ყოვლადწმიდა მარიამის ტაძარში მიყვანება ერთი შეხედვით მხოლოდ იმ აღთქმის შესრულებასა ჰგავს, რომელიც ქალწულის მშობლებს ღვთისათვის ჰქონდათ მიცემული, მაგრამ თუ ღრმად ჩავუკვირდებით მომხდარს, ჩვენ ბევრ სხვა საყურადღებოსაც დავინახავთ იქ. ქალწულ მარიამის ტაძარში მიყვანება, რა თქმა უნდა, შესანიშნავი მაგალითია უფლის უდიდესი ერთგულებისა და მინდობის, რითაც იყვნენ ყოვლადწმიდას მშობლები, წმიდა იოაკიმე და ანნა შემკულნი, რომელთაც ღვთისათვის არ დაიშურეს ყველაზე ძვირფასი საფასე - უსაყვარლესი შვილი, რომელიც მათი ხანგრძლივი ლოცვისა და ვედრების შემდგომ, სიცოცხლის ბოლოს, ებოძათ ღვთისაგან როგორც წყალობა დიდი. სამი წლის პატარა ბავშვის ტაძარში ღვთისათვის სამსახურებლად საკუთარი ნებითა და სურვილით დატოვება ნამდვილად მიანიშნებდა იმას, რომ ქალწულის მშობლები მთლიანად იყვნენ უფალს მინდობილნი და ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ, თვით უსაყვარლესი შვილიც კი, ემეტებოდათ ღვთისათვის.
აღნიშნული ჩვენ ყველას გვასწავლის იმას, რომ ყოველი სიკეთე, ჩვენ ადამიანთ, ღვთისაგანა გვაქვს მოცემული, როგორც წყალობა და იგი არ უნდა დავიშუროთ ისევ ღვთისათვის, რადგან იგი თავად არის სათავე ყოველი სიკეთისა. აბა წარმოვიდგინოთ, მთელი ცხოვრება ევედრებოდნენ ღმერთს შვილის ყოლას იოაკიმე და ანნა, და როცა ღრმა სიბერისას უფალმა შეუსრულა მათ სათხოვარი და მისცა ასული, როგორც კი ცოტა წამოზარდეს, მოკრძალებით მიართვეს უფალს, როგორც უწმიდესი და უსაყვარლესი ძღვენი, რითაც გამოხატეს უდიდესი მადლიერება თავიანთი შემოქმედისადმი. ყოველივე ეს დიდ განკვირვებას ბადებს ჩვენში, რომელთაც ზოგჯერ ღვთისათვის მცირეოდენის დათმობა და გამეტება გვიჭირს.
აღნიშნული შემთხვევა ჩვენ იმასაც გვასწავლის, რომ რაგინდ დიდიც არ უნდა იყოს ღვთისაგან მოცემული წყალობა, იგი მაინც უმნიშვნელოა უფალთან შედარებით, რომელიც წყაროა ყოველი სიკეთისა. ხშირად ხდება ხოლმე, რომ კაცს სასოება უჩნდება ღვთისაგან მოცემული წყალობისადმი, თავად ღმერთს კი, როგორც ყოველი სიკეთის სათავეს, ივიწყებს იგი. ხშირად, კაცი ექცევა ღვთისაგან მიღებული წყალობის ტყვეობაში და აღარ ახსოვს, რომ მასაც და მის წყალობასაც იცავს მხოლოდ მაღალი ღმერთი. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ რაგინდ დიდი წყალობაც არ უნდა მოგვცეს ღმერთმა, იგი თავად უთვალავჯერ უფრო ტკბილი და მოსაფრთხილებელი არის. ჩვენ ამით, რა თქმა უნდა, არ გვინდა იმის თქმა, რომ ადამიანი გულგრილი იყოს ღვთის წყალობისადმი, არამედ ის, რომ ყოველი სიკეთე კაცმა ისევ უნდა გამოიყენოს ღვთის დიდებისათვის. ასე ესმოდათ ეს წმიდა იოაკიმესა და ანნას და ამიტომაც თავიანთი კურთხეული ასული სიყვარულით მიიყვანეს ტაძარში, რათა იქ იგი აღზრდილიყო ღვთის დიდებასა და მსახურებაში. მართლაც და რომელი ჯობდა მარიამისათვის: ყოფილიყო სახლში მშობლებთან და ჩვეულებრივ ეცხოვრა ადამიანთა შორის, თუ დამკვიდრებულიყო ღვთის სამყოფელში და გაეხარა მისი მსახურებითა და დიდებით? - უფლის სახლში წმიდა ცხოვრებამ და ღვთისათვის მიცემულმა საკვირველმა აღთქმამ, ღვთის კურთხეული ძის - ქვეყნიერების მხსნელის უწმიდეს დედად აქცია იგი. აი, რამოდენა დიდებასა და პატივში აღიყვანა იგი უფალმა იმ დიდი სიწმიდის, რწმენისა და სიყვარულისათვის, რომელიც მასა და მის წმიდა მშობლებს ჰქონდათ უფლისადმი. ამიტომ არ უნდა დავიშუროთ ღვთისათვის არაფერი, არამედ ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია, უანგაროდა და კეთილი გულით უნდა მივუძღვნათ მას, რათა მეტად იდიდოს ჩვენგან იგი. არ უნდა დავიშუროთ ღვთისათვის სიკეთე, რათა არ მოგვაკლოს მან უხვი წყალობა, პატივი და დიდება, რომელიც მას თავისი ერთგული მადიდებლებისთვის აქვს ზეცას გამზადებული.
ამ ბედნიერ დღეს ჩვენს ხალხს მინდა ვუსურვო ღვთის რწმენასა და სიყვარულში გაძლიერება. ღმერთმა მრავალ ტაძრად მიყვანებას დაგვასწროს ყველანი.
1996 წ. წინამძღვრიანთკარი