მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

ქრისტეშობა

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

კვლავ დაგვიდგა ბედნიერი და სანუკვარი დღე ჩვენ, ადამიანთ, კვლავ ჩამორეკეს ბეთლემს ზეციური ზარები და ისევ გაისმა სასიხარულო საგალობელი წმიდა ანგელოსთა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. აღმოსავლეთის ცაზე ისევ გამოჩნდა კაშკაშა ვარსკვლავი მაუწყებელი უზენაესი მეუფის ქვეყნად მობრძანებისა. უცხო შიშსა და განკვირვებას მოუცავს ველად მწყემსნი, ხედავენ რა ურიცხვ ანგელოზებს ზეცას. ბეთლემის ერთ-ერთ უბრალო გამოქვაბულს მიუპყრია ცისა და ქვეყნის ყურადღება, ანგელოზნი არ შორდებიან ბაგას. უბრალო მწყემსნიც მასთან მისულან. ზეცის უსხეულო არსებანი, ასე იშვიათად რომ ეცხადებიან ადამიანთ, ახლა ბეთლემის პატარა გამოქვაბულს შესტრფიან და შეჰხარიან. ზეციური სიხარული მწყემსთაც გადასდებიათ და იმათაც, ამ სიხარულით გამთბართ, საკუთარი საზრუნავი დავიწყებიათ და ბეთლემის გამოქვაბულისათვის მიუშურებიათ.

ჰოი, საკვირველება დიდი! ბეთლემის ერთ პატარა ბაგას ცა და დედამიწა გაუერთიანებია. როგორ შეძლო უბრალო გამოქვაბულმა საქმე განსაცვიფრებელი და საკვირველი? როგორ მიიზიდა მან ერთიანად მკვიდრნი ცისა და ქვეყანისა? იქნებ უხვი ქვეყნიური საგანძური დაიტია მან თავითან? მაგრამ მარტო სიკეთე ქვეყნიური ვერ გახდებოდა საბაბი ზეციურ ანგელოზთა სიხარულის. ქვეყნიურ საგანძურს შეეძლო მიეზიდა მარტო ქვეყანის მკვიდრნი. მაშ რით მიიპყრო მან ყურადღება ცისა  და დედამიწის? იქნებ ჯობდეს იუდეველ მწყემსებთან ერთად ჩვენი მისვლაც გამოქვაბულში, რომ გავხდეთ თანაზიარნი რაღაც იდუმალი, კაცთათვის ჯერ განუცდელი სიხარულის?

შევაღოთ საყვარელნო ბეთლემის ბაგის კარი. იქ ჩვეულებრივ ღამის სიბნელეს მოუცავს ირგვლივ ყველაფერი, თუმცა საიდანღაც რაღაც იდუმალი ნათელი გამოკრთის. ნათელთან ახლოს მოჩანს საკვირველი ქალწული და იქვე ვინმე მოხუცებული კაცი, ზეადამიანური სიხარულით რომ გაბრწყინვებიათ სახეები. რაღაც ძვირფასს მისჩერებია მათი თვალები. ბაგის სიბნელეში თითქმის ჭირს გარჩევა რაიმესი, მაგრამ ისევ უხილავი ნათელი გვეხმარება  და ვამჩნევთ სახვევებში შეხვეულ მანათობელ ჩვილს. ჰოი საკვირველებავ: ჩვრებიდან იმზირება თვით უფალი ღმერთი ქვეყნად განხორციელებული. ენით აუწერელ სითბოსა და სიმშვიდეს აფრქვევს ირგვლივ ბაგაში მიწვენილი. ამ დიდი სიკეთის წინაშე მაშინვე გინდა მოიდრიკო მუხლი და სცე თაყვანი. ასე მოიქცნენ მწყემსნი, შემდეგ კი აღმოსავლეთიდან მოსულნი მოგვნიც, რომელთაც ყრმას მიართვეს მეფეთა შესაწირი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

განკვირვებასა და სიხარულს მოუცავს ძმანო დღეს ჩვენი გულებიც. იუდეველ მწყემსებთან ერთად ქვეყნად შობილ უფალს ჩვენც ვცეთ თაყვანი და მოგვების მსგავსად მივართვათ მას ძღვენი საკადრისი - ჩვენი სითბო და სიყვარული. წარმართი მოგვებისთვის ოქრო იყო ძვირფასი შესაწირი. მათთვის ჯერ კიდევ უცხო იყო ის საგანძური, ადამიანებს რომ მიენიჭათ ქრისტეს მობრძანებით. ჩვენთვის კი, უფალო, ოქროზე ძვირფასი არსი შენი სიყვარული, რადგან შენ თვითონ ხარ მეუფე სიკეთისა და სიყვარულის. შენ ხომ იმიტომ ინებე გადმოსვლა ქვეყნად, რომ მოგეტანა კაცთათვის მშვიდობა და სიხარული. შენით მოგვენიჭა მაცხოვარო ადამიანთ სიკეთე ჭეშმარიტი, ამიტომ არ ვიშურებთ სიყვარულს შენთვის თავად სიკეთისა და სიყვარულისათვის და დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით მოგმართავთ: „ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩვენი, შენ ხარ ღმერთი, რომელმამ ჰყავ საკვირველი“ (ფს. 76, 12).

მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით საყვარელნო ყველანი.

1985 წ. სვეტიცხოველი