პავლეს ეპისტოლენი

პირველი კორინთელთა მიმართ

თავი მეხუთე

1. როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი თურმე ცოლად ჰყავს.

2. თქვენ კი ქედმაღლობთ, ნაცვლად იმისა, რომ გეგლოვათ და მოგეკვეთათ ამნაირი საქმის ჩამდენი.

3. ხოლო მე - თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, - უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს.

4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, -

5. სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.

6. საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?

7. მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.

8. ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით.

9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ,

10. და არა მარტო ამ წუთისოფლის მემრუშეთ, ანდა ანგართ, მტაცებელთა თუ კერპთმსახურთ, თორემ ამ ქვეყნით გასვლა მოგიწევთ-მეთქი.

11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან.

12. ვინაიდან რად განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ?

13. გარეშენი კი ღვთის მიერ განიკითხებიან. მაშ, მოიკვეთეთ უკეთური.