ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!
უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ხშირად გვესმის უკმაყოფილების გამომხატველი ხმები ცხოვრებისადმი, საკუთარი ბედისადმი. გასაკვირი ის არის, რომ უკმაყოფილებას და უმადურობას ბედისას გამოხატავენ არა მარტო ისინი, რომელნიც მატერიალურ სივიწროვესა და სხვა ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს განიცდიან, არამედ ისინიც, რომლებსაც კარგი მდგომარეობა უკავიათ საზოგადოებაში და თითქოს ყველა პირობა აქვთ ნორმალური, ბედნიერი ცხოვრებისათვის.
ჩვენთან ხშირად მოდიან ადამიანები და გვიზიარებენ თავიანთ გულისტკივილს. ბევრი წუხს იმის გამო, რომ უსამართლოდაა დაბრკოლებული, არ ემართება ხელი; ზოგს ის აღელვებს, რომ ხშირად ბოროტი და ურწმუნო ადამიანები უფრო უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე მართალნი. ერთნი დღესა და ღამეს შრომაში ატარებენ, მეორენი კი იოლი გზით, უშრომელად ახერხებენ ცხოვრებას; ერთნი ბოროტებას სთესენ და ღმერთიც თითქოს უმართავს ხელს, სხვანი კი მარადის სიკეთეს ემსახურებიან და მაინც იმყოფებიან გასაჭირში.
უნდა გვახსოვდეს, საყვარელნო, რომ როცა უკმაყოფილებას გამოვთქვამთ ბედისადმი, როცა უმადურებას გამოვხატავთ ცხოვრებისადმი, ამით ჩვენ შეურაცხვყოფთ სიკეთისა და მადლის მომნიჭებელს - უფალ ღმერთს. გამოვხატავთ რა უკმაყოფილებას ჩვენი მდგომარეობისადმი, ამით ჩვენ სინამდვილეში ვადანაშაულებთ ღმერთს, რომელსაც ხშირად უსამართლობასაც ვწამებთ ხოლმე ქვეყნიური ცხოვრებისათვის საჭირო მადლის განაწილებაში, თითქოს ის უსამართლოდ ანიჭებს ზოგს წყალობას და ზოგს კი დაუმსახურებლად სჯიდეს.
მოგეხსენებათ, ძმანო, რომ ადამიანი ღმერთმა გააჩინა. ყველა სიკეთე ღვთისგან გამოვალს, რადგან თვით ღმერთი არის ჭეშმარიტი სიკეთე. ადამიანში თუ რამ კეთილია - ღვთისაგანაა. ადამიანს რომ სჭირდება არსებობისათვის აუცილებელი მადლი და ძალა, იმასაც ღვთისაგან იღებს. ადამიანს ღმერთმა მისცა ნათელი გონება, ღმერთი კი თვითონ არის გონებაცა და ნათელიც. ამიტომ უფალმა ღმერთმა ყოველივე იცის, თუ რა სჭირდება მის მიერ გაჩენილ ადამიანს ქვეყნად. ღმერთს ყველასთვის სიკეთე სურს, რადგან ყველა მის მიერ ვართ გაჩენილნი. ამიტომ თითოეულს იმდენ მადლსა და წყალობას აძლევს, რამდენიც მისთვისაა საჭირო. უნდა გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ უფალი ღმერთი იმისათვის კი არ მოგკითხავს პასუხს, შენ ნაკლები მადლი და ნიჭი მოგეცა, არამედ იმისათვის, თუ როგორ გამოიყენე ღვთისაგან ბოძებული ეს თუნდაც მცირე წყალობა.
გავიხსენოთ მაცხოვრის ერთი იგავი, რომლის მიხედვითაც უფალმა მისცა თავის მსახურებს: ერთს ხუთი, მეორეს ორი და მესამეს - ერთი ტალანტი, რომ ესარგებლათ და შემდეგ მისთვის დაებრუნებინათ. პირველმა ორმა კეთილად ასარგებლა მიცემული თანხა, მესამემ კი მიწაშე ჩაფლა, რომ არ დაეკარგა და უკლევლივ დაებრუნებინა პატრონისათვის. ასეთი უმოქმდობისათვის უფალმა წაართვა მას ის ერთი ტალანტიც და გადასცა იმათ, რომელთაც კეთილად ასარგებლეს იგი.
