწმიდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა. ეს დღე ყოველი ქრისტეს მიმდევარისათვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დღეს ხდება ზეცისა და ქვეყნის დედოფალთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან, შემდეგ კი სიყვარულითა და ცრემლით გამოვეთხოვოთ მას, და გავაცილოთ იგი ზეცას, რომ დამკვიდრდეს სიახლოვეში მისგან შობილ იესო მაცხოვართან, ჩვენთვის მეოხად და შუამდგომელად. დღეს ჩვენ ყველას, რომელთაც კი გვაქვს ჩვენი უფლისა და მხსნელის - იესო ქრისტეს რწმენა და სასოება, წმიდა მოციქულების მსგავსად, ღმერთი უხილავად გვკრებს იერუსალიმში, რათა მოწმენი გაგვხადოს დიდი საკვირველებისა, თუ როგორ მიიბარებს ქალწულ მარიამის წმიდა სულს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და როგორი დიდებით აამაღლებს მას ზეცას. დღეს ჩვენც, ისე როგორც თავის დროს ქრისტეს მოწაფეებს, ჯერ გვეუფლება წუხილი და სევდა უწმიდეს დედოფალთან გამშორებისა, მაგრამ შემდეგ, როცა უფალი გაგვიცხადებს ყოვლად წმიდა ქალწულის მიძინების საიდუმლოს, და დაგვანახებს დიდებას, რომელიც უწმიდესი დედოფლისთვის აქვს განმზადებული უფალს, ჩვენი სევდაცა და წუხილიც, უსაზღვრო სიხარულით იცვლება და ჩვენ საკვირველი მადლიერება გვეუფლება ღვთისა. ქალწულის ზეცას ამაღლებით, რაც მისი მიძინების შემდგომ მოხდა, ჩვენ, ქრისტეს მიმდევრებმა შევიძინეთ დიდი შემწე და მეოხი უფალთან, რამაც ზეცა ჩვენთვის კიდევ უფრო ახლობელი და სასურველი გახადა. ამიტომაა, რომ დღევანდელ დღეს, ჩვენ მხოლოდ ერთი სურვილი გვიჩნდება: რათა ღირსეულად ვაქოთ და ვადიდოთ ყოვლად წმიდა ქალწულის საკვირველი მიძინება და ზეცას დამკვიდრება, როგორც გზა ზეცას ჩვენი ამაღლებისა და გაბრწყინვებისა. ჭეშმარიტად, რომ არა მეოხება და დიდი შეწევნა წმიდა დედოფლისა, ვერავინ მიიღებდა უფლისაგან გამართლებას და ვერც საუკუნო სიხარულს დაიმკვიდრებდა ზეცას. საოცარია, რომ თავისი დიდი სიწმიდისა და სიკეთისათვის, ამ ქვეყნიდან გასვლის წინ უწმიდეს ქალწულს მისგან შობილმა მოსთხოვა რათა ეთხოვა მისთვის ნებისმიერი რამ, რათა მას როგორც ღმერთსა და მის მხოლოდშობილ ძეს იგი გაეხარებინა. და რა საკვირველია, რომ ქალწულმა მას მარტო საკუთარი სულის ბოროტისაგან დაცვა კი არ შეავედრა, არამედ ქრისტეს ყოველი მიმდევარის მფარველობა და გადარჩენა სთხოვა თავის ძესა და მაცხოვარს. და უფალმაც ისმინა მისი ვედრება, დღესაც ისმენს მისას. ასე რომ, ღვისმშობელი ჩვენთვის შექმნა კიბედ, რომელმაც ზეცას უნდა აგვიყვანოს ჩვენ მკვიდრნი ქვეყანისა და დაგვამკვიდროს უფალთან.
ამიტომ გვინდა სიყვარულით ვუგალობოთ ჩვენს დედასა და ზეციურ პატრონს, რათა სიყვარული ჩვენი საუკუნო ცხოვრებაში საგზლად გაყვეს მას და ამ სიყვარულით და სითბოთი გვიცნას მომავალში მან, როცა ჩვენც მოგვიწევს გასვლა საწუთროდან და მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა. გვინდა შევამკოთ უწმიდესი ქალწული ღირსეულად, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ეს გაგვიძნელდება, ამიტომ ისევ წმიდათა მსგავსად გავბედავთ მის მოკრძალებულ ქებას და სიყვარულით შევღაღადებთ მას: „შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე, და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღუთისმშობელო, მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა შენითა იხსნის სიკუდილისაგან სულთა ჩვენთა“.
ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს შევთხოვთ უფალს, რომ არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ხალხს უწმიდესი ქალწულის ლოცვა და მფარველობა. ყოვლად წმიდა დედოფალმა მარიამმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ბოროტისაგან და ჭეშმარიტი შვება და სიხარული შესძინოს მას.
ღმერთმა მრავალ მარიამობას დაგვასწროს ყველა.
1998 წ. ანანური