ახლა ისმის კითხვა: რატომ მისცა ერთს ხუთი და მეორეს ერთი ტალანტი? იმიტომ, რომ ღმერთმა წინასწარ უწყის, ვინ როგორ ასარგებლებს მას, ვინ როგორ განავითარებს და გამოიყენებს მას. განგებას ღვთისას კი კაცი ძნელად წვდება.
ზოგიერთები გვეკითხებიან: უმჯობესი არ იქნებოდა, ღმერთს ყველასთვის თანაბრად რომ გაენაწილებინა სიკეთეო? - არა ძმანო, არ იქნებოდა მადლის ასეთი განაწილება უმჯობესი ჩვენთვის, ადამიანებისათვის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ამ ქვეყნად ზეციური მადლი ღვთისაგან ერთნაირად არ მოგვეფინება ისევ ჩვენი კეთილდღეობისათვის, რომ თითოეული ჩვენთაგანი, როგორც წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: „...მოყვასსა სათნო-ეყოფოდეს, კეთილისათვის აღსაშენებლად“.
თუკი განგებამ ზოგს მაინც მეტი წყალობა არგუნა, ამან ჩვენ არ უნდა შეგვაწუხოს, მითუმეტეს, არ უნდა შეგვშურდეს სხვისი.
სხვისი არ შეგვშურდება, როცა საკუთარით დავკმაყოფილდებით. კაცი უნდა დაჯერდეს იმას, რაც ღვთისაგან მიეცემა. არ შეიძლება მორწმუნე ადამიანი უმადური იყოს თავისი ბედისა და მდგომარეობის. თუკი ღმერთს ასე სურს, ღმერთს, რომელიც არაფერში ცდება, შენ, კაცო, ვინ გკითხავს რამის შეცვლას? დარწმუნებული ხარ, რომ მომეტებული წყალობა არ გაგათამამებს და არ დაგღუპავს? ბევრჯერ ვყოფილვარ მომსწრე და წმ. მამათა ცხოვრებიდანაც ვიცით, რომ ღმერთი შეუწუხებიათ გაუთავებელი და მომეტებული თხოვნა-ვედრებით, რომ ვინმესთვის მეტი წყალობა ებოძებინა. უფალს დაუკმაყოფილებია მათი სურვილები და მიუცია მათთვის ის, რაც მოუთხოვიათ მისგან, მაგრამ ამ უკანასკნელს მთხოვნელთათვის უფრო მეტი უსიამოვნება და მწუხარება მოუტანია, ვიდრე სიკეთე და სიხარული. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ღვთისგან ითხოვდნენ და იღებდნენ იმაზე მეტს, ვიდრე ეკუთვნოდათ მათ.
ამიტომ ქრისტიანული თავმდაბლობითა და სიყვარულით უნდა შევეგუოთ ბედს. არ უნდა დაგვცდეს საყვედური უფლის მართლმსაჯულებაზე. მთავარია კეთილსინდისიერად და დაუზარელად ვასრულებდეთ იმ საქმეს, რომლის შესრულებაც გვაკისრია. გახსოვდეს, ძმაო, რომ შრომა კეთილსინდისიერი, როგორიც გინდა იყოს და რა სახისაც, საძრახისი არ არის. ჩვენი დიდი საეკლესიო მამა, წმ. იოანე ათონელი, რამდენიმე წელიწადს სახედრების მომვლელად მუშაობდა, რასაც ისეთივე დიდი სიყვარულით ასრულებდა, როგორც მაგალითად წიგნების თარგმნას. წმ. მამა კიპრიანე ბრძანებს: „ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს შრომაი მადლობით“. ხედავ, ძმაო, ყოველგვარი შრომისათვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, იმისათვის, რომ გვაძლევს შესაძლებლობას კეთილი საქმის კეთებისას, რადგან ღვთის მადლის გარეშე კეთილ საქმესაც ვერ იქმს კაცი.
ამისათვის გლოცავთ და გევედრებით ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო! მოვიგოთ ჩვენც ტკბილი და სანატრელი სიმშვიდე, სიყვარულით აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ნუ ვიქნებით უმადურნი, არამედ მარადის ვმადლობდეთ მოწყალე ღმერთს, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
1985 წ. სვეტიცხოველი